დოგრაშვილთა გვარი
ფუძე: დოგრაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში შემორჩენილია წინაპრის საკუთარი სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში გვხვდება კაცის სახელი დოგო და მისგან ნაწარმოები კნინობითი ფორმები: დოგორა, დოგონა, დოგრა…
ძირი: დოგრაშვილი ერთძირიანი გვარია.
ბუდე: ერთძირიან გვარს ბუდეც ერთი უნდა ჰქონდეს. დოგრაშვილთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, საკრაულას ხევის სოფელი ზეგანია.
წარმომავლობა: ეთნოგრაფიული მონაცემებით, დოგრაშვილთა წინაპარი იმერეთში გურიიდან გადმოსულა. მისი ძველი გვარი ბერიძე ყოფილა. იმერელი დოგრაშვილები გურიის სოფელ ერკეთში დაიარებოდნენ სალოცავად.
შთამომავლობა: სოციალური მდგომარეობით ისინი საეკლესიო და საბატონო გლეხები იყვნენ. ამ გვარის ზოგიერთი ოჯახი სასულიერო წოდებას ეკუთვნოდა.
ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში დოგრაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიებიან პიტინის ხევში მცხოვრები საეკლესიო გლეხები თეოდოსი და ლომინა დოგრაშვილები, რომლებსაც ცალ-ცალკე მართებდათ: “ლიტრა სანთელი ხუთი, იფქლი ნაოთხალი ორი, ძღუენი ორი”. როგორც ჩანს, დოგრაშვილთა გურიიდან იმერეთში გადმოსვლა საკმაოდ დიდი ხნის წინ მომხდარა. ისინი თავიდან საეკლესიო გლეხები ყოფილან, ხოლო შემდეგ მათი ნაწილი თავად ჩხეიძეთა მამულში დამკვიდრებულა და საბატონო გლეხები გამხდარან.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიებში იმერეთის სოფელ ზეგანში მცხოვრები დოგრაშვილები იხსენიებიან როგორც: სასულიერონი, საბატონო გლეხნი და საეკლესიო გლეხნი. საინტერესოა, რომ ამავე სოფელში იხსენიება დოგრაშვილთა საბატონო გლეხის ერთი გვარი.
XIX საუკუნის 60-70-იან წლებში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში უმოღვაწია ბერს გერასიმე დოგრაშვილს.
მსახურება: ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დოგრაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
საკუთვნო: იმერეთში ორგან ადგილის სახელად შემორჩა დოგრაშვილთა გვარის სახელი: “დოგრაშვილების კუთხე” – უბანი სოფელ ობჩაში და “დოგრაშვილების უბანი” – უბანი სოფელ ზედა ზეგანში.
განსახლება: ამჟამად დოგრაშვილები ცხოვრობენ იმერეთში, ბაღდათის (დაახლ. 40 კომლი) და ზესტაფონის (დაახლ. 5 კომლი) რაიონებში, ქალაქებში თბილისში (დაახლ. 20 კომლი) და ქუთაისში (დაახლ. 50 კომლი).
ოდენობა: საქართველოში დოგრაშვილთა საერთო რაოდენობა 450 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი დოგრაშვილთა!