სხვადასხვა

არდაშელ თაქთირიძე ნიშანი

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

გაიგე, წუხელ ვიღაც მაწანწალა შევარდნილა ჩვენს ეკლესიაში. შიშველი ყოფილა, ჯვალო ჰქონია ტანზე შემოცმული. შესასვლელთან დახლი აუყირავებია:

აქ რა ვაჭრობა გაგიმართავთო?! მერე ეკლესიაში შესულა, ჯვარცმასთან დამდგარა, დიდხანს უყურა თურმე. დედაო მისულა – დაბალი, მსუქანი ქალი რომ არის, უკითხავს:

ქრისტიანი ხარო?

არაო! – უპასუხია იმას.

მაშინ დატოვე ეკლესიაო! – მოუთხოვია დედაოს.

აქედან როგორ მაგდებ, შე სანთლის ქურდოო?! – არ შეპუებია მაწანწალა. ხმაურზე დედა ეფემია გამოსულა, ხელი მოუკიდია და ეკლესიიდან გაყვანა მოუნდომებია.

ხელი გამიშვი, შენ ის არ ხარ, შემონაწირი სახლში რომ მიგაქვსო?! – უთქვამს იმ მაწანწალას დედა ეფემიასთვის.

დედა ეფემიასთვის, იმ სათნო ქალისთვის, რას არ გაიგებ!
მერე, დედა ეფემიას მამაოსთვის დაუძახია. მამა იაკინთე გამოსულა, აი, ჯანიანი მამაო რომ არის, მისულა და უკითხავს:

ეკლესიაში შიშველი რატომ შემოხვედიო?

ტანსაცმელი არ მაქვსო! – უთქვამს მაწანწალას.

მონათლული თუ ხარო?

კიო!

ჯვარს თუ ატარებო?

მე ჯვარი უკვე ვატარეო! მამაოს საკინძე გადაუწევია მისთვის, ხის თევზი ეკიდა თურმე გულზე.

სექტანტი ყოფილა?

ალბათ!

რა რჯულზე ხარ მონათლულიო? – უკითხავს მამა იაკინთეს.

მამაჩემის რჯულზეო!

მამაშენი ვინ არისო?

ყველაფერიო!

კი მაგრამ სად არის მამაშენიო?

ყველგანო! – უპასუხია მაწანწალას.

გიჟი ყოფილა!
მამაოს მისი ეკლესიიდან გათრევა მოუნდომებია. ის გაძალიანებია

შენ ის მამაო არ ხარ, მრევლს აღსარების გამჟღავნებით რომ აშანტაჟებო?! – ყვიროდა თურმე მაწანწალა.

როგორ, მამაო განიკითხა იმ საზიზღარმა?

აბა, აბა, დიდი ცოდვაა! მერე, ვიღაცას პატრული გამოუძახებია და ის მაწანწალა წაუყვანიათ.

კიდევ კარგი, დიდება შენდა ღმერთო!
არდაშელ თაქთირიძე
აღდგომას ქრისტე გამოგვეცხადა მაწანწალას სახით, ეკლესიაში შევიდა. შესასვლელში დახლები ააყირავა ისე, როგორც 2000 წლის წინ.
ქრისტე ქრისტიანი არ არის, ის ქრისტეა, ქრისტიანები ჩვენ ვართ, მისი მიმდევრები.
ქრისტე მონათლულია, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა მამამისის რჯულზე. მამამისი ვინ არის? მამა ღმერთია – ე.ი. ყველაფერი! სად არის მამამისი? ყველგან!
ქრისტეს გულზე ჯვრის მაგივრად თევზი ჰკიდია, რადგან მისი მოღვაწეობის დროს თევზის გამოსახულება იყო მათი საცნობი ნიშანი, ჯვარცმა და ამაღლება შემდეგ მოხდა.
მიუხედავად ამდენი საცნობი ნიშნისა, ეკლესიაში შესული ქრისტე ვერ ვიცანით და იქიდან გამოვაძევეთ.
გისურვებთ, გეცნოთ მაცხოვარი თითოეულ ჩვენთაგანში, თუნდ მაწანწალაში, რამეთუ იგი ჩვენშია!

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button