ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ჭანკოტაძეთა გვარი

ჭანკოტაძეთა გვარსახელის ეტიმოლოგია უცნობია. ჭანკოტაძეთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია საძებნი. ზემო იმერეთში, სოფელ ილემის წმინდა გიორგის ბაზილიკურ ეკლესიაში, ერთ-ერთი სვეტის თავზე ასომთავრული წარწერა იკითხება: “გიორგისა ჭაკვთაძესა შეუნდოს ღმერთმა. მეუღლესა მისა თამარს შეუნდოს ღმერთმა. ამინ”. ამავე სვეტის ფრესკაზე გამოსახულია პიროვნება ასომთავრული წარწერით: “ჭაკოტაძე გიორგი”. წარწერები დაუთარიღებელია. სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ეს გიორგი ჭაკვთაძე ან ჭაკოტაძე ილემის ეკლესიის ქტიტორი და ილემსა და ძირულაში დღესაც მცხოვრები ჭანკოტაძეების წინაპარი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურისა და ხარაგაულის ბევრ სოფელში ერთმანეთის გვარდით ცხოვრობენ ჭანკოტაძეები და ჭანკვეტაძეები, როლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან.

XVIII-XIX საუკუნეებში ზემოიმერელი ჭანკოტაძეები შიდა ქართლში, შიგნით კახეთსა და ჰერეთშიც განსახლდნენ. ძველ საბუთებში ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა წინაპრები ხშირად ჭამკოტაძის გვარით იხსენიებიან.

1775 წელს იმერთა მეფე სოლომონ I-მა კაცხის მონასტერს განუახლა შეწირულობის სიგელი, რომელშიც წერია, რომ სოფელ ვაჭევში მცხოვრები გლეხები ადრევე მონასტრის ყმები ყოფილან, მაგრამ ჟამთა ვითარებისგან მონასტერს დაჰკარგვიან და ზოგი საბატონო გლეხი გამხდარა. მონასტრის გლეხები მეფემ ისევ მონასტერს დაუბრუნა. სიგელში იხსენიებიან ვაჭეველი აღდგომელ და გოგიტელა ჭამკოტაძეები.

1819 წლის კაცხის მონასტრის გლეხთა ნუსხაში ზემოხსნებული ჭამკოტაძეების შთამომავალნი უკვე ჭანკოტაძის გვარით იხსენიებიან. ვაჭევში მცხოვრებ საეკლესიო გლეხებს ნასყიდა და დათიკა ჭანკოტაძეებს მონასტრისთვის უნდა ეხადათ სხვადასხვა რაოდენობის პური, ღვინო, სანთელი და სხვა.

XIX საუკუნის I ნახევრის პირობის წიგნში, რომელიც აზნაურ ფირან მაჭავარიანისთვის მიუციათ მის ყმებს, ერთ-ერთ მოწმედ იხსენიება გლეხი დათუა ჭამკოტაძე.

გლეხი ჭანკოტაძეები ჩანან XVIII-XIX საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში თავად აბაშიძეთა, თავად წერეთელთა და აზნაურ იაშვილთა მამულებში.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ჭანკოტაძეებს უცხოვრიათ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ილემში (აქ ჭანკოტაძეებიც ცხოვრობდნენ, ჭამკოტაძეებიც და ჭანკვეტაძეებიც, ზოგი სასულიერო წოდების ყოფილა, ზოგიც – საბატონო გლეხი), ვარძიაში (აქ საბატონო გლეხი ჭანოტაძეები ცხოვრობდნენ), კიცხში (საბატონო გლეხი ჭამკოტაძე), ნავარძეთში (საბატონო გლეხი ჭანკოტაძე და ჭამკოტაძე), კლდეეთში (საბატონო გლეხი ჭამკოტაძე), წევაში (სახელმწიფო გლეხი ჭამკოტაძე და საბატონო გლეხი ჭანკოტაძე), კვალითში (სახელმწიფო გლეხი ჭანკვეტაძე), ცხუნკურში (საბატონო გლეხი ჭაკვეტაძე), საზანოში (საბატონო გლეხი ჭანკვეტაძე) და სხვაგან.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე კახეთის სოფელ შილდაში იხსენიება მამასახლისი ივანე ჭანკოტაძე. შილდელ ჭანკვეტაძეებს კარგად ახსოვთ, რომ მათი წინაპარი იმერეთიდან გადმოსულა და ჭანკოტაძე ყოფილა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭანკოტაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

იმერეთში ადგილს და ადგილს შემორჩა ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა გვარისსახელი: “ჭანკოტაძეები” – უბანი სოფელ წევაში, “ჭანკვეტაძეები” – უბნები სოფელ ვაჭევსა და რუფოთში, “ჭანკოტაძეების უბანი” – უბანი სოფელ თვრინში, “ჭანკვეტაძეების უბანი” – უბანი სოფელ ვარძიაში, “ჭანკოტაძის ღელე” – ღელე სოფელ ზედა კლდეეთში, “ჭანკვეტაძეების წყალი” – წყარო სოფელ შიმშილაქედში, “ჭანკვეტაძის გარემო” – ვენახი და სახნავი სოფელ რუფოთში, “ჭანკოტოური” – ვენახი სოფელ ზედა კლდეეთში, “ჭანკვეტოური” – ადგილი სოფელ მუხურაში, “ჭანკვეტაძისეული” – ვენახი სოფელ ილემსა და ვარძიაში, “ჭანკვეტაძის წყარო” – წყარო სოფელ ტაბაკანში, “ჭანკვეტაძისეული” – სახნავი სოფელ წიფლავაკეში, აგრეთვე “ჭანკვეტაძეების წყაროები” – შიდა ქართლის სოფლებში ახალდაბასა და კაკალათხევში.

ამჟამად ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეები ცხოვრობენ ძირითადად თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურის რაიონებში. შედარებით მცირე რაოდენობით არიან ხარაგაულის, ხაშურის, ბორჯომის, ქარელის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სამტრედიის, ლანჩხუთის რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში 1000-ზე მეტი ჭანკოტაძეა და 1500-ზე მეტი ჭანკვეტაძე.

ღმერთმა ამრავლოს ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა გვარი!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button