ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

26

საზოგადოებაში წესრიგის დამყარება ადვილია, თუ ყოველ მის წევრს გარკვეულ წესებს დაუმორჩილებ. ადვილია აღზარდო ბრმა, რომელიც უყოყმანოდ დაემორჩილება წინამძღოლს ან ყურანს. და ამდენადვე ძნელია გაათავისუფლო ადამიანი, საკუთარ თავზე ბატონობა ასწავლო მას.

რას ნიშნავს გაათავისუფლო? თუ მე უდაბნოში გავათავისუფლე ადამიანი, რომელიც არსად მიისწრაფვის, რა ფასი აქვს მის თავისუფლებას? თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანისთვის არსებობს, ვინც რაიმესკენ მიისწრაფვის. უდაბნოში ადამიანის გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ წყურვილი აღუძრა მას და ჭისკენ მიმავალი გზა უჩვენო. მხოლოდ მაშინ შეიძენს მისი მოქმედება აზრს. უაზრობაა გაათავისფფლო ქვა, თუ მიზიდულობა არ არსებობს, რადგან ქვა, კიდევაც რომ გაათავისუფლო, სულ ერთია, მაინც არ დაიძვრის ადგილიდან.

ჩემი სულიერი კულტურა ცდილობს, ადამიანთა ურთიერთობას საფუძლად დაუდოს კულტი ადამიანისა, რომელიც პიროვნებაზე მაღლაა; რომ თითოეული ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის თავისუფალ გამოვლინებად იქცეს და არა ჭიანჭველების ბუდის კანონებს დაქვემდებარებულ ბრმა მორჩილებად.

უხილავი გზა, რომელსაც მიზიდულობის ძალა სახავს, ათავისუფლებს ქვას. სიყვარულის უხილავი ძალები ათავისუფლებენ ადამიანს. ჩემი სულიერი კულტურა ცდილობდა, ერთი და იგივე მეუფის მოციქულად ექცია ყოველი ადამიანი. იგი ადამიანს გზად ან იმის ნების გამოვლინებაღ თვლიდა, ვინც მასზე მაღლაა. იგი თავისუფლებას აძლევდა მას იქ ასულიყო, საითკენაც მისი მიზიდულობის ძალები ეწეოდა.

მე ვიცი, საიდან წარმოიშვა ძალთა ეს არე. საუკუნეების განმავლობაში ჩემი სულიერი კულტურა ღმერთს ხედავდა ადამიანის მიღმა. ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად იყო შექმნილი. და ადამიანში ღმერთს სცემდნენ პატივს. ღმერთის ეს გამონაშუქი განუყოფელ ღირსებას ანიჭებდა ყოველ ადამიანს. ადამიანის დამოუკიდებლობა ღმერთისადმი ნათლად განსაზღვრავდა ყოველი ადამიანის ვალს საკუთარი თავისა და სხვებისადმი.

ჩემი სულიერი კულტურა ქრისტიანულ ღირებულებათა მემკვიდრეა. იმისათვის, რომ ტაძრის არქიტექტურას ჩავწვდე, დავფიქრდები, როგორ არის იგი აგებული.

ღმერთის ჭვრეტა ადამიანთა თანასწორობის საფუძველი იყო, რადგან ისინი თანასწორნი იყვნენ ღმერთის მიერ და ამ თანასწორობის აზრი ნათელი იყო. იმიტომ, რომ ადამიანები თანასწორნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ რაიმეს მიერ. ჯარისკაცი და მეთაური თანასწორნი არიან თავიანთი ხალხის მიერ. თანასწორობა ცარიელ ბგერად იქცევა, თუ არ არის საერთო რამ, რითაც ეს თანასწორობა გამოიხატება.

ჩემთვის ცხადია, რატომ იყო, რომ თანასწორობა, რომელიც ღმერთის უფლებების თანასწორობას წარმოადგენდა პიროვნებებში, კრძალავდა ცალკეული პიროვნების აღზევების შეზღუდვას: ღმერთს შეეძლო თავის გზად აერჩია იგი. მაგრამ, ვინაიდან ამავე დროს ღმერთს თანასწორი უფლებები ჰქონდა პიროვნებებზე, ჩემთვის ცხადია, რატომ ასრულებდნენ პიროვნებები ერთსა და იმავე მოვალეობას და რატომ ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე კანონებს, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. გამოხატავდნენ რა ღმერთს, მათ თანაბარი უფლებები ჰქონდათ. ემსახურებოდნენ რა ღმერთს, თანაბარი მოვალეობები ეკისრებოდათ.

ჩემთვის ცხადია, რატომ არ იწვევდა ღვთის წინაშე თანასწორობა არც წინააღმდეგობებს და არც უწესრიგობას. დემაგოგია მაშინ იწყება, როდესაც საერთო საზომის უქონლობის გამო, თანასწორობის პრინციპი იგივეობის პრინციპად იქცევა. მაშინ ჯარისკაცი უარს ამბობს სალამი მისცეს მეთაურს, რადგან სალამს რომ აძლევს, პიროვნებას სცემს პატივს, და არა ერს.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, ადამიანობაზე დააფუძნა ადამიანთა თანასწორობა.

ჩემთვის ცხადია, საიდან წარმოიშვა ადამიანის პატივისცემა ადამიანისადმი. სწავლულს პატივი უნდა ეცა მტვირთავი მუშისთვის, რადგან ამ მუშაში იგი ღმერთს სცემდა პატივს, რომლის მოციქულიც მუშა იყო სწავლულის დარად. როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო ერთის ღირსება და მეორის ნიჭის შეზღუდულობა, არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა მორალური უფლება, მონად ექცია მეორე ადამიანი: მოციქულის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ადამიანისადმი ეს პატივისცემა არ იწვევდა შეზღუდული ნიჭის, სისულელის ან უვიცობის წინაშე მონურ ქედის მოხრას, იმიტომ, რომ ადამიანში, უწინარეს ყოვლისა, ღვთის მოციქულის ღირსებას აფასებდნენ. და, ამრიგად, ღმერთისადმი სიყვარული კეთილშობილურ ურთიერთობათა საფუძველს ქმნიდა ადამიანთა შორის, ვინაიდან ეს ურთიერთობა მოციქულთა ურთიერთობა იყო პიროვნებათა ხარისხის მიუხედავად.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, წესად აქცია ადამიანის პატივისცემა პიროვნების მიუხედავად.

ჩემთვის ცხადია, საიდან წარმოიშვა ადამიანთა ძმობა. ადამიანები ღმერთის მიერ იყვნენ ძმები. ძმებად შეიძლება მხოლოდ რამემ გაქციოთ. თუ არ არის კვანძი, რომელიც ადამიანებს აკავშირებს, ისინი შეიძლება ერთმანეთის გვერდით იდგნენ, მაგრამ ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებულნი. არ შეიძლება თავისთავად იყოთ ძმები. ჩემი მეგობრები და მე ძმები ვართ 2/33 ავიაჯგუფის მიერ. ფრანგები საფრანგეთის მიერ არიან ძმები.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, ადამიანის მიერ აქცია ძმებად ადამიანები.

ჩემთვის ცხადია მოყვასისადმი სიყვარული, რასაც ბავშვობიდან მინერგავდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღმერთის სამსახური იყო პიროვნების მეშვეობით. ეს იყო ღვთისადმი მიძღვნილი ხარკი, რაოდენ შეზღუდული ნიჭის პატრონიც უნდა ყოფილიყო თვით პიროვნება. ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას, ვისდამიც იყო იგი მიმართული, იგი არ ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით, ვინაიდან ამ ხარკს მას კი არა, ღმერთს სწირავდნენ. ამიტომ იყო, რომ ეს სიყვარული არასოდეს იქცეოდა შეზღუდულობის, სისულელის ან უვიცობის პატივსაცემად. ექიმის მოვალეობა იყო, სიკვდილის საფრთხეს არ მორიდებოდა და ემკურნალა შავი ჭირით შეპყრობილისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან ექიმი ღმერთს ემსახურებოდა. მას არ ამცირებდა ის, რომ ავაზაკის საწოლთან ათევდა ღამეს.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, მოყვასისადმი სიყვარული ადამიანისთვის გაღებულ შესაწირად აქცია, რასაც პიროვნების მეშვეობით სწირავდნენ.

ჩემთვის ცხადია ღრმა აზრი მორჩილებისა, რასაც პიროვნებისგან მოითხოვდნენ. მორჩილება არ ამცირებდა პიროვნებას. იგი ამაღლებდა მას. იგი პიროვნებას მის როლს – მოციქულის როლს შთააგონებდა. მოითხოვდა რა მისგან ღვთის სამსახურს მოყვასის სიყვარულის მეშვეობით, იგი ამავე დროს მოითხოვდა, რომ მას პატივი ეცა ღმერთისათვის საკუთარ არსებაში და თავისი თავი ეცნო ღმერთის მოციქულად, რომელიც ღმერთის მიერ ნაჩვენები გზით მიდის. მორჩილება საკუთარი თავის დავიწყებას ავალებდა მას, რითაც საკუთარი თავი უნდა აემაღლებინა, რადგან, თუ პიროვნება თავის მნიშვნელობას გააზვიადებს, მისი გზა ხელადვე ჩიხში მოექცევა.

ჩემი სულიერი კულტურა, ღმერთის მემკვიდრე, ქადაგებდა აგრეთვე საკუთარი თავის პატივისცემას, ანუ პატივისცემას ადამიანისადმი საკუთარი თავის მეშვეობით.

და, ბოლოს, ჩემთვის ცხადია რატომ დააკისრა ღვთისადმი სიყვარულმა ადამიანებს პასუხისმგებლობა ერთმანეთის მაგიერ და რატომ დაუწესა მათ იმედი, როგორც სათნოება. იგი ხომ ყოველ ადამიანს ერთი და იმავე ღმერთის მოციქულად ხდიდა და თითოეულის ხსნას ყოველ მათგანს აკისრებდა. და არავის ჰქონდა სასოწარკვეთის უფლება, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი მაუწყებელი იყო რაღაც უფრო დიდისა, ვიდრე თვითონ იყო. სასოწარკვეთილება კი საკუთარ თავში ღმერთის არსებობის უარყოფას უდრიდა. იმედის ვალი შეიძლებოდა ასე გამოგვეხატა: „როგორი მედიდურობაა შენს სასოწარკვეთილებაში! ნუთუ ასე დიდად მოგაქვს თავი?“

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, თითოეულ ადამიანს დააკისრა პასუხისმგებლობა ყველას მაგიერ და ყველას – თითოეულის მაგიერ. პიროვნებამ თავი უნდა გაწიროს კოლექტივის გადასარჩენად. მაგრამ აქ მარტო ელემენტარულ არითმეტიკაში არაა საქმე. საქმე ისაა, ადამიანს სცე პატივი პიროვნების მეშვეობით. ჩემი ცივილიზაციის სიდიადე სწორედ ისაა, რომ ასი მეშახტე გაწირავს თავს შახტაში ჩამარხული ერთი ამხანაგის გადასარჩენად. რადგან ისინი ადამიანის გადასარჩენად სწირავენ თავს.

და ამიტომ ჩემთვის ცხადია, რას ნიშნავს თავისუფლება. ესაა ხის თავისუფლება – გაიზარდოს თავისი მარცვლის ძალთა არეში. თავისუფლება ადამიანის ამაღლების პირობათა ერთობლიობაა. იგი ზურგის ქარს წააგავს. მხოლოდ ქარის წყალობით იძენს თავისუფლებას იალქნიანი ნავი ზღვაში.

ამ წესებზე აღზრდილი ადამიანი ფესვმაგარი ხის ძალას შეიძენდა. რა სიღრმეს არ ჩასწვდებოდა მისი ფესვები! რა ადამიანურ ღირსებებს არ შეიწოვდა, რომ შემდეგ მზეზე აეყვავებინა!

27

მაგრამ მე ყველაფერი გავაფუჭე. გავფლანგე მემკვიდრეობა. ნება დავრთე, დაევიწყებინათ მცნება – „ადამიანი“. თუმცა იმისათვის, რომ გადაერჩინა მეუფის ეს კულტი, რომელიც ცალკეული პიროვნებების მეშვეობით ვლინდება, და კეთილშობილური ადამიანური ურთიერთობანი, რომელიც ამ კულტზეა დაფუძნებული, ჩემმა სულიერმა კულტურამ დიდი ძალ-ღონე და შემოქმედებითი აღმაფრენა დახარჯა. ჰუმანიზმის მთელი მოღვაწეობა ამ მიზნისკენ იყო მიმართული. ჰუმანიზმმა თავის ერთადერთ მიზნად დაისახა განემარტა და განემტკიცებინა ადამიანის უპირატესობა პიროვნებაზე. ჰუმანიზმი ადამიანობას ქადაგებდა.

მაგრამ, როდესაც ადამიანობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ჩვენი ენა საკმაო აღარ არის. ადამიანობა სხვა რამაა და ადამიანები – სხვა რამ. ტაძარზე არსებითს ვერაფერს იტყვი, თუ მხოლოდ ქვებზე ილაპარაკებ. ადამიანობაზე არსებითს ვერაფერს იტყვი, თუ ეცდები, ადამიანების თვისებებით განსაზღვრო იგი. ამიტომ იყო, რომ გზამ, რომლითაც ჰუმანიზმი მიდიოდა, ჩიხში შეიყვანა იგი. ჰუმანიზმი ცდილობდა, მცნება „ადამიანი“ ლოგიკური და მორალური არგუმენტების მეშვეობით შეექმნა და ასე დაენერგა იგი ადამიანთა შეგნებაში.

მაგრამ ვერავითარი სიტყვიერი განმარტება ვერ გასწევს განჭვრეტის მაგივრობას. არსის მთლიანობას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მე რომ მოვინდომო სამშობლოს ან მამულის სიყვარული გავუღვიძო ადამიანებს, რომელთა სულიერი კულტურისათვის ეს სიყვარული უცნობია, ვერავითარი მსჯელობით ვერ გამოვიწვევდი მათ გულში ამ გრძნობებს. მამული – ეს არის მინდვრები, საძოვრები და საქონელი. დანიშნულება თითოეული მათგანისა და ყველასი ერთად არის ის, რომ სიმდიდრე შეგვძინოს. მაგრამ ყოველ მამულს აქვს რაღაც ისეთი, რასაც მისი შემადგენელი ელემენტების ჩამოთვლისას ვერ აღნუსხავ: ზოგიერთი მამულის პატრონი თანახმაა გაღატაკდეს, რომ თავისი საყვარელი მამული გადაარჩინოს. სწორედ ეს რაღაც აკეთილშობილებს მამულის შემადგენელ ელემენტებს და განსაკუთრებულის თვისებებს ანიჭებს მას. და აი ეს უკვე ამ მამულის საქონელია, ამ მამულის მინდვრებია, ამ მამულის მდელოებია…

და ასევე ადამიანიც თავისი სამშობლოს ადამიანი, თავისი ხელობის ადამიანი, თავისი სულიერი კულტურის ადამიანი და თავისი სარწმუნოების ადამიანი ხდება. მაგრამ, თუ გინდა დაამტკიცო, რომ შენ ამ არსთა განუყოფელი ნაწილი ხარ, ჯერ საკუთარ არსებაში უნდა შექმნა ისინი. მას, ვისაც სამშობლოს გრძნობა არა აქვს, ვერავითარი სიტყვებით ვერ შთაუნერგავ ამ გრძნობას. იმ არსის შესაქმნელად, რომელსაც შენ შენს არსს უწოდებ, მოქმედებაა საჭირო. არსი მოქმედების სფეროს განეკუთვნება და არა ენის სფეროს. ჩვენი ჰუმანიზმი ყურადღებას არ აქცევდა მოქმედებას. და მისი მისწრაფება წარმატებით ვერ დაგვირგვინდა.

ყველაზე მნიშვნელოვანმა მოქმედებამ უკვე მიიღო თავისი სახელი. ეს სახელია – მსხვერპლი.

მსხვერპლი არ ნიშნავს რაიმეს დაკარგვას ან მონანიებას. ეს, უწინარეს ყოვლისა, მოქმედებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი თავი მიუძღვნა არსს, რომლის განუყოფელ ნაწილადაც თავი მიგაჩნია. მხოლოდ ის მიხვდება, რა არის მამული, ვინც თავის თავის ნაწილს შესწირავს მას, ვინც იბრძოლებს მის გადასარჩენად და იშრომებს, რომ უკეთესი გაჩადოს იგი. მაშინ იგი მამულის სიყვარულს იძენს. ეს მამული შემოსავლის ჯამი არაა – ეს მცდარი აზრი იქნებოდა. იგი გაღებული მსხვერპლის ჯამია.

ვიდრე ჩემი სულიერი კულტურა ღმერთს ეყრდნობოდა, მას შეეძლო გადაერჩინა მსხვერპლის ეს მცნება, რომელიც ღმერთს ქმნიდა ადამიანთა გულში. ჰუმანიზმმა არაფრად ჩააგდო მსხვერპლის უდიდესი როლი. მან მოინდომა, სიტყვების მეშვეობით შეენარჩუნებინა ადამიანი, და არა მოქმედებით.

იმისათვის, რომ ადამიანის ხატი გადაერჩინა, რომელიც პიროვნებებში ვლინდება, ჰუმანიზმს მხოლოდ იგივე სიტყვა – „ადამიანი“ გააჩნდა, ოღონდ ასომთავრულით შემკული. ჩვენ სახიფათოდ მივექანებოდით დამრეც ფერდობზე და საფრთხეში ვიგდებდით თავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანობის მცნება რაღაც საშუალო ნიჭის პიროვნებით ან ადამიანთა ერთობლიობით შეიცვლებოდა. ჩვენ საფრთხეში ვიგდებდით თავს, რომ ჩვენი ტაძარი ქვების ჯამად გადაიქცეოდა.

და თანდათანობით ჩვენ გავფლანგეთ მემკვიდრეობა. იმის ნაცვლად, რომ პიროვნებაში ადამიანის უფლებები გაგვემტკიცებინა, ჩვენ კოლექტივის უფლებებზე ავლაპარაკდით და შეუმჩნევლად გაგვიჩნდა კოლექტივის მორალი, რომელიც ადამიანს არაფრად აგდებს. ამ მორალს შეუძლია ახსნას, რატომ უნდა გაწიროს თავი პიროვნებამ საზოგადოებისათვის. მაგრამ თუ სიტყვიერ ხრიკებს არ მიმართა, მას არ შეუძლია ახსნას, რატომ უნდა გაწირონ თავი ათასებმა ერთი ადამიანის გადასარჩენად, რომელსაც უსამართლო სასჯელი აქვს მისჯილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიხსენებთ ხოლმე ამ პრინციპს, მაგრამ თანდათან ვივიწყებთ მას. მაშინ როდესაც ჩვენი სიდიადე, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამ პრინციპშია, რადგან იგი ძირფესვიანად განგვასხვავებს ჭიანჭველების ბუდისაგან.

ნაყოფიერი მეთოდის უქონლობის გამო, ჩვენ ადამიანზე დაყრდნობილი კაცობრიობიდან ჭიანჭველების ამ ბუდემდე დავეშვით, რომელიც პიროვნებათა ჯამს ეყრდნობა.

რა შეგვეძლო დაგვეპირისპირებინა სახელმწიფოს ან მასის კულტისთვის? რად იქცა ჩვენი დიდებული ხატი ადამიანისა, რომელიც ღმერთის მიერ იყო შობილი? მისი დანახვა თითქმის უკვე შეუძლებელია იმ სიტყვების მიღმა, რომლებმაც თავიანთი აზრი დაკარგეს.

და თანდათანობით, რაც უფრო ვივიწყებდით ადამიანს, ცალკეული პიროვნების პრობლემებით ვზღუდავდით ჩვენს მორალს. თითოეულისგან მოვითხოვდით, რომ ზიანი არ მიეყენებინა მეორისათვის. თითოეული ქვისგან მოვითხოვდით, რომ მას ზიანი არ მიეყენებინა მეორე ქვისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს არაფერს ვნებენ, როდესაც უწესრიგთდ არიან მიმოფანტულნი მინდორში. მაგრამ ისინი ზიანს აყენებენ ტაძარს, რომლის შექმნაც მათ შეეძლოთ და რომელიც, სამაგიეროდ, აზრს მიანიჭებდა თითოეულ მათგანს.

ჩვენ განვაგრძობდით ადამიანთა თანასწორობის ქადაგებას. მაგრამ, რაკი ადამიანობის მცნება დავივიწყეთ, უკვე აღარ გაგვეგებოდა ის, რაზედაც ვლაპარაკობდით. რაკი არ ვიცოდით, რა დაგვედო თანასწორობის საფუძვლად, ჩვენ იგი ბუნდოვან დებულებად ვაქციეთ, რომლის გამოყენებაც უკვე აღარ შეგვეძლო. როგორ უნდა ახსნა პიროვნებათა თანასწორობა, თანასწორობა ბრძენსა და გონებაჩლუნგს, სულელსა და გენიოსს შორის? რაც შეეხება საშენ მასალას, თუ ჩვენ მათი თანასწორობის განსაზღვრა და განხორციელება გვსურს, ყოველ მათგანს ერთნაირი ადგილი უნდა ეჭიროს და ერთსა და იმავე როლს ასრულებდეს. მაგრამ ეს უაზრობაა. რადგან ასეთ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი იგივეობის პრინციპად იქცევა.

ჩვენ განვაგრძთბღით ადამიანთა თანასწორობის ქადაგებას. მაგრამ, რაკი ადამიანობის მცნება დავივიწყეთ, ჩვენი თავისუფლება ერთგვარ აღვირახსნილობად წარმოვიდგინეთ, რომლის დროსაც ყოველგვარი საქციელი ნებადართულია, თუ მას ზიანი არ მოაქვს მეორე ადამიანისათვის. ეს კი მოკლებულია ყოველგვარ აზრს, რადგან არ არსებობს ისეთი საქციელი, რომელიც მეორე ადამიანს არ ეხებოდეს. თუ ჯარისკაცი ვარ და თავი დავისახიჩრე, მე დამხვრეტენ. განცალკევებული პიროვნება არ არსებობს. ის, ვინც საკუთარ თავს საზოგადოებისგან განაცალკევებს, ზიანს აყენებს მას. ის, ვინც დარდიანია, სხვასაც ადარდიანებს.

რაკი თავისუფლება ასე გავიგეთ, ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო ისე გამოგვეყენებინა იგი, რომ გადაულახავ წინააღმდეგობას არ შევჩეხებოდით. და რაკი აღარ შეგვეძლო იმის განსაზღვრა, რა შემთხვევაში ვინარჩუნებდით ჩვენს უფლებას და რა შემთხვევაში ვკარგავდით მას, იმისათვის, რომ რაღაც ბუნდოვანი პრინციპი მაინც გადაგვერჩინა, პირფერულად დავხუჭეთ თვალი იმ ურიცხვ დაბრკოლებათა წინაშე, რომლითაც ყოველგვარი საზოგადოება ძალაუნებურად ზღუდავდა ჩვენს თავისუფლებებს.

რაც შეეხება მოყვასის სიყვარულს, ჩვენ უკვე ვეღარც ვბედავდით მის ქადაგებას. წინათ მოყვასის სიყვარულად ითვლებოდა მსხვერპლი, რომელიც რაიმე არსს ქმნიდა, თუ ეს არსი ადიდებდა ადამიანს მისი ადამიანური ხატის მეშვეობით. პიროვნების მეშვეობით ჩვენ ღმერთს ან ადამიანს ვწირავდით მსხვერპლს. მაგრამ რაკი ღმერთი ან ადამიანი დავივიწყეთ, ჩვენ მხოლოდ პიროვნებასღა ვწირავდით მსხვერპლს და მოყვასის სიყვარული ხშირად შეურაცხმყოფელი ხდებოდა. მატერიალურ სიკეთეთა სამართლიან განაწილებას საზოგადოება უნდა უზრუნველყოფდეს და იგი ამა თუ იმ პირის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. პიროვნების ღირსება ვერ აიტანს, რომ იგი მეორე პიროვნების გულუხვობაზე იყოს დამოკიდებული. ახირება იქნებოდა, რომ მდიდრები, თავიანთი ქონების გარდა, ღარიბებისგან მადლიერებასაც მოითხოვდნენ.

მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ცუდად გაგებული სიყვარული მოყვასისადმი საკუთარი მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მხოლოდ და მხოლოდ სიბრალულზე დაფუძნებული, იგი კრძალავდა დასჯის მეშვეობით აღზრდას. მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული კი, რომელიც ადამიანს ემსახურება და არა ცალკეულ პიროვნებას, გვაიძულებს, პიროვნება დავძლიოთ, რომ ადამიანი ავამაღლოთ მასში.

ასე დავკარგეთ ადამიანი. და რაკი ადამიანი დავკარგეთ, სითბო გამოვაცალეთ იმ ძმობას, რასაც ჩვენი სულიერი კულტურა ქადაგებდა. იმიტომ, რომ ძმებად შეიძლება მხოლოდ რაიმეს მიერ შეიქმნათ. არ შეიძლება თავისთავად იყოთ ძმები. ვინმეს თუ რამეს უზიარებ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ძმა ხარ. ძმობა მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვის შედეგად წარმოიშობა. იგი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საერთო მსხვერპლს სწირავენ რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თვითონ არიან. მაგრამ, რაკი ყოველგვარი ჭეშმარიტი არსებობის ეს საფუძველი უნაყოფო წვრილმანი შესაწირით შევცვალეთ, ჩვენი ძმობა იმით შეიცვალა, რომ, უბრალოდ ვურიგდებოდით ერთმანეთის არსებობას.

ჩვენ უკვე აღარაფერს ვაძლევდით ერთმანეთს. მაგრამ, თუ მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაძლევ, არაფერს ვიღებ, ვინაიდან ისეთს არაფერს ვქმნი, რისგანაც განუყოფელი ვიქნები. და, მაშასადამე, მე არარაობა ვარ. და თუ მე მომთხოვენ, რომ რაიმეს გულისთვის მოვკვდე, უარს ვიტყვი სიკვდილზე. მე მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით ვიქნები დაინტერესებული. რომელი სიყვარული აანაზღაურებს ჩემს სიკვდილს? კვდებიან სახლისთვის, და არა ნივთებისა და კედლებისთვის. კვდებიან ტაძრისთვის და არა ქვებისთვის. კვდებიან ხალხისთვის, და არა ბრბოსთვის. კვდებიან ადამიანისადმი სიყვარულისთვის, თუ იგი ერთობის ქვაკუთხედია. კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.

ჩვენი ლექსიკონი თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ სიტყვებს, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ და რომლებმაც თავიანთი ნამდვილი აზრი დაკარგეს, განუწყვეტელ წინააღმდეგობებთან მივყავდით. და ჩვენ იძულებულნი ვიყავით, თვალი დაგვეხუჭა ამ დაბრკოლებათა წინაშე. რაკი შენება აღარ შეგვეძლო, იძულებულნი გავხდით, ქვების გროვა მინდორშივე დაგვეტოვებინა და გაუბედავად წამოგვეწყო ლაპარაკი კოლექტივზე: ვშიშობდით განგვემარტა ის, რაზედაც ვლაპარაკობდით, რადგან ვლაპარაკობდით იმაზე, რაც სინამდვილეში არ არსებობდა. სიტყვა „კოლექტივი“ მოკლებულია აზრს იმ დრომდე, ვიდრე კოლექტივი არ დაუკავშირდება რაიმეს. ჯამი ჯერ კიდევ არ არის არსი.

და თუ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა არსებობის უფლება, თუ მასში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ადამიანის პატივისცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნამდვილი სულიერი კულტურა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უვიცობით ვღალატობდით, ჯერ კიდევ გვფენდა თავის მიმქრალ ნათელს და დაღუპვისაგან გვიცავდა ჩვენი საკუთარი საქციელის მიუხედავად.

როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები იმას, რაც ჩვენ თვითონ აღარ გვესმოდა? მათ მხოლოდ მიმოფანტულ ქვებად მიგვიჩნიეს. ისინი ცდილობდნენ აზრი მიენიჭებინათ კოლექტივისათვის, აზრი, რომლის ახსნა ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ადამიანი დავივიწყეთ.

ერთნი ხელადვე, ისე, რომ ბევრი არ უფიქრიათ, უკიდურეს ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. ქვების გროვას მათ თვითმყოფი მნიშვნელობა მიანიჭეს. ერთი ქვა მეორეს უნდა ჰგავდეს. და თითოეული ქვა თვითონ უნდა იყოს თავისი თავის მეუფე. ანარქისტებს არ დაუვიწყებიათ ადამიანის კულტი, მაგრამ იგი მთლიანად გადააქვთ ცალკეულ პიროვნებებზე. და ამას უფრო შეურიგებელ წინააღმდეგობამდე მივყავართ.

მეორეებმა შეაგროვეს მინდორში უწესრიგოდ მიმოფანტული ქვები. ისინი მასების უფლებას ქადაგებდნენ. მაგრამ მათი თეორიაც უვარგისია. რადგან, თუ შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ ერთმა ადამიანმა მასაზე იბატონოს, ასევე შეუძლებელია, მასამ თუნდაც ერთი ადამიანი დაჩაგროს.

მესამენი დაეუფლნენ ამ უძლურ ქვებს და მათი შეჯამებით სახელმწიფო შექმნეს. მაგრამ ვერც ასეთი სახელმწიფო აამაღლებს ადამიანებს. იგი მხოლოდ ადამიანთა ჯამს გამოხატავს. ესაა ერთი პიროვნების ხელში მოქცეული კოლექტივის ძალაუფლება. ესაა ბატონობა ქვისა, რომელიც გარეგნულად თავის თავს სხვა ქვებთან აიგივებს, სინამდვილეში კი ზემოდან დაჰყურებს სხვებს. ეს სახელმწიფო აშკარად ქადაგებს კოლექტივის მორალს, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით უარვყოფთ, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდებით, ვინაიდან ადამიანი დავივიწყეთ. მხოლოდ ადამიანით შეგვეძლო გაგვემართლებინა ასეთი მორალის უარყოფა.

ამ ახალი რელიგიის მიმდევარნი ნებას არ დართავენ, რომ რამდენიმე მეშახტემ თავი გაწიროს შახტში ჩამარხული ერთი ამხანაგის გადასარჩენად. იმიტომ, რომ ეს დააზარალებდა ქვების გროვას. ისინი ბოლოს მოუღებენ დაჭრილს, თუ იგი არმიის მოძრაობას აფერხებს. ერთობის სიკეთეზე ისინი არითმეტიკის მეშვეობით იმსჯელებენ და არითმეტიკა იქნება მათი საქციელის წარმმართველი. მათთვის ხელსაყრელი არ არის უფრო დიდები გახდნენ, ვიდრე არიან. ამიტომ ისინი შეიძულებენ ყველაფერს, რაც განსხვავდჟბა მათგან, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მაღლა ვერაფერს იპოვიან, რასთან შერწყმასაც შეძლებდნენ. ყოველი უცხო ჩვეულება, სხვა რასა, სხვაგვარი აზრი უთუოდ შეურაცხმყოფელი იქნება მათთვის. მათ არ ექნებათ უნარი თავიანთ კულტურას აზიარონ სხვები, ვინაიდან, ადამიანი რომ საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციო, კი არ უნდა განკვეთო იგი, არამედ უნდა აუხსნა მისი როლი, უჩვენო მისი მისწრაფებების მიზანი და თავისი ძალისა და უნარის გამოყენების ასპარეზი მისცე მას. საკუთარ სარწმუნოებაზე მოქცევა გათავისუფლებას ნიშნავს. ტაძარს შეუძლია თავისი თანაზიარი გახადოს ქვები და ქვებს აზრი ენიჭებათ მასში. მაგრამ ქვების გროვა ვერაფერს აქცევს თავის თანაზიარად და, რაკი ეს არ ძალუძს, თავისი სიმძიმით გჯაბნის. ეს ასვა. მაგრამ ვის მიუძღვის ამაში ბრალი?

მე უკვე აღარ მიკვირს, რომ ქვების გროვამ, რომელიც თავისი სიმძიმით გჯაბნის, გაიმარჯვა ქვებზე, რომლებიც უწესრიგოდ იყვნენ მინდორში მიმოფანტულნი.

და მაინც მე უფრო ძლიერი ვარ მასზე.

მე მასზე ძლიერი ვარ, თუ კვლავ ვიპოვი საკუთარ თავს. თუ ჩვენი ჰუმანიზმი აღადგენს ადამიანს, თუკი ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ჩვენი ერთობა და თუ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთ ღირსეულ საშუალებას – მსხვერპლს გამოვიყენებთ. ჩვენი სულიერი კულტურის მიერ შექმნილი ერთობა არ იყო სარგებლობათა ჯამი – იგი შესაწირთა ჯამი იყო.

მე მასზე ძლიერი ვარ, ვინაიდან ხე იმ ნივთიერებებზე ძლიერია, რომლებიც ნიადაგს ქმნიან. იგი შეიწოვს მათ. იგი ხედ გარდაქმნის მათ. ტაძარი უფრო სხივოსანია, ვიდრე ქვების გროვა. მე მასზე უფრო ძლიერი ვარ, ვინაიდან ჩემს სულიერ კულტურას ძალუძს ერთ კვანძად შეაკავშიროს სხვადასხვანაირი პიროვნებები. ამით იგი სიცოცხლეს ანიჭებს თავისი ძლიერების წყაროს და ამ წყაროსვე ეწაფება წყურვილის მოსაკლავად.

გაფრენის დროს მოვინდომე რაღაც მიმეღო იმაზე ადრე, ვიდრე მე თვითონ გავიღებდი. ჩემი სურვილი უაზრო იყო. ეს ამბავი რაღაცით ჰგავდა გრამატიკის მოსაწყენ გაკვეთილს. ვიდრე მიიღებდე, უნდა გასცე, და ვიდრე დასახლდებოდე, უნდა ააშენო.

ჩემი სიყვარული ჩვენიანებისადმი იმას ემყარება, რომ მზადა ვარ ჩემი სისხლი გავიღო მათთვის, ისევე როგორც დედის სიყვარულია დაფუძნებული იმაზე, რომ იგი რძეს აძლევს შვილს. სწორედ ამაშია საიდუმლო. იმისათვის, რომ სიყვარულს საფუძველი ჩაუყარო, მსხვერპლი უნდა გაიღო. მერე კი სიყვარულს შეუძლია ახალი მსხვერპლის გასაღებად აღგაფრთოვანოს და ახალ-ახალი მსხვერპლით ახალახალ გამარჯვებებთან მიგიყვანოს. ადამიანმა ყოველთვის უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ვიდრე იარსებებდე, უნდა დაიბადო…

დაზვერვიდან რომ დავბრუნდი, მე უკვე ვიგრძენი ჩემი ნათესაობა ფერმერის ძმისშვილთან. მისი ღიმილი გამჭვირვალე მეჩვენა და ამ ღიმილის მიღმა ჩემი სოფელი დავინახე. ჩემი სოფლის მიღმა – ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყნის მიღმა კი – სხვა ქვეყნები. იმიტომ, რომ მე განუყრელი ვარ იმ სულიერი კულტურისგან, რომელმაც თავის ქვაკუთხედად ადამიანი აირჩია. მე განუყოფელი ვარ 2/33 ავიაჯგუფისაგან, რომელმაც თანხმობა განაცხადა, ნორვეგიის მხარდამხარ ებრძოლა.

იქნებ ხვალ ალიასმა სხვა დავალების შესასრულებლად გამგზავნოს. დღეს კი, გასაფრენად რომ ვიმოსებოდი, ღმერთის სამსახურისთვის ვემზადებოდი, რომელსაც ვერ ვხედავდი, იმიტომ, რომ ბრმა ვიყავი. არასის ცეცხლმა საფარველი ჩამოაშორა ჩემს თვალებს და თვალი ამეხილა. თვალი აეხილათ მათაც, ვისგანაც მე განუყოფელი ვარ. და თუ განთიადზე მე კვლავ მოვწყდები მიწას, მეცოდინება, რისთვის ვიბრძვი.

მაგრამ მე მინდა დავიხსომო ის, რაც დავინახე. ამისათვის კი რწმენის სიმბოლო მჭირდება.

მე ვიბრძოლებ პრიორიტეტისათვის, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს ცალკეულ პიროვნებაზე, როგორც ზოგადს – კერძოზე.

მე მწამს, რომ ზოგადი ამაღლებს და ერთ კვანძად კრავს ცალკეულ პიროვნებათა სულიერ სიმდიდრეს და ერთადერთ ნამდვილ ჰარმონიას ამყარებს, რომელიც ცხოვრების ჰარმონიას წარმოადგენს. ხე ჰარმონიულია, თუმცა მისი ფესვები განსხვავდება ტოტებისაგან.

მე მწამს, რომ ცალკეული პიროვნების კულტს მხოლოდ სიკვდილი მოსდევს, იმიტომ, რომ მას სურს მსგავსებაზე დაამყაროს ჰარმონია. იგი არსის მთლიანობას მისი ნაწილების იგივეობით ცვლის. იგი ანგრევს ტაძარს, რომ ერთ ხაზზე გაამწკრივოს მისი შემადგენელი ქვები. ამიტომ მე შევებრძოლები ყველას, ვინც იქადაგებს ერთი რომელიმე ჩვეულების უპირატესობას სხვა ჩვეულებებზე, ერთი რომელიმე ხალხისა – სხვა ხალხებზე, ერთი რომელიმე რასისა – სხვა რასებზე და ერთი რომელიმე აზრისა – სხვა აზრებზე.

მე მწამს, რომ ადამიანის პრიორიტეტი ერთადერთ გონივრულ საფუძველს უყრის თავისუფლებას. მე მწამს ადამიანის უფლებათა თანასწორობა ყოველ პიროვნებაში და მე მწამს, რომ თავისუფლება ადამიანის აღმავლობის თავისუფლებაა. თანასწორობა იგივეობა არ არის. თავისუფლება არ არის პიროვნების განდიდება ადამიანის საზარალოდ. მე შევებრძოლები ყველას, ვინც ეცდება, ადამიანის თავისუფლება ერთ პიროვნებას ან პიროვნებათა მასას დაუმორჩილოს.

მე მწამს, რომ ჩემი სულიერი კულტურა მოყვასის სიყვარულს იმ ნებაყოფლობით მსხვერპლს უწოდებს, რომელსაც ადამიანს სწირავენ, რომ მისი სუფევა დაამყარონ. მოყვასის სიყვარული ადამიანისათვის გაღებული მსხვერპლია, რომელსაც საშუალო ნიჭის პიროვნების მეშვეობით ვწირავთ. იგი ადამიანს აფუძნებს. მე ვიბრძოლებ ყველას წინააღმდეგ, ვინც ამტკიცებს, რომ ჩემი სიყვარული მოყვასისადმი საშუალო ნიჭს განადიდებს; ამით იგი ადამიანს უარყოფს და პიროვნებას გამოუვალი შეზღუდულობის საპყრობილეში ამწყვდევს.

მე ვიბრძოლებ ადამიანისათვის მისი მტრების წინააღმდეგ. და საკუთარი თავის წინააღმდეგაც.

28

მე შევუერთდი ამხანაგებს. დაახლოებით შუაღამისას ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, რომ ბრძანებები მიგვეღო. 2/33 ავიაჯგუფი თვლემს. დიდი კოცონის ალი მიმქრალ ნაკვერჩხლებად ქცეულა. ერთი შეხედვით, ჯგუფი ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურება, მაგრამ ეს ილუზიაა. ოშედე სევდიანად შეჰყურებს თავის სახელგანთქმულ ქრონომეტრს. პენიკო კუთხეში ზის, თავით კედელს მიყრდნობია და თვალები მოუხუჭავს. გავუალი მაგიდაზე შემომჯდარა, მთქნარებას იკავებს და ისე იღრიჯება, როგორც სატირლად გამზადებული ბავშვი. აზამბრი წიგნზე დახრილა და თავი ჩაუქინდრავს. მარტო მეთაურია ჯერჯერობით ფხიზლად, მაგრამ სახეზე ფერი აღარ ადევს. მაგიდის ნათურასთან ქაღალდებზე დახრილი, იგი რაღაცაზე ჩურჩულით ეთათბირება ჟელეს. მაგრამ სიტყვა „თათბირი“ მხოლოდ მეტაფორაა. მაიორი ლაპარაკობს, ჟელე კი თავს უქნევს და „დიახ, რაღა თქმა უნდაო“, – ამბობს პასუხად. ჟელე თავის „დიახ, რაღა თქმა უნდას“ უკან იმალება. იგი უფრო და უფრო სწრაფად ეთანხმება მაიორს, როგორც წყალწაღებული ებღაუჭება ხოლმე მოცურავეს. ალიასის ადგილზე რომ ვიყო, კილოს შეუცვლელად განვუცხადებდი: „კაპიტანო ჟელე… განთიადზე თქვენ დაგხვრეტენ…“ და მის პასუხს დაველოდებოდი.

მთელ ჯგუფს უკვე სამი დღეა არ უძინია და ძლივსღა დგას ფეხზე.

მეთაური დგება, ლაკორდერთან მიდის და უფრთხობს სიზმარს, რომელშიაც იგი იქნებ შამათს მიცხადებდა ჭადრაკის პარტიაში.

– ლაკორდერ… თქვენ დილაადრიან გაფრინდებით. დაზვერვა მცირე სიმაღლიდან.

– არის, მაიორო.

– ამიტომ ცოტა უნდა წაიძინოთ.

– დიახ, მაიორო.

ლაკორდერი ისევ ჯდება თავის ადგილზე. ალიასი კი ოთახიდან გადის და ისე მიათრევს ჟელეს, როგორც არესზე წამოგებულ მძინარე თევზს. ჟელეს, სამი დღე კი არა, უკვე მთელი კვირაა თვალი არ მოუხუჭავს. ისევე როგორც ალიასი, იგი არა მარტო დაფრინავდა სამხედრო დავალებების შესასრულებლად, არამედ მთელი ჩვენი ჯგუფისთვის პასუხისმგებლობა აწვა კისერზე. ადამიანის ამტანობას საზღვარი აქვს. ჟელემ გადააბიჯა ამ საზღვარს. და აი ორთავენი – მოცურავე და წყალში ჩაძირული – მაინც მიემართებიან ბრძანებათა აჩრდილების მისაღებად.

მიახლოვდება ვეზენი, რომელსაც მთვარეულივით ზეზეურად სძინავს.

– გძინავს? – მეკითხება იგი.

– მე…

თავი სავარძლის ზურგზე მაქვს მიყრდნობილი – აქ მე სავარძელი აღმოვაჩინე – და ვიძინებ, მაგრამ ვეზენის ხმა არ მასვენებს.

– ეს ცუდად დამთავრდება! – ამბობს იგი.

ეს ცუდად დამთავრდება… აპრიორული განაჩენი… ცუდად დამთავრდება…

– გძინავს?

– მე… არა… რა დამთავრდება ცუდად?

– ომი.

აი ახალი ამბავი! მე ისევ ვინთქმები ძილში და ვბუტბუტებ:

– … რომელი ომი?

– როგორ თუ „რომელი ომი?“

ასეთი საუბარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. აჰ, პაულა, ავიაჯგუფებს რომ ტიროლელი ძიძები ჰყოლოღა, მთელი ჩვენი ავიაჯგუფი უკვე დიდი ხანია ლოგინში იქნებოდა!

მაიორი ქარივით აღებს კარს.

– გადაწყვეტილია. ბაზა უნდა გამოვიცვალოთ!

მის ზურგს უკან კი სრულიად გამოფხიზლებული ჟელე დგას. იგი ხვალამდე გადასდებს თავის „დიახ, რაღა თქმა უნდას“ და რომელიღაც, მისთვისვე უხილავი რეზერვებიდან ამოქაჩავს ძალ-ღონეს, რომ კიდევ ერთი ღამე გაუძლოს მომქანცველ შრომას.

ჩვენ ვდგებით. „დიახ… კეთილი…“ სხვა რა უნდა ვთქვათ?

ჩვენ არაფერს ვიტყვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჯგუფის გადაყვანას. მარტო ლაკორდერი დაელოდება განთიადს, რომ დავალების შესასრულებლად გაფრინდეს, და, თუ დაბრუნდა, ახალ აეროდრომზე შემოგვიერთდება.

ჩვენ ხვალაც არაფერს ვიტყვით. გარეშე მაყურებელთათვის ხვალ დამარცხებულნი ვიქნებით. დამარცხებული კი უნდა დუმდეს, როგორც მარცვალი.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button