პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩემს ყრმობის ხანში

ჩემს ყრმობის ხანში
მე აფხაზეთში
მიყვარდა ასვლა
უცნობ ბილიკით,
რომ დავმტკბარიყავ
ცად ანაზიდის
ჩუქურთმებითა
და ბაზილიკით.

მიყვარდა მთები
უზარმაზარი,
მიუვალი და
უცნობი გზები,
უუძველესი
იგი ტაძარი,
უმშფოთარესი
ის ხეობები.

მოგზაურობა
სიძნელით სავსე
ჩემთვის არასდროს
არაა ძნელი,
როდესაც იცი
გადიფრენს თავზე
წელიწადების
ქროლა ფიცხელი.

იმ ყრმობის გზაზე
ბევრი ხვეული
იყო, მხარეო,
ჩემთან მავალი;
დე, ჩნდეს, ხელიხელ
გადახვეული
წარსული, აწმყო
და მომავალი.

მე დრო მავალებს:
მოწყენით ნუ ხარ! –
და უძველესი
ტყეების მცველი
აქ ჩემს მახლობლად
შრიალებს მუხა,
ვით მომხიბლავი
მოტივი ძველი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button