ვისი გორისა ხარ? სინაურიძეთა გვარი
სინაურიძე ორმაგი სუფიქსაციის მქონე, ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში უნდა ვივარაუდოთ წინაპრის საკუთარი სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში დასტურდება კაცის სახელები: სიდ, სინო, სინარ, სინატა. ცნობილია, რომ ქართული გვარსახელების “-ან” და
“-ურ” დაბოლოებები უფრო ძველია
“-შვილთან” და “-ძესთან” შედარებით. სავარაუდოდ, სინაურიძეთა გვარსახელის პირვანდელი ფორმა სინაური იქნებოდა, ხოლო “ძე” მოგვიანებით დამატებული ჩანს, მსგავსად ფორმებისა: სეთური – სეთურიძე, ილური – ილურიძე და სხვა.
ქართულ საისტორიო საბუთებში სინაურიძეთა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება. ისინი თავად აგიაშვილთა ყმა გლეხები ყოფილან. გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი სინაურიძე აგიაშვილთა სათავადოში მოხელეთა შორის ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ XVIII-XIX საუკუნეების ზოგიერთ საბუთში სინაურიძეთა ზოგი ოჯახი სინოურიძის გვარით იხსენიება.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, სინაურიძეებს უცხოვრიათ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გუმბრაში (ამ სოფელში სინაურიძეც იხსენიება და სინოურიძეც, ისინი ყველანი საეკლესიო გლეხები იყვნენ), ტყაჩირში (აქ სინოურიძეები იხსენიებიან, ისინი საბატონო გლეხები იყვნენ), ვაკისუბანში (ეს სოფელი ამჟამად ქუთაისის ნაწილია, აქაური სინოურიძეებიდან ზოგი საბატონო გლეხი იყო, ზოგიც – საეკლესიო), ინაშაურში (აქ სინაურიძეები საბატონო გლეხებად იხსენიებიან).
იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩენია სინაურიძეთა გვარის სახელი: “სინაურიძის მინდვრები” – ბუჩქნარი ადგილი სოფელ გუმბრაში, ამავე სოფელში ერთ უბანს “სინოურიძეების უბანი” ჰქვია, “სინაურიძის მიწები” – სახნავი ადგილი სოფელ ტყაჩირში, “სინოურღელე” – ღელე სოფელ წყალთაშუაში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სინაურიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.
ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ სინაურიძეთა გვარისშვილნი: სახალხო გმირი ჭაბუკა სინაურიძე, პოეტი ანდრია სინაურიძე, მოძღვარი ალექსი სინაურიძე და სხვანი.
ამჟამად სინაურიძეების ძირითადი ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, არიან წყალტუბოსა და ვანის რაიონის სოფლებში, მცირე რაოდენობით – თბილისშიც.
საქართველოში სინაურიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 550 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი სინაურიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ