ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? მუსერიძეთა გვარი

მუსა – სუფთა რამ ტაბლათ მოსაგველი ძველქართულად.

მუსია – ქართული წარმართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: მუსავ, მუსაყ, მუსიგ, მუსარ და მუსერ – იგივე სახელია.

მუსერ – ვინძლო ძველი გამოთქმით – მუშერ.

მუშერ – კაცის სახელი, იხსენიება XII საუკუნის მღვიმის მონასტრის ერთ საბუთში, ხოლო მისი შვილიშვილები იმავ მონასტრის სხვა საბუთში უკვე მუშერისძეებად წერიან.

გვარის სახელით “მუს”-ფუძისანი არიან: მუსაშვილნი – კახნი, მუსელიანნი – სვანნი და მუსერიძენი – რაჭველნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ქვემო რაჭას ბუდობდა მუსერიძეთა გვარი, რომელნიმე – გლეხნი და რომელნიმე – აზნაურნი.

XVIII საუკუნის I ნახევრის იაშვილ-ქუთათელაძეთა ერთ ნასყიდობის წიგნში წერია: “…აწ არის ამის მოწმე იაშვილი მამუკა, მუსერიძე გიორგი”.

1828 წლის მუსერიძეთა გარიგების ხელწერილიდან: “ათას რვაას ოცდამერვესა წელსა, მაისის ოცდა ორსა, ჩვენ ქვემორე ამის ხელისმომწერი, რაჭის მაზრის სოფელსა შინა სადმელს მცხოვრები აზნაური ანდრია მუსერიძე დავითის ძე, ამას ნანდვილსა და ჭეშმარიტსა წერილს გაძლევ ჩემს მკვიდრს ძმის წულს, ედიშერს და ძმასა შენსა ბეჟანს…” ლაპარაკია საოჯახო ქონების განაწილებაზე.

1905 წლის კერესელიძეთა ტყის ნასყიდობის ხელწერილი დაუმოწმებია ამბროლაურის მამასახლისს მუსერიძეს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუსერიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

ამჟამად მუსერიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში და მცირედნი – შიდა ქართლში.

თბილისში მუსერიძეთა გვარის 80-ოდე კომლი ცხოვრობს. საქართველოში მუსერიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 540-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუსერიძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button