უცნაურიფაქტებიფსიქოლოგია

“მოწმის ეფექტის” ცნობილი შემთხვევები

მოწმის ეფექტს ფსიქოლოგიაში იმ სოციალურ მოვლენას უწოდებენ, რომლის დროსაც მძიმე სიტუაციაში ადამიანები არ ეხმარებიან დაშავებულს, თუკი მათ გარდა ახლომახლო სხვებიც არიან. ამასთან, რაც მეტია მაყურებელთა რიცხვი, მით ნაკლებია დახმარების შანსი. ყველაზე ცნობილი შემთხვევა და ამ მოვლენის პროტოტიპი ბიბლიაშია აღწერილი, იესოს მოყოლილ იგავში: მგზავრი ავაზაკებმა გაძარცვეს, დაჭრეს და დააგდეს ცოცხალ-მკვდარი. გზაზე ჩაიარა მღვდელმა, შეხედა მას და აუარა გვერდი. ასევე მოიქცა ლევიტელიც. ცოტა ხანში გამოიარა სამარიტელმა, შეებრალა, შეუხვია ჭრილობა, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროში და მოუარა მას. სასტუმროს პატრონს ორი დინარი მისცა და მოვლის შემთხვევაში უფრო მეტს დაჰპირდა. ქვემოთ მოყვანილ სიტუაციებში კი არავინ იქცევა და არც ფიქრობს სამარიტელივით მოქცევას.

***


1992 წლის 10-11 იანვარს 12 წლის შანდა შარერი გატაცებულ და ნაწამებ იქნა ოთხი მოზარდი გოგონას – ლორი ტეკეტის, მელინდა ლავლესის, ჰოუპ რიპისა და ტონი ლოურენსის – მიერ. ტეკეტი ამ ჯგუფის ლიდერი იყო და დანარჩენებსაც უღვივებდა ინტერესს გოთურ კულტურაში, პანკ როკში, ვამპირიზმში, მაგიაში, სატანიზმში, ლესბოსელობაში და ამგვარად დაითანხმა ისინი შანდას გატაცებასა და ცემისგან მოკვლაზე, რაც სამაგიეროს გადახდა იქნებოდა მელინდასთვის შეყვარებულის წართმევისთვის.

გოგონებმა შანდა სახლიდან შუაღამით გამოიტყუეს, უთხრეს, რომ მათ საერთო მეგობარს, ამანდა ჰარვინს უნდა შეხვედროდნენ. სწორედ ამანდა იყო მელინდას შეყვარებული, რომლის წართმევასაც აბრალებდნენ მას. ამის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გაეშურნენ “გრძნეულთა სასახლისკენ”, ერთი მიტოვებული ქოხისკენ, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ.

გოგონა შიგნით შეათრიეს, დააბეს და დაიწყეს იმის გარჩევა, როგორ ჯობდა მოეკლათ. შანდამ ტირილი დაიწყო, ამ დროს პროჟექტორების შუქიც გამოჩნდა და გოგონებმა ის უკან გადაიყვანეს, სადაც მელინდამ დაუნდობლად სცემა მუშტებით. ჰოუპ რიპი და ტონი ლოურენსი ირწმუნებოდნენ, რომ მისი შეჩერება სურდათ, მაგრამ რატომღაც ხელი არ შეუშალეს და პოლიციაშიც არ წასულან.

შემდეგ მელინდამ შანდასთვის ყელის გამოჭრა სცადა, მაგრამ დანა ბლაგვი აღმოჩნდა. ჰოუპმა მელინდასა და ლორის უბრძანა გოგონას დაჭერა, თვითონ კი თოკით დაახრჩო. მათ იფიქრეს, რომ გოგონა მოკვდა და გვამი დიდ სკვირში გადამალეს, თავად კი სახლისკენ გაეშურნენ გამოსაცვლელად. თუმცა მალევე შანდას ყვირილი გაიგეს, რაზეც ლორი გაბრუნდა დანით და უკან სისხლიანი მოვიდა. ყვირილი შეწყდა.

გოგონებმა მანქანა მოიპარეს და ღამის 2:30 სთ-ზე ტეკეტმა და ლავლესმა სკივრის წაღება გადაწყვიტეს. გზაში შანდამ სკივრიდან გამოსვლა სცადა, ამიტომ ტეკეტმა მანქანა გააჩერა, გადავიდა და რკინის სალტეთი სცემა. გამთენიისას ტეკეტი გოგონებს შეხვდა და სიცილით უამბო, რაც გააკეთა, ამასთან სკივრიც აჩვენა. ლოურენსს იმდენად მოერია ზიზღი, რომ ის ადგილი მაშინვე დატოვა, თუმცა სხვისთვის მოყოლაზე მაინც არ უფიქრია. ტეკეტმა შანდას ვინდექსი შეასხურა ჭრილობების გასამწვავებლად, თან დასცინოდა.

ამის შემდეგ 2 ლიტრიანი “პეპსის” ქილა ბენზინით აავსეს, მიტოვებულ მინდორზე წავიდნენ და ჯერ კიდევ ცოცხალი შანდა მიწაზე დააწვინეს, მიასხურეს ბენზინი და ცეცხლი მოუკიდეს. მელინდა ლავლესი მოგვიანებით დაბრუნდა და დარჩენილი ბენზინიც მოასხა.

ლოურენსმა ეს რომ შეიტყო, როგორც იქნა, მეგობარს დაურეკა და მომხდარი უამბო. პოლიციაში დარეკვის ისევ ეშინოდა, ამჯერად იმის გამო, რომ თანამზრახველობის გამო დაისჯებოდა. მოგვიანებით მელინდამაც გააცნობიერა, რაც გააკეთა და მეგობრებს უამბო, თუმცა მათ არ დაიჯერეს, სანამ ნამოქმედარი საკუთარი თვალებით არ იხილეს.

პოლიციაში ისევ არავის დაურეკავს. საბოლოოდ, შანდას გვამი ორმა მონადირემ იპოვა 11 იანვარს. საღამოს 8 საათზე ახლომახლო ყველამ იცოდა მომხდარის შესახებ. მელინდა, როგორც იქნა, გამოტყდა და პოლიციელების წინაშე აღიარა დანაშაული. ტონი ლოურენსს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, ლორი ტეკეტს, მელინდა ლავლესსა და ჰოუპ რიპს – 60 წლით. კარგი ქცევის გამო ტონი 2000 წელს გამოუშვეს, რიპი კი 2006-ში.

***


ილან ჰალიმი პარიზის მაცხოვრებელი ფრანგი ებრაელი იყო, რომელიც 2006 წლის 21 იანვარს გაიტაცეს მოროკოელმა “ბარბაროსებმა”, როგორც თავად უწოდებდნენ საკუთარ თავებს. ილანს 24 დღის განმავლობაში აწამებდნენ და საბოლოოდ, 13 თებერვალს გარდაიცვალა. ამ პერიოდში მისი გამტაცებლები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 20 იყო, მთელ სხეულზე ურტყამდნენ, განსაკუთრებით საზარდულის არეში. მთელი თავი ბინტით შეუხვიეს, დაუტოვეს მხოლოდ პირი საჭმელისთვის და ცხვირი სასუნთქად. ამის შემდეგ ხშირად სცემდნენ, უწვავდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილებს სანთებელითა და სიგარეტით, მოტეხეს ყველა თითი. ეს კი მხოლოდ იმისთვის, რომ მის ოჯახს 450 000 ევრო გადაეხადა გამოსასყიდის სახით. ილანს ხშირად აშიშვლებდნენ, კაწრავდნენ და ჭრილობებს აყენებდნენ დანით, საბოლოოდ კი ბენზინი დაასხეს და ცოცხლად დაწვეს.

ამ სამი კვირის განმავლობაში იმ ბინის მეზობლად, სადაც გამტაცებლები იმალებოდნენ, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. მათ ხმაური და ჩოჩქოლი ბევრჯერ გაიგეს და სანახავად მივიდნენ, თუმცა პოლიციას არცერთმა მათგანმა არ შეატყობინა. 27 ადამიანი ფაქტობრივად დანაშაულის თანამონაწილე გახდა. ერთ-ერთი გამტაცებლის მამამ, სახელად ალკინო რიბეირომ, იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მათ შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. ალკინოს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით გააუქმეს.

მეზობლები, რომლებიც უყურებდნენ გამტაცებლების საქმიანობას, დამნაშავედ არ უცვნიათ, უმეტესობას ბრალიც კი არ წაუყენეს. პოლიციამ ჰალიმის სხეული იპოვა შიშველი, ხელშეკრული, ნეილონის თოკით შეხვეული და მიბმული ერთ-ერთ ხეზე, რომელიც ტყის შიგნით დაახლოებით 36 მეტრში იყო. სხეულის 80% მჟავითა და ბენზინით ჰქონდა დამწვარი და ამის გამო მისი ამოცნობა გაჭიანურდა. მას ასევე ჰქონდა მძიმე დაჟეჟილობა, სისხლიანი ბებერები და ჰემატომები, რომლებიც სხეულის ზედაპირის უმეტეს ნაწილს ფარავდა. ამის გამო კანს ლურჯი შეფერილობა უფრო ჰქონდა, ვიდრე ნატურალური ღია ფერის. ძვლების უმრავლესობაზე მოტეხილობა აღენიშნებოდა, ერთი ყური და ფეხის ერთი თითი მოჭრილი ჰქონდა, სათესლე ჯირკვლები კი ჩანაწერის მიხედვით, “ჩაშავებულ ფორთოხლებს” ჰგავდა.

ჰალიმი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

***

არამარტო სპილო ტოპსი, არამედ ბევრი ცხოველი, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მეცნიერ ტომას ედისონის საკბილო აღმოჩნდა. ესენი იყვნენ ცხენები, ლომები, ვეფხვები და დათვები. თუკი ისინი ადამიანს რამეს დაუშავებდნენ ან მოკლავდნენ, ნიუ-იორკის შტატში ედისონის მეთოდით სიკვდილით დასჯა ელოდათ. ამისთვის ის იყენებდა ცვლად დენს. თუმცა მეცნიერის რეალური ზრახვები სხვა რამეში მდგომარეობდა. ედისონს დიდი ხნის მტრობა ჰქონდა ნიჭიერ მეცნიერ ნიკოლა ტესლასთან, რომლის შექმნილმა ცვლადმა დენმა ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ედისონი სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ ცვლადი დენი მოსახმარებლად საშიშია, რადგან მუდმივ დენს არ ჰქონდა იმხელა სიმძლავრე, რომ სპილო მოეკლა.

1903 წლის 4 იანვარს ლუნას პარკის ზოოპარკში, კონის კუნძულზე, სპილოს სახელად ტოპსის 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ ტოპსი საშიში იყო – მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

სპილოს დასჯას 1500 ადამიანი ადევნებდა თვალს და პრეტენზიაც კი არავინ გამოთქვა. ედისონმა პროცესი ვიდეოზეც აღბეჭდა და ამჟამად ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი. უცნაურია, მაგრამ ორგანიზაცია ASPCA-მ (ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის ამერიკული საზოგადოება) ჩათვალა, რომ სპილოს ჩამოხრჩობა სისასტიკე იქნებოდა, ხოლო ციანიდიან სტაფილოებზე და ელექტროენერგიით სიკვდილით დასჯაზე არაფერი უთქვამს.

***


კევინ კარტერი სამხრეთ აფრიკელი ფოტოჟურნალისტი იყო, რომელმაც 1993 წლის მარტში თავისი ყველაზე ცნობილი ფოტო გადაიღო. თუმცა პოპულარობაში ლომის წვლილი ფოტოგრაფის გულგრილობას მიუძღვის. ფოტოზე ჩანს ძალიან გამხდარი და მარტოსული სუდანელი გოგონა, რომელიც ცდილობს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ სადგურამდე ხოხვით მისვლას. მის უკან სვავია და გოგონას სიკვდილს უცდის, რომ მუცელი ამოივსოს.

კარტერის თქმით, ის მთელი 20 წუთი უცდიდა სვავს, რომ ფრთები გაეშალა, რადგან ასე უკეთესი სურათი გამოუვიდოდა. ხოლო როცა ცდა ამაო აღმოჩნდა, ჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაუღო. ამ 20 წუთის განმავლობაში კარტერი იჯდა და ისვენებდა, გოგონა კი კვნესოდა და იტანჯებოდა, მაგრამ ფოტოგრაფმა თითიც არ გაანძრია დასახმარებლად.

კარტერმა ფოტო გადაიღო, სვავი დააფრთხო და გოგონა ალალბედზე დატოვა. არავინ იცის, რა ბედი ეწია მას, სავარაუდოდ შიმშილისგან დაიღუპა. თუმცა ეს ვერსია უარყო ჟოაო სილვამ, კარტერის მეგობარმა ჟურნალისტმა. მისი თქმით, გოგონას მშობლები საკვების ასაღებად იყვნენ წასულნი და მალევე დაბრუნდნენ. მაგრამ კარტერმა თავად თქვა, რომ საქმეში ჩარევა არ სურდა. მომდევნო წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, ფოტომ პულიცერის პრემია აიღო, 33 წლის ფოტოგრაფმა კი სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა ნახშირჟანგით (CO – ნახშირბადის ოქსიდი) თავის სატვირთო მანქანაში, იოჰანესბურგში.

***


ამერიკელი ინდიელების იძულებითი გადაადგილება არა ცალკეული ინციდენტი, არამედ ინდიელთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ერთობლიობა იყო. ევროპელ ახალმოსახლეებსა და მათ შთამომავლებს მეტი მიწა სურდათ. ამის გამო ინდიელებს დასავლეთისკენ მიერეკებოდნენ, საუკუნეების მანძილზე ასი ათასობით მათგანი დახოცეს, რათა თავიანთთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ. რაც მეტ მიწას იგდებდნენ ხელში, მით მეტი უნდებოდათ, შესაბამისად კატასტროფულად იზრდებოდა ინდიელთათვის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების წართმევის შემთხვევები.

ყველაზე გასაოცარი დეტალი ამ მოვლენაში ისაა, რომ მას ამართლებდა ბევრი ცნობილი ამერიკელი, მაგალითად ენდრიუ ჯექსონი. ენდრიუს აზრით, ინდიელები სამხედრო სფეროში ძლიერები არ იყვნენ და თავის დაცვა არ შეეძლოთ, ამიტომ დამარცხებას იმსახურებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძლიერისა და სუსტის გადარჩევა ხდებოდა. ჯექსონი პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ჩეროკის ტომის ინდიელების მასიურ დევნაზე, რომელსაც “ცრემლების კვალი” უწოდეს. მოგვიანებით ორი ტომი – ნავაჯო და სიოუქსი – მთლიანად გაწყვიტეს ღია ომში.

1585 წლიდან XX საუკუნის დადგომამდე ევროპელთაგან და მათი შთამომავლებისგან ძალიან ცოტას თუ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ცივილიზებულად წოდებული საზოგადოება ბარბაროსულად და ამაზრზენად მოექცა ადამიანთა მთლიან რასას.

***


თუკი ნანახი გაქვთ 1988 წლის ფილმი “Mississippi Burning”, გეცოდინებათ ერთი შავკანიანის – ჯეიმს ჩენის – და ორი ებრაელის – მაიკლ შვერნერისა და ენდრიუ გუდმანის – მკვლელობის შესახებ. კუ-კლუქს-კლანის (KKK) ე.წ. “თეთრმა რაინდებმა” ისინი დახვრიტეს და მიწის კაშხალთან დამარხეს 1964 წელს. აშშ-ის ჩრდილოეთ ნახევარში შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება მძვინვარებდა, მაგრამ სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანებისგან ამას რაიმე სახის პროტესტი არ მოყოლია. შავკანიანთაგან მხოლოდ მცირეოდენმა გაბედა უკმაყოფილების გამოთქმა, სხვები კი ჩუმად იყვნენ, რადგან არ სურდათ, თეთრი მმართველობის წყრომა გამოეწვიათ და მათი რისხვა დაეტეხათ თავზე. თუმცა უფრო განსაცვიფრებელი ის იყო, რომ თეთრკანიანები სრულიად მშვიდად ხვდებოდნენ ამ ამბებს – ან ეთანხმებოდნენ კუ-კლუქს-კლანის იდეებს, ან უბრალოდ არ ადარდებდათ ადამიანების რასისტული ნიშნებით დევნა.

საბოლოოდ განსხვავებული ადამიანების მიმართ სიძულვილი უკიდურესად თავხედურ და მძვინვარე ფორმებში გადაიზარდა, მაგრამ მოსამართლეები, რომლებიც შესაბამის საქმეებს განიხილავდნენ, იშვიათად ადანაშაულებდნენ მათ და მსუბუქ სასჯელს ადებდნენ. 1964 წლის მკვლელობაში დამნაშავე 18 ადამიანიდან მხოლოდ 8 ცნეს დამნაშავედ და ისინიც არა მკვლელობაში, არამედ “მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში”. ყველაზე დიდი სასჯელი ორმა ადამიანმა მიიღო – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. სხვებმა მიიღეს შესაბამისი სასჯელი 7 და 3 წლით. ამასთან, 6 წელზე მეტხანს არავინ მჯდარა ციხეში.

***


მოწმის ეფექტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი 1964 წლის 13 მარტს მოხდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ქვინსში. კეტრინ ჯენოვესი სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა ღამის 3:15 საათზე. მრავალსართულიან შენობაში შესვლისას მას უკნიდან ორჯერ ჩაარტყა დანა უინსტონ მოსლიმ, რომელმაც მოგვიანებით თავისი საქციელი ასე ახსნა: “უბრალოდ მინდოდა ქალი მომეკლა”.

კეტრინმა დაიყვირა: “ის ჩემს მოკვლას ცდილობს! მიშველეთ!” და ძირს დავარდა. შენობაში მცხოვრებმა მისმა მეზობლებმა დაადასტურეს, რომ გოგონას ყვირილი გაიგეს, მაგრამ ჩათვალეს, რომ მთვრალების ჩხუბი იყო ან საყვარლების კინკლაობა. მხოლოდ ერთმა მამაკაცმა დაიყვირა ფანჯრიდან: “თავი დაანებე მაგ გოგოს!” რამაც მოსლი დააფრთხო. ამ მეზობელმა საკუთარი თვალებით იხილა, რომ კეტრინი ქუჩაში ხოხავდა, რადგან ქუჩის განათება წესრიგში იყო, თუმცა მის საშველად არაფერი ქნა. თვითმხილველთა თქმით, მოსლი წავიდა და 10 წუთში დაბრუნდა, ამჯერად უფრო ფართო ქუდი ეფარა სახის დასაფარად. მან კეტრინის ძებნა დაიწყო და მალე მიაგნო კიდეც სახლის კარებთან მწოლიარეს – გოგონას მისი გაღება და შიგნით შესვლა ვერ მოეხერხებინა.

მოსლიმ მას განმეორებით რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, მიაყენა მრავალი ჭრილობა მხრებისა და ხელების არეალში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კეტრინი მის მოგერიებას ცდილობდა. საბოლოოდ გოგონამ დათმო და წინააღმდეგობა შეწყვიტა, მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი კი მოძალადემ გააუპატიურა. შემდეგ ჯიბიდან $50 მოპარა და იქაურობა დატოვა. ინციდენტი 30 წუთი გრძელდებოდა.

მეორე დღეს გაზეთები ასეთი სათაურით იყო აჭრელებული: “38 წლის მამაკაცი მკვლელობას შეესწრო და პოლიცია არ გამოიძახა”, თუმცა ეს არასწორი იყო. რეალურად, პირველი შეტაკება მინიმუმ 12-მა ადამიანმა იხილა. როგორც მოგვიანებით მათი უმეტესობა ამბობდა, თავის შეკავების მიზეზი ის იყო, რომ საქმეში გარევა არ სურდათ. ერთი ზარი პოლიციაში საკმარისი იყო სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ ამას სხვა გააკეთებდა.

დამატებითი ინფორმაცია: DC Comics-ის პერსონაჟმა, რორშახმა, მას შემდეგ დაიწყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ნიღბით, რაც კეტრინის ამბავი წაიკითხა გაზეთში.

***


2009 წლის 24 ოქტომბერს კალიფორნიის ქალაქ რიჩმონდის კოლეჯში 15 წლის მოსწავლე გოგონა ეზოს ტერიტორიაზე გააუპატიურა ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფმა. 2.5 საათის განმავლობაში, როდესაც სპორტულ დარბაზში სადღესასწაულო საღამო იყო და ცეკვავდნენ, გოგონასთან ათმა მოძალადემ რიგრიგობით დაამყარა სექსუალური კავშირი, ამასთან მთელი დროის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ, დანარჩენი წევრები კი იდგნენ და იცინოდნენ, შიგადაშიგ კი სურათებს უღებდნენ ხოლმე.

ინციდენტის მხილველთა რიცხვი დაახლოებით 20 იყო, თუმცა პოლიციას არცერთმა მათგანმა არ გამოუძახა. კოლეჯის ტერიტორიაზე დაცვის რამდენიმე წევრი და პოლიციელი იყო, მაგრამ არც მათ მიმართა ვინმემ. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კოლეჯის დირექტორის თანაშემწემ ოფისის ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა 12-15 ადამიანი, რომელთაც არ ჰქონდათ ტერიტორიაზე ყოფნისთვის აუცილებელი საიდენტიფიკაციო ნიშანი და არცერთი მათგანი არ იყო გარეგნულად მოზარდი, მაგრამ მან არც პოლიციას შეატყობინა და არც მასწავლებლები ან მოსწავლეები გააფრთხილა. ის სამუშაოს მიუბრუნდა და ნანახი უბრალოდ დააიგნორა.

გოგონა მოგვიანებით შემთხვევით აღმოაჩინა სპორტული დარბაზიდან გამოსულმა მოსწავლემ და 911-ში დარეკა. დაზარალებული დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა საავადმყოფოში მკურნალობას.

***


ადამიანთა მოდგმის რეპუტაციას ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ასევე სამარცხვინო სოციალურმა მოვლენამ, რომელსაც “პასუხისმგებლობის გაფანტვას” უწოდებენ და რომლის ნათელი მაგალითიც ნაცისტი ოფიცრები იყვნენ. ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე ისინი თავს იმართლებდნენ შემდეგი ფრაზებით: ჩვენ უბრალოდ ბრძანებას ვასრულებდითო. მათი თქმით, ჰოლოკოსტი რომ ისეთი საშინელი რამ ყოფილიყო, როგორც ჟურნალისტები აშუქებდნენ, მაშინ ვიღაცას აუცილებლად ეცოდინებოდა ამის შესახებ, ასე რომ მათი მოვალეობა არ იყო ხელისუფალთათვის ეცნობებინათ ამის შესახებ.

ნაცისტები ასევე აცხადებდნენ, რომ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი ხელისუფლება ევროპაში გერმანული იყო, ასე რომ სხვისთვის შეტყობინებით ფაქტობრივად თვითმკვლელობაზე მოაწერდნენ ხელს და შედეგიც არ იქნებოდა. ეს ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც, გერმანელთა უმეტესობამ არც კი იცოდა ჰოლოკოსტის ამბების შესახებ და რომ გაეგოთ, დიდი შანსი იყო რომ მასიური გაპროტესტება დაეწყოთ, ხოლო ნაცისტური ხელისუფლება სავარაუდოდ თავს შეიკავებდა “უმაღლესი რასის” მოსპობისგან. თანაც ამის შედეგად ინფორმაცია გავიდოდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებშიც. ამიტომ ნაცისტების მხრიდან ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა საკონცენტრაციო და სასიკვდილო ბანაკების მოქმედების შეჩერება ან გაცილებით მცირე მასშტაბებში გადატანა.

ჰოლოკოსტის არქივები გვამცნობს, რომ დახაუს, ბუხენვალდის, ბერგენ-ბელსენის, ზაკსენჰაუზენის, მაუტჰაუზენისა და რავენსბრიუკის ბანაკებთან ახლოს მაცხოვრებელმა მოსახლეობამ იცოდა, რა საშინელებები ხდებოდა იქვე მდებარე ბანაკებში. თანაც ისინი უბრალოდ ვერ დააიგნორებდნენ იმ მყრალ სუნს, რაც ბანაკებიდან მოდიოდა. II მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებმა დაადასტურეს, რომ თუკი ქარი საჭირო მიმართულებით უბერავდა, ბანაკებიდან წამოსული სუნი 30 კმ-ის დაშორებითაც შესამჩნევი იყო. მათ დაადანაშაულეს გერმანელი მოსახლეობა, რომ იცოდნენ, რა დღეში იყვნენ ებრაელები და სხვა “არასასურველი” ადამიანები და მათ საშველად არაფერი გააკეთეს. ჯარისკაცებმა აიძულეს ისინი, მოეგროვებინათ ექსპერიმენტის მასალად გამოყენებული გვამები და საერთო სასაფლაოზე დაემარხათ, რაც სასჯელი გახლდათ მათი პასიურობისთვის.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button