ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

9

მე ისევ ვხედავ საგონს ჰოსპიტლის საწოლზე. პარაშუტიდან რომ ხტებოდა, მუხლით თვითმფრინავს მიეხალა და ფეხი მოიტეხა. სახე და ხელები საკმაოდ ძლიერ ჰქონდა დამწვარი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და, ჰოსპიტალში მწოლი, დინჯად, დაწვრილებით გვიყვებოდა თავის ისტორიას, თითქოს შესრულებული დავალების ანგარიშს გვაბარებსო.

– … რომ დავინახე, კაშკაშა ბურთები მეხვია, მივხვდი, რომ მესროდნენ. ჩემი ხელსაწყოების დაფა დაიმსხვრა. მერე ცოტა კვამლი შევნიშნე, სულ ცოტა! კვამლი წინიდან მოდიოდა, ვიფიქრე, შემაერთებელი მილაკიდან მოდის-მეთქი… ალი ძლივს მოჩანდა…

საგონი შუბლს იჭმუხნის, ცდილობს ზუსტად მოიგონოს ყველაფერი. მას უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ჩვენ ვიცოდეთ – ძლიერი იყო ცეცხლი თუ არა. იგი მერყეობს:

– და მაინც… ეს ცეცხლი იყო… და მაშინ ჩემს ეკიპაჟს გადახტომა ვუბრძანე…

იმიტომ რომ, ცეცხლი რომ გაჩნდება, ათ წამში თვითმფრინავი უკვე მოგიზგიზე ალშია გახვეული!

– და მაშინ სისულელე ჩავიდინე და საავარიო სანათური გავაღე. ჰაერის ნაკადმა ცეცხლი კაბინისკენ წამოიღო… ცუდ გუნებაზე დავდექი.

როცა შვიდი ათას მეტრ სიმაღლეზე ორთქლმავლის ღუმელი პირდაპირ მუცელში გესვრით ცეცხლის ნიაღვარს, ცხადია, ცუდად გახდებით. მე არ ვუღალატებ საგონს და ქება-დიდებას არ შევასხამ მის გმირობას ან თავმდაბლობას. სულ ერთია, იგი არ ჩათვლიდა თავს ამის ღირსად. „არა! არა! მე მართლაც ცუდ გუნებაზე დავდექიო…“ – იტყოდა იგი. იგი მხოლოდ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება სწორად აეწერა ყველაფერი.

მე კარგად ვიცი, როგორი შეზღუდულია ცნობიერების არე. ერთსა და იმავე დროს იგი მხოლოდ ერთ პრობლემას მოიცავს. თუ ხელჩართულ ბრძოლაში ხართ ჩაბმული და ბრძოლამ გაგიტაცათ, თქვენ აღარ გაწუხებთ მუშტები. როცა ჰიდროპლანის ავარიის დროს ვიგრძენი, რომ წყალში ვიძირებოდი, ყინულოვანი წყალი თბილი მეჩვენა. უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩემმა ცნობიერებამ ვერ აღიქვა წყლის ტემპერატურა. საგონის ცნობიერებაც გადახტომის ტექნიკაზე ფიქრით იყო მოცული და იმწუთას მისთვის მთელი ქვეყანა სანათურის სახელურში, პარაშუტის რგოლში და ეკიპაჟის ბედზე ზრუნვაში იყო მოქცეული. „გადახტით თუ არა?“ პასუხი არ ისმოდა. „არის ვინმე თვითმფრინავში?“ პასუხი არ ისმოდა.

– მივხვდი, რომ მარტო ვიყავი და უფლება მქონდა გადავმხტარიყავი (სახე და ხელები კი უკვე დამწვარი ჰქონდა). კაბინიდან გამოვძვერი და ფრთაზე მოვიკიდე ფეხი. მერე წინ გადავიხედე – მოთვალთვალე არ ჩანდა…

მოთვალთვალე გამანადგურებლების ტყვიებმა დაცხრილა და კაბინის ფსკერზე იწვა.

– მერე უკან გადავინაცვლე, მაგრამ ვერც მსროლელი დავინახე…

მსროლელიც მკვდარი იყო.

– და ვიფიქრე, რომ მარტო ვიყავი…

საგონი მოყოლას განაგრძობს:

– რომ მცოდნოდა, ან ეჭვი რომ მქონოდა… ისევ შევიდოდი თვითმფრინავში… ცეცხლი არც ისე ძლიერი იყო… საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე… კაბინიდან გამოსვლამდე თვითმფრინავი გავასწორე და ოდნავ დავხარე ცალ ფრთაზე. თვითმფრინავი სწორად მიდიოდა აღებული გეზით, ჰაერის ნაკადი მანცდამაინც ძლიერი არ იყო და თავს კარგად ვგრძნობდი. საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე… რა მექნა, არ ვიცოდი…

საგონის წინაშე იმ წუთებში არავითარი გადაუჭრელი პრობლემა არ იდგა: იგი დარწმუნებული იყო, რომ მარტო იყო თვითმფრინავზე, ხედავდა, რომ თვითმფრინავი იწვოდა, გამანადგურებლები კი ისევ უვლიდნენ გარს და ტყვიებს უშენდნენ. მაგრამ საგონის ნაამბობიდან ცხადი იყო, რომ იმ წუთებში მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა. იგი არაფერს განიცდიდა. თითქოს უსაზღვროდ ბევრი დრო ჰქონოდეს! და ახლა მეც თანდათან მეუფლება ეს უჩვეულო გრძნობა, რომელიც ზოგჯერ გარდაუვალ სიკვდილს უძღვის ხოლმე წინ: მოულოდნელი სიმშვიდე და უსასრულობის შეგრძნება… როგორ არა ჰგავს ეს გრძნობა ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენას სიცოცხლესთან გამოთხოვებაზე, როცა თითქოს ელვის სისწრაფით უნდა ჩაიქროლოს უკანასკნელმა წუთებმა! საგონი არ იძვროდა. იგი ისევ ისე იდგა თვითმფრინავის ფრთაზე, თითქოს დროის ნაკადიდან ამოაგდესო.

– მერე კი გადავხტი, – თქვა მან. – და ცუდად გადავხტი. ვიგრძენი, რომ ჰაერში ვტრიალებდი. შემეშინდა, მეტისმეტად ადრე არ გავხსნა პარაშუტი და ტანზე არ შემომეხვიოს-მეთქი. დავუწყე ლოდინი იმ წუთს, როცა ჩემი სხეული ტრიალს შეწყვეტდა. დიდხანს დამჭირდა ლოდინი…

ყველაზე მთავარი, რაც საგონს მთელი ამ ამბიდან ახსოვდა, ის იყო, რომ იგი იცდიდა. ჯერ ცეცხლის გაძლიერებას უცდიდა. მერე, კაცმა არ იცის, რას უცდიდა თვითმფრინავის ფრთაზე. მერე კი, ჰაერში თავისუფალი ვარდნის დროს, ისევ იცდიდა, როდის მიიღებდა მისი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობას.

და ყველაფერი ეს ჩაიდინა საგონმა: საგონმა, რომელიც იმ წუთებში უფრო მეტად პრიმიტიული და ტლანქი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ; საგონმა, რომელიც კარგად ვერც კი მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, და დინჯად ინაცვლებდა ფეხს უფსკრულის პირას.

10

უკვე ორი საათია, რაც იმ სიმაღლეზე ვართ, სადაც ჰაერის წნევა ატმოსფეროს ნორმალური წნევის მესამედს უდრის. ეკიპაჟს თანდათან ელევა ღონე. თითქმის აღარ ვლაპარაკობთ. ერთი-ორჯერ ვცადე ფრთხილად ამემოძრავებინა პედლები, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყოველთვის საშინელი სისუსტე მეუფლებოდა.

დიუტერტრს კი ფოტოგადაღებისათვის ვირაჟები სჭირდება და დიდი ხნით ადრე მაფრთხილებს ხოლმე. მეც რის ვაი-ვაგლახით ვუსრულებ თხოვნას ჩემი თითქმის გაყინული მართვით. თვითმფრინავს ცალ მხარეზე ვხრი, შტურვალს ვებღაუჭები და რის ვაი-ვაგლახით უზრუნველვყოფ დიუტერტრს ოცი კადრისთვის საჭირო ვირაჟით.

– სიმაღლე რამდენია?

– ათი ათას ორასი…

მე ისევ საგონზე ვფიქრობ. ადამიანი ყოველგვარ პირობებში ისეთია, როგორიც არის. ჩვენ ადამიანები ვართ. საკუთარ თავში მე ყოველთვის საკუთარ თავს ვპოულობ და საგონიც მხოლოდ საგონს იცნობდა. მომაკვდავი ისეთ ადამიანად კვდება, როგორიც სიცოცხლეში იყო. უბრალო მეშახტე უბრალო მეშახტესავით კვდება. სად ნახავთ იმ სიგიჟესა და შეშფოთებას, რასაც მწერლები იგონებენ, რომ შეგვაძრწუნონ?

ესპანეთში მე ვნახე ადამიანი, რომელიც ყუმბარისგან დანგრეული სახლის სარდაფში მომწყვდეულიყო და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნეს. ბრბო მდუმარედ და, როგორც მე მეჩვენა, უცნაური მოკრძალებით შემოეხვია ამ ადამიანს, რომელიც თითქმის საიქიოდან დაბრუნდა. კირსა და ნაგავში ამოგანგლული და შიმშილისა და უჰაერობისგან ღონემიხდილი, იგი საფრთხობელას ჰგავდა. როდესაც ვიღაცამ მხნეობა მოიკრიბა და გამოელაპარაკა, იგი გაოგნებული უსმენდა მას. და ბრბოს მოკრძალება უხერხულობის გრძნობამ შეცვალა.

ვერავის გამოეთქვა ის შეკითხვა, რომელიც ყველას თავში უტრიალებდა, და მხოლოდ იმას ეკითხებოდნენ, რაც ენაზე მოადგებოდათ, თითქოს იმ ბოქლომის გახსნას, რომლის გასაღებიც დაპკარგოდათ, ხელში მოხვედრილი სხვა გაააღებებით ცდილობდნენ: „რას გრძნობდით? რას ფიქრობდით? რას აკეთებდით?“ ასეა ხოლმე, როდესაც ყოველი შემთხვევისთვის დებენ ხიდებს, რომ უფსკრულისკენ მიმავალი ბრმა ყრუ-მუნჯი გადაარჩინონ.

და, როცა გადარჩენილმა ხმის ამოღება მოახერხა, თქვა:

– გრუხუნი შემომესმა…

და დასძინა:

– ცუდ დღეში ვიყავი. ძალიან დიდხანს გაგრძელდა… ძალიან დიდხანს…

და კიდევ:

– წელი ამტკივდა, ძალიან ამტკივდა.

ამ კარგ კაცს მხოლოდ ამ კარგი კაცის ამბის მოყოლა შეეძლო. განსაკუთრებული მღელვარებით გვიყვებოდა იგი საათის ამბავს, რომელიც დაჰკარგოდა.

– ბევრი ვეძებე… ძალიან კარგი საათი იყო… მაგრამ იმ სიბნელეში რას ვიპოვიდი…

რაღა თქმა უნდა, ასეა. ცხოვრებამ მას დროის შეგრძნება და შეჩვეული საგნების სიყვარული ასწავლა და იმისთვის, რომ სამყარო აღექვა, თუნდაც იგი ჩამონგრეული სარდაფით ყოფილიყო შემოზღუდული, მხოლოდ იმ ადამიანის გრძნობებით შეეძლო ესარგებლა, რომელიც თვითონ იყო. და ამიტომ მთავარ კითხვაზე, რომლის გამოთქმა ვერავინ მოახერხა, მაგრამ რომელიც ყველას თავში უტრიალებდა – „ვინ იყავით? ვინ აღმოაჩინეთ საკუთარ სულში?“ – მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი რამ შეეძლო ეპასუხა: „საკუთარი თავი“.

ჩვენს სულში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიღვიძებს ვინმე სხვა ადამიანი, რომლის არსებობაზედაც არაფერი ვიცოდით. ცხოვრება ნელ-ნელა დაბადებას ნიშნავს. მეტისმეტად მარტივი ამბავი იქნებოდა მზამზარეული სულის მიღება საჩუქრად.

ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს ვიღაცის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა იმის გამო, რომ მას მოულოდნელი ნათელი მოეფინა. მაგრამ ნათლის მოფენა მხოლოდ უეცრად დანახული და დიდი ხნის მომზადებული გზაა. მე დიდხანს ვსწავლობდი გრამატიკას, ვვარჯიშობდი სინტაქსში. დიდხანს მიღვივებდნენ გრძნობებს. და აი უეცრად ლექსის ფეთქვა ვიგრძენი გულში.

ამწუთას მე ჯერ კიდევ არა ვგრძნობ არავითარ სიყვარულს და, თუ ამ საღამოს რამეს შევიგნებ, ეს მხოლოდ იმ მოვალეობის შეგნება იქნება, რომ ქვები ვზიდო ჩემთვის უხილავი შენობის ასაგებად. მე ზეიმისთვის ვემზადები და არავითარი საფუძველი არ მექნება, რომ საკუთარ სულში ვიღაც მეორე ადამიანის მოულოდნელ გამოჩენაზე ვუამბო ხალხს, რადგან ეს მეორე ადამიანი ის არის, ვისაც ახლა ვქმნი.

მე არაფერს მოველი ომისგან, ამ ნელი მომზადების გარდა. სამაგიეროს მერე მივიღებ, როგორც გრამატიკის შესწავლის შემდეგ მოხდა…

უფრო და უფრო გვაკლდება ღონე და სიცოცხლეც უფრო და უფრო დუნდება. ჩვენ ვბერდებით. დავალება გვაბერებს. რად გვიჯდება დიდ სიმაღლეზე ფრენა? რას უდრის ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე გატარებული ერთი საათი, ნორმალური ცხოვრების – გულის, ფილტვების და არტერიის ნორმალური მუშაობის ერთ კვირას, სამ კვირას თუ ერთ თვეს? თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. გულშეღონებამ თითქმის რამდენიმე საუკუნით დამაბერა: ახლა ისეთი სიმშვიდითა ვარ მოცული, როგორც მოხუცი. ახლა უსასრულოდ შორეულ ამბად მეჩვენება, კომბინეზონის ჩაცმისას რომ ვღელავდი, თითქოს შორეული წარსულის ამბავს ვიგონებდე. არასი კი ასეთივე შორეულ მომავლად მესახება.

მაგრამ სამხედრო თავგადასავალი? სად არის ეს თავგადასავალი?

ამ ათიოდე წუთის წინ კინაღამ გამოვესალმე სიცოცხლეს, მაგრამ მოსაყოლი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ სამი წამის განმავლობაში ჩემ თვალწინ ჩაიქროლა პაწაწინა კრაზანების გუნდმა. ნამდვილ თავგადასავალს კი წამის მეათედზე მეტი არ დასჭირდებოდა, ოღონდ ასეთი თავგადასავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან, რომ მასზე გვიამბონ.

– ცოტა მარცხენა ფეხი, კაპიტანო.

დიუტერტრს დაავიწყდა, რომ ჩემი პედლები გაიყინა. ერთი გრავიურა მაგონდება, რომელმაც ბავშვობისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ გრავიურაზე მარადიულ ყინულებში ჩახერგილი გემების საზარელი სასაფლაო იყო გამოხატული პოლარული ციალის ფონზე. პოლარული ღამის ფერფლისფერ სინათლეზე მათ ყინულის კრისტალებით დაფარული ხელები გაეშვირათ. და ამ მკვდარ და უძრავ ატმოსფეროში მათი იალქნები ისე იყო გამობურცული, თითქოს ქარის შემობერვის კვალი შეუნახავთო, ისევე როგორც ბალიში ინახავს ხოლმე მხრის ნაზ მოხაზულობას. მაგრამ იგრძნობოდა, რომ ეს იალქნები გაშეშებული იალქნები იყო და ადვილად შეიძლებოდა დამსხვრეულიყო.

ყველაფერი გაიყინა. მართვა გაიყინა. ტყვიამფრქვევები გაიყინა.

– ტყვიამფრქვევები როგორ არის? – ვეკითხები მსროლელს.

– არის და არც არის.

– რა გაეწყობა!

ნიღბის სასუნთქ მილში ყინულის ნემსებს ვისვრი პირიდან. დროდადრო კაუჩუკის რბილ მილს ხელს ვუჭერ და ასე ვამტვრევ შიგ გაჩხერილ ყინულის საცობს, რომლის გამო სული მეხუთება. და, საცობს რომ ვსრეს, ჩემს თითებქვეშ ყინული ტკაცუნობს.

– მსროლელო, როგორ არის ჟანგბადის საქმე?

– არა უშავს…

– როგორია წნევა ბალონებში?

– ჰმ… სამოცდაათი.

– კეთილი.

ჩვენთვის დროც კი გაიყინა. ახლა ჩვენ სამი თეთრწვერა მოხუცი ვართ. არაფერი იძვრის. არაფერს აქვს ფასი. არაფერი გვაშინებს.

სამხედრო თავგადასავალი? ერთხელ მეთაურმა ალიასმა საჭიროდ ცნო ეთქვა:

– თქვენც სცადეთ თვალის დევნება!

მაგრამ რას ვადევნოთ თვალი, მაიორო ალიას? გამანადგურებლები ელვის სისწრაფით გესხმიან თავს. გამანადგურებლების რაზმს, ათას ხუთასი მეტრის მანძილზე რომ შეგნიშნავს, შეუძლია არ აჩქარდეს. იგი მოგეპარება, მიზანში ამოგიღებს და ხელსაყრელ პოზიციას დაიკავებს. თქვენ კი ჯერ არაფერი იცით. თქვენ თაგვივითა ხართ მოქცეული მტაცებელი ფრინველის ჩრდილქვეშ. თაგვს ეჩვენება, რომ ცოცხალია, და ჯერ კიდევ წრიალებს თავთავებში. მაგრამ იგი უკვე ქორის თვალების ტყვეა, იგი მაგრადაა მიწებებული ამ თვალებზე, უფრო მაგრად, ვიდრე ფისზე, რადგან ქორი ცოცხალს აღარ გაუშვებს მას.

სწორედ ასევე თქვენც განაგრძობთ ფრენას, ოცნებას, მიწისკენ ცქერას, მაშინ როდესაც უკვე სიკვდილი გაქვთ მისჯილი იმ უხილავი შავი წერტილის მიერ, რომელიც ადამიანის თვალის გუგაზე გამოისახა.

გამანადგურებელთა ჯგუფის ცხრა თვითმფრინავი, როცა მოესურვება, მაშინ დაგატყდება თავს. მათი დრო არაფრით არის შეზღუდული. და საათში ცხრაასი კილომეტრის სიჩქარით სრბოლისას გადმოისვრის თავის ვეება ჰარპუნს, რომელიც ყოველთვის სწვდება მსხვერპლს. ბომბდამშენთა ესკადრას კიდევ შეუძლია თავისი ცეცხლით დაიცვას თავი, მაგრამ მზვერავ ეკიპაჟს, მარტოდმარტო რომ მიფრინავს ცაში, არასოდეს ძალუძს სამოცდათორმეტი ტყვიამფრქვევის შეტევას გაუძლოს, რასაც მხოლოდ ტყვიების მოელვარე ძნებით შენიშნავს.

და სწორედ იმწუთას, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ თავს გესხმიან, გამანადგურებელი ერთბაშად ამოანთხევს შხამს, როგორც კობრა, და ისევ გაწვება თქვენ ზემოთ, გულბთილი და უვნებელი. კობრებმა იციან ასე – ჯერ ირხევიან, მერე ელვასავით ისვრიან გესლს და კვლავ განაგრძობენ რწევას.

ამიტომ, როდესაც გამანადგურებლების ჯგუფი თვალს მიეფარება, არაფერი იცვლება. სახეებიც კი არ შეიცვლება. ისინი მხოლოდ ახლა შეიცვლებიან, როდესაც ცაში მშვიდობა და სიჩუმე დაისადგურებს. გამანადგურებელი უკვე გულგრილ მოთვალთვალედ იქცა და იცდის – როდის იფეთქებს შტურმანის საძილე არტერიიდან სისხლის პირველი ნაკადი, როდის გამოჩნდება მოტორის გარსაცმიდან პირველი გაუბედავი ალი, რომელიც სამჭედლოს ქურად აქცევს თვითმფრინავს. კობრა უკვე დაგორგლილია, როდესაც მისი შხამი გულამდე აღწევს და მსხვერპლს პირველი კუნთი უტოკავს სახეზე. გამანადგურებლების ჯგუფი არა კლავს. იგი სიკვდილს თესავს და მისი დათესილის მოსავალი მაშინ მოდის, როდესაც გამანადგურებლების კვალიც კი აღარ ჩანს ცაზე.

რას ვადევნო თვალი, მაიორო ალიას? როდესაც ჩვენ გამანადგურებლებს შევხვდით, მე არაფერი მქონდა გადასაწყვეტი. შეიძლება არც კი მცოდნოდა მათი მოახლოება. შეიძლება ისიც კი არ მცოდნოდა, რომ ისინი უკვე ჩემ ზევით არიან.

რას ვადევნო თვალი?

ცა ცარიელია.

დედამიწაც ცარიელია. ათი კილომეტრის სიმაღლიდან რომ დასცქერი მიწას, ადამიანი აღარ არსებობს. ასეთ მასშტაბში ადამიანის მოძრაობას ვერ შენიშნავ. ჩვენი გრძელფოკუსიანი ფოტოაპარატები აქ მიკროსკოპის მაგივრობას გვიწევენ. მიკროსკოპი საჭიროა იმისთვის, რომ დაინახო ადამიანი კი არა, – იგი არა ჩანს ამ ხელსაწყოში, – არამედ მისი არსებობის კვალი: გზები, არხები, რკინიგზის ვაგონები, კარჭაპები. ადამიანი უხილავია მიკროსკოპის მინაში. მე კი გულგრილი მკვლევარი მეცნიერი ვარ და ჩემთვის ამ უხილავი არსებების ომი სხვა არაფერია, თუ არა ლაბორატორიული ექსპერიმენტი.

– გვესვრიან, დიუტერტრ?

– მგონი გვესვრიან.

დიუტერტრმა თვითონაც არაფერი იცის. ტყვიები ძალიან შორს სკდებიან და კვამლის ქულები მიწას ერწყმიან. ისინი, რაღა თქმა უნდა, არც იმედოვნებენ ასეთი არაზუსტი სროლით ჩვენს ჩამოგდებას. ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ჩვენ მიწიდან პრაქტიკულად მიუწვდომელნი ვართ. ისინი იმისთვის ისვრიან, რომ ჩვენი მდებარეობა დაადგინონ და იქნებ გამანადგურებლებიც მოგვისიონ – გამანადგურებლები, რომლებიც ისე არიან მიმოფანტულნი ამ ცაში, როგორც მტვრის უხილავი ნამცეცები.

ისინი, დედამიწაზე რომ არიან, თეთრი, სადაფისფრად მოციმციმე ზოლით გვამჩნევენ, რომელიც საქორწინო კაბის შლეიფივით მისდევს თვითმფრინავს დიდ სიმაღლეზე. ბოლიდის ფრენით გამოწვეული ძვრები ატმოსფეროს ორთქლის დაკრისტალებას იწვევს. და ჩვენც ღრუბლის ქულებს ვტოვებთ ჩვენ უკან, რომლებიც ყინულის პატარა ნემსებისაგან შედგება. და, თუ ატმოსფერული პირობები ხელს უწყობს ღრუბლების წარმოქმნას, თვითმფრინავის ეს კვალი ნელ-ნელა გაიზრდება და საღამოს ღრუბლად გაწვება მინდვრების თავზე.

გამანადგურებლები თავიანთი რადიომიმღებებით და ჩვენი დიდებული თეთრი შლეიფით გვპოულობენ. და მაინც ჩვენ თითქმის ვარსკვლავეთის სიცარიელეში ვლივლივებთ.

კარგად ვიცი, რომ საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სისწრაფით მივფრინავთ… და ამავე დროს ყველაფერი უძრავადაა. თვითმფრინავის სიჩქარეს მხოლოდ ლანდშაფტის დანახვისას ვგრძნობთ, რომელიც უკან გარბის. აქ კი ყველაფერი უსასრულობაში ჩაძირულა. ამიტომაა, რომ ვერც მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობას ვამჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი წამში ორმოცდაორ კილომეტრს გადის. მზეს რომ შემოუაროს, მას ერთი წელი სჭირდება. იქნებ ჩვენც მსოფლიო მიზიდულობის ამ კანონს ვემორჩილებით? და საჰაერო ომიც სხვა არაფერია, თუ არა მტვრის ნამცეცების შეჯახება, რომლებიც ტაძრის თაღქვეშ ტრიალებენ! ჩვენ მტვრის ნამცეცები ვართ, მაგრამ ჩვენც ვიზიდავთ რამდენიმე ათეულ ან ასეულ ნამცეცს. და ყველაფერი ეს, როგორც გაფერთხილი ხალიჩიდან ავარდნილი მტვერი, ნელა მიიწევს მაღლა, მზის სხივებში.

რას უნდა ვადევნო თვალი, მაიორო ალიას? ჩემ ქვევით, ვერტიკალურად, გარდასული საუკუნეების პატარ-პატარა ნივთებს ვხედავ, როგორც მუზეუმის ვიტრინის გამჭვირვალე მინაში. მაგრამ აი გადავუხვიე და ახლა, სინათლის პირისპირ, თითქმის უკვე ვეღარაფერს ვხედავ. წინ, ძალიან შორს, რაღა თქმა უნდა, დიუნკერკი და ზღვაა. მზე ახლა ძალიან დაბლაა. და მეც ვეება დაბლობის გასწვრივ მივფრინავ, რომელიც მზის სხივებზე ლაპლაპებს.

– დიუტერტრ, ხედავთ რამეს?

– ვერტიკალურად ვხედავ, კაპიტანო…

– ეი, მსროლელო, გამანადგურებლებზე რას მეტყვით?

– ახალს არაფერს.

მე მართლაც არაფერი ვიცი, მოგვდევენ თუ არა და მოჩანს თუ არა დედამიწიდან ობობას ქსელის მთელი შლეიფი, როგორიცაა ჩვენი კვალი.

ეს „შლეიფი“ ასოციაციებს იწვევს ჩემს გონებაში. ჩემ თვალწინ ცოცხლდება სახე, რომელიც ერთი შეხედვით თვალისმომჭრელ მშვენებად მეჩვენება: „…მიუწვდომელნი, როგორც ძალიან ლამაზი ქალი, ჩვენ ბედისწერის გზით მივიწევთ და ჩვენს კვალდაკვალ ნელა მოცურავს ვარსკვლავებით მოოჭვილი თეთრი შლეიფი…“

– ცოტა მარცხენა ფეხი!

ეს რეალობაა. მაგრამ მე ისევ ვუბრუნდები იაფფასიან პოეზიას:

„… ჩვენს დანახვაზე მოთაყვანეთა მთელი გუნდი წამოიშლება“.

მარცხენა ფეხი… მარცხენა ფეხი… მაგრამ როგორ? ძალიან ლამაზი ქალის ვირაჟი ვერ მოხერხდა.

– თუ მღერით, ლარინგოფონი გამოთიშეთ, კაპიტანო.

ნუთუ ვმღეროდი?

მაგრამ დიუტერტრი მსუბუქი მუსიკის გუნებას მიფუჭებს.

– თითქმის უკვე დავამთავრე გადაღება. მალე არასისკენ შევძლებთ დაშვებას.

მე შევძლებ… რაღა თქმა უნდა, შევძლებ! საჭიროა ხელსაყრელი პირობებით ვისარგებლო.

სეირი თუ გნებავთ, ეს არის! აირის სექტორის ბერკეტებიც გაიყინა.

და მე ვფიქრობ:

„ამ კვირაში სამი მზვერავი ეკიპაჟიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ეს იმის ნიშანია, რომ გადარჩენის იმედი თითქმის არ არის, მაგრამ კიდეც რომ გადავრჩეთ, არაფერი გვექნება მოსაყოლი. წინათ მქონია ხოლმე საგმირო თავგადასავალი, საფოსტო ხაზების შექმნისას, საჰარაში და სამხრეთ ამერიკაში იძულებითი დაშვების დროს… მაგრამ ომი ნამდვილი გმირობა არ არის. იგი ერზაც-გმირობაა. ყოველი გმირობის საფუძველია ის კავშირები, რომლებსაც იგი ამყარებს, ის ამოცანები, რომლებსაც იგი სახავს, და ის მოქმედება, რომლის სურვილსაც იგი აღძრავს. იმისთვის, რომ ფულობანას თამაში გმირობად იქცეს, საკმარისი არ არის, რომ სიკვდილ-სიცოცხლეზე თამაშობდე. ომი გმირობა არ არის. ომი ავადმყოფობაა, როგორც ტიფი.

იქნებ ოდესმე, მოგვიანებით, შევიგნო, რომ ჩემი ერთადერთი სამხედრო გმირობა ორკონტში გატარებული დღეები იყო.

11

ორკონტში – სენ-დიზიეს მახლობელ სოფელში – ერთ პატარა, ალიზით შელესილ სახლში ვცხოვრობდი. ამ სოფელში იდგა ჩემი ავიაჯგუფი 1339 წლის მთელი ზამთრის განმავლობაში. ღამით ტემპერატურა სახლში ისე კლებულობდა, რომ თიხის დოქში წყალი იყინებოდა. დილით, ვიდრე ჩაცმას შევუდგებთდი, ჯერ ცეცხლს ვაჩაღებდი ბუხარში. მაგრამ ამისათვის ლოგინიდან გამოძრომა იყო საჭირო, რომელშიც თბილად ვიყავი გახვეული და ვნეტარებდი.

არაფერი შეედრებოდა ამ უბრალო მონასტრულ საწოლს ცარიელ და გაყინულ ოთახში. აქ ნეტარებით ვისვენებდი მძიმე დღის შემდეგ და საფრთხე არ მელოდა. დღისით ჩემს სხეულს დიდი სიმაღლის სასტიკი განსაცდელი და მომაკვდინებელი ტყვიები ემუქრებოდა. დღისით შეეძლოთ სატანჯველად გაეწირათ და უაზროდ მოესპოთ იგი. დღისით ჩემი სხეული ჩემი აღარ იყო. იგი უკვე აღარ მეკუთვნოდა მე. მისი ნაწილები შეეძლოთ მოეკვეთათ, შეეძლოთ სისხლი გამოედინათ მისგან. იმიტომ, რომ – და ესეც ომის მოვლენათა რიცხვს ეკუთვნის – ადამიანის სხეული ნაწილების საწყობადაა ქცეული და ჩვენს საკუთრებას აღარ წარმოადგენს. მოდის სასამართლოს აღმასრულებელი და თავის უფლებას გიცხადებთ თქვენს თვალებზე. და თქვენც უთმობთ თვალებს. სასამართლოს აღმასრულებელი თქვენს ფეხებს მოითხოვს და თქვენ უთმობთ მას სიარულის უნარს. სასამართლოს აღმასრულებელი ჩირაღდნით მოდის თქვენთან და თქვენი სახის ხორცს მოითხოვს. და თქვენ საფრთხობელად იქცევით, რადგან ვალში ღიმილის უნარი, ადამიანებისადმი მეგობრული განწყობილების გამოხატვის უნარი გადაიხადეთ. და აი სხეული, რომელიც შეიძლება ჩემს მტრად იქცეს დღესვე და ტკივილი მომაყენოს, ეს სხეული, რომელმაც შეიძლება თავი მომაბეზროს ჩივილით, ჯერჯერობით ჩემი მეგობარი, ჩემი დამჯერე და ახლობელი არსებაა. იგი მოგორგლილა საბნის ქვეშ, ბედნიერად ხვრინავს და, სიცოცხლის სიხარულის გარდა, არაფერს აგრძნობინებს ჩემს ცნობიერებას. მაგრამ, მსურს თუ არა მსურს, უნდა ვაიძულო ლოგინიდან ადგეს და ყინულიანი წყლით დავბანო და გავპარსო, რომ ასეთი დაბანილ-დავარცხნილი დავაყენო ფოლადის ნამსხვრევების პირისპირ. ეს კი იმას უდრის, რომ ხელიდან გამოგლიჯო ბავშვი დედას, ძუძუს მოსწყვიტო, მოაკლო ყველაფერს, რაც ანებივრებს, ეალერსება და იფარავს მის პატარა სხეულს.

კარგა ხნის ყოყმანისა და დაყოვნების შემდეგ კბილს კბილზე ვაჭერდი, ერთი ნახტომით ვჩნდებოდი ბუხართან, შეშის კონას ცეცხლს ვუკიდებდი და, როგორც კი შეშას ცეცხლი მოედებოდა, ხელმეორედ ვსერავდი ოთახს ერთი კუთხიდან მეორემდე და ისევ ვეფლობოდი საწოლში, სადაც ჯერ კიდევ თბილოდა და საიდანაც, საბნებსა და ბუმბულებში გახვეული, მხოლოდ ცალი თვალით ვუთვალთვალებდი ბუხარს. წერ მეჩვენებოდა, რომ შეშას ცეცხლი არ ეკიდებოდა. მერე ერთბაშად ცეცხლის უეცარი ანარეკლი აინთებოდა ჭერზე. მერე კი ცეცხლი ძლიერდებოდა, როგორც მხიარულება შუაგულ ზეიმზე. ბუხარი ტკაცუნს, გუგუნსა და სიმღერას იწყებდა და ისეთი ხმაური იდგა, როგორც სოფლურ ქორწილში, როცა მაყრებს ღვინო მოეკიდებათ და მუჯლუგუნებს სთავაზობენ ერთმანეთს.

მეჩვენებოდა, თითქოს ჩემი კეთილი ცეცხლი მიცავდა, როგორც ერთგული და თავგანწირული მეცხვარის ძაღლი იცავს თავის მწყემსს, და, ცეცხლის შემყურე, აუწერელ სიხარულს განვიცდიდი. ხოლო როდესაც ზეიმი უმაღლეს წერტილს აღწევდა – როდესაც ჭერზე ცეცხლის ანარეკლები აცეკვდებოდნენ, ორკესტრი ოქროსფრად აგიზგიზდებოდა და ოთახი ფისისა და კვამლის ჯადოსნური სურნელებით ივსებოდა, მე ერთი ნახტომით ვშორდებოდი ერთ მეგობარს მეორის გამო და საწოლიდან ბუხრისკენ გავრბოდი – უპირატესობას ვანიჭებდი უფრო გულუხვს. და, მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი – მუცელს ვიწვავდი თუ გულს ვითბობდი ბუხართან. ორი ცდუნებიდან უსინდისოდ ვეძლეოდი უფრო ძლიერს, განსაკუთრებით ბრჭყვიალა ცდუნებას, იმას, რომელიც თავისი დაფდაფითა და ილუმინაციით უკეთეს რეკლამას იქმნიდა.

და ასე, სამჯერ უნდა გადამესერა ოთახი: ჯერ ბუხრის ასანთებად, მერე იმისთვის, რომ ისევ ჩავწოლილიყავი ლოგინში. მერე კი იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი და სითბოს მოსავალი მომემკა. სამჯერ ვსერავდი კბილებაკაწკაწებული ყინულოვან უდაბნოს და თითქმის ვგრძნობდი, როგორი უნდა იყოს პოლარული მოგზაურობა.

მე უდაბნოში მივიწევდი სანეტარო დასაგდომი მოედნისაკენ და ბოლოს მიფასდებოდა შრომა მოგიზგიზე ალით, რომელიც ჩემ წინაშე მეცხვარის ძაღლის ცეკვას ასრულებდა ჩემთვის.

ეს თითქოს არაფერია. მაგრამ ჩემთვის ეს უდიდესი მოვლენა იყო. ჩემი ოთახი მთელი სიცხადით ავლენდა ჩემ წინაშე იმას, რასაც მე ვერასოდეს აღმოვაჩენდი მასში, ტურისტად რომ მოვსულიყავი აქ ერთ მშვენიერ დღეს. იგი მე ერთ ცარიელ, უშნო ოთახად მომეჩვენებოდა, რომელშიც ღარიბული საწოლის, წყლიანი დოქისა და ცუდი ბუხრის მეტს ვერაფერს აღმოვაჩენდი. რამდენჯერმე დავამთქნარებდი – ეს იქნებოდა და ეს. როგორ შევძლებდი მეგრძნო მისი სამი სახე, სამი სამეფო – ძილის, ცეცხლისა და უდაბნოსი? როგორ შევძლებდი განმეცადა მთელი მეტამორფოზა სხეულისა, რომელიც ჯერ ბავშვის სხეულია, დედის მკერდს ჩაკონებული, დედის სხეულითა და ალერსით გამთბარი, მერე – ჯარისკაცის სხეული, რომელიც ტანჯვისთვის არის შექმნილი; მერე კი – იმ ადამიანისა, რომელიც ტომის ღვთაებად ქცეული ცეცხლის თაყვანისცემით არის გამსჭვალული. და ცეცხლიც პატივს მიაგებს მასპინძელს და მის სტუმრებს. მეგობრის სანახავად მოსული სტუმრები, ცეცხლს რომ უსხედან, ზეიმში მონაწილეობენ, ახლოს მიუჩოჩებენ თავიანთ სკამებს მასპინძელს და ახალ ამბებზე, თავიანთ საქმეებსა და საზრუნავზე ბაასობენ; ისინი ხელებს იფშვნეტენ სიამოვნებისაგან, ჩიბუხს ტენიან და ამბობენ, კარგია ცეცხლთან ყოფნაო.

მაგრამ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს ცეცხლი, რომ ალერსის რწმენა დამიბრუნოს. აღარ არის გაყინული ოთახი, რომ თავგადასავლის არსებობაში დამარწმუნოს. მე სინამდვილეს ვუბრუნდები. ჩემ ირგვლივ აბსოლუტური სიცარიელეა. ჩემში კი – მხოლოდ უკიდურესი სიბერე. და მე მხოლოდ ერთი ხმა მესმის, დიუტერტრის ხმა, რომელიც ჯიუტად მიმეორებს თავის ამაო სურვილს:

„მარცხენა ფეხი, კაპიტანო…“

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button