გალაკტიონ ტაბიძე – დაღუპულთ – გამოუსვლელობისგან
მედგრად მიიკვლევს გზას ავანგარდი,
სხვას კი სარდაფში ჩაიყვანს დარდი,
გამოუსვლელი დარდი დამხობის.
არ დაელევა მას სანდომარი,
რომ ცოცხალ-მკვდარის სადღეგრძელო სთქვას,
ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი!
ძველი არასგზით არ ეშვება სულს,
გადამთუთქველი და ალიანი –
ხშირად ტაბიძის პურმალით სურთ,
რომ შეიწყალონ ავალიანი!
ხანჯალი მხოლოდ რკინა როდია,
სიტყვაც რკინაა და სატევარი –
და ძირს ეშვება ჯერი ნოტიო
და გზაც არაა მისადევარი!
ეს სარდაფია? აქ მბჟუტავ სხივად
ანათებს სიტყვა, ბოთლი, ლანგარი..
ეს სამარეა – ეს ყოველმხრივად
გადახურული წყევლის სანგარი..
არა, არასდროს რჩევის დამჯერი,
ეს შეჭიდება, ვნება რკინება..
სად თანამგზავრი და მხარდამჭერი.
ათასწლოვანი ბორგავს გინება.
თუ აზიური უკრავს ფანდური,
თუ უცხოური ღმუის ებანი –
ყოველივეში მიმოფანტული
არიან ნგრევის სურნელებანი.
მონტილიადოს უკვდავი ტევრი –
ჭური – იხსნება და იხაპება..
ნიღაბის ახსნა მინახავს ბევრი –
მაგრამ ასეთი განიღაბება?
ძველო დროვ, აი, შენი ნათესი..
ეს სისხლიანი სახე მვნებელი.
შენი ოცნება უპირატესი –
უპირატესი და მბრძანებელი!
აი, ასების და ათასების –
უმეთაუროდ ჩიხში წრიალი..
აი, შხამებით სავსე თასების
მიმოგზავნა და მიმოტრიალი.
ვინ მოიტანა ეს მღვრიე ქარვა,
ეს შემოზღუდვა და შემოქარვა.