ლიტერატურამოთხრობა

ნანა აბულაძე – მეგზურის იგავი

იყო მეუფე მოწყალე და სამართლიანი ქვეყანასა ერთსა. ერთხელ ჩამოვიდა თავისი საყდრიდან და შეიმოსა, ვითარცა უბრალო ადამიანი და დატოვა სასახლე ძვირფასი და გავიდა ხალხში. იხილა კაცი ერთი, რომელიც აბგაში აწყობდა საჭმელს და ჰკითხა:
_ რასა იქმ, ძმობილო?
კაცმა მიუგო:
_ მეორე ქალაქში უნდა წავიდე და მცირეს რამ საგზალს ვიმზადებ.
_ მეც იქ მივდივარ. შენ გამოგყვები, რაკი ერთი გზა გვქონია.
_ კეთილი. მაშინ დღეს შებინდებისას წავიდეთ. _ უთხრა კაცმა.
_ უმჯობესი იქნება, თუ ხვალ დილამდე მოვიცდით, რაღა ღამით ვიმგზავროთ?
არ ირწმუნა კაცმა მეუფისა და უკუნეთში გაუყვნენ შარას. მხოლოდ მთვარე ასხივებდა სინათლეს მზისას…
გაიარეს მცირე მანძილი და გზა ორად გაიყო: ერთი დაბურულ ტყეში გადიოდა, მეორე კი ეკალბარდებს შორის მიმავალი ბილიკი იყო.
_ წავიდეთ ამ გზით. _ ბილიკზე მიუთითა მეუფემ.
_ არა, ეკლები დაგვკაწრავს, _ იუარა კაცმა _ ტყეში შევიდეთ.
_ ნუთუ ტყეში ნადირი არ იქნება?
_ ნადირს ახლა სძინავს, ამიტომ განვიზრახე ღამით გვემგზავრა.
_ მხეცნი სწორედ ღამით გამოდიან სანადიროდ. _ მშვიდად უთხრა მეუფემ.
კვლავ არ დაუჯერა კაცმა და შევიდნენ უსიერ ტყეში. იყნოსა დამშეულმა მგლების ხროვამ აბგაში საგზალი რომ ჰქონდა კაცს და შემოარტყა ალყა მას კბილთა ღრჭენით.
_ გადაუგდე მახალაკი მგელთა და გამომყევი მე! _ ჰრქვა მეუფემან კაცსა.
_ უკეთუ გადავუგდო და დავრჩე მშიერი? _ ეჭვით იკითხა კაცმა. ეცნენ მგლები. აბგაც გაიტაცეს და მარჯვენა ფეხიც კაცისა შეიწირეს და განშორდნენ მას.
ეგდო კაცი მიწაზე და კვნესოდა. შემდეგ მიმართა მეუფეს:
_ შენი ბრალია ყოველივე, რადგან არ აიღე ქვა ანუ ტოტი ხისა და არ განდევნე მხეცნი!
ხოლო მეუფემან მკაცრად მიუგო
_მოყვასო, მე შენ გიჩვენე ნათელი, შენ კი ბნელში სვლა არჩიე; გიჩვენე გზა ჭეშმარიტი, შენ კი არ გაჰყევი მას; მიმყავდი სიცოცხლისკენ, რომელსაც ამქვეყნიური საგზალი ამჯობინე; განა არ იცი, სიყმილისგან გახელებულ ნადირთ ქვების სროლით ვერ მოიგერიებ, კიდევ უფრო გაამწარებ მხოლოდ. მე ვარ შენი ერთგული მეგობარი, ვინაიდან კარგი მსურს შენთვის, შენ კი არ გიყვარვარ, რამეთუ ბრმა ხარ; მე ვარ მოძღვარი, რადგან გაძლევ რჩევებს, ხოლო შენ არ მისმენ; და თუ ყველაფერი ამის მერე არ ხარ კმაყოფილი, ნუღარ მადანაშაულებ ამაში მე!
კაცს თვალები აუწყლიანდა და შეჰღაღადა:
_ შემინდე, უფალო, რამეთუ ვერ გიცანი!
ხოლო მეუფემან მისცა მას ხელი, წამოაყენა, შეუდგა მხარში და შეწევნითა მისითა კაცმა მშვიდობით ჩააღწია მეორე ქალაქს.

10.12.2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button