განხილვაესე

ეპიზოდური პერსონაჟები „ვეფხისტყაოსანში“

– „რუსთაველის გენია, მისი იგავმიუწვდენელი ოსტატობა ჩანს არა მარტო მთავარი პერსონაჟების მხატვრული სახეების შექმნისას, არამედ ეპიზოდური სახეების ხატვისას. მას თითოეული მათგანისთვის აქვს მონახული მისთვის დამახასიათებელი შტრიხი. „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის“ ხელოვნების უბადლოდ მფლობელი შემოქმედი ერთი მოხდენილი, ზუსტი სიტყვით, ფრაზით ხატავს განუმეორებელ სახე-ხასიათებს. ერთი ქალი-პერსონაჟია პოემაში, ნესტანის დედა, რომელსაც სახელით არ იხსენიებს პოეტი. ალბათ, იმიტომ, რომ ფარსადანთან შეთანხმებულად მოქმედი დედოფალიც არის დამნაშავე იმაში, რომ სახელმწიფო ლამის კატასტროფის პირას მივიდა და უმემკვიდროდ დარჩა. მათმა პოლიტიკურმა შეცდომებმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა ინდოეთი დაღუპვის პირამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, ფარსადანი ამ ნაბიჯებს დედოფალთან შეთანხმებით დგამდა. ისინი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს და ყველა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებასაც ერთად იღებდნენ. ამის დასტურად გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ფარსადანმა ვაზირები, მათ შორის – ტარიელიც, დაიბარა ვითომ სათათბიროდ ნესტანისთვის სასიძოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ტარიელი შენიშნავს: „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.“ დედოფალი უყოყმანოდ დაეთანხმა ფარსადანს, აღნიშნა, რომ ხვარაზმშას შვილზე უკეთეს სასიძოს ისინი ნესტანისთვის ვერ ნახავდნენ. სავარაუდოა, რომ ის ამასთან დაკავშირებით ქალიშვილის აზრით არც დაინტერესებულა და საერთოდ, ნესტანთან რაიმე სულიერი სიახლოვე მას არ გააჩნია, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შვილი აღსაზრდელადაც დავარ-ქაჯს მიაბარა. „ვეფხისტყაოსანში“ არცერთი ქალი არ არის დახატული აბსოლუტურად უარყოფითი რაკურსით. თვით ბოროტების განმასახიერებელ დავარ-ქაჯს, რომელმაც ინდოეთს (ქვეყნიერებას, სამყაროს) მზე-ნესტანი დაუკარგა, გააჩნია დადებითი თვისებები, ის ბრძენია: „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.“ ამასთან ერთად, დავარი თავმოყვარე, ამაყი, უშიშარი ქალიც იყო, შეეძლო დანაშაულისთვის პასუხი ეგო. მან თავი მოიკლა, როცა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე: „დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა.“ დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“ როგორც ვხედავთ, დავარი საინტერესო მხატვრული სახეა: ბრძენი, თუმცა უაღრესად იმპულსური, ამასთან, ბოროტების განმასახიერებელი. მისი მოქმედებიდან ჩანს, რომ მისთვის უცხოა სიყვარულისა და თანალმობის გრძნობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ასე იოლად არ გასწირავდა თავის გაზრდილ უმშვენიერეს ასულს, შეეცდებოდა მაინც ნესტანისა და ტარიელის საქციელის მოტივებში გარკვევას. გავიხსენოთ კიდევ ერთი წარმომადგენელი ქაჯეთისა, დედოფალი დულარდუხტი, კლდესავით მაგარი ქალი: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია.“ დულარდუხტი ზრდის ადრე დაობლებულ ძმისშვილებს: როსანსა და როდიას. ის ამაყი და შეუბრალებელი დედოფალია, ამას მეკობრე როშაქის მოკრძალებითა და რიდით ნათქვამი სიტყვებიც გვიჩვენებს: „თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია.“ ის, რომ დულარდუხტი ძლიერი ხელმწიფეა, მისი გამაგრებული ციხე-ქალაქი, საუკეთესო მეომრები და ქაჯთა სახელი, რომელიც შიშის ზარს სცემს მტრებს, გვიჩვენებს. მისმა არყოფნამ (ზღვის გაღმა დის ტირილში იყო წასული) ბევრად განსაზღვრა და გაუადვილა სამ ძმადნაფიცს ქაჯეთის ციხის აღება და ნესტანის განთავისუფლება. ესაა ოღონდ, დულარდუხტს წილად ხვდა ბოროტების სიმბოლოდ ქცეული სამეფოს მბრძანებლობა, რაც მის მიმართ, ბუნებრივია, უარყოფითად განგვაწყობს. ეს ბოროტების მხარეს მდგომი პერსონაჟები არიან, მაგრამ თავიანთი დადებითი თვისებებით ისინიც კი იწვევენ გარკვეულ სიმპათიას. როგორც უკვე ვთქვით, გენიალურმა რუსთაველმა კარგად იცოდა, რომ არ არსებობს უშეცდომო, იდეალური ადამიანი, მასში არის დადებითი-ნათელიც და უარყოფითი-ბნელი მხარეებიც. სოგრატი პირველი ეპიზოდური პერსონაჟია, რომელიც გვხვდება პოემაში. ის არაბეთის მეფის უსაყვარლესი ვაზირი, მისი ნდობით აღჭურვილი პირია: „ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა.“ თინათინის გამეფების ეპიზოდში კარგად ჩანს სოგრატის საკმაოდ ფამილარულ-შინაურული დამოკიდებულება მეფესთან. ის მოურიდებლად ეკითხება როსტევანს მოწყენის მიზეზს, უფრო მეტი, ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ თინათინის მიერ დიდძალი ქონების გაცემამ დაამწუხრა მეფე და შეჰბედავს: „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ სოგრატი მჭევრმეტყველი და ბრძენი ვაზირია: „ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა.“ მას კარგი იუმორის გრძნობაც გააჩნია, ხუმრობაცა და თვითირონიაც მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ის მძიმე მდგომარეობაშიც არ კარგავს მას. სოგრატის ხასიათი შესანიშნავად იხსნება ავთანდილთან დიალოგში. არაბი სპასპეტი ესტუმრება ვაზირს. ენამზიანი სოგრატი გახარებული ეგებება დიდებულ სტუმარს და სათანადოდ მასპინძლობს: „ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.“ ავთანდილი სთხოვს სოგრატს, რომ უშუამდგომლოს როსტევან მეფესთან. მას ხომ ტარიელის დასახმარებლად წასვლა აქვს გადაწყვეტილი. აი, როგორ ახასიათებს ის ვაზირს: „ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების.“ საინტერესოა, რომ ავთანდილი სოგრატს დახმარებისთვის ქრთამს, ასი ათას ოქროს აძლევს, მაგრამ, მიუხედავად ამოდენა ქრთამისა, სპასპეტს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, სანამ ვაზირისაგან დახმარებაზე თანხმობას მიიღებს. საქმე ისაა, რომ სოგრატმა წინასწარ იცის, მეფის როგორი რეაქცია მოჰყვება მის თხოვნას. მან ამის მთქმელი შეიძლება მოკლას კიდეც: „მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!“ სოგრატის სიბრძნის მაჩვენებელია ის არგუმენტები, რომლებიც მას მოჰყავს ავთანდილის წასვლის შეუძლებლობის დასასაბუთებლად: არაბეთის მტრები გათავხედდებიან, ლაშქარი უპატრონოდ დარჩება, ამიტომაც ასე მოკლედ მოჭრის: „ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდეს.“ ავთანდილის ოქროპირობამ, ადამიანების დარწმუნების ხელოვნებამ მაინც თავისი გაიტანა და სოგრატი დაითანხმა; მან ამჯერად სპასპეტის მოციქულობა იკისრა, თუმცა კარგად იცოდა: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.“ რუსთაველი ამ მოციქულობის ამბავს დიდებულად აღწერს. ჩვენ ვხედავთ სირცხვილის ოფლში გაწურულ, გაწბილებულ, შეურაცხყოფილ ვაზირს, რომელიც სამეფო დარბაზიდან: „გამოძრწა და გამომელდა.“ ეს ორი ზმნა შესანიშნავად გამოხატავს მისი ხასიათის თვისებებსაც ისევე, როგორც მისი ძალად მხიარულება და ენაწყლიანობა ავთანდილთან, რომელსაც დაპირებულ ქრთამს სთხოვს: „ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს!“ ვაზირის ამ „წყლიანობის“ მიზეზსაც გვიმხელს თვითონ სოგრატი. მან იცის, რომ გაბრაზებული მეფე აუცილებლად მოიბრუნებს მისკენ გულს, აპატიებს და შეუნდობს შეცდომას. როსტევანი ხომ მას უწოდებს „შენ, ვაზირი გულის-გული.“ როგორც ვხედავთ, სულ ორიოდე ეპიზოდში ვხვდებით ვაზირ სოგრატს, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავადაა დახატული ეს ხუმრობისა და მოხდენილი, „ჭრელი“ საუბრის ოსტატი, ქრთამისმოყვარე და ბრძენი, მელიასავით ეშმაკი ვაზირი, რომ ის პოემის მკითხველს არასოდეს დაავიწყდება. საინტერესო მხატვრული სახეა სარიდანი. ის ტარიელის მამა და ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელია, ჭკვიანი მმართველი და მტრებისთვის შიშის ზარის დამცემია, ვისაც ვერავინ უბედავდა წყენინებას. აი, როგორ ახასიათებს მამას ტარიელი: „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.“ სარიდანი კი ნამდვილად გამჭრიახი პოლიტიკოსია. მან იცოდა, რომ ფარსადანს შვილი არ ჰყავდა და ტარიელი, მემკვიდრეობის წესის მიხედვით, შვიდივე სამეფოს ხელმწიფე გახდებოდა. ამასთან ერთად, ერთიანი ქვეყანა უფრო ძლიერი და მტკიცე იქნებოდა, ამიტომაც მან თავისი სამეფო ფარსადანისას შეუერთა. ძალაუფლებაც შეინარჩუნა: გაერთიანებული ლაშქრის სახმელეთო და საზღვაო ჯარების მთავარსარდალიც გახდა: „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.“ თავისი სამეფოც განსაკარგავად ანუ სამართავად მასვე დარჩა, ასე რომ, „სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.“ ამას ისიც დაემატა, რომ მისი ვაჟი ფარსადანმა იშვილა და სამეფოდ ზრდიდა, სანამ ნესტანი გაუჩნდებოდა. როგორც ვხედავთ, სარიდანი ბრძენი პოლიტიკოსის შესანიშნავად დახატული სახეა. მელიქ-სურხავი კიდევ ერთი ეპიზოდური პერსონაჟი-მეფეა „ვეფხისტყაოსანში.“ ის სრულიად განსხვავებულ სამყაროში მეფობს: ვაჭართა ქალაქ გულანშაროს მბრძანებელია. არაბეთისა და ინდოეთისაგან დიდად განირჩევა ის ცხოვრების წესი და მორალი, რომელიც აქ მეფობს. ესაა ვაჭართა ქალაქი-სახელმწიფო, სადაც „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.“ ის, რომ მელიქ-სურხავი ბრძენი მმართველია, ჩანს იქიდან, რომ მისი ქალაქი უმდიდრესია, აყვავებულია, განვითარებულია ვაჭრობა. აქ მოსვლით მოხუციც კი გაახალგაზრდავდება, მტერიცა და მოყვარეც მის მცხოვრებთ შენატრიან: „აქა მოსვლითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები; ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.“ მელიქ-სურხავს კარგი ურთიერთობა აქვს ქვეშევრდომებთან. როგორც ვთქვით, ვაჭართა სამეფოში აბსოლუტურად განსხვავებული ეთიკური ღირებულებებია. აქ მთავარი ფასეულობა ქონებაა, ფულია. სწორედ ამ ნიშნით მეგობრობს მეფე ვაჭართა უხუცეს უსენთან, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა ღირსება არ გააჩნია: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ სამეფო კარისა და ვაჭრების ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სარგებლობას: მეფე და მისი მეომრები იცავდნენ ვაჭრებსა და მათ ქონებას, ხოლო ვაჭრები, სამაგიეროდ, ძვირფას საჩუქრებს მიართმევდნენ მათ. მელიქ-სურხავის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მას შესანიშნავი ვაჟი-მემკვიდრე ჰყავდა: ვაჟკაცი, უშიშარი, კარგი მეომარი. ფატმანი მას ახასიათებს, როგორც „უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა.“ გულანშაროს მეფეს მშვენიერების დანახვა-დაფასების ნიჭიც აღმოაჩნდა, გამჭრიახობაც, რომ ნესტანში განსაკუთრებული ქალი დაენახა არა მარტო გარეგნულად, არამედ – სულიერადაც. აი, რა ზუსტად დაახასიათა მან უცხო ასული: „ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების… ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი.“ მელიქ-სურხავი გულუხვი და კეთილგანწყობილი მეფეა. ამაზე მეტყველებს მის მიერ ქაჯეთიდან მომავალი მეგობრების დიდებული დახვედრა და ტარიელ-ნესტანის შვიდდღიანი ქორწილი. როგორც ვხედავთ, ვაჭართა სახელმწიფოს, მელიქ-სურხავის სახით, ნამდვილად ღირსეული მეფე ჰყავს, რომელიც გამუდმებით ზრუნავს მოქალაქეთა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. ჭაშნაგირი ერთ-ერთი ეპიზოდური პერსონაჟია. მას მელიქ-სურხავის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია: „ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი.“ ჭაშნაგირი გარეგნულადაც მშვენიერი, ახოვანი, მომხიბლავი ყმაწვილი იყო: „შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი.“ ის ფატმანის საყვარელია და, როგორც მისი სიტყვებიდან, მოქმედებიდან ჩანს, საკმაოდ თავმოყვარე და ამაყიც: არ პატიობს საყვარელს ღალატს: „გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“ რა თქმა უნდა, მოღალატე ქალის მისი საიდუმლოს გამჟღავნებით შანტაჟი არ ამშვენებს ჭაშნაგირს. ბოლოს და ბოლოს, ფატმანი გათხოვილი ქალი იყო და მასთან ურთიერთობას იმთავითვე ოჯახის ღალატი ედო საფუძვლად. ამ ე.წ. „სიყვარულისა“ და შანტაჟისთვის სიცოცხლით აზღვევინა ფატმანმა ჭაშნაგირს. უაღრესად კოლორიტული პერსონაჟია უსენი. ის ფატმანის მეუღლეა. გარეგნულად შეუხედავი, ამიტომაც დაეძებს მზესავით მომხიბლავ ახალგაზრდა საყვარლებს ფატმანი: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ უსენი, ასევე, ფატმანის დახასიათებით, არის „ლმობიერი“ კაცი, ეს კიდევ დიდი უბედურება არაა, მაგრამ მას არ შეუძლია მიცემული სიტყვის, პირობის შესრულება. მისთვის ფიცის გატეხა ჩვეულებრივი მოვლენაა: „დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.“ მართალია, უსენი აშკარად „რქიანია“, თუმცა მთლად უჭკუო კაცი არ უნდა იყოს, რადგან, ჯერ ერთი, ის ვაჭართა უფროსია, მეორე, იმოდენა ქონება დააგროვა, რომ მეფეც კი ეუბნება: „ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა.“ სულელი ადამიანი კი ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ამასთან ერთად, ის მეფის უახლოესი პირია, მისი „არიფია“, მისი თანამეინახეა: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ ეს ფატმანისეული დახასიათებაა უსენისა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ არ მოსწონს, უფრო მეტი, ეზიზღება მას თავისი ქმარი: მკვეხარა, მაბეზღარა, უღირსებო, ფიცის გამტეხი ვაჭარი. უსამი ბაღდადელი ვაჭრების უხუცესია. ბრძენი, ბევრისმნახველი, დაფიქრებული: „უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.“ მან აუხსნა ავთანდილს, თუ ვინ იყვნენ და რა გასაჭირი დასდგომოდათ: „გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი. ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.“ ბრძენი უსამი მაშინვე მიხვდა, რომ სანდო და უშიშარ რაინდთან ჰქონდათ საქმე და უყოყმანოდ მიანდო ვაჭართა სიცოცხლე და ქონება ავთანდილს. ის ენაწყლიანი კაციცაა, მშვენივრად ამკობს უცნობ მოყმეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი.“ მართალია, ავთანდილი ვაჭრებს ლაჩრებს უწოდებს, მაგრამ ომი მათი ხელობა არაა, ისინი არიან „ომისაცა უმეცარნი“. უსამის კიდევ ერთი კარგი თვისებაა ხაზგასმული პოემაში: მადლიერების გრძნობა. მან შესთავაზა ავთანდილს დიდძალი ქონება, თხოვნაც შეუსრულა, საიდუმლოც შეუნახა და ჭაბუკი გულანშაროში ისე შევიდა, როგორც ვაჭართა უხუცესი. მებაღე პირველი ადამიანია, რომელიც გულანშაროში შესულ ავთანდილს ხვდება. ის უსენის, ვაჭართა უხუცესის, მებაღეა, ამასთან, ეტყობა, საკმაოდ დაახლოებულია ფატმან ხათუნთან. მებაღე გაოცებულ-აღტაცებული შესცქერის ავთანდილს, მისი მშვენიერებით გაოგნებული ჰპირდება, რომ ვაჭართა ქალაქის ამბებს დაწვრილებით მოუყვება: „ჰკადრა: „გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.“ სწორედ მებაღისგან ვიგებთ, რა ქალაქია გულანშარო, ვინ არის მისი ხელმწიფე, ვაჭართა უხუცესი, ფატმან-ხათუნი. მას აშკარად აქვს თხრობის ნიჭიც. ის გახარებული ამცნობს ფატმანს მზის მსგავსი ახალგაზრდა ვაჭართა უხუცესის მოსვლას: „ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.“ ხატაელი ძმები ეპიზოდური, თუმცა სიუჟეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან. სწორედ მათგან იგებს ავთანდილი ტარიელის ადგილსამყოფელს: „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.“ ხატაელი ძმები კარგი მშვილდოსნები და მონადირეები არიან. თავიანთ მხლებელთაგან ყველას აჯობეს, შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: „მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზედ გარდაგვფრენია.“ შემდეგ დაინახეს საუცხოო შავ ცხენზე ამხედრებული უმშვენიერესი უცხო მოყმე, მოეწონათ მოყმეც, მისი ცხენიც, იარაღიც და მოინდომეს მისი შეპყრობა და ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. შემთხვევით არ ადარებს მათ ავთანდილი ყაჩაღებსა და მეკობრეებს. რა თქმა უნდა, ტარიელს მათ მოსაგერიებლად მხოლოდ მათრახიც ეყო: „მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!“ როშაქი ქაჯეთის მეფის ყმაა: „როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.“ ის ხშირად მეკობრეობს და ამით აგროვებს სიმდიდრეს: „მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები. შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები.“ როშაქი გამჭრიახი ადამიანიცაა. მან შეიცნო ნესტანში მშვენიერი ქალი: „როშაქ შეატყო ქალობა,“ დაატყვევა და წინდახედულად გადაწყვიტა ქაჯეთის დედოფლისათვის მიერთმია საჩუქრად, იცოდა, რომ დაემალა, ის არ აპატიებდა: „ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია.“ ასე რომ, „ვეფხისტყაოსანში“ დახატული ეპიზოდური პერსონაჟებიც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. რუსთაველმა თითოეული მათგანისთვის გამოძებნა ხასიათის ისეთი დამახასიათებელი შტრიხი, ქცევის ისეთი მანერა, რომ ისინი არასოდეს ავიწყდება მკითხველს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button