
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის,
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!