პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პირველი ენკენისთვე

დილის ნიავმა გაყვითლებულ მთებით დაჰბერა,
შემდეგ წყნარის ფრთით მდინარის პირს რაღაც ჩასწერა,
ნისლის, მთის კალთას შერჩენილის, წაშალა ბინა
და მინდვრის მკერდზე ყვავილებში გადიბიბინა.
სკოლის აივანს დაყრდნობილი მაღლით დავცქერი;
სოფელში ბნელა, წყვდიადია სინათლის მტერი.
იდუმალ ფიქრში და ნაღველში მოქანცულ სოფელს
იგი წყვდიადი თვის უშავესს ახვევს სამოსელს,
ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი,
არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
იმ სანთლის პოვნას განუსჯელად სიცოცხლე მივე,
ვერას დამაკლებს უგნურთ მტრობა, შიმშილ-სიცივე!
მე ვიტყვი სიტყვას, მე გაგითბობთ შეცივებულ გულს –
დეე, თან მდევდეს მკაცრი ხვედრი თქვენს მარად ერთგულს!
თქვენ აღგამაღლებთ ჩემი ზრუნვა თბილი და წრფელი,
არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
მე მკითხავს ბავშვი: მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?

  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! – სწავლის დრო არი!
  • მასწავლებელო, ეს რას ნიშნავს… ღელავხართ მწვრთნელი?!
  • ჩამოჰკარ! – სწავლად თვისკენ იწვევს მასწავლებელი!
    ვხედავ, აქ ჩემკენ მოაბიჯებს წიგნებით ბავშვი,
    რა აღტაცებით შემოვიდა იგი სკოლაში!
    წრფელი ღიმილი დასთამაშებს მხიარულ ბაგეს…
    თქვენ ნუ დასცინით მომავალ გმირს და მოქალაქეს.
  • მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა, – სწავლის დრო არი!
    ნუგეშისათვის ჩემკენ მოდის მოხუცებული,
    მშვიდ თავშესაფარს ითხოვს მისი გული ვნებული.
    ავადმყოფობით, სიუძლურით სასომიხდილი…
    დარაჯად კარს რომ მისდგომია სნება, სიკვდილი.
    სავსე ოჯახი, უპატრონოდ მიტოვებული,
    გაახსენდება… უფრო მეტად უღელავს გული.
  • ჩემკენ, მოხუცო! მე ვიცი, ვინ რა მოაგვაროს,
    მე შეგაბრძოლებ ისევ შენთან მტრად ხდილ სამყაროს!
  • მასწავლებელო! მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! – სწავლის დრო არი!
    ვხედავ, აქ ნაბიჯს მოაშურებს გლეხი მაშვრალი,
    რომ მესაუბროს და იმედი თან წაიყოლოს,
    მასზე, რომ შავი მისი შრომა, შრომა მართალი,
    არ დაინთქმება უნუგეშოდ ბოლოს და ბოლოს.
  • მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! – სწავლის დრო არი!
    აგერა მოჩანს მკრთალი სევდა მიმქრალი სახის.
    აჰა, ის მოდის!.. მოდის წყნარად, თავჩაქინდრული.
    განადგურება წინ მეხატვის მისი ოჯახის,
    გადუტრიალდა ბედის ჩარხი უკუღმართული.
    უნდობმა ხელმა გუშინ ცეცხლი რომ გაუჩინა,
    ნიშნის მოგებით მის თვალის წინ გადიხარხარა…
    სახლი დაუწვეს და საბრალოს არა აქვს ბინა.
    ჩემკენ, ბედშავო! მე მაქვს შენთვის ბინა პატარა.
  • მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! – სწავლის დრო არი!
    ორნი მოდიან, რომ იპოვონ სიმართლე ჩემთან
    და გადასწყვიტონ საბოლოოდ ამტყდარი დავა.
    ერთია მათთვის ყველაფერი, – რაც სურთ, ისა თქვან,
    სიბნელემ მათი მეზობლობა გაანიავა!
  • მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! – სწავლის დრო არი!
    მოდის სკოლისკენ ახალგაზრდა ვაჟი – ვიღაცა.
    იმას უთუოდ წიგნები სურს. იქ კიდევ – ქალი,
    უუფლებობამ, ძალადობამ რომ მოიტაცა,
    და შემდეგ ისევ გადისროლა უგზოდ საწყალი!
    გზას მე გასწავლით, ბედკრულებო! სწავლით გამთბარი
    ხელში მიჭირავს მე ლამპარი სიბნელის მქრობი.
  • მასწავლებელო, მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი?
  • ო, კიდევ, კიდევ. ხედავ, გათბა ცისა ტატნობი!
    მგზნებარე სხივი აიზიდა მხიარულ ცაზე,
    ფრინველთა გუნდმა კამარაში გაინავარდა,
    ერთი ღრუბელი, როგორც მგზავრი, სევდიან გზაზე
    რომ დასცურავდა, მოსწყდა მწვერვალს და ძირს დავარდა!
    მე კი ძალას ვგრძნობ, მსურს სიცოცხლე ავამოძრავო!
    გავანადგურო დაყოლილთა შავ ფიქრთა გზნება.
    მომეცი ძალა, ლურჯო ცაო, ლაჟვარდო ცაო!
    რომ შევასრულო წმინდად ჩემი დანიშნულება.
    და სიმაღლემდე ავიყვანო მუდმივ მხლებელი
    წრფელი მიზანი, მოქმედებით უხვად გამთბარი.
    არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი,
    აბა, ჩამოჰკარ მოსაწვევი, ჩამოჰკარ ზარი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button