ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

– აჩქარდი, თუ შეიძლება… სადაა ჩემი ხელთათმანები?.. არა… ეს სხვა ხელთათმანებია… ჩემს ჩანთაში მონახე…

– ვერ ვნახე, კაპიტანო.

– რეგვენი ხარ.

ყველანი რეგვენები არიან. ისიც, რომელმაც ჩემი ხელთათმანები ვერ იპოვა, და ისიც, შტაბში რომ ზის და მცირე სიმაღლიდან დაზვერვის იდეა აუკვიატებია.

– მე შენ ფანქარი გთხოვე. უკვე ათი წუთია, რაც ფანქარსა გთხოვ… არა გაქვს ფანქარი?

– მაქვს, კაპიტანო.

როგორც იქნა, აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც კიდევ შერჩენია რაღაცის მოსაზრების უნარი.

– ეს ფანქარი ზონარზე ჩამომკიდე, ზონარი კი ღილკილოზე გამოაბი… მსროლელო, თქვენ ისეთი იერი გაქვთ, თითქოს არსად მიგეჩქარებოდეთ.

–  მე მზად გახლავართ, კაპიტანო.

– კარგი…

ნეტავ მოთვალთვალე რას შვრება? ახლა მოთვალთვალეს ვეცი:

– აბა, რას მეტყვით, დიუტერტრ? რამე ხომ არ გვაკლია? კურსი გამოთვლილია?

– კურსი მზად გახლავთ, კაპიტანო.

კეთილი. კურსი გამოთვლილია. დავალება – განწირული. ნეტავ ვიცოდე, აქვს თუ არა აზრი ეკიპაჟის გაწირვას იმ ცნობების მოსაპოვებლად, რომლებიც არავის სჭირდება და რომლებსაც ვერავის გადასცემენ, ერთ-ერთი ჩვენგანი ცოცხალიც რომ გადარჩეს და ცნობები მოიტანოს…

– უკეთესი იქნებოდა, სპირიტები მოეწვიათ შტაბში სამსახურისთვის…

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩვენი ცნობები მბრუნავი მაგიდის მეშვეობით გადაგვეცა მათთვის. – მაინცდამაინც აღტაცებული არა ვარ ჩემი ოხუნჯობით, მაგრამ ბუზღუნს განვაგრძობ: – შტაბი, შტაბი, კარგი იქნებოდა თვითონ შტაბში მსხდომნი წაბრძანებულიყვნენ ასეთ დაზვერვაზე!

ჩაცმის მთელი ცერემონიალი უსაზღვროდ გრძელი გეჩვენება, როდესაც დავალება დასაღუპავადაა განწირული და როდესაც ასე გულმოდგინედ უნდა მოიკაზმო მხოლოდ იმისთვის, რომ ცოცხლად შეიწვა. რამდენი შრომაა საჭირო, რომ ტანსაცმლის სამფენიან გარსში შეძვრე, ინსტრუმენტების მთელი საწყობი აიკიდო, რომელსაც ძველმანების ვაჭარივით დაათრევ; ჟანგბადის ცირკულაცია, ცხელი ჰაერის ცირკულაცია და ეკიპაჟის წევრებთან სატელეფონო კავშირი მოაწესრიგო. მე ნიღბის მეშვეობით ვსუნთქავ. მე კაუჩუკის მილით ვარ შეერთებული თვითმფრინავთან, რაც ჭიპლარის მაგივრობას მიწევს. ჩემი სისხლის ნაკადის ცირკულაციაში მთელი თვითმფრინავია მიაქცეული. თვითმფრინავი ჩემი ადამიანური კავშირების ჯაჭვშია ჩართული. ჩემს სხეულს შეემატა ორგანოები, რომლებიც ჩემსა და ჩემს გულს შორისაა შემოჭრილი. ყოველ წუთს უფრო და უფრო ვმძიმდები, უფრო და უფრო ახმახი და მოუქნელი ვხდები. ახლა მე მხოლოდ მთელი ტანით შემიძლია მობრუნება და, როცა ვიხრები, რომ თასმები მოვიჭირო ან ელვები შევიკრა, სახსრები მიტკაცუნებს და ძველი ჭრილობები მტკივა.

– სხვა მუზარადი მომეცი. უკვე ოცდახუთჯერ გითხარი, ძველ მუზარადს არ დავიხურავ-მეთქი. მეტისმეტად მეკვრის თავზე.

მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა სასწაულით ხდება, რომ დიდ სიმაღლეზე თავის ქალა სივდება. და მუზარადიც, რომელიც კარგად გქონდა თავზე მორგებული, მიწაზე რომ იყავი, ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ვიწრო კოლოფივით გიჭერს ძვლებზე.

– ეს სხვა მუზარადია, კაპიტანო. უკვე გამოვცვალე…

– მართლა? მაშ კარგი…

სრულიად უმიზეზოდ ვბუზღუნებ და ოდნავადაც არ მქენჯნის სინდისი. მე მაინც მართალი ვარ! თუმცა ყოველივე ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სწორედ ამწუთს იმ შინაგანი უდაბნოს ცენტრი უნდა გადავლახო, რომელზედაც უკვე ვილაპარაკე. ჩემ ირგვლივ მხოლოდ ნამსხვრევებიღაა. და არც კი მრცხვენია, რომ სასწაულზე ვოცნებობ, რომელიც მთელი დღევანდელი დღის მდინარებას შეცვლიდა; მაგალითად, ლარინგოფონის გაფუჭება, იგი ხომ მუდამ ფუჭდება, ეს ძველი ნაგავი! დღეს კი ლარინგოფონის გაფუჭება ჩემს ეკიპაჟს გადაარჩენდა…

მე კაპიტანი ვეზენი მიახლოვდება. იგი მოღუშულია. დასაზვერავად რომ მივფრინავთ, კაპიტანი ვეზენი ყოველ ჩვენგანს მოღუშული აცილებს ხოლმე. პოლკში ვეზენს საჰაერო მოთვალთვალეებთან კავშირი აქვს მინდობილი. მან მტრის ავიაციის მოძრაობა უნდა გვამცნოს. ვეზენი კარგი მეგობარია და ძალიან მიყვარს, მაგრამ მას შეუძლია დამნავსოს. რისთვის შემომეფეთა!

– იცი, რას გეტყვი, – მეუბნება ვეზენი, – ესმოსაწყენია! მოსაწყენი! მოსაწყენი! – და რაღაც ქაღალდებს იღებს ჯიბიდან. მერე კი უცებ უნდობლად მაცქერდება, – როგორ გაფრინდები?

– ალბერზე გავლით.

– რაღა თქმა უნდა. ასეც ვიცოდი. ო, რა მოსაწყენია!

– ნუ სულელობ. რა უნდა გეთქვა?

– შენი გაფრენა არ შეიძლება!

– არ შეიძლება?!

რა კეთილია ვეზენი! მაგრამ უკეთესი იქნება, ლარინგოფონის გაფუჭება შესთხოვოს ღმერთს!

– ვერ გააღწევ.

– რატომ ვერ გავაღწევ?

– იმიტომ, რომ ალბერის თავზე განუწყვეტლივ დარაჯობს გერმანელთა გამანადგურებლების სამი საფარი. ერთი – ექვსი ათას მეტრზე, მეორე – შვიდი ათას ხუთასზე, მესამე კი – ათი ათასზე. და არც ერთი მათგანი არ ტოვებს ცას, ვიდრე არ შეენაცვლებიან. ეს ნიშნავს გაფრენის აკრძალვას აპრიორულად. შენ მახეში მიძვრები და, გარდა ამისა, აი შეხედე!..

და იგი ქაღალდს მიჩვენებს, რომელზედაც გაურკვეველი ხელითაა რაღაც დაჯღაბნილი.

უკეთესი იქნებოდა, სულ არ გამოჩენილიყო ეს ვეზენი! სიტყვები – „აპრიორული აკრძალვა“ – შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. წითელი შუქი და მოძრაობის წესების დარღვევა წარმომიდგა თვალწინ. მოძრაობის წესების დარღვევა კი აქ სიკვდილს ნიშნავს. და, გარდა ამისა, ვერ ვიტან სიტყვა „აპრიორულს“. ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს მიზანში ამომიღეს.

ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით ვიკრებ გონებას. მტერი ყოველთვის აპრიორულად იცავს თავის პოზიციებს. მთელი ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვების რახარუხია… და, გარდა ამისა, მიმიფურთხებია იმ გამანადგურებლებისთვის. შვიდას მეტრზე რომ დავეშვები, უწინარეს ყოვლისა, ჰაერსაწინაღობო დაცვა ჩამომაგდებს. იგი არასოდეს ააცდენს მიზანს. და უეცრად ვბრაზდები:

– ერთი სიტყვით, იმისთვის მოხვედი, გაგეფრთხილებინე, რომ გერმანელთა ავიაციის არსებობის გამო ჩემი გაფრენა წინდაუხედაობაა, ხომ? ახლა გაიქეცი და გენერალი გააფრთხილე…

ხომ შეეძლო, ალერსიანად გავეფრთხილებინე და ეს ყბადაღებული გერმანული საფარები „რაღაც გამანადგურებლებად“ მოენათლა, რომლებიც „ალბერის თავზე დაბორიალებენ“.

აზრი ზუსტად იგივე იქნებოდა.

4

ყველაფერი მზადაა. ჩვენ თვითმფრინავში ვართ. მხოლოდ ლარინგოფონების შემოწმებაა საჭირო…

– დიუტერტრ, გესმით ჩემი ხმა?

– მესმის, კაპიტანო.

– თქვენ, მსროლელო, გესმით?

– მე… დიახ… ძალიან კარგად.

– დიუტერტრ, გესმით მსროლელის ხმა?

– მშვენივრად, კაპიტანო.

– მსროლელო, გესმით კაპიტან დიუტერტრის ხმა?

– მე… დიახ… ძალიან კარგად.

– რატომ მუდამ ერთსა და იმავეს მიმეორებთ – „მე… დიახ… კარგად?“

– ფანქარს დავეძებ, კაპიტანო.

ლარინგოფონები წესრიგშია.

– მსროლელო, ჰაერის წნევა ბალონებში ნორმალურია?

– მე… დიახ… ნორმალურია.

– სამივე ბალონში?

– სამივეში.

– მზადა ზართ, დიუტერტრ?

– მზადა ვარ!

– მზადა ხართ, მსროლელო?

– მზადა ვარ.

– მაშ მივდივართ.

და მე მიწას ვწყდები.

5

შიშს საკუთარი რაობის შეგნების გაქრობა ბადებს. თუ მე რაიმე ცნობას მოველი, რომელმაც ბედნიერება ან უბედურება უნდა მომიტანოს, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სიცარიელეში გადამისროლეს. და, ვიდრე ამ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, ჩემი გრძნობები და ჩემი საქციელი დროებითი ნიღაბია მხოლოდ. დროის დინება – ერთმანეთის მომდევნო წამები – აღარ ქმნის იმ პიროვნებას, რომელიც ერთი საათის შემდეგ მე ვიქნები. ისევე როგორც ხეს ქმნის ხოლმე დროის დინება. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი პიროვნება საიდანღაც აჩრდილივით მოდის ჩემკენ. და მე შიში მიპყრობს. ცუდი ამბის შეტყობა კი ტანჯვას იწვევს, და არა შიშს: ეს სულ სხვა რამეა.

მაგრამ აი, როგორც იქნა, დრომ შეწყვიტა უაზრო დინება. მე მტკიცედ ვგრძნობ ჩემს მოვალეობას. ახლა მე გაურკვეველ მომავალზე გამოსახული აჩრდილი აღარა ვარ. მე უკვე აღარა ვარ ის, ვინც შეიძლება დაიღუპოს მოგიზგიზე ცეცხლში, როცა ალმოდებული თვითმფრინავი თავდაყირა დაეშვება. მომავალი უკვე აღარ მესახება გაურკვეველ მოჩვენებად. ამიერიდან მას ჩემი თანმიმდევრული საქციელი ქმნის. მე ვარ ის, ვინც აიღო კურსი 313, ვინც ხრახნების მოძრაობასა და საწვავის ტემპერატურას აწესრიგებს. ყოველივე ეს არსებითი და გადაუდებელი საზრუნავია. ესაა ოჯახზე ზრუნვა, ყოველდღიური წვრილმანი საქმეები, რომლის იქითაც ვეღარ ამჩნევ, როგორ ბერდები. და დღეც კარგად დალაგებულ სახლად, კარგად გაშალაშინებულ ფიცრად, კარგად დახარჯულ ჟანგბადად იქცევა. მე მართლაც ვაწესრიგებ ჟანგბადის ხარჯს, რადგან სწრაფად მივიწევთ მაღლა. უკვე ექვსი ათას შვიდას მეტრზე ვართ.

– როგორ არის ჟანგბადის საქმე, დიუტერტრ, როგორ გრძნობთ თავს?

– ყველაფერი რიგზეა, კაპიტანო.

– ეი, მსროლელო, როგორ არის ჟანგბადის საქმე?

– მე… დიახ… ყველაფერი რიგზეა, კაპიტანო…

– ისევ დაეძებთ ფანქარს?..

და ამავე დროს მე ვარ ის, ვინც C ღილაკსა და A ღილაკს აჭერს ხელს, რომ ტყვიამფრქვევები შეამოწმოს, ჰო, მართლა…

– ეი, მსროლელო, ჩვენ უკან, თქვენს სამიზნე სექტორში, დიდი ქალაქი ხომ არ მოჩანს?

– ა… არა, კაპიტანო.

– მაშ ტყვიამფრქვევები შეამოწმეთ.

მესმის ტყვიამფრქვევის ხმა.

– ყველაფერი რიგზეა?

– რიგზეა.

– ყველა ტყვიამფრქვევი მუშაობს?

– ჰმ… დიახ… ყველა.

მეც ვისვრი. მაინტერესებს, სად ცვივა ეს ტყვიები, რომლებსაც ჩვენ ასე გულდამშვიდებით ვაფრქვევთ სამშობლოს მინდვრებს. ეს ტყვიები არავის კლავს. დედამიწა დიდია.

ამრიგად, ყოველი წუთი თავისი შინაარსით მავსებს. მე ისევე მეშინია, როგორც ტოტზე გამოსხმულ ნაყოფს. გარემოება ჩემ ირგვლივ, რაღა თქმა უნდა, შეიცვლება. გარემოებაც და მიზნებიც. მაგრამ მე თვითონ ვიღებ მონაწილეობას ამ ჩემი მომავლის შექმნაში. დრო მძერწავს მე. ბავშვს არ აძრწუნებს ის ამბავი, რომ დასაბერებლად ემზადება. იგი ბავშვია და თავისი ბავშვური თამაშობებით არის გართული. მეც ვთმაშთბ. მე ვითვლი ჩემი სამეფოს სახელურებს, სექტორებს, ღილაკებს და ბერკეტებს. ას სამი საგანი დავითვალე, რომლებიც უნდა შევამოწმო, გამოვწიო, გადავაბრუნო ან დავწიო (კინაღამ არ ვიცრუე, ჩემი ტყვიამფრქვევის ღილაკი ორ საგნად რომ ჩავთვალე: მას ხომ დამცველიც აქვს). როგორ გავაოცებ დღეს ჩემს ფერმერს, რომლის სახლშიაც ვარ ბინად, როცა შევეკითხები:

– იცით თუ არა, რამდენ ხელსაწყოს მართავს თანამედროვე მფრინავი?

– საიდან უნდა ვიცოდე?

– მაინც, მაინც? დამისახელეთ რიცხვი.

– ღმერთმანი, არ ვიცი.

ჩემი ფერმერი გამჭრიახი არაა.

– რაიმე რიცხვი დაასახელეთ.

– კარგი, შვიდი.

– ას სამი!

და მე კმაყოფილი დავრჩები.

კიდევ იმიტომ დავმშვიდდი, რომ ყველა ხელსაწყო, რომელიც უსარგებლო გროვად ახერგილიყო ირგვლივ, თავთავის ადგილზე მოთავსდა და აზრი და დანიშნულება შეიძინა. მილებისა და კაბელების მთელი ეს ხლართი კავშირების ქსელად იქცა. თვითმფრინავი ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავს: მე ხელს ვაჭერ ამა თუ იმ ღილაკს და ამის წყალობით ჩემი ტანსაცმელი და ჟანგბადი თბება. თუმცა ჟანგბადი მეტისმეტად ხურდება და ტუჩებს მწვავს. ჟანგბადის მოწოდებაც სიმაღლის მიხედვით და ძალიან რთული ხელსაწყოს დახმარებით ხდება. თვითმფრინავი სიცოცხლეს მინარჩუნებს. გაფრენამდე მე იგი უსულო საგნად მეჩვენებოდა, ახლა კი დედისადმი შვილის სიყვარულის მაგვარი გრძნობაც კი დამეუფლა მისდამი. ძუძუმწოვრის გრძნობა. ხოლო, რაც შეეხება ჩემს წონას, იგი თანაბრადაა განაწილებული საყრდენ წერტილებს შორის. სამფენიანი ტანსაცმელი და ჩემი მძიმე პარაშუტი სკამს ეყრდნობა. ვეება ჩექმები – პედალებს. ჩემი ხელები კი, რომლებზედაც სქელი და ტლანქი ხელთათმანები მაცვია, – ასეთი მოუხეშავი მიწაზე, – მსუბუქად მართავს შტურვალს. მართავს შტურვალს… მართავს შტურვალს.

– დიუტერტრ!

– … ტან!

– შჟამოწმეთ კონტაქტები. მე მხოლოდ გაურკვეველი ბგერები მესმის. გესმით ჩემი ხმა?

– მეს… კაპ…

– აბა ერთი კარგად შეანჯღრიეთ თქვენი მეურნეობა! ახლა როგორ არის საქმე?

ახლა უკვე გარკვევით ისმის დიუტერტრის სიტყვები.

– მშვენივრად მესმის თქვენი ხმა, კაპიტანო!

– კეთილი. მართვა დღესაც იყინება: შტურვალი ძლივს მოძრაობს, პედლები სულ გაიხირა!

– კარგი ამბავია. სიმაღლე რამდენია?

– ცხრა ათას შვიდასი.

– ტემპერატურა?

– ორმოცდარვა გრადუსი. ჟანგბადის საქმე როგორა?

– კარგად.

– მსროლელო, ჟანგბადის საქმე როგორაა?

არავითარი პასუხი.

– მსროლელო, ეი!

არავითარი პასუხი.

– დიუტერტრ, გესმით მსროლელის ხმა?

– არ მესმის, კაპიტანო…

– დაუძახეთ!

– მსროლელო, ეი, მსროლელო!

პასუხი არ ისმის.

ვიდრე დაბლა დაშვებას დავიწყებდე, მთელი ძალით ვანჯღრევ თვითმფრინავს, რომ გავაღვიძო მსროლელი, თუ ვინიცობაა ჩაეძინა.

– კაპიტანო?

– თქვენ ხართ, მსროლელო?

– მე… ჰმ… დიახ…

– კარგად ვერა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენა ხართ?

დარწმუნებული ვარ!

– რატომ არ გამეცით პასუხი?

– რადიოს ვსინჯავდი და გამოგეთიშეთ.

– ყეყეჩო! ხომ უნდა გაგეფრთხილებინეთ! კინაღამ არ დავსვი თვითმფრინავი, მეგონა მოკვდით!

– მე… არა…

– ვენდობი თქვენს სიტყვას. მაგრამ მეტად აღარ იხუმროთ ასე! გამაფრთხილეთ, ეშმაკმა დალახვროს, ვიდრე გამომეთიშებოდეთ!

– მაპატიეთ, კაპიტანო. მესმის, კაპიტანო. გაგაფრთხილებთ.

საქმე იმაშია, რომ ჟანგბადის მოწყობილობის ავარია შეიძლება ვერ შენიშნოს კაცმა. იგი ოდნავ შესამჩნევ ეიფორიაში ვლინდება, რომელიც რამდენიმე წამში გულის შეღონებას იწვევს, რამდენიმე წუთში კი – სიკვდილს. ამიტომ მფრინავი გამუდმებით უნდა ამოწმებდეს ჟანგბადის მოწოდებას და თავისი მგზავრების მდგომარეობას.

მე ნელა ვუჭერ თითებს ნიღბის მილს, რომ შევიგრძნო ცხელი ნაკადი, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს.

ერთი სიტყვით, ჩემს საქმეს ვაკეთებ. არ განვიცდი არაფერს, გარდა ფიზიკური კმაყოფილებისა, რომელსაც გააზრებული და თვითკმაყოფილი მოქმედება მანიჭებს. მე არც მოსალოდნელ საფრთხეს ვგრძნობ (გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ბევრად უფრო ვღელავდი) და არც ჩემს დიად მოვალეობას. დასავლეთსა და ნაციზმს შორის ბრძოლა ამჯერად, ჩემი მოქმედებების სკალაზე რომ გადმოვიტანოთ, სახელურების, ბერკეტებისა და ღილაკების მანევრირებაში გამოიხატება. და ეს ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მნათეს სიყვარული ღმერთისადმი იმაში ვლინდება, რომ იგი სიამოვნებით ანთებს სანთლებს. იგი თანაბარი ნაბიჯებით დააბიჯებს ეკლესიაში, რომელსაც ვერ ხედავს, და უხარია, როცა მისი ხელების ქვეშ ზედიზედ ინთება კანდელები. ხოლო, როცა ყველა კანდელი აინთება, იგი კმაყოფილია, იგი ამაყობს თავისი საქმით.

აი მეც დიდებულად განვსაზღვრე ხრახნების ნაბიჭი და ზუსტად ნავარაუდევი კურსით მიმყავს თვითმფრინავი. ამან უნდა აღაფრთოვანოს დიუტერტრი, თუ იგი ოდნავ მაინც ადევნებს თვალს კომპასს.

– დიუტერტრ… კურსი როგორია, სწორია?..

– არა, კაპიტანო. კარგა მაგრად გადავუხვიეთ. მარჯვნივ აიღეთ გეზი.

მით უარესი!

– კაპიტანო, ფრონტის ხაზს ვკვეთთ. გადაღებას ვიწყებ. რამდენია თქვენს ალტიმეტრზე?

– ათი ათასი.

6

– კაპიტანო… კურსი!

მართალია. მარცხნივ წავედი. და ეს შემთხვევით არ მომხდარა… ქალაქი ალბერი მაფრთხობს. მე შორიდანვე ვგრძნობ მას. იგი მთელი თავისი „აპრიორული აკრძალვის“ სიმძიმით მაწვება სხეულზე. რა საოცარი მეხსიერება აქვს ჩვენს სხეულს! მას ახსოვს უეცარი დავარდნა, თავის ქალას ბზარები, სიროფივით წებოვანი გულშეღონება და ჰოსპიტალში გატარებული ღამეები. ჩემს სხეულს ეშინია დარტყმისა და ცდილობს გვერდი აუქციოს ალბერს. საკმარისია სხვა რამეზე დავიწყო ფიქრი და – მარცხნივ გაქანდება. იგი ისე მიიწევს მარცხნივ, როგორც ჯაგლაგი ცხენი მთელი ცხოვრება უფრთხის იმას, რამაც ერთხელ შეაშინა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სხეულს ეხება… და არა სულს… დაფანტულობის წუთებში ჩემი სხეული მალულად სარგებლობს ჩემი უყურადღებობით და ცდილობს დაუძვრეს ალბერს.

იმიტომ, რომ მე თვითონ განსაკუთრებულად მტანჯველს არაფერს განვიცდი. მე უკვე აღარ ვოცნებობ დავალებების გაუქამებაზე. ამ ცოტა ხნის წინ კი თითქოს მინდოდა, რომ გაეუქმებინათ. ვოცნებობდი: ნეტავ ყველა ლარინგოფონი გაფუჭებული აღმოჩნდეს, ძალიან მეძინება, წავალ და დავიძინებ-მეთქი. და ლოგინი, რომელზედაც ნებიერად შემეძლო გაშხლართვა, ნეტარების მწვერვალად მესახებოდა. მაგრამ სადღაც, სულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ შეუსრულებელი დავალება მწარე უკმაყოფილების გარდა არაფერს მომიტანდა, თითქოს ყველაზე უფრო საჭირო გამოცდისთვის ამერიდებინოს თავი.

და ეს კოლეჟს მაგონებს… პატარა ბიჭი რომ ვიყავი…

– კაპიტანო!

– ა?

– არაფერი… მომეჩვენა…

ო, როგორ არ მიყვარს, როცა ეჩვენება.

ჰოდა… პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ძალიან ადრე გვაღვიძებდნენ კოლეჟში. კოლეჟში დილის ექვს საათზე დგებიან. ცივა. თვალებს იფშვნეტ და წინასწარ იტანჯები გრამატიკის მოსაწყენი გაკვეთილის წარმოდგენაზე. ოცნებობ, რომ ავად გახდე და ლაზარეთში გაიღვიძო, სადაც თეთრთავსაკრავიანი მოწყალების დები ტკბილ მიქსტურას დაგალევინებენ. ოცნება ამ სამოთხეს წარმტაცი ფერებით გიხატავს. და აი ოდნავაც რომ ვყოფილიყავი გაციებული, იმაზე უფრო მაგრად ვახველებდი, ვიდრე საჭირო იყო. დილით კი ლაზარეთში მესმოდა ზარის ხმა, რომელიც სხვებისთვის რეკავდა. და, თუ მეტისმეტად მოვიავადმყოფებდი თავს, ეს ზარი სასტიკად მსჯიდა: იგი აჩრდილად მაქცევდა. იქ, შორს, იგი აწმყოზე გუგუნებდა: ეს იყო გაკვეთილების მოსაწყენი საათები, შესვენებების ხმაურიანი წუთები და ტრაპეზის დრო თბილ სასადილოში. იქ, ცოცხლებს, ეს ზარი მრავალფეროვან სიცოცხლეს უქმნიდა, მწუხარებით, უბედურებით, აღტაცებითა და სინანულით აღსავსე სიცოცხლეს. მე კი ყოველივე ამას მოკლებული ვიყავი და დავიწყებული. და მე მეზიზღებოდა ტკბილი მიქსტურები, მოთელილი ლოგინი და ერთფეროვანი საათები, რომლებიც არაფრით განირჩეოდა ერთმანეთისგან.

შეუსრულებელი დავალებისგან არაფერს უნდა მოელოდე.

7

ზოგჯერ, როგორც, მაგალითად, დღეს, დავალების შესასრულებლად გული არ მიგვიწევს. მეტისმეტად აშკარაა, რომ ომობანას ვთამაშობთ. ჩვენ ყაჩაღობანას ვთამაშობთ. ჩვენ ზუსტად ვიცავთ ჩვენი ისტორიის წიგნებიდან ამოკითხულ მორალს და ჩვენი სახელმძღვანელოების წესებს. წუხელ, მაგალითად, მანქანით მოვედი ჩვენს აეროდრომზე, გუშაგებმა კი, წესის თანახმად, ხიშტები გადააჯვარედინეს მანქანის წინ, რომელიც შეიძლებოდა ტანკიც ყოფილიყო! ჩვენ ტანკების წინ ხიშტების გადაჯვარედინებას ვთამაშობთ!

და განა შეიძლება გაგვიტაცოს ამ ამბავმა, ამ საკმაოდ მკაცრ შარადებში მონაწილეობამ, სადაც ჩვენ სტატისტების როლი გვაქვს განკუთვნილი, და თანაც ეს როლი სიცოცხლის ფასად უნდა შევასრულოთ. სიკვდილი კი მეტისმეტად სერიოზული რამაა შარადისათვის.

ვის დაეუფლება აღტაცება გაფრენის სამზადისში? არავის. თვით ოშედეც კი, რომელიც მუდამ მზადაა თავის გასაწირად – და თავგანწირვა ხომ ადამიანობის უმაღლესი გამოვლინებაა – თვით ოშედეც კი დუმს ამ დროს. როცა ამხანაგები გასაფრენად ემზადებიან, ისინი დუმან და იღუშებიან. და ეს გმირების თავმდაბლობა არაა. ეს მოღუშული სახე არავითარ ენთუზიაზმს არ ფარავს. იგი მხოლოდ იმას გამოხატავს, რასაც გამოხატავს. და მე კარგად ვიცი ეს. ეს დუმილი იმ მოურავის დუმილია, რომელსაც არ მოსწონს, რაც დაავალა მამულის პატრონმა წასვლის წინ, და რომელიც მაინც ცდილობს, რომ მისი ერთგული დარჩეს. ყველა ჩემი ამხანაგი ოცნებობს მყუდრო ოთახზე, მაგრამ მათ შორის ერთიც კი არ მოიძებნება, რომელიც დასაძინებლად წასვლას ირჩევდა!

იმიტომ, რომ მთავარი ენთუზიაზმი არაა. დამარცხებისას არავითარი საფუძველი არა გვაქვს ენთუზიაზმისთვის. მთავარია ჩაიცვა, მანქანაში ჩაჯდე და მოსწყდე დედამიწას. ხოლო იმას, რასაც შენ ამაზე ფიქრობ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. და პატარა ბიჭიც, რომელსაც აღტაცება დაეტყობოდა გრამატიკის გაკვეთილის გახსენებაზე, ყალბი თვალთმაქცი იქნებოდა. მთავარია მთელი შენი არსებით მიეცე საქმეს, თუნდაც მიზანს გარკვევით ვერც კი ხედავდე. ეს მიზანი გონებისთვის არ არის განკუთვნილი. იგი სულისთვისაა. სულს სიყვარული შეუძლია, მაგრამ მას სძინავს. ახლა მე ეკლესიის მამებზე ნაკლებ არ ვიცი, რა არის ცდუნება. ცდუნება ნიშნავს – აჰყვე გონების კარნახს, როდესაც სულს სძინავს.

რა აზრი აქვს იმას, რომ მე სიცოცხლეს ვწირავ იმ წუთებში, როცა ზვავი ყველაფერს ანგრევს თავის გზაზე? არ ვიცი. ჩემთვის ასჯერ უთქვამთ: „დაგვეთანხმეთ, რომ ამა და ამ ადგილას დაგნიშნოთ. თქვენი ნამდვილი ადგილი იქ არის. იქ თქვენ უფრო საჭირო იქნებით, ვიდრე ესკადრილიაში. პილოტებს ათასობით ვამზადებთ…“ ეს უტყუარი საბუთები იყო. საბუთები ყოველთვის უტყუარია. და ჩემი გონება ეთანხმებოდა ამ მოსაზრებებს. მაგრამ ჩემი ინსტინქტი სძლევდა გონებას.

რატომ იყო, რომ ეს საბუთები ასეთი უსუსური მეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვაბათილებდი მათ? მე ასე ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ინტელიგენტებს სათადარიგოდ ინახავენ პროპაგანდის თაროებზე, როგორც მურაბის ქილებს, რომ ომის შემდეგ გამოაჩინონ-მეთქი…“ მაგრამ ეს ხომ პასუხი არ არის!

და დღეს მე ისევ გავფრინდი, ისევე როგორც ჩემი ამხანაგები, იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა საბუთს, ყველა ფაქტს, ყველა უშუალო პასუხს ეწინააღმდეგება. ოდესმე ალბათ დადგება დრო და მივხვდები, რომ გონივრულად მოვიქეცი, გონების ყველა საბუთის წინააღმდეგ რომ წავედი. მე შევპირდი ჩემს თავს – თუ გადავრჩი, სოფელში გავისეირნო ღამით. და მაშინ იქნებ გავუგო საკუთარ თავს და ყველაფერი დავინახო.

თუმცა იქნებ ვერც კი შევძლო იმის გამოთქმა, რასაც შევიცნობ. როცა რომელიმე ქალი მშვენიერი მეჩვენება, ვერაფერს ვამბობ. მე მხოლოდ ვტკბები მისი ღიმილით. ანალიტიკოსი ნაწილ-ნაწილ განიხილავს მშვენიერი ქალის სახეს, რომ განმარტოს მისი სილამაზე, მაგრამ ამის შემდეგ იგი ღიმილს ვეღარ დაინახავს.

რაიმეს ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნაწილებად დაჰყო ან განმარტო იგი. რაიმეს ცოდნა მის განჭვრეტას ნიშნავს. მაგრამ იმისათვის, რომ დაინახო, უწინარეს ყოვლისა, მონაწილეობა უნდა მიიღო. ეს მკაცრი სკოლაა…

მთელი დღის განმავლობაში ჩემი სოფელი უხილავი იყო ჩემთვის. გაფრენამდე იგი ალიზით შელესილ კედლებს და მეტ-ნაკლებად ჭუჭყიან გლეხებს წარმოადგენდა. ახლა კი, ათი ათასი კილომეტრის სიმაღლიდან, იგი ერთი მუჭა ღორღია მხოლოდ. ესაა და ეს მთელი ჩემი სოფელი.

მაგრამ ამაღამ იქნებ გაიღვიძოს და აყეფდეს რომელიმე მოდარაჯე ძაღლი სოფელში. მე ყოველთვის მხიბლავდა მოწმენდილ ღამეში მძინარე სოფელი და ძაღლის ყეფა სიჩუმეში.

არავითარი იმედი არა მაქვს, რომ გამიგებენ, თუმცა ახლა სულ ერთია ჩემთვის. ოღონდ კი წარმომიდგეს თვალწინ ჩემი სოფელი, დასასვენებლაღ მიმყუდროებული, მაგრამ დაკეტილი ბეღლებითა და ბოსლებით და საუკუნეობრივი ადათ-წესების საგანძურით.

ყანიდან დაბრუნებული გლეხები, ვახშამს რომ მოათავებენ და ბავშვებს დააძინებენ, ლამპას აქრობენ და მდუმარებაში იძირებიან. მხოლოდ მშვენიერი შინნაქსოვი სოფლური ზეწრები ირხევა თანაბარი სუნთქვისგან, როგორც ზღვის მსუბუქი ტალღები ქარიშხლის შემდეგ.

ღამით, როდესაც ცხოვრებას უნდა დაუფიქრდე, ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს ქონებაზე ზრუნვისაგან. და ვიდრე ადამიანები ძილის სამეფოში ისვენებენ, იქნებ შევძლო და დავინახო მათი ფარული მემკვიდრეობა – ყოველივე ის, რისი სიტყვებით გამოხატვაც ასე ძნელია.

მე ვივლი, როგორც უსინათლო, რომელიც ხელგაწვდილი მიიკვლევს გზას სინათლისაკენ. ბრმას არ ძალუძს აღწეროს ცეცხლი, მაგრამ იგი პოულობს მას. და იქნებ ასე მაინც წარმომიდგეს თვალწინ ის, რაც უნდა დაიცვა და რაც თვალით არა ჩანს, მაგრამ ცოცხლობს, როგორც ნაკვერჩხალი სოფლის ღამეების ღველფქვეშ.

მე არაფერს მოველი შეუსრულებელი დავალებისაგან. იმისათვის, რომ უბრალო სოფელი შევიცნო, ჯერ საჭიროა…

– კაპიტანო!

– გისმენ.

– ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ – მარცხნივ!

ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავს.

საჭიროა… საჭიროა… და მაინც მინდა, რომ დროზე მივიღო ის, რაც მერგება. მინდა, რომ სიყვარულის უფლება მოვიპოვო. მინდა ვიცოდე, ვისთვის ვკვდები.

8

– მსროლელო!

– გისმენთ, კაპიტანო.

– გაიგონეთ? ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ – მარცხნივ!

– გავიგონე, კააიტანო!

– დიუტერტრ, დაგვინახეს?

– დაგვინახეს. ჩვენკენ აიღეს გეზი. ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე.

– გაიგონეთ, მსროლელო? ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე. დიუტერტრ! კიდევ შორს არიან?

– რამდენიმე წამიღა დარჩა.

– მსროლელო, გაიგონეთ? რამდენიმე წამში კუდში მოგვექცევიან.

აი ისინიც, მე ვხედავ მათ! პატარები, როგორც შხამიანი კრაზანების გუნდი.

– მსროლელთ! ისინი გზის გადაჭრას გვიპირებენ. ერთი წამის შემდეგ დაინახავ. აი!

– მე… მე ვერაფერს ვხედავ… აჰა! დავინახე!

სამაგიეროდ, ახლა მე ვეღარ ვხედავ მათ.

– მოგვდევენ?

– მოგვდევენ!

– სწრადად მოიწევენ?

– არ ვიცი… არა მგონია… არა!

– რა გადაწყვიტეთ, კაპიტანო?

ამას დიუტერტრი მეკითხება.

– რა უნდა გადავწყვიტო!

ჩვენ ვდუმვართ.

გადასაწყვეტი არაფერია. ეს უკვე ღმერთის საქმეა. ვირაჟი გავაკეთო, შევამცირვბ მანძილს, რომელიც მათგან გვაშორებს. ჩვენ პირდაპირ მზისკენ მივფრინავთ, დიდ სიმაღლეზე კი, ხუთას მეტრზე რომ აიჭრა, რამდენიმე კილომეტრით ჩამორჩები მსხვერპლს. იქნებ, ვიდრე ჩვენს სიმაღლეს მოაღწევენ, დაგვკარგონ თვალისმომჭრელ მზეში.

– ყველაფერი წინანდებურადაა, მსროლელო?

– ყველაფერი წინანდებურადაა.

– ჩამოგვრჩნენ?

– უფ… არა… ჰო.

ყველაფერი ღმერთზე და მზეზეა დამოკიდებული.

მოახლოებული ბრძოლის მოლოდინში (თუმცა გამანადგურებლები უფრო ხოცავენ, ვიდრე იბრძვიან) მთელ ძალღონეს ვძაბავ და ვცდილობ ავამოძრაო გაყინული პედლები. უცნაური გრძნობა მიპყრობს – თითქოს ჩემ თვალწინ ისევ ისე ირწევიან გამანადგურებლები. მე მთელი ძალ-ღონით ვაწვები გაშეშებულ პედლებს.

და ისევ და ისევ ვრწმუნდები, რომ გაფრენის სამზადისში უფრო ვღელავდი, ვიდრე ახლა, თუმცა უაზრო მოლოდინი მაინც მიპყრობს. უფრო სწორად – გაავება მიპყრობს. კეთილისმყოფელი გაავება.

მაგრამ არავითარი გაბრუება მსხვერპლის გაღებით. მხოლოდ ის მინდა, რომ ვიკბინებოდე.

– მსროლელო, ჩამოგვრჩნენ?

– ჩამოგვრჩნენ, კაპიტანო.

ყველაფერი რიგზეა.

– დიუტერტრ… დიუტერტრ…

– გისმენთ, კაპიტანო!

– არა… არაფერი…

– რა მოხდა, კაპიტანო?

– არაფერი… მომეჩვენა, რომ… არაფერი.

მე მათ არაფერს ვეტყვი. ასეთ რამეზე ლაპარაკი ხუმრობა არ არის. თუ ვინიცობაა თავდაყირა წავედით, თვითონვე მიხვდებიან…

არაბუნებრივია 50 გრადუს ყინვაში ოფლად იღვრებოდე. არაბუნებრივი. თუმცა უკვე მივხვდი, რაც ხდება: მე ნელ-ნელა მიღონდება გული. ძალიან ნელა…

მე ვხედავ ხელსაწყოების დაფას. მე უკვე ვეღარ ვხედავ ხელსაწყოების დაფას. ხელები, რომლებიც შტურვალზე მიწყვია, თითქოს ბამბისაა. ლაპარაკის ღონეც კი აღარა მაქვს… ბურანში ვინთქმები…

ხელს ვუჭერ და ისევ ვუშვებ კაუჩუკის მილს. მაცოცხლებელი ნაკადი ცხვირში მცემს. მაშ ეს ჟანგბადის ხელსაწყოს ბრალი არ ყოფილა. ეს… რაღა თქმა უნდა, სისულელე ჩავიდინე. ეს პედლის გამო მოხდა. ისე დავაწექი, თითქოს მტვირთავი მუშა ვყოფილიყავი. ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ისე მოვიქეცი, როგორც ცირკის ძალოსანი. ჟანგბადის მოწოდება განსაზღვრული იყო. ეკონომიურად უნდა გამომეყენებინა. მე კი ღრეობის ნება მივეცი ჩემს თავს. და აი ახლა სამაგიერო უნდა ვზღო…

საშინელი სიხშირით ვსუნთქავ. გული გამალებით მიცემს, როგორც პატარა ეჟვანი. მე არაფერს ვეტყვი ჩემს ეკიპაჟს. თუ თავდაყირა წავედით, თვითონვე დაინახავენ ამას და საკმაოდ მალეც! მე ვხედავ ხელსაწყოების დაფას… მე ვეღარ ვხედავ ხელსაწყოების დაფას… ოფლად ვარ გაღვრილი და სევდა მიპყრობს.

თანდათან მიბრუნდება სიცოცხლე.

– დიუტჟრტრ!..

– გისმენთ, კაპიტანო!

მინდა ყველაფერი ვუამბო, რაც გადამხდა.

– მე… მეგონა… რომ…

მაგრამ გადავწყვიტე აღარაფერი ვუთხრა. ლაპარაკისთვის ძალიან ბევრი ჟანგბადია საჭირო და სამი სიტყვის თქმაზე სუნთქვა შემეკრა. ჯერ კიდევ ვერ მოვსულიერებულვარ.

– რა მოხდა კაპიტანო?

– არაფერი…

– კაპიტანო, თქვენ გამოცანებს ამბობთ!

მე გამოცანებს ვამბობ. მაგრამ მე ცოცხალი გადავრჩი.

– …ხომ დავტოვეთ პირში ჩალაგამოვლებულები!..

– ო, კაპიტანო! ეს მხოლოდ ხანმოკლე შვებაა!

რაღა თქმა უნდა, ხანმოკლე. წინ არასი გველოდება.

და ასე, რამდენიმე წუთის განმავლობაში მეჩვენებოდა, რომ ვეღარ გამოვბრუნდებოდი, მაგრამ მაინც არ მიგრძვნია ის სასტიკი შიში, რომლისაგანც, როგორც ამბობენ, ადამიანს ერთბაშად უთეთრდება თმა. საგონი მაგონდება. მაგონდება საგონის ნაამბობი. ეს ამბავი მაშინ გვიამბო, როცა სანახავად მივედით მასთან ამ ორი თვის წინ, იმ ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისი თვითმფრინავი საფრანგეთის ზონაში ჩამოაგდეს. რა განიცადა საგთნმა, როცა გერმანელების გამანადგურებლებმა ვიწრო წრეში მოიმწყვდიეს, თითქოს სიკვდილმისჯილი კედელთან მიაყენესო, და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებში შეჰყურებდა სიკვდილს?

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button