ვისი გორისა ხარ? დაუდიშვილთა გვარი
დაუდიშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. “დაუდ” – კაცის საკუთარი სახელია, იგივე დავითი.
დაუდიშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი შიგნით კახეთის სოფელი ჩუმლაყია. კახეთში დაუდიშვილთა მცირე ნაწილი დაუდაშვილის ფორმით არის ჩაწერილი.
დაუდიშვილ-დაუდაშვილთა გვარი ერთძირიანია, ისინი ერთი წინაპრის შთამომავალნი არიან.
სოციალური წარმომავლობით დაუდიშვილები საეკლესიო გლეხები იყვნენ.
ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ წერილობით წყაროებში დაუდიშვილთა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება.
1774-1779 წლების მეფე ერეკლეს ხელმოწერილ “მორიგეში გამსვლელთა ნუსხაში” ვკითხულობთ: “ღვთით თებერვალში უნდა იყოს მორიგე ჩუმლაყიდამ რუსთველის ყმა დაუდისშვილი გოგია”. რუსთველი ეპისკოპოსის მსახური ჩუმლაყელი გლეხი გოგია დაუდისშვილი ყოველი წლის თებერვალში თავისი ხარჯითა და იარაღით უნდა გამოსულიყო და ერთი თვე ემსახურა მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დაუდიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
ამჟამად დაუდიშვილები ცხოვრობენ: შიგნით კახეთში და კახეთის გაღმამხარში, ხოლო დაუდაშვილები – შიგნით კახეთსა და ჰერეთში.
დაუდიშვილ-დაუდაშვილთა გვარი საშუალო რიცხოვნობის გვარია. საქართველოში დაუდიშვილთა (დაუდაშვილებთან ერთად) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 200 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი დაუდიშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ