უცნაური

მონოგენური დარღვევები

სამედიცინო გენეტიკა შეისწავლის გენეტიკური დარღვევების დიაგნოსტიკა-მკურნალობას. გენეტიკური დაავადებები იყოფა სამ დიდ ჯგუფად: მონოგენურ, ქრომოსომულ და მულტიფაქტორულ დარღვევებად. მონოგენური დარღვევები განპირობებულია ინდივიდუალური მუტანტური გენებით. აქ ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე გენს, შესაბამისი  ლოკალიზაციით,კოდირებული ცილითა და მუტაციით გამოწვეული ფენოტიპით.
1) CFTR – კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული განვლადობის რეგულატორი(ცილა ტრანსპორტერი) – მე-7 ქრომოსომა – კისტური ფიბროზი (ფილტვებისა და პანკრეასის ფორმა, meconium ileus, მამაკაცებში ზოგჯერ თესლის გამომტანი სადინრის თანდაყოლილი ბილატერალური უქონლობა, ფერტილობის დაქვეითება ქალებში, ქრონიკული იდიოპათიური პანკრეატიტი).

fdf985f889f9
c279c139728e

2) SERPINA1 – სერინ-პროტეაზის ინჰიბიტორი ალფა1-ანტიტრიფსინი – მე-14 ქრომოსომა – ალფა1-ანტიტრიფსინის დეფიციტი( ფილტვების ემფიზემა, ღვიძლის ციროზი)
72e65756f3dc

3) HEXA – A ჰექსოზამინიდაზას ალფა სუბერთეული(ფერმენტი) – მე-15 ქრომოსომა – თეი-საქსის დაავადება( სიბრმავე (ჩანს ალუბლისფერი ლაქები თვალის ბადურის ოფთალმოსკოპირებისას), სიყრუე, გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვ.)

c79adec702d4

4) ბეტა-გლობინის გენი – ბეტა-გლობინი(ცილა) – მე-11 ქრომოსომა – ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ( დაქტილიტი, ელენთის ინფარქტი, ძვლების ტკივილი და სხვ.)
04758cf5f7f2

5) MECP2 – მეთილ-CpG-დამაკავშირებელი ცილა 2 – X-სასქესო ქრომოსომა – რეტის სინდრომი – გოგონებში ვლინდება შემდეგი სიმპტომების სახით: გონებრივი ჩამორჩენილობა, აუტიზმი, ფსიქომოტორული დარღვევები და სხვ., ვაჟებში პრენატალურად ლეტალურია.
e8d1f00a78bc

დიაგნოსტიკა: მონოგენური დარღვევების დიაგნოსტიკა გულისხმობს მოლეკულური კვლევის მეთოდების გამოყენებას გენის ანალიზის მიზნით. მაგალითად, CFTR გენის სიკვენირება. კისტური ფიბროზის(მუკოვისციდოზის) შემთხვევაში ტარდება ტესტი ოფლში ქლორიდ-იონების კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით. თუ პასუხი ნეგატიურია, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია სიკვენირება ჩატარდეს, თუ ექიმი ამას საჭიროდ თვლის. ცნობილია, რომ კისტური ფიბროზის მქონე პირთა 2%-ში ქლორიდ-იონების კონცენტრაცია არ არის მომატებული ოფლში.
აგრეთვე, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის შემთხვევაში პერიფერიულ სისხლის ნაცხზე კარგად ჩანს ფორმაშეცვლილი ერითროციტები – ნამგლისებრი ფორმის(ნაცვლად დისკოციტებისა),რაც დაავადების უტყუარი ნიშანია.

2e6cf161872d

მკურნალობა: მონოგენური დარღვევების მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე მულტიფაქტორულის. სრული განკურნება მხოლოდ 12%-ში მიიღწევა. ზემოთ აღნიშნული დაავადებებიდან კისტური ფიბროზის შემთხვევაში იყენებენ პანკრეასის ფერმენტების ჩამნაცვლებლებს(კრეონი ანუ პანკრეატინი), ექსპერიმენტულ დონეზე გამოიყენება კურკუმინი(ცილის ფოლდინგის მიზნით) და გენტამიცინი(ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი). აგრეთვე, დიდი მნიშვნელობა აქვს მუკოვისციდოზის შემთხვევაში რესპირატორული ინფექციების მართვას, რადგანაც ეს უკანასკნელი CF-ის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
სქელი ლორწო შესანიშნავ გარემოს ქმნის მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, მაგალითად, Pseudomonas aeruginosa(ჩირქის მალურჯებელი ჩხირები).
გარდა ფერმენტებისა, აუცილებელია მიწოდება ცხიმში ხსნადი ვიტამინების: A,D,E და K. რკინის ინფუზია არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მიკრობების გასამრავლებლად ამით იქმნება შესანიშნავი გარემო.

რაც შეეხება თეი-საქსის დაავადებას, ჯერჯერობით ის ლეტალურია და განკურნებას არ ექვემდებარება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ნევროლოგიური დარღვევები გვიან ასაკში ვლინდება და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

რეტის სინდრომის შემთხვევაში კი შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური თერაპია: ანტიკონვულსანტები, კარბიდოპა და ლევადოპა(რიგიდობის მოსახსნელად), ნუტრიციული პრობლემების მართვა და ა.შ.

ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტი მიეკუთვნება ეკოგენეტიკურ დარღვევებს. აღმოჩნდა, რომ თამბაქოს კვამლი ZZ ჰომოზიგოტებში მნიშვნელოვნად ამცირებს 60 წლის ასაკის მიღწევის ალბათობას, ამიტომ ერთ-ერთი მეტაბოლური ინტერვენცია არის თავის არიდება ნიკოტინისგან, რომელიც 2000-ჯერ ზრდის ელასტინის დაშლას. რაც შეეხება ძირითად მკურნალობას, შესაძლებელია ინჰიბიტორი ცილის მიწოდება ორგანიზმში როგორც ინტრავენურად, ისე ინჰალაციურად. აღმოჩნდა, რომ აეროზოლური ინჰალაციები გაცილებით ეფექტურია, ვინაიდან საჭიროებს ძვირადღირებული ინჰიბიტორის მცირე რაოდენობას და სამიზნე უბნამდე მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივად ხორციელდება.

1d130f1d7e4a

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის შემთხვევაში დეციტაბინის გამოყენება ეფექტურია, ვინაიდან ის იწვევს ჰემოგლობინის გამა-ჯაჭვების მაკოდირებელი გენების ექსპრესიის ზრდას.

ამრიგად, მონოგენური დარღვევების მკურნალობა რთულია არაიდენტიფიცირებული ლოკუსის, უცნობი პათოგენეზის გამო. ზოგჯერ დაავადება თავს იჩენს ადრეულ ასაკში, მიმდინარობს უფრო მძიმედ,რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მკურნალობას. თუმცა მომავალში მნიშვნელოვან წინსვლას უნდა მოველოდოთ სამედიცინო გენეტიკის დარგში, განვითარების დიდი პერსპექტივებიდან გამომდინარე.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button