ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

15

– კურსი სამხრეთისკენ, კაპიტანო. უმჯობესია ფრანგულ ზონაზე შევამციროთ სიმაღლე!

შავ გზებს რომ დავყურებ, რომელთა გარჩევა უკვე შემიძლია, ვხვდები, რა არის მშვიდობა. მშვიდობა ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული წესრიგია. საღამოს სოფლის ბინადარნი შინ ბრუნდებიან. ხორბალს ბეღელში ყრიან და გაუთოებულ და საგულდაგულოდ დაკეცილ თეთრეულს კარადებში ალაგებენ. მშვიდობის დღეებში იცი, სად დევს ესა თუ ის ნივთი. იცი, სად იპოვო მეგობარი. იცი, სად დაიძინო ღამით. მაგრამ მშვიდობა კვდება, როდესაც ჩარხზე ქსელი იხლართება, როდესაც ადგილს ვეღარ პოულობ ქვეყნად, როდესაც აღარ იცი, სად არიან შენი ახლობლები, როდესაც ქმარი, რომელიც ზღვაზე გავიდა სათევზაოდ, აღარ ბრუნდება.

მშვიდობის დღეებში, როდესაც ყველა თავის ადგილზეა, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახე აქვს. და იცი, რომ ეს საგნები რაღაც უფრო დიდის ნაწილს წარმოადგენენ, ვიდრე თვითონ არიან. ისევე როგორც ნიადაგის მარილები, რომლებიც ხის წვენში ერწყმიან ერთმანეთს.

მაგრამ დაიწყო ომი.

და აი მე იმ გზების გასწვრივ მივფრინავ, რომლებზედაც უსაზღვრო შავი ლავა მიედინება. ამბობენ, მოსახლეობის ევაკუაციას ეწევიანო. მაგრამ ეს არ არის მართალი. მოსახლეობა თვითონ მიდის. ეს ამბავი გადამდებ სიგიჟეს ჰგავს. იმიტომ, რომ გაუგებარია, სად მიდიან ლტოლვილები. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, თითქოს იქ ბინა და გაშლილი სუფრა ელოდეთ, თითქოს იქ სტუმართმოყვარეობით დახვდებიან. მაგრამ სამხრეთში არ არის არაფერი, გარდა უკიდურესად გავსებული ქალაქებისა, სადაც ადამიანებს ფარდულებში სძინავთ და სადაც სანოვაგე უკვე ილევა. სადაც ყველაზე უფრო გულუხვი ადამიანებიც კი მტრულად გხვდებიან ამ შემოსევის უაზრობის გამო, რომელიც ნელ-ნელა, ტალახის ნიაღვარივით ნთქავს მათ. მთელ საფრანგეთს ხომ ვერ შეიფარებს და გამოკვებავს ერთი პროვინცია!

სად მიდიან? თვითონაც არ იციან. ისინი რომელიღაც მოჩვენებითი თავშესაფრებისკენ მიიწევენ, იმიტომ რომ, როგორც კი ქარავანი ოაზისს მიუახლოვდება, ოაზისი უკვე აღარ არსებობს. ყოველი ოაზისი, თავის მხრივ, იფანტება და ქარავანს უერთდება. ხოლო თუ ქარავანი ნამდვილ სოფელში შედის, რომელიც ჯერ კიდევ წააგავს ცოცხალს, იგი პირველივე საღამოს გამოსწოვს მას მთელ სასიცოცხლო წვენს. იგი გამოხრავს მას, როგორც ჭიები – ძვალს.

მტერი კი ლტოლვილებზე სწრაფად მოძრაობს. ზოგან გერმანელების ტანკები ევაკუირებულთა ნაკადის პარალელურად მოძრაობენ. და მაშინ ეს ნაკადი იყინება და ჩერდება. ზოგან კი ამ ფაფაში გერმანელთა დივიზიები იფლობიან და ზოგჯერ პარადოქსული მოვლენა შეგიძლიათ დაინახოთ – ჯარისკაცები, რომლებიც სხვა ადგილას კლავდნენ, აქ წყალს ასმევენ ადამიანებს.

უკან დახევისას ჩვენ ათ სხვადასხვა სოფელში მოგვიხდა დაბანაკება. და იმ ბრბოს შუაგულშიც მოვქცეულვართ, რომელიც სოფელზე გავლით ნელა მიიკვლევდა გზას.

– სად მიდიხართ?

– ღმერთმა იცის, სად…

მათ, საერთოდ, არაფერი იცოდნენ. არავინ არაფერი იცოდა. ისინი მხოლოდ მიდიოდნენ. თავშესაფარი არ იყო. გზები გაჭედილი იყო ხალხით. მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ სვლას. სადღაც, ჩრდილოეთში, ვეება ჩექმამ ჭიანჭველების ბუდე გასრისა. და ჭიანჭველებიც მოღოღავდნენ დანგრეული ბუდიდან, როგორც შრომისმოყვარე ჭიანჭველებს შეეფერებათ. მოთმინებით. უპანიკოდ. უიმედოდ. სასოწარკვეთილების გარეშე. თითქოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

– ვინ გიბრძანათ ევაკუაცია?

ბრძანებას ყოველთვის მერი იძლეოდა, ან მისი თანაშემწე, ანდა მასწავლებელი. ერთ მშვენიერ დილას, სამ საათზე, ბრძანება ერთბაშად წამოაფრთხობდა სოფელს:

– ევაკუაცია იწყება.

და ისინიც მზად იყვნენ ამისთვის. უკვე ორი კვირა იყო, რაც მათ თვალწინ ლტოლვილთა ნაკადი მოძრაობდა და მათაც უკვე აღარ ჰქონდათ იმედი, რომ დიდხანს დარჩებოდნენ თავიანთ სახლებში. მაგრამ ადამიანმა უკვე დიდი ხანია თავი ანება მომთაბარეობას. მან სოფლები გააშენა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. იგი აკეთებდა ავეჯს, რომლითაც შვილიშვილთა შვილებიც სარგებლობდნენ. იგი თავის მამა-პაპათა სახლში იბადებოდა, რომელიც მისი თავშესაფარი იყო სიკვდილამდე, მერე კი ამ სახლს, როგორც საიმედო კიდობანს, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდა მისი შვილიც. მაგრამ აი ბინადარ ცხოვრებას ბოლო მოეღო და ისინიც ისე ტოვებდნენ სახლ-კარს, რომ არც კი იცოდნენ, რისთვის ტოვებდნენ!

16

მძიმეა განსაცდელი, რომელიც ადამიანს თავს ატყდება გზაში! ზოგჯერ დავალებას ვიღებთ – ერთ დილას დავზვეროთ ჰაერიდან ელზასი, ბელგია, ჰოლანდია, ჩრდილოეთ საფრანგეთი და ზღვა. მაგრამ ჩვენი დავალებების მეტი წილი მიწასთან არის დაკავშირებული და ჩვენი დაზვერვა რომელიმე გზაჯვარედინზე წარმოქმნილი საცობით შემოიფარგლება. და აი ამ სამიოდე დღის წინ მე და დიუტერტრი იმის მოწმენი გავხდით, როგორ ინგრეოდა სოფელი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით.

მე ვერასოდეს გავთავისუფლდები ამ მოგონებისგან. დაახლოებით დილის ექვს საათზე მე და დიუტერტრი სახლიდან გამოსვლისას წარმოუდგენელმა ქაოსმა გაგვაოცა. ყველა გარაჟი, ყველა ანგარი, ყველა ფარდული ათასნაირ ეკიპაჟს ისროდა ვიწრო ქუჩებში – ახალ მანქანებსა და ძველისძველ ოთხთვალებს, რომლებიც ნახევარი საუკუნე მაინც თვლემდნენ უვარგისი ძველმანების გროვაში, თივის ურმებსა და სატვირთო მანქანებს, ომნიბუსებსა და ორთვალებს. კარგად თუ მოძებნიდა, დილიჟანსებსაც კი იპოვიდა კაცი ამ ბაზარში! ბორბლებზე მდგარი ყოველი ყუთი ქუჩაში გამოეტანათ. სახლებიდან ოჯახის ძვირფასეულობას ეზიდებოდნენ. სახელდახელოდ კრავდნენ ძველ ზეწრებში და ოთხთვალებისკენ მიათრევდნენ. და ეს განძეული მთელ თავის ფასს კარგავდა.

წინათ ეს ნივთები სახლის სახეს ქმნიდა. ეს საგნები ოჯახის კულტის საგნები იყო. და ყოველ საგანს თავისი ადგილი ჰქონდა, რომელიც ჩვეულებებით იყო განმტკიცებული და მოგონებებით იყო აღსავსე. და ყოველი მათგანის ფასი იმ როლით განისაზღვრებოდა, რაც მან ოჯახის წმიდათაწმიდა კერის შექმნაში შეასრულა. მაგრამ ახლა ადამიანებმა მას ის ფასი დასდეს, რაც არაფრით არ იყო შეპირობებული, ფასი, რომელიც მის მიერ ოჯახის ცხოვრებაში შესრულებული როლით არ განისაზღვრებოდა. მათ გლეჯნენ მათი ადგილიდან, ბუხარი იყო ეს, მაგიდა თუ კედელი, და ერთად აგროვებდნენ. და ისინიც ბაზარზე გამოტანილ ძველმანების გროვად იქცნენ, ამ ძველმანებად ქცეული რელიკვიების დანახვაზე გული აგერეოდა!

ნგრევა ჩვენ თვალწინ ხდება.

– ხომ არ გაგიჟებულხართ! რას შვრებით?

იმ ყავახანის დიასახლისი, სადაც ჩვეულებისამებრ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, მხრებს იჩეჩავს:

– ევაკუაციაა!

– ღმერთო ჩემო! რატომ?

– კაცმა არ იცის. მერმა ასე ბრძანა.

მას არ სცალია სალაპარაკოდ. იგი კიბეებზე არბის. მე და დიუტერტრი ქუჩას გავყურებთ. სატვირთო მანქანებზე, ავტომობილებზე, ორთვალებსა და შარაბანებზე ერთმანეთზე დაუყრიათ ბავშვები, ლეიბები და სამზარეულოს მოწყობილობა.

განსაკუთრებით საცოდავი სანახავია ძველი ავტომანქანები. ორთვალაში შებმული წვივმაგარი ცხენი საიმედოა. ცხენს არ სჭირდება სათადარიგო ნაწილები, ოთხთვალას შესაკეთებლად კი სამი ლურსმანიც კმარა. მაგრამ ყველაფერი ეს მექანიკური ტრანსპორტის ეპოქის ნაშთია! ეს დგუშები, სარქველები და მაგნეტოები კი რამდენ ხანს გაძლებს?..

– ხომ არ დამეხმარებით, კაპიტანო?..

– სიამოვნებით. რას მიბრძანებთ?

– ფარდულიდან გამოიყვანეთ ჩემი მანქანა…

მე გაოგნებული შევყურებ მას:

– განა თქვენ… მანქანის ტარება არ იცით?

– არაფერია… გზაზე შევძლებ როგორმე… იქ არც ისე ძნელია…

და ამ ქალს რძალი და შვიდი ბავშვი ახლავს.

გზაზე იქნებ შეძლოს როგორმე! გზაზე იგი მხოლოდ ოც კილომეტრს გაივლის დღეში, ორასმეტრიანი მონაკვეთებით! ყოველი ორასი მეტრის შემდეგ იძულებული იქნება მანქანა დაამუხრუჭოს და გააჩეროს, ჩართოს და გადართოს სიჩქარე. და ყველაფერი ეს ჩახერგილი გზის ორომტრიალში. იგი სულ დაამტვრევს ამ მანქანას! ახლა საწვავი, რომელსაც ვერსად იშოვის! ანდა ზეთი! და წყალიც კი, რომლის ჩასხმა დაავიწყდება.

– წყალი არ დაგავიწყდეთ. თქვენი რადიატორიდან ისე ჟონავს, როგორც კალათიდან.

– რას იზამ, ძველი მანქანაა…

– ერთ კვირაზე მეტი დრო დაგჭირდებათ გზაში… როგორ გაუძლებთ?

– თვითონაც არ ვიცი…

პირველივე კილომეტრებზე იგი სამჯერ მაინც დაეჯახება სხვა მანქანას, დააზიანებს სიჩქარის კოლოფს და შეანგრევს ბალონებს. და მაშინ მის რძალთან და შვიდ ბავშვთან ერთად ატირდება. მაშინ იგი, მისი რძალი და შვიდი ბავშვი, დაუძლეველი დაბრკოლების წინაშე მდგარნი, უარს იტყვიან ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაზე, გზის პირას ჩამოსხდებიან და მწყემსის გამოჩენას დაელოდებიან. მაგრამ მწყემსი არსადაა…

საოცარია, მაგრამ მწყემსები მართლაც არ ჩანან! მე და დიუტერტრმა ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ იქცეოდნენ უმწყემსოდ დარჩენილი ცხვრები. ისინი განაგრძობდნენ გზას მექანიკური ტრანსპორტის აუწერელ ხმაურში. სამი ათასი დგუში. ექვსი ათასი სარქველი. და ყველაფერი ეს რახრახებს, წივის, ჟღრიალებს. რადიატორებში წყალი დუღს. ასე განაგრძობს გზას შესრულებული მოვალეობის შეგნებით გამსჭვალული ეს განწირული ქარავანი. ქარავანი, რომელსაც სათადარიგო ნაწილები და საწვავი არა აქვს და მექანიკოსები არა ჰყავს. ნამდვილი სიგიჟეა!

– ნუთუ არ შეიძლება შინ დარჩეთ?

– ო, როგორ გვინდა შინ დარჩენა!

– რატომღა მიდიხართ?

– ასე გვითხრეს…

– ვინ გითხრათ?

– მერმა გვითხრა…

ისევ მერი.

– რაღა თქმა უნდა, სიხარულით დავრჩებოდით.

ყველაფერი ცხადია. ვერავითარ პანიკას ვერ ვხედავთ. აქ მხოლოდ ბრმა მორჩილების ატმოსფერო მეფობს. მე და დიუტერტრი ზოგიერთების გონს მოყვანას ვცდილობთ.

– ჯობს გადმოალაგოთ ყველაფერი და თქვენს სახლს დაუბრუნდეთ. საკუთარი ჭიდან მაინც დალევთ წყალს…

– თქმა არ უნდა, კარგი იქნებოდა…

– მაშ რატომ არ რჩებით, ვინ გაიძულებთ!

ჩვენმა სიტყვამ გაჭრა. ჩვენ ირგვლივ ხალხი მოგროვდა. გვისმენდნენ და თავს გვიქნევდნენ თანხმობის ნიშნად.

– კაპიტანი მართალს ამბობს!..

ვიღაცეები მხარს მიჭერენ. რომელიღაც გზის მუშამ კი თავგამოდებით დასძინა:

– მეც ყოველთვის ამას ვამბობდი! გზაში ალბათ ასფალტს დავუწყებთ ღრღნას.

ისინი თათბირობენ და ერთხმად წყვეტენ, რომ დარჩნენ. რამდენიმე კაცი წავიდ-წამოვიდა, რომ დანარჩენები დაიყოლიონ. მაგრამ დაღვრემილნი დაბრუნდნენ უკან:

– არაფერი გამოდის. გინდა თუ არ გინდა – უნდა წახვიდე.

– რატომ?

– მეპურე წავიდა. ვინ გამოგვიცხობს პურს?

სოფელი უკვე დაიშალა. სოფელი გაიბზარა. და ახლა ყველგან ჟონავს. ახლა ყველაფერი ამ ნაპრალებში გავა, რაც კი იყო შიგ. იმედი აღარ არის.

დიუტერტრს თავისი მოსაზრება აქვს:

– უბედურება ის არის, რომ ადამიანებმა ომი არანორმალურ მდგომარეობად მიიჩნიეს. ძველად ისინი შინ ისხდნენ. ომი და ცხოვრება ერთმანეთზე იყო გადახლართული.

ისევ გამოჩნდა ყავახანის დიასახლისი. იგი ტომარას მოათრევს.

– ჩვენ ორმოცდახუთ წუთში უნდა გავფრინდეთ… თითო ფინჯანი ყავა ხომ არ მოგეძებნებათ ჩვენთვის?

– საცოდავი ბიჭები…

იგი თვალებს იმშრალებს. მაგრამ ჩვენ არ დაგვტირის. და არც თავის თავს. იგი დაღლილობისგან ტირის. იგი უკვე ჩაითრია ქარავნის ორომტრიალმა, რომელიც უფრო და უფრო იმატებს ყოველი კილომეტრის შემდეგ.

გზაზე, ღია ცის ქვეშ, ამ საბრალო ფარას ტყვიების თქეში ელის მცირე სიმაღლეზე მფრინავი მტრის გამანადგურებლებისაგან. თუმცა, როგორ უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, გამანადგურებლები არც ისე ხშირად უშენენ ტყვიებს ლტოლვილებს. რამდენიმე მანქანას გადაბუგავენ და შეჩერდებიან. რამდენიმე კაცს მოკლავენ და შეწყვეტენ სროლას. ეს თავისებური სამსახურია – თითქოს გვაფრთხილებენ. ასე კბენს ხოლმე ძაღლი ფეხებში ცხვრებს, რომ მთელი ფარა ააჩქაროს. აქ კი ასე იმიტომ იქცევა მტერი, რომ უფრო მეტი ორომტრიალი გამოიწვიოს. მაშ რა საჭიროა ეს ადგილობრივი და არარეგულარული სროლა თვითმფრინავებიდან, რასაც თითქმის არავითარი შედეგი არა აქვს. მტრისთვის ძალიან იოლია გაფანტოს და მოსპოს ქარავანი. თუმცა ქარავანი თავისთავადაც იშლება, როგორც მანქანა, რომელიც მშვიდობიანი და მყუდრო ცხოვრებისთვის იყო შექმნილი, ისეთი ცხოვრებისთვის, როცა არავინ არსად მიიჩქარის. ახლა კი აღარავის სცალია ამ მანქანის შესაკეთებლად, მოსაწესრიგებლად და გასაწმენდად. იგი თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვდება. ამ საღამოს ამ ეკიპაჟებს უკვე ათასი წლის იერი ექნებათ.

ასე მგონია, თითქოს სულთმობრძავ მანქანებს შევყურებ.

აი ვიღაც მეფური სიდიადით ურტყამს მათრახს ცხენს. იგი სახეგაბრწყინებული ზის უნაგირზე, როგორც სამეფო ტახტზე. ეტყობა, ცოტა გადაუკრავს.

– ჰეი, თქვენ, რა გიხარიათ?

– მეორედ მოსვლაა!

მე ბუნდოვანი შეშფოთება მეუფლება იმის გამო, რომ ეს მშრომელი ადამიანები, მთელი ეს უბრალო ხალხი, რომელსაც ასეთი მკაცრად განსაზღვრული ადათ-ჩვევები და ამდენი დიდებული თვისება ჰქონდა, პარაზიტ მწერებად, კალიებად იქცევა დღესვე.

ისინი მინდვრებში მიმოიფანტებიან და გადახრავენ ნათესებს.

– ვინ უნდა გარჩინოთ?

– კაცმა არ იცის…

როგორ გინდა, რომ სანოვაგე მიაწოდო მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც ჩახერგილ გზებზე გაჭედილან, გზებზე, რომლებზედაც დღეში მხოლოდ ხუთიდან ოცამდე კილომეტრს თუ გაივლი. მაგრამ, კიდევაც რომ გქონდეს სანოვაგე, სულ ერთია, მაინც ვერ მიაწვდენ!

ადამიანებისა და მანქანების ეს ზედახორა ლიბიის უდაბნოს მაგონებს, შავი, მზეზე მოლაპლაპე ქვებით რომ იყო მოფენილი, რომლებიც ჯავშანივით ბოჭავდნენ მიწას…

სასოწარკვეთილება მიპყრობს ჩემ თვალწინ გადაშლილი სურათის შემყურეს: დიდხანს გაძლებს ასფალტზე დაფენილი კალიების გუნდი?

– წყლის დასალევად წვიმის ლოდინი დაგჭირდებათ!

– ვინ იცის…

ათი დღის განმავლობაში მათ სოფელზე განუწყვეტლივ მოედინებოდა ჩრდილოეთიდან ლტოლვილების ნიაღვარი. ათი დღის განმავლობაში შეჰყურებდნენ ისინი ამ უწყვეტ სვლას. ახლა კი მათი ჯერი დადგა. და ისინიც კუდში მოექცნენ პროცესიას სრულიად უიმედოდ.

– როგორ მინდოდა ჩემს სახლში მოვმკვდარიყავი!

– ვის არ უნდა საკუთარ ჭერქვეშ სიკვდილი!

ეს ასეა. მაგრამ სოფელი მაინც იშლება, როგორც სილისგან ნაგები სახლი, თუმცა არავის სურდა ადგილიდან დაძრულიყო.

კიდევაც რომ ჰყოლოდა საფრანგეთს სარეზერვო არმია, ეს არმია ადგილიდან ვერ დაიძვროდა, რადგან გზები გაჭედილია. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს მიჯახებული დამტვრეული მანქანებისა და ჩახერგილი გზების მიუხედავად, ნიაღვრის დინების მიმართულებით კიდევ შეიძლება დიდი გაჭირვებით მოძრაობა, მაგრამ როგორ გინდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაო?

– რეზერვები არ არის, – მეუბნება დიუტერტრი, – და, მაშასადამე, სადარდელიც არაფერია.

ხმა დაირხა, მთავრობამ სოფლების ევაკუაცია აკრძალაო. თუმცა ბრძანებები, ღმერთმა იცის, როგორ ვრცელდება, რადგან გზებზე მოძრაობა შეუძლებელია. რაც შეეხება სატელეფონო ქსელს, იგი ან გადატვირთულია, ან გადაჭრილი, და ვერ ენდობი. და ესეც რომ არ იყოს, საქმე ბრძანებები არაა. საქმე ისაა, რომ ხელახლა შექმნა მორალი. ათასეული წლების მანძილზე უნერგავენ ადამიანებს იმ აზრს, რომ ქალებსა და ბავშვებს ომი არ უნდა შეეხოთ, რომ ომი მამაკაცების საქმეა. ეს კანონი კარგად იციან მერებმა, მათმა თანაშემწეებმა და მასწავლებლებმა. მაგრამ აი – უეცრად მათ ბრძანება მიიღეს ევაკუაცია აკრძალონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები და ბავშვები ბომბების ქვეშ დატოვო. მაგრამ ერთი თვე მაინცაა საჭირო, რომ ადამიანის შეგნება ახალ წესებს შეაჩვიო. არ შეიძლება ერთი დაკვრით გადააყირავო აზროვნების მთელი სისტემა. მტერი კი წინ მოიწევს. და აი – მერიც, მისი თანაშემწეც და მასწავლებელიც დიდ გზაზე მიერეკებიან თავიანთ ხალხს. სხვა რაღა დარჩენიათ? სად არის ჭეშმარიტება? და ცხვრებიც მილასლასებენ უმწყემსებოდ.

– აქ სადმე ექიმი ხომ არ არის?

– თქვენ აქაურები არა ხართ?

– არა. ჩვენ შორიდან ვართ, ჩრდილოეთიდან.

– რად გინდათ ექიმი?

– ჩემი ცოლი ბავშვსა შობს ოთხთვალაში…

სამზარეულოს ჭურჭლისა და რკინის ნამსხვრევების ქაოსში, როგორც ეკლებზე.

– რატომ ადრევე არ იფიქრეთ ამაზე? – უკვე ოთხი დღეა გზაში ვართ.

გზა კი ის ნიაღვარია, რომელიც ყველაფერს იმორჩილებს. სად უნდა შეჩერდე? სოფლები, რომლებიც ნიაღვარმა ერთმანეთის მიყოლებით წალეკა, თავისთავად ცარიელდება, თითქოს რიგრიგობით სკდება და საერთო მღვრიე მორევს უერთდება.

– არა, ექიმი არ არის. პოლკის ექიმი აქედან ოც კილომეტრზეა.

– რა გაეწყობა.

და იგი ოფლს იწმენდს სახეზე. ყველაფერი ინგრევა. მისი ცოლი შუა ქუჩაში შობს ბავშვს, სამზარეულოს ჭურჭლებზე… და მთელ ამ ამბავში ოდნავი სისასტიკეც კი არ იგრძნობა. ყველაფერი ეს იმდენად საზარელია, რომ ადამიანურობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება. არავინ ჩივის, რადგან ჩივილს არავითარი აზრი არა აქვს. მისი ცოლი კვდება, მაგრამ იგი არ ჩივის. ვერაფერს გახდები. ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს.

– სადმე გაჩერება რომ მაინც შეიძლებოდეს…

ნამდვილი სოფლის, ნამდვილი სასტუმროს, ნამდვილი საავადმყოფოს შოვნა რომ შეიძლებოდეს სადმე… მაგრამ საავადმყოფოებიც ევაკუირებულია და ღმერთმა იცის რატომ! ასეთია თამაშის წესი. ახალი წესების მოგონების დრო კი აღარ არის. ნამდვილი სიკვდილის პოვნა მაინც შეიძლებოდეს! მაგრამ აღარც ნამდვილი სიკვდილია სადმე. არის მხოლოდ ადამიანთა სხეულები, რომლებიც მანქანის ნაწილებივით იშლებიან.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ აუცილებელ საქმეებს, რომლებსაც ყოველგვარი აზრი დაუკარგავთ და უკვე აღარ არის აუცილებელი. ადამიანები დღეში ხუთი კილომეტრის სიჩქარით მილასლასებენ, რომ გაექცნენ ტანკებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ას კილომეტრზე მეტს გადიან, და თვითმფრინავებს, რომლებიც ექვსას კილომეტრს გადიან ამავე დროში. ასე იღვრება ხოლმე სიროფი წაქცეული ბოთლიდან. ცოლი ბავშვსა შობს, ქმარი კი არ ჩქარობს – მას იმდენი დრო აქვს, რომ არც კი იცის, რაში მოიხმაროს. ამ საქმის დაყოვნება არ შეიძლება. მაგრამ იგი უკვე აღარ არის დაუყოვნებელი საქმე. ყველაფერი მერყევ წონასწორობას მოუცავს, რომელიც წუთსა და მარადისობას შორის მოქცეულა.

ყოველი მოქმედება შენელებულია, როგორც მომაკვდავის რეფლექსები. ადამიანები ვეება ფარად ქცეულან, რომელიც თავჩაქინდრული მიაბიჯებს სასაკლაოს გზაზე. რამდენია ასფალტზე გადმოსროლილთა რიცხვი – ხუთი მილიონი თუ ათი მილიონი? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძლივსღა ინაცვლებენ ფეხს მარადისობის პირას მისულნი, დაღლილნი და თავჩაქინდრულნი.

და, მართალი რომ გითხრათ, ვერ მივმხვდარვარ, როგოთ უხდა შეინარჩუნონ სიცოცხლე. ადამიანს არ შეუძლია ხის ტოტებით იკვებოს. ამას თვითონაც გრძნობენ, მაგრამ ეს არ აძრწუნებთ მათ. თავიანთი ბუდიდან ამოგდებულთ და ჩვეულ საქმიანობას მოწყვეტილთ ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგავთ. მათი პიროვნება წაშლილა. ისინი თითქმის აღარ არსებობენ. შემდეგ ისინი მოიგონებენ რაიმე ამაღლებულ ტანჯვას, მაგრამ ახლა ყველაზე უფრო ის ტანჯავთ, რომ წელი გაშეშებიათ, რომ გადატვირთულ საბარგულს მიათრევენ, რომ სახელდახელოდ შეკრული ფუთების კვანძები გახსნილა ან ფუთები გახეულა და ყველაფერი გათეთ გადმოცვენილა, ხოლო მანქანას ხშირ-ხშირად სჭირდება ზურგიდან მიწოლა, რომ ადგილიდან დაძრა.

დამარცხებაზე არავინ ლაპარაკობს. ისედაც ცხადია. საჭირო არ არის იმაზე ლაპარაკი, რითაც მთლიანად ხართ მოცული, რაც თქვენს არსს შეადგენს. ისინი თვითონ „არიან“ დამარცხება.

და უეცრად მთელი საშინელებით მესახება თვალწინ მუცელგამოფატრული და ნაწლავებგადმოყრილი საფრანგეთი. საჭიროა გაკერვა. ერთი წამით დაყოვნებაც არ შეიძლება, თორემ ყველანი დაიღუპებიან…

აი უკვე დაიწყო. უკვე ღაფავენ სულს, როგორც ნაპირზე ამოგდებული თევზები.

– იქნებ რძე აქვს ვინმეს? სად შეიძლება რძის შოვნა?

სიცილით მოკვდება კაცი ასეთი შეკითხვის გაგონებაზე!

– ჩემს ბავშვს გუშინდლიდან არაფერი უჭამია…

ლაპარაკია ექვსი თვის ბავშვზე, რომელიც ჯერჯერობით ხმამაღლა წივის, მაგრამ დიდხანს ვერ იწივლებს: თევზები უწყლოდ არიან… აქ რძე არ არის. აქ მხოლოდ რკინის ნამტვრევებია. აქ მხოლოდ უსარგებლო ძველმანების გროვაა, რომელიც ყოველ კილომეტრზე მატულობს, ჭანჭიკებს, ქანჩებსა და თუნუქის ნაკუწებს ყრის ირგვლივ და თან მიათრევს მთელ ამ ხალხს, რომელიც ასეთი გასაოცარი განწირულებით მიიწევს არარაობისკენ.

ხმა დაირხა, რომ სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრზე, თვითმფრინავები ტყვიებს უშენენ გზას. ყუმბარებზედაც ლაპარაკობენ. ჩვენ მართლაც გვესმის აფეთქებების ყრუ გრუხუნი. როგორც ჩანს, მართალს ამბობენ.

მაგრამ ბრბოს ეს არ აშინებს. ასე მეჩვენება, თითქოს იგი ოდნავ გამოცოცხლდა კიდეც. ეს რეალური საფრთხე, როგორც ჩანს, ნაკლებ საშინელია, ვიდრე რკინის ნამტვრევების მიერ ადამიანის შთანთქმის საფრთხე.

რა სქემებს არ გამოიგონებენ შემდეგ ისტორიკოსები! რას არ გამოიგონებენ, რომ ოდნავი აზრი მაინც მიანიჭონ ამ ორომტრიალს! ისინი დაებღაუჭებიან რომელიღაც მინისტრის სიტყვას, რომელიღაც გენერლის გადაწყვეტილებას, რომელიღაც კომისიის სხდომას და ისტორიულ სიტყვებს შექმნიან ლანდების ამ ვიტრინიდან – ვიღაცას პასუხისმგებლობას დააკისრებენ, ხოლო ვიღაცას წინასწარმეტყველების უნარს მიანიჭებენ. ისინი მოიგონებენ – ვინ იყო მომხრე და ვინ – წინააღმდეგი, ვინ წარმოთქვა კეთილშობილური მონოლოგები კორნელის სტილით და ვინ იყო მოღალატე. მე კი კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ევაკუირებული სამინისტრო. მე შემთხვევით მქონდა საქმე ერთ-ერთ ასეთ სამინისტროში. და ხელადვე მივხვდი, რომ მთავრობა, რომელიც თავის რეზიდენციას ტოვებს, აღარ არის მთავრობა. ისევე, როგორც სხეული, თუ თქვენ ნაწილ-ნაწილ შეუდგებით მის გადატანას: თუ ერთ ადგილას კუჭს გადაიტანთ, მეორეგან – ღვიძლს და კიდევ სადღაც – ნაწლავებს, – ეს ორგანოები უკვე აღარ იქნება ორგანიზმის ნაწილები. მე ოცი წუთი გავატარე ავიაციის სამინისტროში და დავრწმუნდი, რომ მინისტრს ნამდვილად შეუძლია თავისი მდივნის გამოყენება. და თანაც ყოვლად საოცარი საშუალებით – ელექტრონის ზარით, ვიდრე ამ ზარის მავთული მთელია. მინისტრი ღილაკზე აჭერს თითს და მდივანიც ხელადვე ცხადდება.

და ეს დიდი მიღწევაა.

– მანქანა, – ბრძანებს მინისტრი.

მაგრამ მისი ძალაუფლება ამით ამოიწურება. მას შეუძლია აიძულოს თავისი მდივანი მცირეოდენი მანძილი გაირბინოს. ოღონდ მდივანმა უკვე აღარ იცის, არსებობს თუ არა ქვეყნად სადმე მინისტრის მანქანა. რადგან არავითარი ელექტრომავთული არ აკავშირებს ერთმანეთთან მდივანსა და მანქანის მძღოლს. მძღოლი სადღაც სამყაროს გაუვალ წიაღში მიკარგულა. რა შეუძლიათ იცოდნენ ომზე მათ, ვისაც მთავრობა ჰქვია? მათ კი არა, ახლა ჩვენც კი ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ ბომბდამშენების ესკადრილია გაგვეგზავნა ჩვენ მიერ აღმოჩენილი ჯავშანსატანკო დივიზიის გასანადგურებლად, იმდენად დარღვეულია კავშირები. და რა ცნობების მიღება შეუძლია მთავრობას იმ ქვეყნის შესახებ, რომელსაც ნაწლავები გარეთა აქვს გადმოყრილი? ცნობები დღეში ოცი კილომეტრის სისწრაფით ვრცელდება. ტელეფონები გადატვირთულია ან გაფუჭებული და გარკვევით არაფრის თქმა შეუძლია იმ არსებაზე, რომელიც ამ წუთას იღუპება. მთავრობა უჰაერო სივრცეშია გამოკიდული. დროდადრო მის ყურამდე სასოწარკვეთილი გოდება აღწევს, რომელიც შველას ევედრება, მაგრამ ეს გოდება, რომელიც სამი სტრიქონითაა გამოხატული, აბსტრაქტულად ჟღერს. როგორ უნდა შეიტყონ ადამიანებმა, რომლებსაც ხალხის სიცოცხლე აქვთ მინდობილი, რომ ათი მილიონი ფრანგი უკვე მოკვდა შიმშილით. იმისთვის, რომ ათი მილიონი ადამიანის ეს გოდება გამოხატო, საკმარისია რამდენიმე სიტყვა და მხოლოდ ერთი ფრაზა:

– ოთხ საათზე X-თან გამოცხადდით.

ანდა:

– ამბობენ, ათი მილიონი ადამიანი დაიღუპაო.

ანდა:

– ბლუა იწვის.

ანდა:

– თქვენი შოფერი იპოვეს.

და ყველაფერი ეს ერთი და იმავე ტონით და ერთმანეთის მიყოლებით. ათი მილიონი ადამიანი. მანქანა. აღმოსავლეთის არმია. დასავლეთის ცივილიზაცია. შოფერი იპოვეს. ინგლისი. პური. რომელი საათია?

მე თქვენ შვიდ ასოს გთავაზობთ. ეს შვიდი ასო ბიბლიიდანაა აღებული. სცადეთ და აღადგინეთ ბიბლია ამ შვიდი ასოს შემწეობით!

ისტორიკოსები დაივიწყებენ იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი გამოიგონებენ მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც სასწაულებრივი საიდუმლო ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი მთელ სამყაროსთან, ნათლად ხედავდნენ მთელ სურათს და კარტეზიული ლოგიკის ოთხი კანონის მიხედვით ჰქონდათ აწონილ-დაწონილი დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ისტორიკოსები შეძლებინ კეთილი ძალები ბოროტი ძალებისგან გაარჩიონ და გმირები მოღალატეებისგან განაცალკეონ. მე კი ერთ შეკითხვას მივცემდი მათ:

– ღალატი რომ შეძლო, რაღაც პასუხისმგებლობა უნდა იკისრო, რაღაც უნდა ითავო, რაღაცაზე უნდა მოახდინო გავლენა, რაღაც უნდა იცოდე. ამ საყოველთაო ნგრევის დღეებში კი, ეს რომ შეძლო, გენიოსი უნდა იყო. მაშ რატომ არ აჯილდოებენ მოღალატეებს ორდენებით?

მაგრამ ნელ-ნელა ყველგან ვლინდება მშვიდობის ნიშნები. ოღონდ ეს არ არის მკვეთრად გამოხატული მშვიდობა, რომლითაც ომი მთავრდება და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელშეკრულებით დამტკიცებული ახალი ისტორიული ეტაპის სახით გვევლინება. ესაა რაღაც გაურკვეველი პერიოდი, ყველაფრის აღსასრული, აღსასრული, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ეს ის ჭაობია, რომელშიაც ნელ-ნელა იხშობა ყოველგვარი შემართება. არავითარი დასასრულის მოახლოება არ იგრძნობა – არც კარგის და არც ცუდის. პირიქით, ჩვენ ნეღა-ნელა გვეუფლება გარდამავალი ხანის ლპობა, რომელიც მარადისობას წააგავს. და ვერაფერი დასრულდება, იმიტომ რომ არ არსებობს ის კვანძი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდო და ამოზიდო ქვეყანა, როგორც დასახრჩობად განწირული ქალი ამოჰყავთ ხოლმე თმით წყლიდან. ყველაფერი დაიშალა. და, როგორც არ უნდა დაძაბო ძალ-ღონე, ხელში მხოლოდ ერთი ბღუჯა თმაღა შეგრჩება. ეს მშვიდობა ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არ არის. იგი კეთრივით ედება ქვეყანას.

იქ, ჩემ ქვევით, იმ გზებზე, სადაც ლტოლვილთა ქარავნები მილასლასებენ, სადაც გერმანელი ტანკისტები ხან ხოცავენ მათ და ხან წყალს ასმევენ, ჭაობია და ხმელეთსა და წყალს შორის საზღვარი არა ჩანს. მშვიდობა, რომელიც უკვე შეერია ომს, ხრწნის ამ ომს.

ჩემი მეგობარი, ლეონ ვერტი, საოცარი სურათის მოწმე გახდა, რომლის აღწერასაც დიდ წიგნში აპირებს. გზის მარცხენა მხარეზე გერმანელები არიან, მარჯვნივ – ფრანგები. მათ შორის კი დინების ნელი მორევი ტრიალებს – ათასობით ქალი და ბავშვი, რომლებიც ცეცხლმოდებული მანქანებიდან მობობღავენ. და აი – არტილერიის ლეიტენანტი, რომელიც საგზაო საცობში გაიხირა, ცდილობს საბრძოლველად გაამზადოს სამოცდათხუთმეტმილიმეტრიანი ქვემეხი, რომელსაც მოწინააღმდეგე ცეცხლს უშენს. რადგან მოწინააღმდეგე მიზანში ვერ ურტყამს და მხოლოდ გზას ცელავს, ხოლო ოფლად გაღვრილი და თავისი სამხედრო მოვალეობით დაჰიპნოზებული ლეიტენანტი მაინც ცდილობს გადაარჩინოს პოზიცია, რომელსაც ოც წუთსაც კი ვერ შეინარჩუნებს (რადგან არტილერისტები მხოლოდ თორმეტნი არიან), ლტოლვილი დედები უყვირიან ლეიტენანტს:

– ჩამოგვეცალეთ! წაეთრიეთ აქედან!

და ლეიტენანტიც მიდის თავის ხელქვეითებთან ერთად. ასე ყოველ ფეხის გადადგმაზე ეჯახებიან ისინი მშვიდობის მოთხოვნებს. ხომ ვერ გაჟლეტ ბავშვებს გზებზე! ყოველი ჯარისკაცი, რომელიც სროლას დააპირებს, ბავშვს მოახვედრებს ზურგში. ყოველი სატვირთო მანქანა, რომელიც აქ გავლას ცდილობს, დაღუპვას უქადის ხალხს, რადგან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გავლისას იგი გაუვალ საცობს უქმნის მთელ გზას.

– ხომ არ შეიშალეთ! გაგვატარეთ! ბავშვები გვეღუპება!

– რას იზამ… ომია…

– რომელი ომი? სად ხედავთ თმს? სამ დღეში ამ მიმართულებით ექვს კილომეტრზე მეტს ვერ გაივლით!

აი რამდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც რომელიღაც შესაკრები პუნქტისაკენ მიდიოდნენ თავიანთი სატვირთო მანქანით და გზა დაეკარგათ. შესაკრები პუნქტი, რაღა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე საათია აღარ არსებობს. მაგრამ ისინი თავიანთი უმარტივესი მოვალეობის შესრულების აუცილებლობის შეგნებით არიან განმსჭვალულნი:

– ჩვენ ომში ვართ…

– … უკეთესი იქნება ჩვენ წაგვიყვანოთ! ეს გულქვაობაა!

რომელიღაც ბავშვი ტირის.

– ამას რაღა მოუვიდა…

ის უკვე აღარ ტირის: აღარ არის რძე. აღარ ისმის ტირილი.

– რას იზამ… ომია…

და ისინი სასოწარკვეთილი ადამიანის ჩლუნგი სიჯიუტით იმეორებენ ამ სიტყვებს.

– სად ხედავთ მაგ თქვენს ომს? ჩვენთან ერთად ამოგძვრებათ აქ სული!

– ჩვენ ვომობთ…

მათ თვითონაც არ გაეგებათ, რას ამბობენ. თვითონაც არ არიან კარგად დარწმუნებულნი, რომ ომობენ. მათ თვალითაც არ უნახავთ მოწინააღმდეგე. ისინი თავიანთი სატვირთო მანქანით რომელიღაც მიზნისკენ მიექანებიან, რომელიც უდაბნოს მირაჟზე უფრო მოჩვენებითია. და ყველგან მხოლოდ აყროლებული ნაგვის სამყაროს აწყდებიან.

და რადგან ამ ქაოსს ვერ გააღწიეს, მანქანიდან გადმოდიან. მათ გარს ეხვევიან.

– წყალი ხომ არა გაქვთ?

ისინი არიგებენ წყალს.

– პური?

პურსაც არიგებენ.

– ამ ქალს აქ დატოვებთ სასიკვდილოდ?

დამტვრეულ მანქანაში ვიღაც ქალს სული ეხუთება.

იგი გამოჰყავთ და სატვირთო მანქანაზე სვამენ.

– ამ ბავშვს?

ბავშვიც მაღლა აჰყავთ.

– ამ მშობიარეს?

მასაც სატვირთო მანქანაზე სვამენ.

მერე კიდევ ერთი ქალი აჰყავთ. იმიტომ, რომ ტირის.

ერთი საათის ვაი-ვაგლახის შემდეგ, როგორც იქნა, გაუკაფეს მანქანას გზა. იგი სამხრეთისაკენ მიაბრუნეს. და ომის ეს გზადაბნეული ნამტვრევიც, რომელიც ლტოლვილთა ნიაღვარში მოექცა, ამიერიდან მათი გზით ივლის. ჯარისკაცები მშვიდობას ეზიარნენ, რადგან ომს ვერსად მიაგნეს.

იმიტომ, რომ ომის მუსკულატურა არა ჩანს. იმიტომ, რომ თქვენი დარტყმა ბავშვს ხვდება. იმიტომ, რომ სამხედრო შესაკრებ პუნქტში მშობიარე ქალებს ეჩეხებით. იმიტომ, რომ ცნობების გადაცემის ან ბრძანების მიღების იმედი ისეთივე უაზრობაა, როგორც სირიუსთან დავა. აღარ არის არმია. არიან მხოლოდ ჯარისკაცები.

და ისინი მშვიდობას ეზიარნენ. მოვლენების ძალით ისინი მექანიკოსებად, ექიმებად, მწყემსებად და სანიტრებად იქცნენ. ისინი ცდილობენ მანქანები შეუკეთონ ამ პატარა ადამიანებს, რომლებსაც თვითონ არ ძალუძთ თავიანთი დანჯღრეული მანქანების შეკეთება. და ამ ჯარისკაცებმა, რომლებიც თავიანთი სინდისის კარნახით მუშაობენ და არა შიშის გამო, თვითონაც არ იციან, ვინ არიან – გმირები თუ დეზერტირები, რომლებიც სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს. მათ არ გაუკვირდებათ, ორდენებით რომ დააჯილდოონ, არ გაუკვირდებათ, კედელთან რომ დააყენონ და თორმეტ-თორმეტი ტყვია დაახალონ შუბლში. და არც ის გაუკვირდებათ, რომ დემობილიზაცია გამოუცხადონ. მათ აღარაფერი გააკვირვებთ. მათ უკვე დიდი ხანია გადააბიჯეს გაოცების საზღვრებს.

ყველაფერი ერთმანეთშია არეული. არავითარ ბრძანებას, არავითარ მოძრაობას, არავითარ ახალ ამბავს, არავითარ ტალღას, არაფერს ძალუძს სამ კილომეტრზე შორს გავრცელდეს. და, ისევე, როგორც სოფლები ერთვიან ერთმანეთის მიყოლებით საერთო მორევს, სამხედრო მანქანებიც ერთმანეთის მიყოლებით გადადიან მშვიდობის სამსახურში. ადამიანები, რომლებიც უყოყმანოდ შეხვდებოდნენ სიკვდილს, ეს ამოცანა რომ წამოჭრილიყო მათ წინაშე, ახლა იმას აკეთებენ, რასაც ცხოვრება აჩრით ხელში: ძველისძველი ორთვალას შეკეთებას ცდილობენ, რომელშიაც სამ მონაზონს თორმეტი ბავშვი ჩაუსვამს, რომ სიკვდილს გადაარჩინონ. და, ღმერთმა იცის, რომელი წმინდა ადგილებისკენ, რომელი ზღაპრული ქვეყნისკენ მიეშურებიან.

და, ისევე როგორც ალიასი, რომელიც ჯიბეში ინახავდა თავის რევოლვერს, მე არ გავკიცხავ ამ დეზერტირებს. სად არის ის სული, რომელიც მათ აღაფრთოვანებდა? სად არის ის ტალღა, რომელიც მათ აიტაცებდა? სად არის ის აზრი, რომელიც მათ გააერთიანებდა? მათ არაფერი იციან, რა ხდება ქვეყნად, გარდა იმ ხმებისა, რომლებიც ყოველთვის დაუჯერებლია და სადღაც გზაზე, სამი-ოთხი კილომეტრის მოშორებით იბადება უაზრო ვარაუდის სახით, ხოლო სამკილომეტრიან ბრბოში გაჟონვის შემდეგ უტყუარი ფაქტების სახეს იძენს. შეერთებული შტატები ომში ჩაება. პაპმა თავი მოიკლა. რუსების თვითმფრინავებმა ბერლინი გადაბუგეს. სამი დღის წინ დაზავებას მოაწერეს ხელი. ჰიტლერი ინგლისში გაიქცა.

არსად ჩანს მწყემსი ქალებისა და ბავშვებისათვის. არა ჩანს იგი არც მამაკაცებისთვის. გენერლის განკარგულებაშია მაცნე, მინისტრის განკარგულებაში კი – მდივანი. და თავიანთი მჭევრმეტყველებით მათ იქნებ შეუძლიათ კიდეც აღაფრთოვანონ ისინი. ალიასის განკარგულებაში კი მფრინავი ეკიპაჟებია. და მას შეუძლია თავის გასაწირად გაგზავნოს ისინი. სამხედრო მანქანაზე მჯდარი სერჟანტი თორმეტ მებრძოლს მეთაურობს, რომლებიც მისი ხელქვეითები არიან. მაგრამ მას არ ძალუძს ვინმეს დაუკავშირდეს. რომელიმე გენიოსიც რომ მოგვევლინოს უეცრად, რომელიც თვალის დახამხამებაში გაართმევდა ყველაფერს თავს და ხსნის გეგმას დასახავდა – ამ გენიოსის განკარგულებაში იქნებოდა მხოლოდ ელექტროზარის ოცმეტრიანი მავთული, სამანევრო ძალის სახით კი – მდივანი, თუ იგი თავის ადგილზე აღმოჩნდებოდა მავთულის მეორე ბოლოში.

და როდესაც შემთხვევის ანაბარა მიტოვებული ჯარისკაცები – რომლებიც რომელიღაც დამსხვრეული სამხედრო ერთეულის ნაწილებს წარმოადგენენ – თითო-თითოდ მილასლასებენ გზაზე, ამ ადამიანებს, ომის ამ უმუშევრებს, ვერავითარ სიმძიმილს შენიშნავთ, რასაც დამარცხებულ პატრიოტს შენიშნავდით. ისინი ბუნდოვნად ოცნებობენ მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა მათ ესახებათ, როგორც ამ არნახული ორომტრიალის დასასრული და საკუთარ პიროვნებასთან დაბრუნება, როგორი უბრალოც არ უნდა იყოს ეს პიროვნება. ყოფილი მეწაღე ოცნებობს ისევ აკერებდეს ფეხსაცმელს ძირებს, რადგან, ლურსმანს რომ აჭედებდა, იგი სამყაროს შექმნაში მონაწილეობდა.

და თუ ახლა თვითონაც არ იციან, სად მილასლასებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ორომტრიალის გამო, რომელიც ადამიანებს ფანტავს, და არა სიკვდილის შიშით. მათ არაფრის ეშინიათ: ისინი დაცარიელებულნი არიან.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button