ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

შეიქმნა სიცრუის ვირტუალური დეტექტორი – გახდებიან ინტერნეტმომხმარებლები უფრო გულწრფელნი?

შესაძლოა მომავალში ინტერნეტი გაიწმინდოს თაღლითებისგან და ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც მოუწიოთ გულმოდგინედ აკონტროლონ თავიანთი სიტყვები. ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს პოლიგრაფის როლს და ახდენს სიცრუის გამოვლინებას მომხმარებლების მიერ გამოყენებული სიტყვებისა და წერის სისწრაფის საფუძველზე. ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ალგორითმს უკვე შეუძლია გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან 85% შემთხვევაში. შედარებისთვის, ამ დროისთვის არსებულ ნამდვილ სიცრუის დეტექტორებს შეუძლიათ ეფექტურად იმოქმედონ 60-70 % შემთხვევაში.

იმისათვის, რომ სისტემისთვის ესწავლებინათ ტყუილ-მართალის გარჩევა, მეცნიერებმა მანქანურ სწავლებას მიმართეს. 40 პირისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ტესტირებაში – ონლაინ-თამაშებში, რომელშიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე მონაწილეთა ნაწილს მატყუარის, ნაწილს კი მართლის როლი ერგო. 80 სათამაშო სესიის განმავლობაში მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს, ხელოვნური ინტელექტი კი მათ პასუხებს აკვირდებოდა და სწავლობდა.

აღმოჩნდა, რომ მართლები და მატყუარები სრულიად განსხვავებულ სიტყვათა ჯგუფებს იყენებენ და ბეჭდავენ სხვადასხვა სიჩქარით. მაგალითად, მატყუარები ხშრად იყენებენ სიტყვებს: „ყოველთვის“, „არასდროს“, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ დამაჯერებლობას და ამავე დროს პასუხებს ბეჭდავენ ძალიან სწრაფად. სიმართლის მთქმელი ადამიანები კი ხშირად იყენებენ სიტყვას „შესაძლოა“ და პასუხებს უფრო დაფიქრებით, ნელა სცემენ.

ჯამში, სიტყვათა სიხშირეებსა და პასუხის სისწრაფეზე დაკვირვებით, ონლაინ-პოლიგრაფმა ისწავლა ტყუილის ამოცნობა 80-100% შემთხვევაში. მკვლევარები აცხადებენ, რომ ტესტირებაში მონაწილეთა რიცხვი მცირე იყო, თუმცა მაინც ცხადია, რომ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი გააჩნია. ისინი აპირებენ ტექნოლოგია უფრო სრულყოფილი გახადონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა Messenger-აპლიკაციების შემქმნელებს.

„ამ საბაზისო კვლევამ ონლაინ-პოლიგრაფიის სისტემის მიერ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის დიდი პოტენციალი გვიჩვენა. მსურს მთელი მსოფლიოს ყურადღება მივაპყრო ამ იდეაზე, რათა შევძლოთ და იგი იმ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ, რომლის Messenger-ებში დანერგვაც შესაძლებელი იქნება” – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button