პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა
მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა,
რომ სული, ხორცით განშორებული,
ცისა ლაჟვარდში დასრიალობდა,
სადაც შუქს ჰფენდა ვარსკვლავთ კრებული
და გადაცურდა უსაზღვრობაში
თავისუფალი, ფრთამოელვარე,
და დავიწყების წმინდა უფსკრულში
გადადნა ზრუნვა და ფიქრი მწარე…
და ღიმილს ჰგვრიდა მას ქვეყნიური
ყოველი ტრფობა, ყოველი ვნება,
რა უქმად სჩანდენ ყოფნის დღეები,
რა ფუჭი იყო კაცთა დიდება.
აქ არ სუფევდა კაცთ სიხარული,
არც კაცთა ვრცელი ტანჯვა-წვალება,
და სიკვდილის დროს გაჰქრა ყოველგვარ
გამოცანათა იდუმალება.