ვისი გორისა ხარ? ნოდიათა გვარი
ნოდი, ნადი – მამითადი, ნადი კოლხთა ენაზე გლეხთა ურთიერთდახმარების უძველესი ფორმაა.
ნოდი, ნადი – საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო ნადიკა, ნადიბა იგივე სახელია სხვადასხვარიგად თქმული.
გვარის სახელით “ნოდ/ნად”-ფუძისანი არიან: ნადიძეები, ნადიკაშვილები, ნადიბაიძეები და ნოდიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
1628-1639 წლების ლევან II დადიანის ხონის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნში იხსენიება ნოდია ნასყიდაი.
XI საუკუნის გრიგოლ ღვთისმეტყველის კრებულში შემონახულია XVIII საუკუნის მინაწერი – პირობის ხელწერილი, რომლითაც ვინმე სეხნია ჯოლია პირობას აძლევს ჭყონდიდის წმინდა გიორგის, ჭყონდიდელ ევდემონს, სულა ნოდიას და მატკავას, რომ რადგან მათ ჯოლიას კაცს პაჭკორიას გაბრიელ ნოდიას და ცოლად მისცეს, ამიერიდან პაჭკორიას საჯალაბო, სამასპინძლო და გარე სამსახური ამოეკვეთა.
ამ საბუთში ნოდიას სოციალური მდგომარეობა არ ჩანს, მაგრამ იგი ჭყონდიდელის გვერდით იხსენიება. ხოლო ნოდიას ქალზე დაქორწინებით პაჭკორია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ნოდიები იხსენიებიან 1770 წლის გრიგოლ ჭყონდიდელის სუჯუნის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნშიც.
XVIII საუკუნის მღვიმის მონასტრის (საწერეთლო) კრებულში “ოქროს წყარო” შემორჩენილია მინაწერი: “მე ეგნატე ნოდია მოსული ვარ ჩყმდ (1844) წელსა ივნისისა”. ამ წლიდან ბერი ეგნატე ნოდია მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდა.
1897 წელს გაზეთი “ივერია” გვატყობინებდა, რომ აბაზგეთში სოფელ დურიფშის მღვდელს სვიმონ ნოდიას სოფლის სკოლა დაუარსებია.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნოდიათა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნოდიათა გვარის შვილნი: პროფესორი მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია, პროფესორი მიხეილ იულონის ძე ნოდია, მხატვარი დონარა მიხეილის ასული ნოდია…
ამჟამად ნოდიები ცხოვრობენ ოდიშ-სამურზაყანოში, იმერეთში, გურიაში. იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონებში, ზუგდიდსა და ფოთში. თბილისში ნოდიების დაახლოებით ასი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ნოდიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1700-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ნოდიათა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ