ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

21

მიწისკენ დახრილმა ვერ შევნიშნე თავისუფალი სივრცე, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა ღრუბლებსა და ჩემ შორის. მგეზავი ტყვიები მწიფე თავთავების ხორბლისფერ სინათლეს აფრქვევდნენ და საიდან უნდა მცოდნოდა, რომ სადღაც, მათი აფრენის უმაღლეს წერტილზე, ლურსმნებივით ესობოდა ცას მუქი კვამლის ქულები. მე მხოლოდ მაშინ დავინახავ მათ, როდესაც კვამლის გიგანტურ პირამიდებად იქცევიან და უკან გაცურდებიან მოდრეიფე ყინულების სიდინჯით. ამ ვეება მოძრავ ნაგებობებს რომ შევყურებ, მეჩვენება, თითქოს მე თვითონ ვარ უძრავად.

ვიცი, რომ ეს პირამიდები, წარმოქმნისთანავე უკვე აღარაა საშიში. თითოეულს ამ კვამლიან წარმონაქმნთაგან სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ წამის მეასედი ნაწილის განმავლობაში აქვს. მაგრამ ყველა ისინი, ჩემდა შეუმჩნევლად, ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და მე ჩემს კეფაზე ვგრძნობ სიმძიმეს, როგორც გარდაუვალ განაჩენს.

ეს თანმიმდევრული მუნჯი აფეთქებები, რომელთა ხმასაც მოტორების ღმუილი ახშობს, უჩვეულო სიჩუმის ილუზიას ქმნის. მე არაფერს ვგრძნობ. ჩემში მოლოდინის სიცარიელემ დაისადგურა, თითქოს განაჩენს ველოდებოდე.

მე ვფიქრობ… მე მაინც ვფიქრობ: „მეტისმეტად მაღლა ურტყამენ!“ თავს მაღლა ვწევ და ვხედავ, როგორ მიფრინავს უკან არწივების მთელი გუნდი. მათ ხელი აიღეს ნადავლზე, მაგრამ გადარჩენის იმედი მაინც არ არის.

ქვემეხები, რომლებმაც ვერ ჩამოგვაგდეს, მიზანს ასწორებენ. ისევ აღიმართა აფეთქებათა კედლები, ოღონდ უკვე ჩვენს დონეზე. სინათლის ყოველი გამონათება რამდენიმე წამის განმავლობაში აფეთქებათა პირამიდას ქმნის და მიზანს რომ ვერ ხვდება, ხელადვე ინაცვლებს, რათა ადგილი დაუთმოს მეორე პირამიდას, რომელიც უფრო ახლოს ჩნდება. მიზანი ჩვენ არ დაგვეძებს. იგი თავის მარწუხებში გვიმწყვდევს.

– კიდევ შორსა ვართ, დიუტერტრ?

– სამ წუთს რომ მაინც გავუძლებდეთ, დავამთავრებდით… მაგრამ…

– იქნებ გავაღწიოთ…

– რა გააღწევს!

როგორ ბნელეთად შემოგვერტყა ირგვლივ ეს განუჭვრეტელი ბურუსი, რუხი, როგორც გაცვეთილი და სანაგვეში გადაგდებული ჩვრები. დაბლობი კი ისეთი ლურჯი იყო. უსაზღვროდ ლურჯი. ლურჯი, როგორც ზღვის წიაღი…

კიდევ რამდენი ხანი შემიძლია გავუძლო? ათი წამი? ოცი წამი? აფეთქებები უკვე განუწყვეტლივ მარყევს. ახლო აფეთქებები ისე ეხლება თვითმფრინავს, როგორც ჩამონგრეული კლდე – ბავშვის ეტლს. და მაშინ მთელ თვითმფრინავს თითქმის მუსიკალური ხმა აღმოხდება, რაღაც უცნაური კვნესა… მაგრამ ეს მიზანს აცდენილი აფეთქებებია… ეს გაელვებას ჰგავს. რაც უფრო ახლოს გაიელვებს, მით უფრო ნაკლებ საშიშია იგი. ზოგიერთ აფეთქებას ისე აღიქვამ, როგორც ჩვეულებრივ ბიძგს: ეს იმას ნიშნავს, რომ ჭურვის ნამსხვრევი შეგვეხო. მტაცებელი, კამეჩს რომ კლავს, არ უბიძგებს ხოლმე; იგი სწრაფად და ზუსტად ასობს მას თავის ბრჭყალებს. იგი ხელადვე ეუფლება მსხვერპლს. და მოხვედრილი ტყვიაც ისე ესობა თვითმფრინავის კორპუსში, როგორც კუნთებში.

– დაიჭერი?

– არა! ეი, მსროლელო, დაიჭერი?

– არა!

ეს ბიძგები ანგარიშში ჩასათვლელი არაა. ისინი მხოლოდ ქერქზე, მხოლოდ დოლზე აბრახუნებენ, იმის მაგიერ, რომ ბაკი გახვრიტონ. მათ ასევე თავისუფლად შეუძლიათ მუცელი გაგვიფატრონ. მაგრამ ჩემი მუცელი მხოლოდ დოლია. მიმიფურთხებია სხეულისთვის! საქმე სხეული არაა… აი რა არის საოცარი!

მე ცოტა რამ უნდა ვთქვა სხეულზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვერ ვხედავთ სინამდვილეს. და იმისათვის, რომ სინამდვილე ნათლად დაინახოს, განსაკუთრებული გარემოებებია საჭირო. საჭიროა აფეთქებათა ეს ნიაღვარი, საჭიროა შუბების ეს ნიაღვარი, რომელიც შენკენ მოიწევს. და ბოლოს, საჭიროა, რომ უკანასკნელი საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგე. და მაშინ მიხვდები.

გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი – „როგორი იქნება უკანასკნელი წუთები-მეთქი“ – და ცხოვრება ყოველთვის აბათილებდა ჩემ მიერ გამოგონილ ქიმერებს. ამჯერად კი საქმე მხოლოდ იმით განისაზღვრებოდა, რომ შიშველს გაგევლო გააფთრებული დარტყმების სეტყვაში ისე, რომ ხელიც კი არ აგეფარებინა სახეზე.

განსაცდელი? მე იგი სხეულის განსაცდელად მქონდა წარმოდგენილი. მე მეგონა, რომ ეს განსაცდელი სხეულმა უნდა გამოიაროს. უკანასკნელი წუთების განსაცდელს მე ჩემი სხეულის თვალსაზრისით განვიხილავდი. ჩვენ ხომ ისეთ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სხეულს. ისეთი მონდომებით ვმოსავთ მას. ვბანთ, ვუვლით, ვპარსავთ, ვასმევთ და ვაჭმევთ. ჩვენი სხეული შინაურ ცხოველად იქცა ჩვენთვის. ჩვენ იგი თერძთან, ექიმთან და ქირურგთან დაგვყავს. ვიტანჯებით მასთან ერთად. მასთან ერთად ვტირით. მასთან ერთად გვიყვარს. „ეს მე ვარო“, – ვამბობთ მასზე. და აი უცებ ამ ილუზიიდან აღარაფერი რჩება. მიგიფურთხებია შენი სხეულისთვის! შენ მსახურად აქცევ მას. საკმარისია მრისხანება დაგეუფლოს ან სიყვარულმა იფეთქოს, ანდა სიძულვილი დაგებადოს, რომ დაინგრეს შენი სოლიდარობა სხეულთან.

შენი შვილი ხანძარში მოჰყვა? – შენ გადაარჩენ მას! ვერავინ დაგაკავებს! ცეცხლი გედება? – მიგიფურთხებია! თუ საჭირო გახდა, შენი სხეულის ნაფლეთებს შესწირავ. და უცებ ხვდები, რომ სრულებითაც არ გყვარებია ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი გეჩვენებოდა. და შენ მზადა ხარ, გასწირო შენი ხელი, ოღონდ კი გაუწოდო იგი მას, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. შენ მთლიანად შენს საქციელში ვლინდები. შენ შენი საქციელი ხარ. შენი სხეული შენ გეკუთვნის, მაგრამ იგი შენ აღარა ხარ. ვეღარავინ დაგიმორჩილებს შენს სხეულზე ძალადობის მუქარით. შენ მტრის სიკვდილი ხარ. შენ შვილის გადარჩენა ხარ. შენ ცვლი შენს თავს. და ვერა გრძნობ, რომ რაიმეს კარგავდე ამ დროს. შენი ხელები და ფეხები? ისინი მხოლოდ იარაღებია! მიგიფურთხებია იარაღისთვის, თუ იგი ტყდება, როდესაც ლოდს თლიან. და თუ გამომგონებელი ხარ, შენ ცვლი შენს თავს მტრის სიკვდილზე, შვილის გადარჩენაზე, ავადმყოფის განკურნებაზე და შენს აღმოჩენაზე. ამხანაგი ჩვენი ავიაჯგუფიდან სასიკვდილოდ დაიჭრა. ბრძანებაში, რომლითაც მას მადლობა გამოუცხადეს, წერია: „და მან თავის შტურმანს უთხრა: „ჩემი საქმე გათავებულია. გაიქეცი! ბორტჟურნალი გადაარჩინე!“ აზრი მხოლოდ ბორტჟურნალის ან ბავშვის გადარჩენას აქვს, ანდა ავადმყოფის განკურნებას, ანდა მოწინააღმდეგის სიკვდილს, ანდა აღმოჩენას! შენი მნიშვნელობა უეცრად თვალისმომჭრელი სიცხადით წარმოგიდგება თვალწინ. ესაა შენი მოვალეობა, შენი სიძულვილი, შენი სიყვარული, შენი ერთგულება, შენი გამოგონება. სხვას ვერაფერს აღმოაჩენ საკუთარ თავში.

ცეცხლმა არა მარტო სხეულისგან, არამედ მისი კულტისგანაც გაგათავისუფლა. ადამიანს უკვე აღარ აინტერესებს საკუთარი თავი. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რასაც თვითონ ეკუთვნის. როდესაც კვდება, კი არ ქრება, არამედ ერწყმის მას. კი არ კარგავს, არამედ პოულობს თავის თავს. და ეს მორალისტის ქადაგება არ არის. ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჭეშმარიტებაა, რომელსაც ყოველდღიური ილუზიები განუჭვრეტელ ნიღაბს აფარებს. როდესაც გასაფრენად ვემზადებოდი და ჩემი სხეულის ხვედრი მაშინებდა, როგორ უნდა მივმხდარიყავი, რომ ყოველივე ეს სისულელე იყო? როდესაც სხეულს სწირავ, მხოლოდ იმ წუთებში ხედავ, რა მცირე მნიშვნელობა ჰქონია შენთვის მას. მაგრამ, ცხადია, ჩვეულებრივ პირობებში, თუ მე უკიდურესი აუცილებლობა არ მამოქმედებს, თუ საქმე არ ეხება ჩემი არსებობის აზრს, ჩემს სხეულთან დაკავშირებულ საზრუნავზე უფრო მნიშვნელოვანი ვერაფერი წარმომიდგენია.

ჩემო სხეულო, მიმიფურთხებია შენთვის! მე დაგისხლტი შენ, მე აღარ მაქვს გადარჩენის იმედი და მაინც არაფერი მჭირდება! მე უარვყოფ ყველაფერს, რაც ამ წუთამდე ვიყავი. აქამდე მე არ ვფიქრობდი, მე არა ვგრძნობდი – ეს მხოლოდ ჩემი სხეული იყო. მე იძულებული ვიყავი, ამ წუთამდე მომეყვანა იგი, როდესაც უეცრად მივხვდი, რომ მას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის.

ამის პირველი გაკვეთილი თხუთმეტი წლისამ მივიღე; ჩემი უმცროსი ძმა ავად გახდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც გადაგვეწურა მისი გადარჩენის იმედი. და აი ერთ დილას, დაახლოებით ოთხ საათზე, მისმა მომვლელმა ქალმა გამაღვიძა: თქვენი ძმა გეძახითო.

– ცუდად არის?

მან არაფერი მომიგო. საჩქაროდ ჩავიცვი და ძმასთან მივედი.

– შენთან ლაპარაკი მინდოდა სიკვდილის წინ. ვკვდები… – მითხრა მან თავისი ჩვეულებრივი ხმით. მერე კი კრუნჩხვა დაეწყო და დადუმდა. მაგრამ ვიდრე კონვულსია გრძელდებოდა, მან უარყოფის ნიშნად გაიქნია ხელი. მე ვერ მივუხვდი, რისი თქმა სურდა ხელის ამ მოძრაობით. მე მეგონა, ბიჭუნა სიკვდილს იშორებდა ხელით. მაგრამ, რომ დამშვიდდა, ამიხსნა:

– ნუ შეშინდები… მე არ ვიტანჯები. არა მტკივა. მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ეს ხომ ჩემი სხეულია.

მისი სხეული – ეს სამფლობელო, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა მას.

მაგრამ მას, ამ პატარა ძმას, რომელიც ოცი წუთის შემდეგ უნდა მომკვდარიყო, სერიოზული საუბარი სურდა ჩემთან. მას უდიდესი მოთხოვნილება ჰქონდა, თავისი ნაწილი დაეტოვებინა ვინმესთვის. „მე მინდოდა მეანდერძა შენთვის…“ – ამბობს იგი და წითლდება. იგი, რაღა თქმა უნდა, ამაყობს, რომ თავი ისე უჭირავს, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. იგი რომ კოშკების მშენებელი ყოფილიყო, კოშკის მშენებლობის დასრულებას დამავალებდა. მამა რომ ყოფილიყო, თავისი შვილის აღზრდას მომანდობდა. სამხედრო მფრინავი რომ ყოფილიყო, ბორტჟურნალს ჩამაბარებდა. მაგრამ იგი მხოლოდ ბავშვი იყო. და მან ორთქლის მანქანა, ველოსიპედი და კარაბინი დამიტოვა.

ადამიანი არა კვდება. მას ჰგონია, რომ ეშინია სიკვდილისა: გეშინია მოულოდნელის, აფეთქების, საკუთარი თავის. სიკვდილის? არა, სიკვდილის არ გეშინია. როდესაც მას პირისპირ ხვდები, სიკვდილი უკვე აღარ არსებობს. ჩემმა ძმამ მითხრა: „არ დაგავიწყდეს, აღწერე ეს ყველაფერი…“ როცა სხეული იღუპება, ვლინდება არსი. ადამიანი კავშირების კვანძია და სხვა არაფერი და მხოლოდ ურთიერთობებს აქვს ადამიანისთვის მნიშვნელობა.

სხეულს ისე ტოვებენ, როგორც ბეხრეკ ცხენს. ვინ ფიქრობს სიკვდილის დროს თავის თავზე? ასეთი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია…

– კაპიტანო!

– რა მოხდა?

– გრანდიოზულია!

– მსროლელო!

– დიახ…

– როგორია…

ჩემს შეკითხვას დარტყმა აყრუებს.

– დიუტერტრ!

– …ტან?

– მოგხვდა?

– არა!

– მსროლელო!

– დიახ!

– მოგხ…

მე თვითონ ჯავშანში ვარ ჩაჭედილი.

– ო, ლა-ლა! – მესმის პასუხად.

მაღლა ვიცქირები, რომ გამოვთვალო მანძილი ღრუბლებამდე. გვერდით რომ ვიხედები, აფეთქებათა შავ გროვებს ვხედავ, რომლებიც უწესრიგოდ ახერგილან ერთმანეთზე. ხოლო როდესაც ქვევიდან შევცქერი, ნაკლებ მჭიდრონი მოჩანან და შავი ყვავილწნულების დიდებულ გვირგვინს ქმნიან ჩვენს თავზე.

საოცარი ღონე ჰქონია ფეხის კუნთებს. ისე ვაწვები პედალს, თითქოს კედლის განგრევას ვაპირებდე, და გვერდზე ვისვრი თვითმფრინავს. და ისიც, ტკაცუნითა და ძაგძაგით, მკვეთრად უხვევს მარცხნივ. გვირგვინი მარჯვნივ ინაცვლებს. მე მას თავიდან ვიცილებ. მე გავაცურე ისინი, ვინც მიმიზნებდნენ, და დავუსხლტი. მარჯნივ აცდენილ აფეთქებათა გროვას ვხედავ, მაგრამ ძლივს მოვასწარი მეორე ფეხის დაჭერა, რომ საწინააღმდეგო მიმართულება მიმეღო, და გვირგვინმა ადრინდელი ადგილი დაიკავა. მათ, მიწაზე რომ არიან, ისევ აღმართეს იგი ჩემს თავთან. და თვითმფრინავიც საშინელი ოხვრით ისევ მიისწრაფვის აფეთქებებისგან თავისუფალ არეში. მაგრამ, აი ისევ ვაწვები სხეულის მთელი სიმძიმით პედალს. და ისევ ვაკეთებ ვირაჟს, ანდა, უფრო სწორად რომ ვთქვა, ისევ მივექანები მეორე მხარეს (ეშმაკსაც წაუღია მთელი წესებით შესრულებული ვირაჟები!) და გვირგვინი მარცხნივ ვარდება.

მაგრამ ასეთი თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდება! რამდენჯერაც არ უნდა დავაწვე პედლებს ჩემი გიგანტური ფეხით, შუბების ნაკადი ისევ ისე მოიწევს ჩემკენ და გვირგვინი ისევ ისე მადგას თავზე; დარტყმების ძალა გულ-ღვიძლს მირყევს. და, ძირს რომ ვიცქირები, ისევ ვხედავ, როგორ მოემართება ჩემკენ ცეცხლოვანი ბურთულების ნაკადი. გაუგებარია, რა სასწაული გვინარჩუნებს კიდევ სიცოცხლეს. და ამასთანავე ვხედავ, რომ უვნებელი ვარ. მე გამარჯვებული ვარ! მე ყოველ წამს ვიმარჯვებ!

– მოგხვდათ?

– არა…

ისინი უვნებელნი არიან. ისინი უძლეველნი არიან. მე ძლევამოსილთა ეკიპაჟს ვმეთაურობ…

და ახლა აფეთქებები კი არ გვემუქრება, არამედ გვაწრთობს. ყოველ აფეთქებაზე, წამის მეათედი დროის განმავლობაში მეჩვენება, რომ ჩემი მანქანა ფერფლად იქცა. მაგოამ იგი წინანდებურად ემორჩილება ჩემს ბრძანებებს და მეც ისევ ისე მაგრად მოჭიმული ლაგამით ყალყზე ვაყენებ მას, როგორც ცხენს. და მაშინ კვლავ შვებას ვგრძნობ და უტყვი სიხარული მეუფლება. მე ვერ ვასწრებ შეშინებას, მე მხოლოდ ვიძაბები, როგორც გამაყრუებელი ხმაურისგან მოსდის ხოლმე ადამიანს, და ისევ მეძლევა მხრების გაშლისა და ამოსუნთქვის საშუალება. წესით, ჯერ უნდა დავიძაბო, როგორც დარტყმისას, მერე შემეშინდეს და მერე შვება ვიგრძნო. თქვენ ასე გგონიათ? მაგრამ ამისთვის დროა საჭირო! მე კი ვიძაბები და ვთავისუფლდები. ვიძაბები და ვთავისუფლდები. ერთი ეტაპი იკარგება: შიში იკარგება. და მე სიკვდილის მოლოდინში კი არა ვარ, რიამელიც ყოველ მომდევნო წამს უნდა მოჰყვეს, არამედ ხელმეორედ ვიბადები ყოველი წამის შემდეგ. ჩემი ცხოვრება სიხარულის ნიაღვარმა, აღტაცების უწყვეტმა ნაკადმა გაიტაცა. საოცრად კარგად ვგრძნობ თავს: თითქოს ყოველ წამს ხელახლა ვიძენდე სიცოცხლეს, თითქოს ყოველ წამს ვიმსჭვალებოდე სიცოცხლის უფრო და უფრო მძაფრი შეგრძნებით. მე ვცოცხლობ. მე ცოცხალი ვარ. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მე სიცოცხლის წყარო ვარ. მე ვთვრები სიცოცხლით. ამბობენ, „ადამიანი ბრძოლით თვრებაო…“ სწორედ ეს არის სიცოცხლით თრობა! ო! იციან თუ არა მათ, ქვემოდან რომ გვესვრიან, რომ ისინი გვაწრთობენ ჩვენ?

ზეთის ბაკები, საწვავის ბაკები – ალბათ ყველაფერი შენგრეულია. „დამთავრდა! ადით ზევით!“ – ამბობს დიუტერტრი. და მე, ვინ იცის, მერამდენედ, ვზომავ თვალით მანძილს, რომელიც ღრუბლებს მაშორებს, და მაღლა ვიჭრები. და, ვინ იცის, მერამდენედ ისევ ვისვრი თვითმფრინავს მარცხნივ და მერე კვლავ მარჯვნივ. და კიდევ ერთხელ ვიხედები მიწისკენ. ამ სურათის დავიწყება შეუძლებელია. მთელ დაბლობზე მოკლე მოციმციმე აფეთქებები კიაფობს. ეს, რაღა თქმა უნდა, სწრაფმსროლელი ქვემეხებია. ჭურვები ისე მოფრინავენ, როგორც ბუშტები ვეება მოცისფრო აკვარიუმში. არასი მუქი მეწამული ცეცხლით იწვის, რომელიც სამჭედლოს ალს წააგავს. ეს ხანძარია, რომელსაც უხვად კვებავს არასის მიწისქვეშა მარაგი. და ადამიანის ოფლი, ადამიანის გონება, ადამიანის ხელოვნება, მისი მოგონებები და განძეული, ამ ალთან შერწყმული, მაღლა მიიწევს და იმ მჭვარტლად იქცევა, რომელსაც ქარი იტაცებს.

მე უკვე შევდივარ ღრუბლების პირველ გრაგნილში. ჩვენ ირგვლივ ჯერ კიდევ იმართება ოქროს ისრები, რომლებიც დაბლიდან სერავენ ღრუბლების წიაღს. ერთი წამით ჩემ თვალწინ ისევ ჩნდება ალმოდებული არასი, როგორც ღამით ეკლესიის ნეფის სიღრმეში ანთებული კანდელი. ეს კანდელი რომელიღაც სარწმუნოებას ემსახურება, მაგრამ მასში დიდი საფასურია გაღებული. ხვალ იგი ყველაფერს შთანთქავს და გადაბუგავს. მე თან მიმაქვს მოწმის ჩვენება – ალმოდებული არასის სურათი.

– როგორ არის საქმე, დიუტერტრ?

– არა უშავს, კაპიტანო. ორას ორმოცი. ოცი წუთის შემდეგ ღრუბლებს გავარღვევთ. სადმე სენაზე ავიღებთ გეზს…

– როგორ არის საქმე, მსროლელო?

– ა… დიახ… არა უშავს.

– ცხელოდა, ა?

– ა… არა… დიახ.

მან არაფერი იცის. იგი კმაყოფილია. მე გავუალის მსროლელი მაგონდება. ერთხელ, ღამით, რეინის თავზე ოთხმოცმა სამხედრო პროჟექტორმა მოიმწყვდია გავუალი მარწუხებში. პროჟექტორების სხივებმა ვეება ტაძარი აღმართეს გავუალის ირგვლივ და სროლაში გავუალს უეცრად ჩურჩული შემოესმა (ლარინგოფონებს საიდუმლოს შენახვა არ ეხერხებათ): „რას იტყვი, ბერიკაცო?.. დიდხანს უნდა იცადო, რომ ასეთ რამეს ეღირსო სამოქალაქოზე!..“ იგი კმაყოფილი იყო, ის მსროლელი.

მე ნელ-ნელა სულს ვიბრუნებ. მთელი მკერდით შევისუნთქავ ჰაერს. რა კარგია, როდესაც სუნთქავ. ახლა ბევრ რამეს მივხვდები… მე, უწინარეს ყოვლისა, ალიასზე ვფიქრობ. თუმცა არა, უწინარეს ყოვლისა, ჩემს ფერმერზე ვფიქრობ. მე შევეკითხები მას ხელსაწყოების რაოდენობაზე… დიახ! აუცილებლად შევეკითხები! მე ას სამი ხელსაწყო მაქვს. მართლა… ნეტავი ჩემი ბენზინომეტრი და ზეთის მანომეტრები რა დღეშია? როდესაც ბაკები შენგრეულია, ყურადღებით უნდა ადევნო თვალი ამ ხელსაწყოებს! და მეც ვადევნებ მათ თვალს. შენგრეულ ადგილებს რეზინის პროტექტორებით ვავსებ. საოცარი გამოგონებაა! ვაცქერდები გიროსკოპებსაც: ეს ღრუბელი მყუდრო არ არის. ეს, რაღა თქმა უნდა, საავდრო ღრუბელია. მაგრად გვარყევს.

– შეიძლება დავეშვათ?

– ათი წუთიც… უმჯობესია ათი წუთიც მოვიცადოთ…

რაკი ეგრეა, ათ წუთსაც მოვიცდი. ჰო, მართლა, მე ალიასზე ვფიქრობდი. აქვს თუ არა მას ჩვენი დაბრუნების იმედი? იმ დღეს ნახევარი საათით დავიგვიანეთ. საერთოდ, ნახევარი საათი სერიოზული დაგვიანებაა… გავრბივარ, რომ სადილზე მსხდომთ მივუსწრო. ვაღებ კარს და ალიასის გვეთდით, ჩემს სკამზე ვეშვები. მეთაურმა ის იყო, აიღო ჩანგალი, რომელზედაც ატრია იყო წამოგებული, და პირში უნდა ჩაედო ლუკმა, მაგრამ უცებ წამოხტა, გაშეშდა და პირდაღებული შემომაცქერდა. ჩანგალზე ჩამოკიდებული ატრია ხელში შეაცივდა.

– ო!.. ძალიან კარგი… მოხარული ვარ, რომ გხედავთ!

და პირში ჩაიტენა ლუკმა.

ჩემი აზრით, მას სერიოზული ნაკლი აქვს, ჩვენს მეთაურს. იგი დაჟინებით ეკითხება ხოლმე ყოველ მფრინავს დაზვერვის შედეგებს. მეც გამომკითხავს. საშინელი მოთმინებით დამაცქერდება და დაიწყებს ლოდინს, რომ ახალი ჭეშმარიტებები ვამცნო. იგი ქაღალდის ფურცელს და ავტომატურ კალამს მოიმარჯვებს, რომ ამ ელექსირის არც ერთი წვეთი არ დაეკარგოს. და მე ჩემი ახალგაზრდობა მაგონდება: „კანდიდატო სენტ-ეგზიუპერი, როგორ უნდა მოვახდინოთ ბერნულის განტოლების ინტეგრაცია?“

– ა…

ბერნული… ბერნული… და ისე ირინდები დაჟინებული შემოხედვის წინაშე, როგორც ქინძისთავზე წამოგებული მუმლი.

დაზვერვის მონაცემები დიუტერტრის საქმეა. მიწას დიუტერტრი აკვირდება. იგი უამრავ რამეს ხედავს. სატვირთო მანქანებს, კარჭაპებს, ტანკებს, ჯარისკაცებს, ქვემეხებს, ცხენებს, რკინიგზის სადგურებს, სადგურებზე მდგარ მატარებლებს, სადგურის უფროსებს. მე კი ირიბ ხაზზე ვაკვირდები. მე ღრუბლებს, ზღვას, მდინარეებს, მთებს და მზეს ვხედავ. მე მხოლოდ საერთო სურათი მამახსოვრდება.

– თქვენ კარგად იცით, მაიორო, რომ მფრინავს…

– დიახ! დიახ! ყოველთვის შეუძლია, რამე შენიშნოს.

– ჰო, მართლა! ხანძრები! მე ხანძრები დავინახე! ეს მართლაც საინტერესო იყო…

ო, არა. ახლა ყველაფერი იწვის. ხანძრების გარდა რა დაინახეთ?

რატომ არის ალიასი ასეთი სასტიკი!

22

ნეტავ ახლაც თუ დამიწყებს გამოკითხვას?

ის, რითაც მე ამ დაზვერვიდან ვბრუნდები, არ შეიძლება აღიბეჭდოს რაიმე ოქმში. ისე დავიბნევი, როგორც დაფასთან მდგარი მოწაფე. ძალიან საცოდავი იერი მექნება, მაგრამ უბედური არ ვიქნები. უბედურებას ბოლო მოეღო… იგი პირველ ტყვიებთან ერთად გაუჩინარდა. მე რომ სროლას გამოვქცეოდი, ვერაფერს შევიტყობდი ჩემს თავზე.

მე ვერ ვიგრძნობდი ამ საოცარ სიყვარულს, რომელიც ახლა მივსებს გულს. მე ჩემიანებთან ვბრუნდები. მე შინ ვბრუნდები. მე იმ დიასახლისს ვგავარ, რომელმაც ყველაფერი იყიდა, რაც სჭირდებოდა, და ახლა, შინ მიმავალი, იმაზე ფიქრობს, როგორი გემრიელი კერძებით აამებს თავის ქმარ-შვილს. იგი კალათის ქნევით მოაბიჯებს და დროდადრო ფრთხილად სწევს გაზეთს, რომელიც სანოვაგეს აფარია: ყველაფერი უყიდია, რაც საჭირო იყო, არაფერი დავიწყებია. იგი იღიმება იმ სიურპრიზის წარმოდგენაზე, რომელსაც შინაურებს უმზადებს, და არ ჩქარობს. გზადაგზა იგი ვიტრინებთან ჩერდება.

მეც სიამოვნებით დავათვალიერებდი ვიტრინებს, დიუტერტრი რომ ამ მოთეთრო საპყრობილიდან გამოსვლის ნებას მომცემდეს. მე დავტკბებოდი ჩვენ ქვემოთ გადაშლილი მინდვრებით. მაგრამ ცოტა მოთმინება ნამდვილად საჭიროა: ეს პეიზაჟი შხამით არის სავსე. იქ, ქვევით, ყველაფერს ჩვენ წინააღმდეგ შეუკრავს პირი. პატარა-პატარა პროვინციული ვილებიც კი, პაწია მდელოები რომ აქვთ წინ, ხეები აკრავთ ირგვლივ და გულუბრყვილო ქალიშვილების სამკაულების კოლოფებს რომ მოგაგონებენ, ამ ვილებშიც კი საფრთხეა მიმალული. ოდნავ დაბლა თუ დაეშვები, მეგობრული მოსალმების ნაცვლად, არტილერიის ცეცხლით გაგიმასპინძლდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საავდრო ღრუბლებში ვარ გახვეული, მე მაინც ვბრუნდები ბაზრიდან. მაიორის ინტონაცია, რა თქმა უნდა, სწორი იყო: „პირველი ქუჩის მარჯვენა კუთხემდე მიხვალთ და ასანთს მიყიდით…“ ჩემი სინდისი მშვიდადაა. ასანთი ჩემს ჯიბეში დევს, უფრო სწორად, ჩემი ამხანაგის – დიუტერტრის ტიბეში. ნეტავ როგორ დაიმახსოვრა ყველაფერი, რაც დაინახა? მაგრამ ეს მისი საქმეა. მე უფრო სერიოზულ რამეებზე ვფიქრობ. მიწაზე დაშვების შემდეგ, თუ ახალი ადგილგადანაცვლების გაწამაწია არ გველის, ჭადრაკში შევერკინები ლაკორდერს და გავიმარჯვებ. ლაკორდერი ვერ იტანს წაგებას. ვერც მე ვიტან. მაგრამ დღეს მე მოვიგებ.

გუშინ ლაკორდერი მთვრალი იყო. ყოველ შემთხვევაში… ცოტათი. მე არ მინდა ჩირქი მოვცხო მას. იგი დარდის გასაქარვებლად დათვრა. დაზვერვიდან დაბრუნებულს, შასის დაშვება დაავიწყდა და პირდაპირ მუცელზე დასვა თვითმფრინავი. ამ ამბავს, სამწუხაროდ, ალიასიც ესწრებიადა. მან სევდიანად შეხედა თვითმფრინავს, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ახლაც თვალწინ მიდგას ლაკორდერი, ძველი, გამოცდილი პილოტი. იგი ალიასის საყვედურებს ელოდა. იმედოვნებდა, რომ საყვედურს გაიგონებდა მისგან. მეთაურის გააფთრება მას დარდს შეუმსუბუქებდა. გაცეცხლებული საყვედურები საშუალებას მისცემდა, თვითონაც გაცეცხლებულიყო და საყვედურის პასუხად საკუთარი გააფთრება გადმოენთხია. მაგრამ ალიასმა მხოლოდ თავი გადაიქნია. ალიასს გული ედაგებოდა თვითმფრინავის გამო და ლაკორდერი აღარც კი გახსენებია. ეს ავარია მაიორისთვის ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა იყო მხოლოდ, თავისებური საწარმოო ხარჯი. საქმე ეხებოდა ყოვლად სულელურ გულმავიწყობას, რომელიც ზოგჯერ ძველ მფრინავსაც კი მოსდის ხოლმე. მაგრამ ლაკორდერისთვის ძნელი ასატანი იყო ეს მარცხი, რადგან ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, მისი პროფესიული სინდისი უმწიკვლო იყო. და ალიასიც, რომელსაც მხოლოდ თვითმფრინავი აინტერესებდა, მისდა უნებურად შეეკითხა ლაკორდერს, რას ფიქრობდა იგი თვითმფრინავის მდგომარეობაზე. და მე ვიგრძენი, როგორ გააცოფა ლაკორდერი ამ შეკითხვამ. თქვენ ალერსით ხვევთ მხარზე ხელს ჯალათს და ამბობთ: „უბედური… ო… რა აუტანელი უნდა იყოს მისი ტანჯვა…“ მაგრამ ვინ გამოიცნობს, რა ხდება ადამიანის გულში. ალერსიანი ხელი, იმის მაგიერ, რომ თანაგრძნობა გამოიწვიოს, აბრაზებს მას. იგი პირქუშად შეჰყურებს მსხვერპლს და ნანობს, რომ ხელადვე არ მოუღო მას ბოლო.

მაშ ასე. შინ ვბრუნდები. ავიაჯგუფი 2/33 ჩემი სახლია. და მე მესმის ჩემიანების. შეუძლებელია ვცდებოდე ლაკორდერში. შეუძლებელია ლაკორდერი ცდებოდეს ჩემში. მე უჩვეულო სიცხადით ვგრძნობ ჩვენს ერთობას: „ჩვენ, ესე იგი, 2/33 ავიაჯგუფის მფრინავები“. და ამის წარმოდგენაზე უწესრიგოდ გაფანტული ნაკუწები ერთიანდება.

მე ვფიქრობ გავუალსა და ოშედეზე. მე ისევ ვგრძნობ ჩემს ერთობას მათთან. მე ვფიქრობ გავუალზე: საინტერესოა, რა წარმოშობისაა იგი? მასში გლეხის ჯანსაღი ფესვი იგრძნობა.

უეცრად ერთი მოგონება იღვიძებს ჩემს მეხსიერებაში და ამ მოგონებაზე გულში სითბო მეღვრება. ორკონტში რომ ვიდექით, გავუალი, ჩემსავით ფერმაში ცხოვრობდა. ერთხელ მითხრა: ფერმერის ცოლმა გოჭი დაკლა და სისხლიან ძეხვზე ვართ დაპატიჟებულიო.

ჩვენ სამნი ვიყავით: იზრაელი, გავუალი და მე. და გულმოდგინედ ვახრამუნებდით დიდებულ ძეხვს. დიასახლისმა მსუბუქი თეთრი ღვინოც მოგვართვა. უცებ გავუალმა მითხრა: „შეხედე, რა ვიყიდე, ჩვენს დიასახლისს გაუხარდება, ოღონდ უნდა წააწერო“. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წიგნი. მაგრამ მე ოდნავადაც არ მიგრძვნია უხერხულობა. სიამოვნებით წავაწერე წიგნს, რომ დიასახლისი გამეხარებინა. იზრაელი ჩიბუხს ტენიდა, გავუალი ბარძაყს იფხანდა და გლეხის ქალიც ბედნიერი ჩანდა წიგნის მიღებით, რომელსაც თვითონ ავტორმა წააწერა. ძეხვს საამო სურნელება ასდიოდა. მე ოდნავ მომეკიდა თეთრი ღვინო და სრულებით არ ვგრძნობდი თავს უცხოდ, მიუხედავად იმისა, რომ წავაწერე წიგნს, რაც წინათ მუდამ სისულელედ მიმაჩნდა. მე აქ შინაურად ვგრძნოდი თავს. მიუხედავად წიგნისა, ისინი არც მწერლად მთვლიდნენ და არც გარეშე მაყურებლად. მე ქუჩიდან არ მივსულვარ მათთან. იზრაელი ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ წავაწერე, გავუალი კი ისევ ისე, გულუბრყვილოდ განაგრძობდა ბარძაყის ფხანას. და მე უსიტყვო მადლობა მიღვიოდა გულში. მათ შეეძლოთ უცხო მაყურებლად მივეჩნიე. მაგრამ, წიგნის მიუხედავად, არც ინტელიგენტი ვიყავი მათ თვალში და არც უცხო მაყურებელი. მე შინაური ვიყავი მათთვის.

მე ყოველთვის მეზიზღებოდა მაყურებლის როლი. რა ვარ, თუ საერთო საქმის მონაწილე არ ვიქნები? იმისთვის, რომ ვიარსებო, მონაწილეობა უნდა მივიღო. მე ჩემი ამხანაგების ღირსებები მასაზრდოებს, ღირსებები, რომელსაც თვითონ ისინი ვერ ამჩნევენ. მაგრამ მათ თავმდაბლობით არ მოსდით ეს. უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ მას. არც გავუალი და არც იზრაელი არასოდეს დაფიქრებულან საკუთარ თავზე. ისინი თავიანთ საქმესთან, თავიანთ ხელობასთან, თავიანთ მოვალეობასთან არიან დაკავშირებულნი. და კიდევ ამ სურნელოვან ძეხვთან, ცხელი ოხშივარი რომ ასდის. მე მათრობს მათი სიახლოვე. მე შემიძლია ვდუმდე. შემიძლია ვსვა თეთრი ღვინო. მე შემიძლია წიგნსაც წავაწერო და ამან არ დაარღვიოს ჩემი ერთობა მათთან. ვერაფერი დაარღვევს ჩვენს ძმობას.

ამით არც გონების ღვაწლის დამცირებას ვაპირებ და არც აზროვნების გამარჯვებათა უარყოფას. მე თაყვანს ვცემ ნათელ გონებას. მაგრამ რა ფასი აქვს ადამიანს, თუ მასში არ არის არსი? თუ იგი მხოლოდ გარეგნული სახეა და არა არსი? და ამ არსს მე გავუალში და იზრაელში ვხედავ. მე მას გიომეში ვხედავდი.

მე ზიზღით უარვყოფ იმ უპირატესობებს, რომელსაც მწერლის მდგომარეობა მანიჭებს; მაგალითად, თავისუფლებას, რომლის მიღებაც შემიძლია, თუ უცებ 2/33 ავიაჯგუფის მფრინავის ხელობაზე ამიცრუვდა გული. ასეთი თავისუფლება მხოლოდ არყოფნის უფლებას გაძლევს. და მხოლოდ მოვალეობის შესრულება აძლევს ადამიანს საშუალებას, რაიმედ იქცეს.

ჩვენ ყველანი კინაღამ დავიღუპეთ საფრანგეთში ინტელექტის გამო, რომელსაც სულიერი არსი გამოეცალა. გავუალი კი არსებობს. მას უყვარს, სძულს, უხარია, ბუზღუნებს. იგი მთლიანად კავშირებისგანაა მოქსოვილი. ვიჯდე მის პირდაპირ და ძეხვს შევექცეოდე – ჩემთვის ისეთივე სიამოვნებაა, როგორც პროფესიული მოვალეობის შესრულება, რამაც ერთ კვანძად გადაგვაჭდო ერთმანეთს. მე მიყვარს ჩემი ავიატუფი 2/33. მე მიყვარს იგი არა როგორც მაყურებელს, რომელიც მშვენიერი სანახაობით ტკბება. მიმიფურთხებია სანახაობისთვის. მე მიყვარს 2/33 ავიაჯგუფი იმიტომ, რომ მისი ნაწილი ვარ, იმიტომ, რომ იგი მასაზრდოებს მე, და იმიტომ, რომ მეც ვასაზრდოებ მას.

ახლა კი, არასიდან გამობრუნებული, უფრო მეტად ვეკუთვნი ჩემს ავიაჯგუფს, ვიდრე ოდესმე. მე კიდევ ერთი ძაფით დავუკავშირდი მას. ჩემს გულში განმტკიცდა ერთობის გრძნობა, რომლითაც მხოლოდ სიჩუმეში შეგიძლია დატკბე. იზრაელმა და გავუალმა უარესი განსაცდელი გამოიარეს, ვიდრე მე. იზრაელი აღარ დაბრუნდა. მეც მხოლოდ სასწაულმა გადამარჩინა დღეს. და სწორედ ამიტომ უფრო მეტი უფლება მაქვს, მათ სუფრას მივუჯდე და მათთან ერთად ვდუმდე. ეს უფლება ძალიან ძვირადაა მოპოვებული. მაგრამ იგი ღირს ამად: ეს „არსებობის“ უფლებაა. აი რატომ წავაწერე ამ წიგნს ასე უყოყმანოდ… ეს წარწერა არაფერს აფუჭებდა.

ახლა წინასწარ ვწითლდები იმის გაფიქრებაზე, როგორ დამებმება ენა, როცა მაიორი ალიასი შესრულებული დავალების ამბავს გამომკითხავს. მე შემრცხვება. მაიორი კი გაიფიქრებს, რომ ცოტა წავისულელებ. ჩემს წიგნებზე ჩამოვარდნილი საუბრის დროს კი იმიტომ არ მრცხვენია, რომ მთელი ბიბლიოთეკაც რომ დამეწერა, მაინც ვერ მიხსნიდა იმ სირცხვილისაგან, რომელიც მემუქრებოდა. და ეს სირცხვილი ყალბი არ არის. მე არ ვეკუთვნი იმ სკეპტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ზოგჯერ ნებას აძლევენ თავიანთ თავს, გულისამაჩუყებელი წესის შესრულებაში მიიღონ მონაწილეობა. არც იმ ქალაქელთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც სოფლელის როლს თამაშობენ შვებულების დროს. მე იმიტომ გავფრინდი არასში, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ კეთილსინდისიერად ვთამაშობ. მე საკუთარ სხეულს ვწირავდი. მთელ სხეულს. და მოგების იმედი არ მქონდა. მე ყველაფერი შევწირე ამ თამაშის წესების შესრულებას, რისი შეწირვაც კი შემეძლო, რომ ეს წესები რაღაც უფრო დიდი გამხდარიყო, ვიდრე უბრალო თამაშის წესებია. და მე მოვიპოვე იმის უფლება, რომ ენის ბორძიკით ვუპასუხო მეთაურის შეკითხვებს. იმის უფლება, რომ მონაწილე ვიყო. იმის უფლება, რომ დაკავშირებული ვიყო ჩემიანებთან. იმის უფლება, რომ მათი ნაწილი ვიყო. იმის უფლება, რომ მივიღო და გავცე. იმის უფლება, რომ საკუთარ თავზე მეტი ვიყო. და იმის უფლება, რომ მთლიანად მიეცე იმ გრძნობას, რითაც არის აღსავსე შენი არსება. ისეთი სიყვარულით მიყვარდეს ამხანაგები, რომელიც გარედან მონაბერ ქარს არა ჰგავს და არ საჭიროებს სიტყვიერ გამოხატულებას, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც გამოსათხოვარ სუფრას ვუსხედვართ და, ღვინო რომ მოგვეკიდება, ისე ვიხრებით ერთმანეთასკენ, როგორც ნაყოფით დამძიმებული ხე. ჩემი სიყვარული ავიაჯგუფისადმი არ საჭიროებს გარეგნულ გამოხატულებას. იგი მხოლოდ კავშირებისგან შედგება. იგი თვითონ ჩემი არსია. მე მას ვეკუთვნი, მე მისი ნაწილი ვარ. ეს არის და ეს.

ჩემს ავიაჯგუფზე რომ ვფიქრობ, არ შემიძლია ოშედე არ მოვიგონო. მე შემეძლო მეამბა მის მამაცობაზე, მაგრამ სასაცილო გამოვჩნდებოდი საკუთარ თვალში. საქმე სიმამაცე არაა. ოშედემ მთლიანად მიუძღვნა თავი ამ ომს. იქნებ მეტადაც, ვიდრე რომელიმე ჩვენგანმა. ოშედე ყოველთვის იმ სულიერ სიმაღლეზეა, რომლის მიღწევასაც ამდენი ძალ-ღონე შევალიე. მე ვილანძღებოდი, გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ოშედე არასოდეს ილანძღება. ოშედემ მიაღწია იმას, რისკენაც ჩვენ მხოლოდ მივისწრაფვით, იმ სიმაღლეს, სადაც მე ვისურვებდი მისვლას.

ოშედე ყოფილი სერჟანტია, მან მხოლოდ ახლახან მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება. და, რაღა თქმა უნდა, მაინცდამაინც განათლებული არ არის. იგი ვერ შეძლებდა, რამე ეამბა საკუთარ თავზე, მაგრამ იგი მკვიდრად არის ნაგები და შეუვალია. სიტყვა „მოვალეობა“, როდესაც ოშედეზეა ლაპარაკი, მთელ თავის მაღალფარდოვნებას კარგავს. ყველა ისურვებდა, ისე ასრულებდეს თავის მოვალეობას, როგორც მას ოშედე ასრულებს. ოშედეს მოგონებაზე მრცხვენია ჩემი ურიცხვი წვრილმანი დაუდევრობისა, სიზარმაცისა და ყველაზე მეტად იმ წუთებისა, როდესაც ეჭვები მიპყრობს. მე ჩემს ღირსებაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, მშურს ოშედესი. მე ვისურვებდი ისე მეარსება, როგორც ოშედე არსებობს. მშვენიერია ხე, რომელსაც მაგრად აქვს გადგმული მიწაში ფესვები. და ასეთივე მშვენიერია ოშედეს სიმტკიცე. ოშედე არასოდეს გაგიცრუებს იმედს.

ამიტომ მე არაფერს გიამბობთ ოშედეს სამხედრო დავალებებზე. მიფრინავდა თუ არა იგი ნებაყოფლობით? ჩვენ ყველანი მუდამ ნებაყოფლობით მივფრინავთ ყველა დავალების შესრულებისას. ჩვენ ბიძგს გვაძლევს ქვეშეცნეული მოთხოვნილება საკუთარი თავის გამოცდისა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ცდილობ, საკუთარ თავზე ცოტათი მეტი მაინც იყო. ოშედესთვის კი მოხალისედ ყოფნა სრულიად ბუნებრივია. იგი და ეს ომი – ერთი მთლიანობაა. და ეს ისე ბუნებრივია, რომ, როდესაც ეკიპაჟის გაწირვაა საჭირო, მეთაური, უწინარეს ყოვლისა, ოშედეს მიმართავს: „მითხარით, ოშედე…“ ოშედესთვის ომი იგივეა, რაც ბერისთვის სარწმუნოება. რისთვის ომობს ოშედე? თავისი თავისთვის. იგი შერწყმულია რაღაც არსთან, რომელსაც თვითონვე ასახიერებს, რომელსაც საფრთხე ემუქრება და რომელიც უნდა გადაარჩინო. ამ დონეზე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვარი თითქმის ქრება. ოშედესთვის უკვე გაქრა ეს საზღვარი. მას არ ეშინია სიკვდილისა, მაგრამ, იქნებ ვერც კი გრძნობს, რომ არ ეშინია. უნდა იცოცხლო და მოკვდე იმისთვის, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო… მის თვალში მცნებები – „სიცოცხლე“ და „სიკვდილი“ – არ გამორიცხავენ ერთმანეთს.

მაგრამ ყველაზე მეტად იმ შიშმა გამაოცა, რომელიც მან უეცრად გამოამჟღავნა, როდესაც გავუალმა სიჩქარის გამომთვლელი ქრონომეტრი სთხოვა.

– ვერა… ბატონო ლეიტენანტო… არ შემიძლია…

– ყეყეჩო! ათი წუთით მინდა მხოლოდ, რეგულირებისთვის…

– მაგრამ, ლეიტენანტო, ესკადრილიის საწყობშიაც აქვთ ზუსტად ასეთივე ქრონომეტრი…

– აქვთ! მაგრამ უკვე ორი თვეა, რაც ორ საათსა და შვიდ წუთზეა გაჩერებული!

– ისეთ რამეს, ბატონო ლეიტენანტო, როგორიცაა ქრონომეტრი… არ ანათხოვრებენ… მე ვალდებული არა ვარ, ჩემი ქრონომეტრი მოგცეთ… ამის მოთხოვნა თქვენ ჩემგან არ შეგიძლიათ!

სამხედრო დისციპლინას და მეთაურის ხარისხის პატივისცემას შეუძლია აიძულოს ოშედე, რომელიც ეს-ესაა დაეშვა ალმოდებული თვითმფრინავით და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, ხელადვე გადაჯდეს მეორე თვითმფრინავში და ისევ გაემართოს ახალ, უფრო სახიფათო დაზვერვაზე… მაგრამ იგი დაუდევარ ხელს არავის შეახებინებს თავის დიდებულ ქრონომეტრზე, რომელშიც სამი თვის ხელფასი გადაიხადა და რომელსაც დედური მზრუნველობით მართავს ყოველ საღამოს. საკმარისია შეხედო, როგორ ეპყრობა ადამიანი ნივთს, რომ ხელადვე მიხვდე, იცის თუ არა მან მისი ფასი.

და როდესაც ოშედე, რომელმაც გაიმარჯა ამ ორთაბრძოლაში და აიძულა მოწინააღმდეგე, პატივი ეცა მისი უფლებებისთვის, აღშფოთებისგან ლოყებშეფაკლული გამოვიდა ესკადრილიის შტაბიდან თავისი ქრონომეტრით, რომელიც გულში ჩაეკრა, მინდოდა გადამეკოცნა იგი. იმ წუთებში მე ოშედეს სულის საგანძური გადამეშალა თვალწინ. იგი იბრძოლებს თავისი ქრონომეტრისთვის. მისი ქრონომეტრი არსებობს. მისი სამშობლოც არსებობს. იგი მოკვდება თავისი სამშობლოსთვის. და არსებობს ოშედე, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. იგი ურიცხვი კავშირებისგანაა შექმნილი და ყველა ეს ძაფი ქვეყნიერებასთან აკავშირებს მას.

აი რატომ მიყვარს ოშედე, მაგრამ არა მაქვს სურვილი, ამაზე ველაპარაკო მას. მე დავკარგე გიომე, რომელიც რეისის დროს მოკლეს – ჩემი საუკეთესო მეგობარი – მაგრამ ვერიდები მასზე ლაპარაკს. ისა და მე ერთსა და იმავე ხაზებზე დავფრინავდით და ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ჩვენ ერთი ჯურისანი ვიყავით. მე ნაწილობრივ მოვკვდი მასთან ერთად. გიომე ჩემი დუმილის მონაწილედ ვაქციე. მე გიომეს ნაწილი ვარ.

მე გიომეს ნაწილი ვარ, მე გავუალის ნაწილი ვარ, მე ოშედეს ნაწილი ვარ. მე 2/33 ავიაჯგუფის ნაწილი ვარ. მე ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი. და ყველა ჩემი ავიაჯგუფელი მას ეკუთვნის.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button