
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სიმღერის მინდა მე წამოწყება
სიმღერის მინდა მე წამოწყება,
რომ გაიშალოს გამოცოცხლება!
გამოცოცხლება, გამოცოცხლება
და არა ძილი!
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა
დილით;
ისეთმა, რომელიც მართობდა
ბავშვობის დროს გადამეტებით:
ერთი ღრუბელიც ცაზე არ ჩანდა –
მე კი სახეზე მეცემოდა
უეჭველი წვიმის წვეთები
გრილი!
სანამ გაშრება და ჩამოცხება –
სიმღერის მინდა მე წამოწყება:
გამოცოცხლება, გამოცოცხლება
და არა ძილი!