ვისი გორისა ხარ? მაღრაძეთა გვარი
მაღრანი – ფრინველი ერთგვარი.
მაღრანი – სოფელი არაგვის ხეობაში.
მაღრა, მაღრანა – ქართული წარმართული საკუთარი სახელი კაცისა.
გვარისსახელით “მაღრ”-ფუძისანი არიან: მაღრაშვილნი და მაღრანელნი – შიდაქართლელნი, მაღრიანნი – ლეჩხუმელნი და მაღრაძენი – ძირად მესხნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან მესხეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი მაღრაძეთა.
XV საუკუნეში სამცხიდან შიდა ქართლში გადმოსულ ფანასკერტელ-ციციშვილებს მესხი აზნაურნიც გადმოჰყვნენ. იმ დროს დამკვიდრებულან ქართლში საციციანოს აზნაური მაღრაძენიც.
1486-1488 წლებში ქართლის მეფემ დავით X-მ ივანე მაღრაძეს სასისხლო სიგელი უბოძა. სიგელში დავითი მეფედ წერია, სინამდვილეში კი იმხანად ქართლში კონსტანტინე II მეფობდა, ხოლო მისი ძე დავითი ბატონიშვილი იყო.
საისტორიო საბუთების მიხედვით, აზნაურ მაღრაძეებს შიდა ქართლში ყმა-მამული ეკუთვნოდათ: ყრისის ხევში, ჭომაში, ღართაში, მიწობში, ღუდაში, გარიზმანში, ყარცისში, თაგუეთში და სხვაგან.
XVIII საუკუნის II ნახევრიდან საციციანოს აზნაურ მაღრაძეთა ნაწილი სახასო აზნაურები გახდნენ. 1798 წლიდან დარეჯან დედოფლის გაზრდილი აზნაური ბეჟან მაღრაძე კახეთში სახლდება და ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახური ხდება.
XVI-XVII საუკუნეებში სამცხეში ოსმალთა მოძალების გამო მესხი მაღრაძენი საქრისტიანო საქართველოს შემოეფარნენ: რომელნიმე – ლიხთიმერეთს და რომელნიმე – ლიხთამერეთს. საბუთებში მრავლად ჩანან გლეხი მაღრაძენიც.
1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში (ხავერდოვან წიგნში) იხსენიება აზნაურ მაღრაძეთა მხოლოდ სამი ოჯახი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაღრაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ “ჟამსა ეთობისასა” ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე სადროშოში, “ხოლო შემდგომად განყოფისა” ცალკერძ – ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში და ცალკერძ – იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
ამჟამად მაღრაძენი ცხოვრობენ: სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, გარე კახეთში, იმერეთსა და გურიაში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხარაგაულის, ბორჯომის, ასპინძისა და ბოლნისის რაიონებში.
საქართველოში მაღრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3600-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მაღრაძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
სტატიის ავტორი: ჟურნალის რედაქცია