ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ცინცაძეთა გვარი

ცინი, ცინა – ძველქართული, წარმართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ცინარ, ცინცა და ცინცაბა – იგივე სახელია კნინობით თქმული.

გვარის სახელით “ცინ”-ფუძისანი არიან: ცინაძენი, ცინარიძენი, ცინაურნი, ცინცაძენი და ცინცაბაძენი – გვარსახელით ერთი ფუძისანი და არა გვარმოდენილობით.

ძველთაგან გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ცინცაძეთა. ეგრე უბნობენ, სადღაც სამხრეთიდან მოსულანო ცინცაძეთა წინაპარნი, აჭარაში დიდი მამულები ჰქონდათო, ღვთის სამსახურში მდგარანო, – ამასაც უბნობენ.

ქართულ წერილობით წყაროებში ცინცაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება “ციმცაძე” ფორმით.

1560-1578 წლების მოქველი მთავარეპისკოპოსის ექვთიმეს ბრძანებით გადაწერილი მეტაფრასის ანდერძ-მინაწერი: “ამა წიგნისა მეტაფრასისა მწერალსა ნავკრატიოზს ციმცაძესა შეუნდვენ, უფალო ღმერთო. ამინ”.

XVII საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვართ მოძღვრის ქრისტეფორეს ბრძანებით გადაწერილი ოთხთავის ანდერძ-მინაწერი: “ამისა მწერალსა ფრიად ცოდვილსა ისაკს ციმცაძესა შეუნდვნეს ღმერთმან…”

XVIII საუკუნის ხელნაწერი წიგნის “სწავლანი და ეპისტლენის” ანდერძ-მინაწერი: “წმიდაო იოანე ოქროპირო, რომელი სდგა წინაშე საყდართა ღვთისათა და ხედავ ნათელსა შეუწვდომელსა, მეოხ ეყავ ყოველთა უცოდვილესსა სენთა მწარითა განსჯილსა დიაკონს აბრაჰამს (ციმცაძეს)”.

გვიანი შუა საუკუნეების დაუთარიღებელ პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის მიმართ იხსენიებიან მღვდლები: გიორგი და იასე ცინცაძენი, აგრეთვე დეკანოზი გიორგი ცინცაძე.

გურიაში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ცინცაძეთა გვარის სახელი: ცინცაურა – ტყე სილაურსა და ჯუმათში, ცინცაძისსაცივი და ცინცაძნების ნასახლარი – საყვავისტყეში, ცინცაძის ჭალა – ჩოხატაურში, ცინცაძნებისფართი – გურიანთაში…

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ცინცაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშებს ქვეშ.

საზოგადო მოღვაწეობაში გამოჩნდნენ ცინცაძეთა გვარისშვილები: სასულიერო მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე, მწერალი ირაკლი ცინცაძე, ისტორიკოსი იასე ცინცაძე, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე…

ამჟამად ცინცაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, ვაკე იმერეთში, ოდიშში, სამცხეში და სხვაგან. განსაკუთრებით მრავლად არიან ხელვაჩაურის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და სამტრედიის რაიონებში.

ცინცაძენი არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ცინცაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 6400-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ცინცაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button