ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

17

არსებობს ერთი ურყევი კანონი: შეუძლებელია თვალის დახამხამებაში აქციო დამარცხებული გამარჯვებულად. როდესაც არმიაზე ამბობენ – ჯერ უკან იხევდა, მერე კი შეტევაზე გადავიდაო – ეს მხოლოდ სიტყვებია, იმიტომ, რომ უკანდახეული ჯარის ნაწილები და ის ჯარი, რომელიც ბრძოლაში ებმება, ერთი და იგივე არ არის. არმია, რომელიც უკან იხევს, უკვე აღარ არის არმია. და იმიტომ კი არა, რომ მისი ჯარისკაცები ღირსნი არ არიან გამარჯვებისა, არამედ იმიტომ, რომ უკანდახევა ყოველგვარ კავშირს არღვევს – მატერიალურსაც და სულიერსაც. ჯარს, რომელმაც უკან დაიხია, ახალი რეზერვებით ავსებენ, რომლებსაც ჯანსაღი ორგანიზმის თვისებები აქვს. სწორედ ისინი უღობავენ გზას მტერს. უკან გაქცეულებს კი კრებენ და ამ უფორმო ცომისგან ისევ ძერწავენ არმიას. ხოლო, თუ რეზერვები არ არის, მაშინ პირველივე უკანდახევა ისეთ შედეგს გამოიღებს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია!

მხოლოდ გამარჯვება აერთიანებს, დამარცხება კი თიშავს ადამიანებს. იგი თვით ადამიანის სულშიაც გაორებას იწვევს. ბრძოლის ველიდან გაქცეულები სწორედ იმიტომ არ დასტირიან დაღუპვის პირას მისულ საფრანგეთს, რომ დამარცხებულნი არიან. იმიტომ არ დასტირიან, რომ საფრანგეთი არა მარტო მათ გარეთ, არამედ თვით მათში განადგურდა. საფრანგეთის დატირება კი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ უკვე გამარჯვებული ხარ.

თითქმის ყველას წინაშე – იმათ წინაშეც, ვინც ჯერ კიდევ განაგრძობს წინააღმდეგობას, და იმათ წინაშეც, ვინც უკვე აიღო ხელი წინააღმდეგობაზე – ძირს დანარცხებული საფრანგეთის სახე მოგვიანებით წარმოდგება, როდესაც სიჩუმე დაისადგურებს. დღეს კი ყველა უკანასკნელ ძალ-ღონეს ძაბავს, რომ რომელიმე უბრალო დეტალი შეაკეთოს, რომელიც მოშლილა ან საცაა უნდა მოიშალოს – ავარიაში მოხვედრილი სატვირთო მანქანა იქნება ეს თუ გაჭედილი გზა, გახირული ბერკეტი თუ უაზრო დავალება. სწორედ დავალების უაზრობაა დამარცხების სიმბოლო. იმიტომ, რომ უაზრო ხდება ყოველგვარი საქციელი, რომელსაც ნგრევას უპირისპირებენ. იმიტომ, რომ დაბნეულობა ყველას და ყველაფერს მოედო. აღარავინ ნაღვლობს საყოველთაო კატასტროფას. თითოეული მხოლოდ იმას დასტირის, რაზედაც თვითონ უნდა აგოს პასუხი, რაც მის ხელშია და ინგრევა. დაქცევის პირას მისული საფრანგეთი ნამსხვრევების ზღვაში ინთქმება და ცალკეული ნამსხვრევი უკვე აღარაფრად ღირს – არც ეს დავალება, არც ეს სატვირთო მანქანა, არც ეს გზა და არც ეს ყოვლად უვარგისი ბერკეტი.

ნგრევა, რაღა თქმა უნდა, სავალალო სანახაობაა. სულმდაბალი ადამიანები ამ დროს თავიანთ მდაბალ სულს ააშკარავებენ. მძარცველები მძარცველებად გვევლინებიან. საზოგადოების საფუძვლები ირყევა. ჯარი უკიდურესი ზიზღისა და დაღლილობისაგან იხრწნება და უაზრო ბრბოდ იქცევა. და ყოველივე ეს კატასტროფის გამოვლინებაა, როგორც სვირინგები – შავი ჭირისა. მაგრამ თუ სატვირთო მანქანამ იმ ქალის სხეულზე გადაიარა, რომელიც თქვენ გიყვართ, ნუთუ თქვენ გაკიცხავთ მას სიმახინჯისთვის?

დანაშაული, რომელსაც დამარცხება თავის მსხვერპლთ მიაწერს – აი რა არის მისი უდიდესი უსამართლობა. მაგრამ როგორ უნდა დაინახო დამარცხების დროს თავგანწირვა, მოვალეობის მტკიცე ერთგულება, ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლი და უძილობა, როცა თვითონ ღმერთმა, რომელიც ბრძოლის ბედს წყვეტს, არ ისურვა ანგარიში გაეწია ყოველივე ამისთვის! ან სიყვარული როგორ უნდა დაინახო?.. განა ძალუძს დამარცხებას მისი აღმოჩენა? დამარცხებას სააშკარაოზე გამოჰყავს სარდლების უძლურება, ჯარების დაბნეულობა, ბრბოს ინერტულობა. ბევრმა მართლაც აარიდა თავი მოვალეობის შესრულებას. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც ასეთ ფაქტებს? საკმარისი იყო ხმა დარხეულიყო, რუსები შეტევაზე გადავიდნენ ან ამერიკელები ომში ჩაებნენო, რომ ადამიანები გარდაქმნილიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ, საერთო იმედით აღფრთოვანებულნი. ასეთი ხმა ყოველთვის წმენდდა ატმოსფეროს, როგორც მონაბერი ზღვაური. ნუ განსჯით საფრანგეთს მისი დამარცხების შედეგების მიხედვით.

საფრანგეთი უნდა განსაჯოთ იმის მიხედვით, თუ როგოთ უყოყმანოდ გაიღო მან მსხვერპლი. საფრანგეთი ლოგიკის ყველა კანონის წინააღმდეგ ჩაება ომში. ლოგიკა ამბობდა: „გერმანელები ოთხმოცი მილიონი არიან! ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წელიწადში გავაჩინოთ ქვეყნად ორმოცი მილიონი ფრანგი, რომლებიც გვაკლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხორბლის ყანები ქვანახშირის საბადოებად ვაქციოთ. ჩვენ არ შეგვიძლია შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ. მაშ რატომღა უნდა მოვიკლათ თავი იმის გამო, რომ ვერ გადავარჩენთ დანცინგს, რომელსაც გერმანელები ეპოტინებიან და რომლის გადარჩენა შეუძლებელია? სირცხვილის თავიდან ასაცილებლად? განა სირცხვილია, რომ ჩვენი მიწა უფრო მეტ პურს შობს, ვიდრე მანქანებს, ანდა ის, რომ ჩვენ ორჯერ ნაკლები ვართ მათზე? რატომ უნდა შევრცხვეთ ჩვენ და არა მთელი მსოფლიო?“ ლოგიკურად მოაზროვნენი მართალნი იყვნენ. ომი ჩვენთვის კატასტროფას მოასწავებდა. უნდა აეცდინა თუ არა საფრანგეთს ომი, რომ კატასტროფისგან დაეღწია თავი? არა მგონია. და საფრანგეთმაც ასე განსაჯა ინტუიციით, რაკი ამის მაგვარმა გაფრთხილებებმა ვერ ააცდინა იგი ომს. სულმა სძლია გონებას საფრანგეთში.

ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს. და დაღუპვას, როგორი საზარელიც უნდა იყოს იგი, შეუძლია თვითონ გაკაფოს ერთადერთი გზა აღორძინებისკენ. იმისთვის, რომ ხე დაიბადოს, თესლი უნდა დალპეს. წინააღმდეგობის პირველი აქტი, თუ მან ძალიან დაიგვიანა, ყოველთვის დასაღუპავადაა განწირული. მაგრამ იგი წინააღმდეგობის ძალებს ბადებს და მისგან შეიძლება წინააღმდეგობა ამოიზარდოს, როგორც თესლისგან – ხე.

საფრანგეთმა შეასრულა თავისი როლი: იგი თანახმა გახდა გაესრისათ – რაკი მთელმა ქვეყანამ მსაჯულის ადგილის დაკავება ამჯობინა – და რამდენიმე ხნით მდუმარებაში დანთქმულიყო. როცა შეტევაზე გადასვლაა ნაბრძანები, ვიღაც აუცილებლად უნდა მიუძღოდეს შეტევაზე გადასულთ. და მოწინავენი თითქმის ყოველთვის იღუპებიან. მაგრამ იმისთვის, რომ შეტევა განხორციელდეს, პირველი რიგები უნდა დაიღუპოს.

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამ როლით, იმიტომ, რომ ყოველგვარი ილუზიის გარეშე დავთანხმდით, ერთი ჯარისკაცი გამოგვეყვანა სამის წინააღმდეგ და ჩვენი გლეხები – მათი მუშების წინააღმდეგ! მე არ მინდა, რომ დამარცხების მახინჯი შედეგების მიხედვით იმსჯელონ ჩვენზე! ნუთუ შეიძლება წყლულებისა და ჭრილობებისთვის გაასამართლო ის, ვინც თანახმაა ცოცხლად დაიწვას აფრენილ თვითმფრინავში? მას ხომ სახიჩრობა ელის.

18

მაგრამ ეს ომი ისე წარიმართა, რომ, მიუხედავად მისი სულიერი მნიშვნელობისა, რისთვისაც ეს ომი ჩვენს შინაგან აუცილებლობად მივიჩნიეთ, უცნაურ ომად გვეჩვენა. მე არასოდეს მრცხვენოდა ამ სიტყვებისა. ომის გამოცხადებაც ვერ მოვასწარით და უკვე ლოდინი დაგვჭირდა, როდის მოიღებდნენ მოწყალებას და გაგვანადგურებდნენ, რადგან შეტევის არავითარი საშუალება არ გვქონდა.

და გაგვანადგურეს.

ტანკების წინააღმდეგ ხელთ მხოლოდ ხორბლის ძნები გვეჭირა. და ხორბლის ძნები ამ საქმისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ახლა განადგურება დამთავრებულია. აღარც არმიაა, აღარც რეზერვები, აღარც კავშირები და აღარც მატერიალური ნაწილები.

მაგრამ მე მაინც მთელი მონდომებით განვაგრძობ ფრენას. საათში რვაასი კილომეტრის სიჩქარით ვეშვები გერმანელთა პოზიციებისკენ წუთში სამი ათას ხუთას ოცდაათი ბრუნვით. რატომ? როგორ თუ რატომ! იმიტომ, რომ თავზარი დავცე მათ! იმიტომ, რომ გერმანელები ჩვენი მიწიდან წაეთრიონ! რაკი ცნობები, რომლებსაც ჩვენ შევაგროვებთ, უსარგებლოა, ჩვენს დავალებას სხვა არავითარი მიზანი შეიძლება ჰქონდეს.

უცნაური ომია!

თუმცა მე ვაზვიადებ. მე საგრძნობლად დავეშვი. მართვა და აირის ბერკეტები გალღვა. სიმაღლე და სიჩქარე ნორმალურია. და მე მხოლოდ ხუთას ოცდაათი კილომეტრის სიჩქარით ვიჭრები გერმანელთა პოზიციებში ორი ათას ხუთასი ბრუნვით წუთში. და გული მწყდება, რომ ახლა მათ ისე აღარ შეეშინდებათ.

ჩვენ გაგვკიცხავენ იმისთვის, რომ ამ ომს „უცნაური ომი“ ვუწოდეთ!

მაგრამ ხომ ჩვენ თვითონ ვუწოდეთ მას ეს სახელი! მაშასადამე, იგი მართლაც უცნაურად გვეჩვენა! ჩვენ კი უფლება გვაქვს ისე ვიხუმროთ მასზე, როგორც მოგვესურვება, იმიტომ, რომ მთელ მსხვერპლს ჩვენ ვკისრულობთ. მე უფლება მაქვს ვიხუმრო საკუთარ სიკვდილზე, თუ მე ეს გამართობს. და დიუტერტრსაც აქვს ამის უფლება. მე უფლება მაქვს, პარადოქსებით გავერთო. და, მართლაც, რატომ იწვის სოფლები? რატომ მილასლასებს გზებზე სახლ-კარს მოკლებული ხალხი? და რატომ შევიჭერით უყოყმანოდ ამ მექანიზებულ სასაკლაოში?..

მე ყველაფრის ნება მაქვს. იმიტომ, რომ ამწუთას მშვენივრად ვიცი, რასაც ვაკეთებ. მე ჩემი ნებით ვეგებები სიკვდილს. მე რისკს კი არ ვწევ, ომს კი არ ვიღებ, მე სიკვდილს ვიღებ. ჩემ წინაშე, ჩემ თვალწინ დიდ ჭეშმარიტებას მოეფინა შუქი. ომი რისკი არ არის. ეს არ არის ბრძოლის მიღება. ზოგჯერ ომი მხოლოდ სიკვდილის მიღებაა.

ამ დღეებში, როდესაც უცხოური პრესა ჩვენი მსხვერპლის სიმცირეზე ლაპარაკობდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი ჩვენი ეკიპაჟების შემყურე, რომლებიც მიფრინავდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ: „რისთვის ვწირავთ სიცოცხლეს? ვინ გადაგვიხდის სამაგიეროს?“

იმიტომ, რომ ჩვენ ვკვდებით. იმიტომ, რომ ორ კვირაში უკვე ას ორმოცდაათი ათასი ფრანგი დაიღუპა. თუმცა მათი სიკვდილი იქნებ არც კი წარმოადგენდეს ჩვენი უჩვეულო წინააღმდეგობის ილუსტრაციას. მე სრულებითაც არ ვასხამ ქებათა ქებას ამ წინააღმდეგობას. ეს შეუძლებელია. მაგრამ ხომ არსებობს ქვეითი ჯარის მთელი რაზმები, რომლებიც სიკვდილს არ ერიდებიან, რომ დასაღუპავად განწირული ფერმა დაიცვან, და მფრინავების მთელი ჯგუფები კოცონში გადასროლილი ცვილივით დნებიან.

რატომაა, რომ ჩვენი ავიატგუფი 2/33 ჯერ კიდევ თანახმაა მოკვდეს? მსოფლიოს პატივისცემა რომ დაიმსახუროს? მაგრამ პატივისცემა მსაჯულებსაც გულისხმობს. და რომელი ჩვენგანი მისცემს ვინმეს ნებას, რომ ჩვენ გაგვასამართლოს? ჩვენ იმ საქმისთვის ვიბრძვით, რომელსაც საყოველთაო საქმედ ვთვლით. ბანქოს ქაღალდზეა დასმული არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლება. და ჩვენ არბიტრის როლი მეტისმეტად იოლი გვეჩვენება. ჩვენ თვითონ ვასამართლებთ არბიტრებს. ჩემი ავიაჯგუფის ყველა წევრი ასამართლებს არბიტრებს. მაშ აღარავინ გაბედოს და აღარ გვითხრას, რომ ყველას თვალი ჩვენკენაა მოპყრობილი! არც ჩვენ გვითხრას ეს; ჩვენ, ვინც უყოყმანოდ ვთანხმდებით ისეთი დავალების შესასრულებლად გავფრინდეთ, რომლის დროსაც სამიდან ერთი თვითმფრინავი ბრუნდება (თუ დავალება იოლია), არც სხვა ავიაჯგუფების მფრინავებს, და არც იმ მეგობარს, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევმა სახე დაუმახინჯა და სამუდამოდ წაართვა სიხარული – მოეწონოს ქალს, წაართვა ეს ბუნებრივი უფლება და სახიჩრობა დაუყენა უმწიკვლობის დარაჯად – სატუსაღოს კედლებსა და ციხე-სიმაგრეების მაღალ ზღუდეებზე უფრო საიმედო გუშაგად.

არავინ გაგვიბედოს იმის თქმა, რომ ჩვენ მაყურებლები გვყავს და რომ ისინი გვასამართლებენ. მაყურებლები ტორეადორებს სჭირდებათ, ჩვენ კი ტორეადორები არა ვართ. ოშედესთვის რომ ეთქვა ვინმეს: „შენ დაზვერვაზე უნდა წახვიდე, რადგან მაყურებლები შემოგცქერიანო“, ოშედე მიუგებდა: „აქ რაღაც შეცდომაა. ისინი კი არ შემომცქერიან, მე დავცქერი მათ“.

მაშ რისთვისღა ვიბრძვით? დემოკრატიისთვის? მაგრამ თუ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიხოცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დემოკრატიულ ქვეყნებს. თუ ასეა, მათაც იბრძოლონ ჩვენ მხარდამხარ! მაგრამ ყველაზე ძლიერმა მათ შორის, ერთადერთმა, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეეძლო, ზურგი გვაქცია გუშინ და დღესაც უარგვყვეს. რა გაეწყობა! ეს მისი უფლებაა. მაგრამ ამით იგი გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ საკუთარი ინტერესებისთვის ვიბრძვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველაფერი წაგებულია. მაშ რისთვისღა განვაგრძობთ სიკვდილს?

სასოწარკვეთილების გამო? მაგრამ ჩვენ არავითარ სასოწარკვეთილებას არა ვგრძნობთ! თქვენ წარმოდგენაც არ გქონიათ, რომ მას სასოწარკვეთილების წარმოშობა ძალუძს.

არსებობს უფრო მაღალი ჭეშმარიტება, ვიდრე გონების ყველა საბუთი. ჩვენ რაღაცითა ვართ გამსჭვალულნი და ეს რაღაც წარმართავს ჩვენს საქციელს. მე ვემორჩილები ამ რაღაცას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შემიცვნია იგი. ხეს ენა არა აქვს. ჩვენ ხის ტოტები ვართ. არსებობს აშკარა ჭეშმარიტებები, რომელთა სიტყვებით გამოთქმაც შეუძლებელია. იმიტომ კი არ მივდივარ სასიკვდილოდ, რომ თავდამსხმელებს გადავუღობო გზა – არ არსებობს ისეთი სიმაგრე, რომელსაც თავს შევაფარებდი იმათთან ერთად, ვინც მიყვარს, და გავუმკლავდებოდი მტერს. არც სახელის დასაცავად მივდივარ სასიკვდილოდ, იმიტომ, რომ სახელის საქმედ არა ვთვლი ამას. მე უარვყოფ მოსამართლეებს. და არც სასოწარკვეთილების გამო ვწირავ თავს. ამავე დროს მე ვიცი, რომ ოცდაათი წამიც არ გაივლის და დიუტერტრი, რომელიც ახლა რუკას დასცქერის, როგორც კი გამოთვლის, რომ არასი სადღაც იქ – ას სამოცდათხუთმეტ გრადუსზე მდებარეობს, მეტყვის: – კურსი ას სამოცდათხუთმეტი, კაპიტანო

და მეც ავიღებ ამ კურსს.

19

– ას სამოცდათორმეტი.

– არის. ას სამოცდათორმეტი.

ას სამოცდათორმეტზედაც თანახმა ვარ. ჩემი ეპიტაფია ასეთი იქნება: „ზუსტად იცავდა კურსს – ას სამოცდათორმეტს“, – რამდენ ხანს შეიძლება გაუძლო ამ მდგომარეობას? მე შვიდას ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე მიმყავს თვითმფრინავი მთლიანი ღრუბლების ჭერქვეშ. ოცდაათი მეტრითაც რომ ავიწიო მაღლა, დიუტერტრი ვეღარაფერს დაინახავს და ვერ გადაიღებს. ჩვენ იძულებულნი ვართ, პირდაპირ მტრის თვალწინ ვიფრინოთ და კარგ სასწავლო მიზანს წარმოვადგენდეთ გერმანელთა ქვემეხებისთვის. შვიდასი მეტრი აკრძალული სიმაღლეა. ამ სიმაღლეზე დაბლობის ყოველი წერტილიდან შეუძლიათ ამოგიღონ მიზანში. მთელი არმიის არტილერია შენ გიმიზნებს და ყოველი ყალიბის ქვემეხისთვის მისაწვდომი ხარ. უსასრულოდ დიდხანს ხარ გამოკიდული ქვემეხების სამიზნე არეში. და ისინიც, კი არ გიმიზნებენ, პირდაპირ კეტებით გცემენ, თითქოს ათასი კეტი აუღიათ, რომ ერთი კაკალი ჩამოაგდონო.

მე მშვენივრად გავიაზრე ყველაფერი: თუ რამე მოხდა, პარაშუტით გადახტომაზე ფიქრიც ზედმეტია. როცა დაცხრილული თვითმფრინავი თავდაყირა წავა, საავარიო სანათურის გაღების პროცესს მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თვითმფრინავის დავარდნას. სანათური რომ გააღო, შვიდჯერ უნდა გადაატრიალო სახელური, რომელიც მძიმედ მოძრაობს. გარდა ამისა, სრულ სიჩქარეზე სანათურის ფორმა იცვლება და აღარ სრიალებს სახსრებზე.

რას იზამ. ესეც ხომ უნდა განიცადო ცხოვრებაში! ცერემონიალი რთული არაა: უნდა მეჭიროს კურსი ას სამოცდათორმეტი. არ უნდა დავბერებულიყავი. სხვა არაფერი იყო საჭირო. ისეთი ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში! მაგრამ მართლა ბედნიერი ვიყავი? მე უკვე ვესტიბიულში მქონდა აღებული კურსი ას სამოცდათორმეტი, ჩემი ბიძების გამო.

ბავშვობა… ახლა იგი უღრუბლოდ მეხატება. და არა მარტო ბავშვობა. არამედ მთელი წარსული. მე ვხედავ, როგორ გარბის იგი და სივრცეში ინთქმება, როგორც მინდორი.

და მე მეჩვენება, რომ არ შევცვლილვარ. ის, რასაც ახლა ვგრძნობ, ყოველთვის ვიცოდი. სიხარულისა და მწუხარების საბაბი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ გრძნობები იგივე დარჩა. სწორედ ასე ვიყავი მაშინ ბედნიერი ან უბედური. ხან მსჯიდნენ და ხან მიტევებდნენ, ხან კარგად ვსწავლობდი, ხან – ცუდად…

ყველაზე უფრო ადრინდელი მოგონება? მე მყავდა ტიროლელი ძიძა, რომელსაც პაულა ერქვა. მაგრამ ამას მოგონებაც არ ეთქმის: ესაა მოგონების მოგონება. ხუთი წლის რომ ვიყავი და ის ამბავი შემემთხვა ვესტიბიულში, პაულა უკვე ლეგენდად იყო ქცეული. მაგრამ კიდევ დიდხანს, ახალი წლის წინ, დედა გვეუბნებოდა ხოლმე: „პაულას წერილი მოვიდაო!“ და ეს უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის, ბავშვებისთვის. მაინც რა გვახარებდა ასე? პაულა ხომ არც ერთს არ გვახსოვდა – იგი თავის ტიროლში წავიდა, დაუბრუნდა თავის პატარა ტიროლურ სახლს, რომელიც იმ ბარომეტრს ჰგავდა, თოვლში მიკარგული პატარა შალეს [**] ფორმა რომ აქვს. და, როგორც ყოველ ასეთ ბარომეტრში, მზიან დღეებში პაულა კარის ზღურბლზე გამოჩნდებოდა ხოლმე.

– ლამაზია პაულა?

– მომხიბლავი.

– ტიროლში ხშირადაა კარგი ამინდი?

– ყოველთვის.

ტიროლში ყოველთვის კარგი ამინდი იყო. და პაულაც გამოდიოდა თავისი შალე-ბარომეტრიდან თოვლით დაფარულ პატარა მინდორზე. წერა რომ ვისწავლე, პაულასთვის მაწერინებდნენ წერილს. „ძვირფასო პაულა. – ვწერდი მე, – ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია წერილი მოგწეროთ…“ და ეს ლოცვას უფრო ჰგავდა, რადგან მე არ ვიცნობდი მას…

– ას სამოცდათოთხმეტი.

– გასაგებია. ას სამოცდათოთხმეტი.

ას სამთცდათოთხმეტზედაც თანახმა ვარ, ოღონდ ეპიტაფიის შეცვლა იქნება საჭირო. საოცარია, როგორ ერთბაშად წარმომიდგა თვალწინ მთვლი ცხოვრება. მე ჩავალაგე ჩემი მოგონებები. ამიერიდან ეს მოგონებები აღარ იქნება საჭირო. არავისთვის და არასოდეს. მე გულში ვინახავ დიდი სიყვარულის მოგონებას. დედა გვეუბნებოდა: „პაულა მთხოვს – ყველანი დამიკოცნეო…“ და დედა ყველას გვკოცნიდა პაულას მაგიერ.

– პაულამ იცის, როგორ გავიზარდე?

– რაღა თქმა უნდა, იცის.

პაულამ ყველაფერი იცოდა.

– კაპიტანო, გვესვრიან.

პაულა, მესვრიან! მე თვალს ვავლებ ალტიმეტრს: ექვსას ორმოცდაათი მეტრი. ღრუბლები შვიდას მეტრზეა ჩამოწოლილი. რა გაეწყობა! ღრუბლების ქვეშ ქვეყნიერება არც ისეთი შავია, როგორიც მეგონა: იგი ლურჯია, მშვენიერი ლურჯი ფერისა. ახლა საღამოა და მთელ დაბლობს ლურჯი ფერი დაჰფენია. ალაგ-ალაგ წვიმს. ლურჯად ცრის…

– ას სამოცდარვა.

– გასაგებია. ას სამოცდარვა.

ას სამოცდარვაზედაც თანახმა ვარ. უნდა ითქვას, რომ მარადისობისკენ მიმავალი გზა საკმაოდ მიკიბულ-მოკიბულია… მაგრამ როგორი წყნარი მეჩვენება ეს გზა! მთელი ქვეყანა ხეხილის ბაღს წააგავს. ეს ქვეყანა ახლახან ნახაზივით მშრალი მეჩვენებოდა. და ყველაფერი არაადამიანური ჩანდა. ახლა კი ისე დაბლა მივფრინავ, რომ ქვეყნიერების სიახლოვეს ვგრძნობ. აქა-იქ პატარ-პატარა ჯგუფებად ან თითო-თითოდ კიაფობენ ხეები. ისინი ჩვენკენ მორბიან. და მწვანე მინდვრებიც მორბიან. წითელკრამიტიანი სახლებიც. ის ადამიანიც, კართან რომ დგას. და ირგვლივ მშვენიერი ლურჯი თავსხმაა. ასეთ ამინდში პაულას, რა თქმა უნდა, საჩქაროდ მივყავდით სახლში…

– ას სამოცდათხუთმეტი.

ჩემი ეპიტაფია უკვე კარგავს თავის კეთილშობილურ ლაკონიურობას: „ინარჩუნებდა კურსს – ას სამოცდათორმეტს, შემდეგ ას სამოცდათოთხმეტს, ას სამოცდარვას, ას სამოცდათხუთმეტს…“ ეს უკვე დაუდევრობაა. ეშმაკმა დალახვროს! მოტორი ახველებს! იგი გაცივდა. კაპოტის სარქველების დახურვაა საჭირო. კეთილი. დროა სამარქაფო ბაკზე გადავიდე. მე ბერკეტს ვაბრუნებ. ხომ არაფერი დამავიწყდა? ვამოწმებ ზეთის წნევას. ყველაფერი რიგზეა.

– საქმე ცუდადაა, კაპიტანო…

გესმის, პაულა? ჩვენი საქმე ცუდადაა. ძალიან ცუდად. და ამავე დროს არ შემიძლია არ დავტკბე საღამოს სილურნით. იგი ისეთი უჩვეულოა! ისეთი ღრმა! არ შემიძლია არ დავტკბე ამ ხეებით, ქლიავის ხეებს რომ ჰგვანან და ჩვენკენ მორბიან. მე შევესისხლხორცე პეიზაჟს. ვიტრინებს ბოლო მოეღო. მე ქურდი ვარ, რომელიც ღობეზე გადახტა. ვეება ნაბიჯებით მივიკვლევ გზას სველ იონჯაში და ქლიავს ვიპარავ. ეს ომი უცნაური ომია, პაულა. იგი ძალიან სევდიანი ომია და თანაც ისეთი ლურჯი! მე ცოტათი დავიბენი. ეს საოცარი მხარე აღმოვაჩინე ამ სიბერეში… ო, არა, არ მეშინია. უბრალოდ, სევდა შემომაწვა ოდნავ, ეს არის და ეს.

– ზენიტსაწინააღმდეგო მანევრი, კაპიტანო!

ო, ეს კი ახალი თამაშია, პაულა! მარჯვენა ფეხის დაჭერა, მარცხენა ფეხის დაჭერა. ჩვენ თავგზას ვუბნევთ მეზენიტეებს. პატარაობისას, რომ წავიქცეოდი, ნატკენი ადგილები მილურჯდებოდა და შენ, რაღა თქმა უნდა, არნიკის ნაყენში დასველებულ საფენს მადებდი დაჟეჟილ ადგილებზე. მალე მე ძალიან დამჭირდება შენი საფენები. მაგრამ იცი… დაისის ეს სილურჯე მაინც საოცრად მშვენიერია!

იქ, ჩემ წინ, სამი განწონილი ისარი შევნიშნე. სამი გრძელი ვერტიკალური და მოელვარე ღერო. ეს მგეზავი ტყვიების ან მცირეყალიბიანი ჭურვის კვალია. ეს კვალი ოქროსფერი იყო. მე დავინახე, როგორ გასერა საღამოს სილურჯემ სამსანთლიანი შანდლის თვალისმომჭრელმა ელვარებამ…

– კაპიტანო! მაგრად გვიშენენ მარცხნიდან! გადაუხვიეთ!

ფეხის დაჭერა.

– საქმე ცუდადაა…

შესაძლოა…

საქმე ცუდადაა. მაგრამ მე მოვლენების არსს ვწვდები. ჩემთანაა ჩემი მოგონება, მთელი დაგროვილი განძი, ყველა, ვინც მიყვარს. ჩემთანაა ჩემი ბავშვობა, როგორც ღამის სიბნელეში წასული ფესვი. მე ახლა მოგონებათა სევდით ვცხოვრობ… საქმე ცუდადაა. მაგრამ ისეთს არაფერს განვიცდი, რის განცდასაც მოველოდი ჩემკენ გამოქანებული ვარსკვლავების ბრჭყალებქვეშ.

მე ჩემს საყვარელ ქვეყანაში ვარ. საღამოვდება. მარცხნივ საავდრო ღრუბლები ფართო ზოლებად გაუსერავთ სხივებს, რომლებიც ტაძრის სწორკუთხოვან ვიტრაჟებს ქმნიან. მე თითქმის ხელით ვეხები ამ მშვენიერ საგნებს, – ისინი მხოლოდ ორიოდე ნაბიჯზე არიან ჩემგან. აი ქლიავით დახუნძლული ხეები, აი მიწა, რომელსაც მიწის სუნი ასდის. ახლა, ალბათ კარგი უნდა იყოს დაცვარულ მიწაზე გავლა. იცი, პაულა, მე ნელა, რწევით მივფრინავ, როგორც თივით დატვირთული ურემი. ადამიანს ჰგონია, რომ თვითმფრინავი სწრაფად დაფრინავს… ცხადია, თუ გახსოვს, რომ თვითმფრინავში ხარ! მაგრამ თუ მანქანას დაივიწყებ, თუ მიწას დაჰყურებ, ასე გგონია, თითქოს მინდვრებში მიაბიჯებ…

– არასი…

დიახ! წინ, ძალიან შორს. მაგრამ არასი ქალაქი არაა. არასი წითელი არილია ღამის ლურჯ ფონზე, ავდრის ფონზე, რადგან წინიდან საავდრო ღრუბელი გვიახლოვდება. ეს ბინდი მარტო საღამოს მოახლოებით არ ჩამოწოლილა. დიდძალმა ღრუბელმა უნდა მოიყაროს თავი, რომ ასეთი სიბნელე ჩამოწვეს…

არასის ალი ძლიერდება. ეს ხანძარი არაა. ხანძარი წყლულივით ფართოვდება ხოლმე, ჯანსაღი ქსოვილით გარშემორტყმული. ეს უწყვეტი ცეცხლი კი მხრჩოლავი ლამპის ალს წააგავს. ეს ალი მშვიდად ანთია. იგი დარწმუნებულია, რომ არ ჩაქრება, რომ საწვავი ეყოფა. ასე მეჩვენება, თითქოს მას მკვრივი სხეული აქვს და დროდადრო ხესავით არხევს ქარი. სწორედ ხესავით… ამ ხეს თავისი ფესვები შემოუხვევია არასისთვის. და ყველაფერი, რაც არასს ებადა, არასის მთელი მარაგი, არასის მთელი განძი მაღლა მიიწევს იმ ნიადაგის წვენად ქცეული, რომელიც ამ ხეს კვებავს.

მე ვხედავ, როგორ კარგავს დროდადრო წონასწორობას ეს მეტისმეტად მძიმე ალი, როგორ იზნიქება აქეთ-იქით და შავი კვამლის ბოლქვებს ანთხევს. მერე კი ისევ სწორდება წელში. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ თვითონ ქალაქს. მთელი ომი ამ შუქითაა განათებული. დიუტერტრი ამბობს, რომ საქმე ცუდადაა. იგი უფრო კარგად ხედავს წინ, ვიდრე მე. მე კი, პირიქით, გაოცებული ვარ იმ ლმობიერებით, რომლითაც ჩვენ გვხვდებიან: ეს შხამით გაჟღენთილი დაბლობი არც ისე ბევრ მოწამლულ ვარსკვლავს ისვრის.

მაგრამ…

იცი, პაულა, ჯადოსნურ ზღაპრებში რაინდს საშინელი განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ საიდუმლო, მოჯადოებულ ციხე-კოშკამდე მიეღწია. იგი ყინულებში მიიკვლევდა გზას, უფსკრულებზე გადადიოდა, ნიღაბს ხდიდა მოღალატეებს. და ბოლოს ცისფერი დაბლობის შუაგულში, რომელზედაც მის ცხენს თავისუფლად შეეძლო ჯირითი, მის თვალწინ ციხე-კოშკი წამოიმართებოდა. და იგი უკვე გამარჯვებულად თვლიდა თავს… აჰ, პაულა, ვინ იცის, რა არის ზღაპარი, ვერ მოატყუებ! სწორედ აქ იწყებოდა ყველაზე ძნელი განსაცდელი…

და აი საღამოს სილურჯეში მეც წინანდებურად მივისწრაფვი ჩემი ცეცხლოვანი ციხე-კოშკისკენ… შენ ძალიან ადრე წახვედი ჩვენგან, შენ არ იცნობ ჩვენს თამაშობებს, შენ არ გითამაშია ჩვენთან ერთად „რაინდი აკლენი“. ეს თამაში ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ, რადგან არ გვიყვარდა ჩვეულებრივი თამაშობანი. „რაინდ აკლენს“ იმ დღეებში ვთამაშობდით, როდესაც დიდი ავდარი ახლოვდებოდა, როდესაც პირველი გაელვებისთანავე ფოთლების უეცარი ათრთოლებით და სურნელებით, რომელიც მიდამოს ეფინებოდა, ვგრძნობდით, რომ ღრუბელი წუთი წუთზე გადმოიღვრებოდა კოკისპირულ წვიმად. ერთი წამით სქელი ფოთლები მოშრიალე მსუბუქ ქაფად იქცეოდა და ეს ნიშანი იყო… აღარაფერს შეეძლო ჩვენი შეჩერება!

ჩვენ თავ-პირის მტვრევით გამოვრბოდით პარკიდან სახლისკენ. დიდი წვიმის პირველი წვეთები, ჩვეულებრივ, მძიმედ და კანტიკუნტად ცვივა. და აი – პირველი, ვისაც ეს წვეთი მოხვდებოდა, დამარცხებულად ითვლებოდა და თამაშიდან გადიოდა. მერე მეორეს ეწეოდა ისეთივე ბედი. მერე მესამეს. და ბოლოს ყველას. მას, ვისაც ყველაზე ბოლოს ეწეოდა განსაცდელი, ღმერთების საყვარელ არსებად, უვნებელ რაინდად ვაცხადებდით! და მას უფლება ჰქონდა, მორიგ ავდრამდე „რაინდი აკლენის“ სახელი ეტარებინა…

და ეს თამაში დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ ყოველთვის ბავშვთა ჰეკატომბად იქცეოდა ხოლმე…

მე ახლაც „რაინდ აკლენს“ ვთამაშობ. მე გამალებით მივექანები ჩემი ციხე-კოშკისაკენ და სულშეხუთული, თანდათან ვანელებ სირბილს…

და უცებ მესმის:

– აჰ, კაპიტანო, ასეთი არაფერი გადამხდომია!

არც მე გადამხდომია ოდესმე ასეთი რამ. ამიერიდან უკვე აღარ ვარ უვნებელი. არც კი ვიცოდი, რომ კიდევ მქონდა გადარჩენის იმედი…

20

გადარჩენის იმედი მქონდა, მიუხედავად შვიდასი მეტრისა. გადარჩენის იმედი მქონდა, მიუხედავად სატანკო პარკისა და არასის ალისა. სასოწარკვეთამდე მქონდა გადარჩენის იმედი. მოგონებებით ბავშვობას ვუბრუნდებოდი, რომ მისი მფარველი ძალა მეგრძნო, რადგან კაცს არაფერი იფარავს. რომ დაკაცდებით, მარტოს გიშვებენ… მაგრამ ვინ გაბედავს რამე ავნოს პატარა ბიჭს, რომლის ხელიც მაგრად უჭირავს ყოვლისშემძლე პაულას? მე ვისარგებლე შენი აჩრდილით, პაულა, ფარად ავიფარე იგი…

მე ყველა ხერხი გამოვიყენე. როდესაც დიუტერტრმა მითხრა: „საქმე ცუდადააო“, თვით ეს საფრთხეც იმედად ვაქციე. ჩვენ ომში ვართ და ეს ომი რაღაცით მაინც ხომ უნდა გამოიხატოს? და აი იგი რამდენიმე კაშკაშა ისრის სახით გამოიხატა, თვალისმომჭრელად რომ გაიელვა ჩემ თვალწინ.

„აი თურმე როგორი ყოფილა სახელგანთქმული სიკვდილის საფრთხე არასის თავზე. მეცინება…“

სიკვდილმისჯილმა უსიცოცხლო რობოტის სახით წარმოიდგინა თავისი ჯალათი. მის წინაშე კი კარგი ბიჭი წარდგა, რომელსაც ცხვირის დაცემინებაც შეუძლია და გაღიმებაც. სიკვდილმისჯილი ებღაუჭება ამ ღიმილს, როგორც იმ ძაფს, რომელმაც უნდა იხსნას… მაგრამ ეს მოჩვენებითი იმედია. ჯალათი ცხვირის დაცემინების შემდეგაც წაგაცლის თავს. მაგრამ როგორ უნდა თქვა იმედზე უარი?

როგორ არ მოვტყუვდებოდი, როდესაც ჩვენ ქვევით ყველაფერმა ასეთი მყუდრო, სოფლური იერი მიიღო, როდესაც ასე საამურად ლაპლაპებდნენ კრამიტის სველი სახურავები, როდესაც წუთები გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა და გეჩვენებოდა, რომ არც უნდა შეცვლილიყო. როდესაც ჩვენ – დიუტერტრი, მსროლელი და მე, მხოლოდ და მხოლოდ ვსეირნობდით მინდვრებში და ნელა ვბრუნდებოდით შინ, ისე რომ საყელოც კი არ აგვიწევია, რადგან კარგად არც კი გაწვიმებულა, გერმანელთა განლაგების სიღრმეში არაფერი იგრძნობოდა ისეთი, რომ მოყოლად ღირებულიყო, და არავითარი უტყუარი საბაბი არ გვქონდა გვეფიქრა, რომ ომი სახეს შეიცვლიდა. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ მტერი გაიფანტა, თითქოს უკიდეგანო სოფლურ პეიზაჟში დაინთქაო, და მხოლოდ თითო ჯარისკაცი შემორჩა თითო სახლში, ანდა თითო ჯარისკაცი – თითო ხეზე, საიდანაც კანტიკუნტად გვესროდნენ, როცა ომი გაახსენდებოდათ. მათ ჭკუა-გონებაში ჩაუჭედეს ბრძანება: „თვითმფრინავებს უნდა ესროლო…“ მაგრამ ახლა მათ ბუნდოვნად აგონდებოდათ ეს ბრძანება, როგორც სიზმარში, და ჯარისკაციც სამ ტყვიას ისროდა, ისე რომ კარგად არც კი გაეგებოდა, რატომ ისროდა. ასე მინადირია ხოლმე ზოგჯერ საღამოობით სასურველ თანამგზავრ ქალთან სეირნობისას იხვებზე, რომლებზედაც სულ არ ვფიქრობდი. მე ვისროდი და თან სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობდი. და იხვებისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი იყო…

რა ადვილად ხედავ იმას, რისი დანახვაც გსურს: ის ჯარისკაცი მიმიზნებს, მაგრამ გულმოდგინედ არ მიმიზნებს და მისი ნასროლი არ ხვდება მიზანს, სხვები კი ისე მიშვებენ, რომ ერთხელაც არ მესვრიან. ისინი, ვისაც შეეძლო სარმა გამოეკრა ჩვენთვის, ამ წუთებში ალბათ ღამის სურნელებით ტკბებიან, სიგარას აბოლებენ, ანდა ანეკდოტებს უყვებიან ერთმანეთს და გვიშვებენ ჩვენ. იმ სოფელში დაბანაკებულნი კი ამ წუთებში იქნებ წვნიან კერძს უსხედან კოვზმომარჯვებულნი. მათ ესმით, როგორ ჩნდება და მერე ისევ წყდება რაღაც გუგუნი. მეგობრები არიან თუ მტრები? მათ არა აქვთ ამაზე დაფიქრების დრო, რადგან მთელი მათი ყურადღება პირამდე სავსე მათლაფისკენაა მიპყრობილი. ისინი გვიშვებენ ჩვენ. და აი მეც ვცდილობ უდარდელი იერით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სტვენით შევიპარო პარკში, სადაც მოსეირნეებს შესვლა ეკრძალებათ, მაგრამ სადაც ისინი მაინც იპარებიან, რადგან ერთი დარაჯი მეორის იმედადაა…

რა ადვილია ჩემი თვითმფრინავის ჩამოგდება! თვით ჩემი უმწეობა ამართლებს მათ საქციელს: „რატომ უნდა ვიჩქარო? სულ ერთია, მოშორებით ჩამოაგდებენ… წადი, წადი! იქაც მოგიღებენ ბოლოს…“ და ისინი სხვას ანდობენ ამ ჭუჭყიან საქმეს, რომ თავიანთი რიგი არ დაკარგონ წვნიან მათლაფასთან, რომ მხიარული ოხუნჯობა არ შეწყვიტონ ანდა, უბრალოდ, საღამოს სიგრილით რომ დატკბნენ. მე კი მათი დაუდევრობით ვსარგებლობ. მე იმ წუთზე ვამყარებ ჩემი გადარჩენის იმედს, როდესაც ისინი ყველანი დაიქანცებიან ომით, ყველანი, თითქოს საგანგებოდ – ან კი რატომ არ უნდა დაიქანცნენ? უნებურად იმის იმედიც კი მიჩნდება, რომ ჯარისკაციდან ჯარისკაცამდე, ასეულიდან ასეულამდე, სოფლიდან სოფლამდე მე შეუმჩნევლად ვივლი და დავბრუნდები შინ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი თვითმფრინავი ხომ მხოლოდ კენტად მავალი თვითმფრინავია საღამოს ცაზე… თავის აწევაც კი არ ღირს მისკენ!

რაღა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი. მაგრამ, ამასთანავე, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. თქვენ სიკვდილი გაქვთ მისჯილი, მაგრამ სატუსაღოში, სადაც თქვენა ხართ გამოკეტილი, ჯერ კიდევ სიჩუმე სუფევს. და თქვენ ებღაუჭებით ამ სიჩუმეს. ყოველი წამი წინა წამს ჰგავს. და არავითარი საბაბი არა გაქვთ იფიქროთ, რომ ეს წუთი, ახლა რომ დადგა, ქვეყნიერებას გადააყირავებს. ამის ძალა მას არ შესწევს. ყოველი წამი ერთმანეთის მიყოლებით იცავს სიჩუმეს. და ეს სიჩუმე უკვე მარადიული გეჩვენება…

მაგრამ აი გაისმის იმისი ნაბიჯების ხმა, ვინც უნდა მოსულიყო.

რაღაც დაირღვა პეიზაჟში. თითქოს მუგუზალმა, რომელიც ჩამქრალი ჩანდა, უეცარი ტკაცანით გადმოაფრქვია ნაპერწკლების ძნა. რა იდუმალმა ძალამ აიძულა მთელი დაბლობი – გამოხმაურებოდა ჩვენს გამოჩენას? ასე ერთბაშად სკდება ხოლმე ხეებზე კვირტები გაზაფხულის დამდეგს. რამ გამოაღვიძა ასე უეცრად ეს ქვემეხები? საიდან მოდის სინათლის ეს ნაკადები, რომლებიც ჩვენკენ მოიწევენ და ყველაფერს ავსებენ ირგვლივ?

ჩემი პირველი ფიქრი ისაა, რომ რაღაც დაუდევრობა გამოვიჩინე. ყველაფერი გავაფუჭე. როცა წონასწორობა მეტისმეტად მერყევია, თვალის დახამხამება ან თითის განძრევაც კმარა! რომელიმე ალპინისტი დაახველებს და მთელი ზვავი წამოვა. ხოლო ზვავი რომ წამოვა – ყველაფერი გათავებულია.

ჩვენ მეტისმეტად მძიმედ დავაბიჯებდით ამ ლურჯ ჭაობზე, რომელსაც ღამის სიბნელე ეფარა. ჩვენ ავაღელვეთ ეს მძინარე ჭაობი და აი მანაც ამოანთხია ათი ათასი ოქროს ბუშტი.

უამრავი ჯამბაზი ჩაება თამაშში, უამრავმა ჯამბაზმა დაგვიშინა ათი ათასი ბურთულა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოიწევენ ჩვენკენ. თავდაპირველად ეს ბურთულები უძრავნი ჩანან, მაგრამ მერე, თითქოს ჯამბაზის მარდმა ხელმა ამოისროლაო, ნელა მოიწევენ მაღლა. მე ვხედავ მოციმციმე ცრემლის წვეთებს, რომლებიც გაპოხილ სიჩუმეში იღვრება, სიჩუმეში, რომელიც ჯამბაზების გამოსვლას ახლავს.

ტყვიამფრქვევის ან სწრაფმსროლელი ქვემეხის ყოველი ჯერი ასობით მანათობელ ჭურვსა და ტყვიას ისვრის, რომლებიც კრიალოსნის მარცვლებივით მოსდევენ ერთმანეთს. ათასობით კრიალოსანი მოიწევს ჩვენკენ, უკიდურესობამდე იწელება და ბოლოს ფეთქდება ჩვენს სიმაღლეზე.

სინამდვილეში კი, გვერდიდან რომ შეხედოს კაცმა, აცდენილი ჭურვები თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქრიან. და ცრემლები კი არა, ელვის ისრები მეხვევიან ყოველი მხრიდან, მე ტრაექტორიათა უსაზღვრო ველში მოვექეცი, რომლებიც მწიფე თავთავებისფრად ელვარებენ. მე გამოსროლილი შუბების ძნაში მოვყევი. უთვალავი ნემსი მემუქრება, რომლებსაც თავბრუდამხვევი ფერხული გაუბამთ. მთელმა დაბლობმა გამომიწოდა თავისი ძაფები და ახლა მოელვარე ბადეს ქსოვს ჩემ ირგვლივ.

ხოლო როდესაც მიწისკენ ვიცქირები, ისევ ვხედავ ოქროს ბურთულების ამ ფენებს, რომლებიც ნელა მოიწევენ, როგორც ნისლის ფენები. მე ნელ ქარბუქს ვხედავ – ასე იფანტება ხოლმე ჰაერში ბზე, ხორბალს რომ ანიავებენ. მაგრამ თუ ჰორიზონტალურად გავიხედავ, ჩემ ირგვლივ მხოლოდ შუბებს ვხედავ, შუბების ძნებს. ცეცხლმსროლელი იარაღი? ო, არა! ცივი იარაღით მიტევენ! მე მოლაპლაპე ხმლებს ვხედავ! მე უკვე ვეღარ ვგრძნობ საფრთხეს… მე თვალს მჭრის დიდებული სანახაობა!

– ოჰო!

ოცი სანტიმეტრით შემახტუნა სკამზე. თითქოს ტარანის დარტყმამ შეარყია თვითმფრინავი. თვითმფრინავი დაილეწა და ნაფლეთებად იქცა… მაგრამ არა… არა… მე ვგრძნობ, რომ იგი ისევ ისე მემორჩილება. ეს მხოლოდ პირველი დარტყმა იყო დარტყმების ნიაღვრიდან, რომელიც თანდათან მიახლოვდება. მაგრამ მე არ დამინახავს აფეთქებები. როგორც ჩანს, აფეთქებების კვამლი ჩამუქებულ მიწას უერთდება: თავს მაღლა ვწევ და ვიცქირები.

და ვხედავ, რომ ხსნა აღარ არის.


[**] – შალე – პატარა ფიცრული სახლი ალპებში, რომელსაც, ჩვეულებრივ, „შვეიცარულ სახლს“ უწოდებენ.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button