დუმბაძეთა გვარი
ძირი: დუმბაძე ერთძირიანი გვარია მრავალი განშტოებით.
ბუდე: მიუხედავად იმისა, რომ დუმბაძეთა გვარის დიდი უმრავლესობა ამჟამად აჭარაში ცხოვრობს, ეთნოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო გურიაში უნდა ვივარაუდოთ.
შთამომავლობა: სოციალური მდგომარეობით დუმბაძეები იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის გლეხები და აზნაურები.
ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში დუმბაძეთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს: “ქორონიკონსა ტლე. აქა ქრისტიანე და ღვთის მოყვარე შემოქმედელად ეკურთხა ბატონი იაკობ. ღმერთმან ღირსყოს მარჯვენით ნაწილსა წმიდათასა”.
ქორონიკონის “ტლე” ანუ 335 წელი ქრისტეს აქეთ 1647 წელს შეესაბამება. ამ წელს გურიაში შემოქმედის მიტროპოლიტად ეკურთხა გურული აზნაურთაგანი იაკობ დუმბაძე. იაკობ შემოქმედელი გვარად დუმბაძე რომ იყო, მრავალი საბუთიდან ჩანს. იგი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იოანეს სახარების ერთ მინაწერში: “იოანე თეოლოღო, მეოხ ექმენ წიგნისა ამისა წამკითხავსა მიტროპოლიტს დუმბაძეს იაკობს”. ეს მინაწერი 1658-1659 წლებით თარიღდება. ცნობილია, რომ 1658 წელს იაკობ შემოქმედელი იერუსალიმში გაჰყვა ბერად აღკვეცილ სვიმონ გურიელს და იქ რამდენიმე თვე დარჩა. ცნობილია ისიც, რომ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იაკობ დუმბაძემ მოიარა ეგვიპტე, რომი და ათონი, აღადგინა და შეამკო მრავალი ხატი და ჯვარი, შეისწავლა მრავალი ქართული ხელნაწერი. იაკონ დუმბაძის კალამს ეკუთვნის მეფე გიროგი XI-ის ბრძანებით დაწერილი თეოლოგიური ნაშრომი “მაჰმადისა და ქრისტიანეთ გაბაასება”.
სასულიერო პირი ყოფილა იაკობის ძმა გაბრიელიც. 1647-1658 წლების ქაიხოსრო გურიელის იერუსალიმის ჯვრის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში მოწმედ შემოქმედელ იაკობთან ერთად იხსენიება მისი ძმა კანდელაკი გაბრიელ დუმბაძე.
1770 წლის გიორგი გურიელის წყალობის სიგელში აზნაურ ნაკაიძისადმი გურულ აზნაურთა შორის მოწმედ დასახელებულია აზნაური ბუჭუ დუმბაძე.
1775 წლის გიორგი გურიელის წყალობის სიგელში, რომლითაც ბახუტა ნაკაშიძეს შემოქმედის მოურაობა ებოძა, მოწმედ იხსენიება აზნაური მამუკა დუმბაძე.
როცა ოსმალეთი აჭარის გამაჰმადიანების შემდეგ ქვემო გურიას, ქობულეთის მხარეს შემოეჭიდა, იქაური აზნაური დუმბაძეებიც გამაჰმადიანდნენ სხვებთან ერთად და აღებად იწოდნენ.
1853 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გურიის სოფელ ლესასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა მხარეს და რუსთა წინააღმდეგ იბრძოდნენ გურიის მთავართა შთამომავალი დათა გურიელი და ყოფილი გურული აზნაური რაშიდ ფაშა დუმბაძე. პოლკოვნიკ ერისთავის “რაპორტის” მიხედვით, ლესას ბრძოლაში ორივე დაჭრილა.
ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს 1873 წელს გურია-აჭარაში თავისი ცნობილი მოგზაურობის დროს გურიის სოფელ შემოქმედში უნახავს 90 წლის მღვდელი გიორგი დუმბაძე, გურიის აჯანყებათა მომსწრე და მემატიანე. თედო ჟორდანიას აზრით, სწორედ ეს პიროვნება უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული “შემოქმედის ქრონიკის” (1784-1879წ.წ.) პირველი ნაწილის ავტორი, რომელიც შემდეგ მღვდელ გაბრიელ მახარაძეს გაუგრძელებია. გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში, რომელიც ქართველ მეფე-მთავართა სიგელ-გუჯრების მიხედვით შეუდგენიათ რუსთა ბატონობის ჟამს და რუსთ ხელმწიფეს დაუმოწმებია, იხსენიება აზნაურ დუმბაძეთა 9 ოჯახი.
მსახურება: ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დუმბაძეთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
საკუთვნო: გურიაში რამდენიმე ადგილს სახელად შემორჩა დუმბაძეთა გვარის სახელი: “დუმბაძისოული” – ტყე სოფელ ახალშენში, “დუმბაძისოული” – ადგილი სოფელ შემოქმედში, “დუმბაძნების ნასახლევი” – ადგილი სოფელ შემოქმედში და “დუმბაძნების ტყე” – ტყე სოფელ შემოქმედის მახლობლად.
გვარისშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ დუმბაძეთა გვარისშვილნი: მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე, მღვდელი გიორგი დუმბაძე, ისტორიკოსები მალხაზ და მამია დუმბაძეები, მწერალი ნოდარ დუმბაძე, მთარგმნელი ლელა დუმბაძე, მსახიობი ნინო დუმბაძე, კინომცოდნე მიხეილ დუმბაძე, ლოტბარი ანტონ დუმბაძე, ქტიტორი დავით დუმბაძე, რუსთა ჯარის გენერალი ივანე დუმბაძე, ქართული ჯარის გენერალი თამაზ დუმბაძე და სხვანი.
განსახლება: ამჟამად დუმბაძენი ცხოვრობენ აჭარისა და გურიის ყველა რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში. არიან მცირედნი ჰერეთსა და შირაქში, ქალაქებში თბილისსა და ბათუმში. მრავლად არიან თურქეთში აჭარიდან წასულნი მუჰაჯირობის დროს.
ოდენობა: საქართველოში დუმბაძეთა საერთო რიცხვი 6700-ს აჭარბებს (აქედან 5300 სული აჭარაში ცხოვრობს და მხოლოდ 700 სული – გურიაში).
ღმერთმა ამრავლოს გვარი დუმბაძეთა!