
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – აპლოდისმენტი
აპლოდისმენტი
ხანდახან არის
ის ზენა-ქარი,
შენ რომ ისმენდი,
ამოძრავება
სიყალბის ჩქარის –
აი, რა არის
აპლოდისმენტი.
ტაშიც საქმეა,
საქმეა, ვიდრე
აზრთა წყობაში
არა ხარ მრუდი.
ტაში – ზოგისთვის
არის სიმდიდრე,
ზოგისთვის კიდევ –
მხოლოდ აბსურდი.
მაგრამ თუ სწორად
დგეხარ, დადექი:
ტაში ცივია,
ტაში ჩქარია,
ტაში არ არის
გამოსადეგი,
თუ იგი მხოლოდ
ზენა-ქარია!