მაღლაკელიძეთა გვარი
“მაღლაკელიძე” ტოპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია ადგილის სახელი “მაღლაკი”. საქართველოში გვაქვს “მაღლაკ”-ფუძიანი რამდენიმე ტოპონიმი. იმერეთში, წყალტუბოს რაიონში, არის სოფელი მაღლაკი, ისევ იმერეთში, ქუთაისის მახლობლად, სოფელ მოწამეთაში ერთ მინდორს “მაღლაკას” ეძახიან. “მაღლაკის ველები” ჰქვია ქუთაისის ერთ-ერთ უბანს. ვერ ვიტყვით, რომელ მაღლაკს უკავშირდება მაღლაკელიძეთა გვარი, მაგრამ მის ფუძეში ტოპონიმ “მაღლაკს” ერთვის სადაურობის მაწარმოებელი სუფიქსი “-ელ”, რაც სწორედ მაღლაკელიძეთა წინაპრის მაღლაკიდან მოსულობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მაღლაკი იმერეთის დაახლოებით ერთსა და იმავე რაიონში მდებარეობს.
მაღლაკელიძე ერთძირიანი გვარია.
გვარის განსახლების არეალის და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაღლაკელიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ზესტაფონის მხარეში უნდა ვივარაუდოთ.
მაღლაკელიძენი სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. საბუთებში ჩანან სასულიერო წოდების მაღლაკელიძენიც.
ქართულ საისტორიო საბუთებში მაღლაკელიძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.
1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიება ქუთაისს მცხოვრები ნასყიდა მაღლაკელიძე, რომელიც საეკლესიო ყმა ყოფილა და ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა. ასევე საეკლესიო ყმა ყოფილა ხონის საყდრის მებეგრეთა დავთარში მოხსენიებული მაღლაკელიძეთა ერთი კომლი, რომელსაც ემართა: ერთი წლის საკლავი, ექვსი ქათამი, ყველი, თევზი, ღომი, ღვინო, შეშა და მუშაობა.
ქუთაისის საყდრის ყმანი ყოფილან იმერეთის სოფელ მუჯირეთუბანში მცხოვრები მაღლაკელიძენიც.
1790 წლის ხონის ტაძრის საბეგრო ნუსხაში ვკითხულობთ: “მართებს დათვია მაღლაკელიძეს 5 კუახი ღომი და 8 კოკა ღვინო; მართებს კაცია მაღლაკელიძეს 5 კუახი ღომი და 9 კოკა ღვინო”.
XVIII საუკუნის სოციალური და ეკონომიკური შინაარსის საისტორიო საბუთებში მაღლაკელიძენი სამეფო და საბატონო (ლორთქიფანიძეთა, ჩიჯავაძეთა) გლეხებადაც იხსენიებიან.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მაღლაკელიძენი იხსენიებიან იმერეთის შემდეგ სოფლებში: ხორითი (საბატონო გლეხი), ამაშუკეთი (საბატონო გლეხი), დილიკაური (საბატონო გლეხი), ხონი (საეკლესიო გლეხი), ძლოურ-დანეთი (საბატონო გლეხი), სანახშირე (სახელმწიფო გლეხი, აქვე ცხოვრობდნენ სასულიერო წოდების მაღლაკელიძენი), საქარა (საბატონო გლეხი), დიხაშხო (საბატონო გლეხი), სვირი (სახელმწიფო გლეხი), საწაბლე (სახელმწიფო გლეხი) და შროშა (საბატონო გლეხი).
XIX საუკუნის 60-იან წლებში იმერელ მაღლაკელიძეთა ერთი შტო შიდა ქართლის სოფელ ურბნისში გადმოსულა. 1884 წლის აზნაურ მაქსიმე ჩხეიძის მიწის ნასყიდობის წიგნში იხსენიებიან სოფელ ობჩას მცხოვრები ალმასხან და გიორგი მაღლაკელიძეები. ეს მაღლაკელიძენი მომიჯნავე მამულების მფლობელნი ყოფილან იმხანად.
ამავე სოფელ ობჩაში 1893 წელს აზნაურ ჩხეიძეებს მამულზე დავაში ფიცი დასდებიათ. ფიცის დადება იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთ მოდავე მხარეს ხატზე უნდა დაეფიცა: “ეს მამული ჩემია, თუ ვტყუოდე, ხატი მრისხავდესო”. სამძიმო საქმე იყო, მაგრამ თუ დაიფიცებდა, დაუჯერებდნენ, აღარავინ შეედავებოდა და მამული მოფიცარს დარჩებოდა. იტყოდნენ: “ფიცით გაიტანაო”. იმ სადავო საქმეზე ფიცის ფურცელი შეუდგენიათ, რომელსაც ხელს აწერენ აზნაური ზებეკა კიკნაძე და სოფლის “სტაროსტა” სპირიდონ მაღლაკელიძე. როგორც ჩანს, კითხული და სახელიანი კაცი იყო სოფელში ეს სპირიდონ მაღლაკელიძე, თორემ აზნაურების სადავო საქმეში არ ჩარევდნენ და არც მამასახლისად აირჩევდნენ თანასოფლელები.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაღლაკელიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გადმოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში. უფრო ადრე, “ჟამსა ერთობისასა”, მაღლაკელიძეთა გვარის წინაპრების ადგილი იქნებოდა ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.
იმერეთის სოფლებში ადგილს და ადგილს შემორჩენია მაღლაკელიძეთა გვარის სახელი: “მაღლაკელიძეების უბანი” – უბანი სოფელ სვირში და სოფელ სვეტმაღალაში, “მაღლაკელიძეების წყარო” – წყარო სოფელ ზედა საქარაში, “მაღლაკელიძისოულები” – სახნავი ადგილი სოფელ ძლოურ-დანათში, “მაღლაკელიძისოული” – ვენახი სოფელ სვეტმაღალაში, “მაღლაკელიძისოული” – სახნავი ადგილი სოფელ ზედა წევაში და სოფელ ფუთში, “მაღლაკელიძეების უბანი” – უბანი სოფელ დიხაშხოში, “მაღლაკელიძეების წყარო” – წყარო სოფელ თხემლისწყაროში, “მაღლაკელიძეების მინდვრები” – ტყე სოფელ როკითში.
ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ მაღლაკელიძეთა გვარისშვილნი: პროფესორი გაიოზ მაღლაკელიძე, პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე, მხატვარი გოგა მაღლაკელიძე, მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე, გენერალი ალექსანდრე მაღლაკელიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი.
ამჟამად მაღლაკელიძენი ცხოვრობენ იმერეთის თითქმის ყველა რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან ზესტაფონის რაიონის სოფლებში: როდინოულში, მეორე სვირში, ძირულაში, სანახშირეში, ზედა საქარაში, ცხენთაროში და სხვა. არიან შიდა ქართლში: ლიახვის ხეობაში, ხაშურის, ქარელის, გორის რაიონებში. ცხოვრობენ მესხეთში, ბორჯომისა და ახალციხირს რაიონებში. არიან გურიაშიც – ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში, სამეგრელოშიც – ხობისა და აბაშის რაიონებში. ქუთაისში მაღლაკელიძეთა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს, თბილისში კი დაახლოებით 180 კომლი.
საქართველოში მაღლაკელიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მაღლაკელიძეთა!