ლიტერატურამოთხრობა

გოლი თარაყი – მამიდები

ის-ის იყო, ზაფხული იწყებოდა, რომ მამიდები – მამიდა ნაზი და მამიდა მგელი – ვერასდროს რომ ვერ დაადგინე, ჩვენთან რა კავშირი ჰქონდათ, ფერად-ფერადი ფუთებითა და თოკებშემობმული ჩემოდნებით ჩამობრძანდნენ ქვეყნის დასალიერიდან და ქვემო სართულის ოთახებში დაფუძნდნენ. მამამ გვითხრა:

_ მგლები მოგვადგნენ. თავს გაუფრთხილდით.

დედა ამქვეყნად ყველაზე ცივი ღიმილით და ყალბი თავაზით შეეგება მათ და ხორციან ლოყებზე აკოცა.

მე მიხარია მგლების ჩამოსვლა. ვგრძნობ, რომ იდუმალებით მოცული ჭრელაჭრულა ფუთების ნაოჭებიდან, ძველი ჩემოდნების ღრიჭოებიდან სხვა ქვეყანა მოცოცავს და შემირანის სახლის მზიან ოთახებში იბუდებს.

მამიდების შემოსვლა ჩვენი სახლის ერთფეროვან წესრიგს თავდაყირა აყენებს, თითქოს უცხო ტომი დასხმოდეს თავს მშვიდობიან მიწა-წყალს. დედას სხვა სამყარო აშინებს და სასწრაფოდ უხილავ ზღუდეს აგებს ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ – ვინც დასავლეთს, მეცნიერებასა და პროგრესს ვიცნობთ და ისინი – ჩამორჩენილნი, უსწავლელნი და უდაბნოდან გამოსულნი.

მამიდა მგელი უწესრიგო, თავაშვებული და ენამწარე ქალია. გველზე უფრო გესლიანი ენა აქვს და უკბენლად არავის უშვებს, მამასაც კი. გაუფრთხილებლად, უსალმოდ შემოდის და დაუმშვიდობებლად გადის. ლაღია, უდარდელი და საკუთარი წეს-კანონები აქვს. თავის ფულიან, კუდაბზიკა  ქალიშვილებს უფრთხის და სიძეებს – ახლად გამომცხვარ ბატონებს – ვერ იტანს. არც ღორმუცელა და პუტკუნა შვილიშვილებს სწყალობს და, რომ მიუშვებდნენ, ყურს ან ცხვირს მაინც მოუგრეხდა. დედა ამბობს:

_ ამ ქალს დედობრივი სიყვარული არც გაჰკარებია, გულის მაგივრად ქვა უდევს.

მამა სინანულის და თანხმობის ნიშნად თავისებურად აქნევს თავს.

მე, პირიქით, მომწონს მამიდა მგელი, რადგან თამამია, მხიარული და მოურჯულებელი. სათქმელს პირდაპირ ამბობს და არავის ერიდება. თავხედია, უცერემონიო და არავის არ ჰგავს. ფრთხილი და ზრდილი ადამიანები ზურგს უკან ჩურჩულებენ, პირში კი სიტყვის თქმასაც ვერ ბედავენ. მომწონს ის, რადგან თავის მოსაჩვენებლად მოფერება და ალერსი არ სჩვევია. არც ნამაზს ასრულებს და არც მარხულობს. დადგამს თუ არა ფეხს თეირანში, უკვალოდ ქრება და ლალეზარზე – თეატრში, ან ქალაქის ბოლოს _ კინოთეატრებში უნდა ეძებო.

ერთხელ, როცა დედა სახლში არ იყო, არ ვიცი, როგორ მოხდა, სიყვარულის ბუშტი გაუსკდა და გადაწყვიტა, მე და ჩემი ჭიჭყინა ბიძაშვილი, ღამით ჩვენთან რომ დარჩენილიყო, ბარბადის სახალხო თეატრში წავეყვანეთ. ეს ბიძაშვილი ხუთიოდე წლის ბიჭი იყო, რომელიც, წუთითაც რომ დაეტოვებინათ მარტო, კივილს იწყებდა და სახლს თავზე იმხობდა. თეატრის წინ ტევა არ იყო, ხალხი ერთმანეთს აწვებოდა, ლამის ხელჩართული ჩხუბი გაემართათ. კარი რომ გაიღო, ბრბომ ერთბაშად იხუვლა და მამიდა მგელმა მუშტითა და წიხლით გაიკვლია გზა. მე და ჩემი ბიძაშვილი ორივე ხელით ჩავფრენოდით კაბაში. ლამის იყო, გადავეთელეთ. ორი პოლიციელი ხალხს უკნიდან ურტყამდა. კონტროლიორები კარში ჩამდგარიყვნენ და ბილეთის ჩვენებას ითხოვდნენ. ნახევარ ხალხს ბილეთი არ ჰქონდა. არც ჩვენ გვქონდა. მივაწექით. ცალი კარი ანჯამიდან ჩამოვარდა. ხალხმა ვაშა შესძახა. მამიდა მგელმა კინწისკვრით შეგვყარა შიგნით, თვითონ დერეფანში შეეტენა  და აორთქლდა. გაქრობამდე შემოგვძახა, ბავშვებო, ზევით ადით და ადგილები იპოვეთო. წარმოდგენა დაწყებულიყო. ბატონი თაფაქორი ბავშვის როლს თამაშობდა. გოგოს ქუდი ეხურა, ნიკაპქვეშ წითელი ბაფთით რომ იკვრებიდა. პირიდან დიდ საწოვარას იღებდა, მოთქმით ღრიალებდა და კვლავ წოვას აგრძელებდა. რამდენიმე მაყურებელმა მისი წამხედურობით ბავშვივით დაიწყო ღნავილი. დანარჩენები აყვირდნენ: “მოკეტეთ!” წამბაძველებმა სტვენა და წრუპუნი ატეხეს. მე და ჩემი ბიძაშვილი იარუსის პირველ რიგში ვიდექით, სხვებზე წინ და ეს სხვები ერთთავად მუჯლუგუნებს გვთავაზობდნენ. დასაჯდომი არსად იყო. ვის წინაც არ უნდა დავმდგარიყავით, ყველა გვლანძღავდა და რტყმევა-პწკენით გვერდზე გვერეკებოდა. იარუსი კვამლით და სიმყრალით იყო სავსე. ჩემი ბიძაშვილი ცუდად გახდა, თავბრუ ეხვეოდა. იარუსიდან გადაეყუდა, თვალით მამიდა მგელს დაეძებდა, უცბად გული აერია და ხალხს თავზე გადაარწყია. წივილ-კივილი ატყდა. ზოგი წამოხტა, დადგა და ლანძღვა დაიწყო. თავზე ხელს ისვამდნენ. მერე თავები ზევითკენ მობრუნდნენ. ჩემმა ბიძაშვილმა ისევ აღებინა. ხალხმა ზედამხედველს დაუძახა. ბატონმა თაფაქორიმ, წყენისა და პროტესტის ნიშნად, საწოვარა პირიდან გამოიღო და ერთ-ერთ მაყურებელს თავში სდრუზა. ორი მსახიობი სცენის კიდესთან მოვიდა და იმათ, ვინც ყვიროდა, ქოქოლა დააყარა. ფარდა დაეშვა. ხალხმა სტვენა დაიწყო. ვიღაც კაცმა ჩემს ბიძაშვილს კისერში წაავლო ხელი, წიწილასავით ასწია, კიბესთან მიიყვანა და წიხლისკვრით დაუშვა ძირს. ქუჩაში, თეატრის წინ, თავისუფლება იყო. ვიღაც კაცმა შაქარყინული მოგვცა და ჩემს ბიძაშვილს ქერა თმაზე ხელი გადაუსვა. მერე დაიხარა და, ის იყო, უნდა ეკოცნა, რომ მებილეთე ეცა და ყურში გაულაწუნა. პოლიციელიც გამოჩნდა და ამ ძალიან ალერსიანმა კაცმა ფეხი იშვირა და გაიქცა. ჩემი ბიძაშვილი ტიროდა. ორივენი, ობოლი ბავშვებივით, მშიერ-მწყურვალნი, ვთვლემდით და წარმოდგენის დამთავრებამდე ყოველ გაფაჩუნებაზე ადგილიდან ვხტებოდით. მამიდა მგელი შესანიშნავ განწყობაზე გამოვიდა თეატრიდან და, როცა გაიგო, რომ ხალხს თავზე ჩემმა ბიძაშვილმა გადაარწყია, ჩაბჟირდა. იმ საღამოს დედა მაგრად ეჩხუბა მამიდა მგელს და უთხრა, რომ ჩვენი სახლიდან წასულიყო. მან პასუხად მხრები აიჩეჩა და ზაფხულის ბოლომდე დარჩა.

მამიდა ნაზი და მისი და ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც _ ცა და დედამიწა. მამიდა ნაზი ათი წლით უმცროსია დაზე და გაფოფინებულ- გაზულუქებული. ამბობს, ნამდვილი სახელი ნაზბანუ1 მქვიაო და მამიდა მგელი ხარხარებს. ეუბნება:

_ დაიკო, რამდენადაც მახსოვს, შენი ნამდვილი სახელი ფათემე იყო. უბნის ბავშვები ქაქიან ფათემეს გეძახდნენ. როგორ მოხდა, რომ უცბად ქალბატონ აზიზ-ნაზად იქეცი?

მამიდა ნაზი თავს ისე იჭერს, თითქოს არ ესმის. არ ესმის, რისი გაგონებაც არ უნდა. გათენებიდან დაღამებამდე თავის სატკივარზე ლაპარაკობს, მაგრამ სხვისი საწუხარის მოსმენას ვერ იტანს. ყურზე ხელს იფარებს და სხვის უბედურებას ქარს ატანს. ერთთავად უძილობას უჩივის, თვალებს მილულავს, კვნესის და ამბობს, რომ გათენებამდე თვალი ვერ მოხუჭა. მე კი ღამით მასთან ვიყავი და ვიცი, ბალიშზე თავის დადებაც ვერ მოასწრო, ისე დაეძინა. დილამდე მისი ხვრინვა მესმოდა. ეს მუდმივად ვითომ მწუხარ-ტანჯული ქალბატონი ოთახში შესვლისთანავე ფარდებს აფარებს, კარს კეტავს და ყველას ებუტება. რატომ – მარტო თავად უწყის. ჭამაზე უარს აცხადებს და ხელუხლებელ თეფშს ოთახის კართან ტოვებს, ან _ შემოსასვლელში, ყველას დასანახად, განსაკუთრებით – მამაჩემის. თუმცა ჩემოდანი ხმელი თუთით, სუჰანით,2 მუხუდოს კვერებით და ნაირ-ნაირი ტკბილეულით აქვს სავსე. მუჭა-მუჭა მიირთმევს და მაძღარი წვება დასაძინებლად. სადილად და ვახშმად ჩვენთან გამოდის, მაგრამ პირს არაფერს აკარებს. ყველას გასაგონად კვნესის და დროდადრო რამდენიმე ცრემლსაც ჩამოაგორებს ხოლმე ღაჟღაჟა ლოყებზე. ღმერთმა იცის, ამ ცრემლს როგორ იდენს. ამბობს, რომ სიცოცხლე არ უნდა და მოხარულია, რომ მალე, ამ თვის ბოლომდე, მოკვდება (რატომ? კაცმა არ იცის!). მამა ამბობს, რომ ყოველი ადამიანის სიკვდილის დღე განსაზღვრულია და მუდამ მზად უნდა იყო. მამიდა მგელი აზრაილს1 დასცინის და გვეფიცება, რომ აქამდე სამჯერ ჰყავს ოთახიდან გაგდებული. მამიდა ნაზი ყურებზე ხელს იფარებს, მიტკლისფერი ედება და შიშით კანკალებს. ერთმა ღმერთმა იცის, როგორ აშინებს სიბერე და სიკვდილი და როგორ უყვარს საკუთარი თავი. ბალიშის ქვეშ ერთ პატარა სარკეს ინახავს. მე კი მეუბნება, რომ მხოლოდ ფუქსავატი, უღმერთო ქალები ფიქრობენ საკუთარ სილამაზეზე და თავის მოვლაზე – ისეთები, დედაჩემი და ჩემი ბიცოლები რომ არიან. მისნაირები – ღვთისმოსავი, წმინდა ქალები საკუთარ სხეულს არაფრად აგდებენ და იციან, რომ ის მხოლოდ მიწის გროვაა და ჩირადაც არ ღირს. თუმცა ყოველთვის, როცა მის ფანჯარაში ვიხედები, ვხედავ, როგორ გამოუღია პატარა სარკე ბალიშის ქვეშიდან და საკუთარი თავის თვალიერებაში შთანთქმულა. წარბებს იპუტავს, თვალებზე სურმას ისვამს, გულმოდგინედ, მარცვალ-მარცვალ ითვალიერებს კბილებს. ყველა ნაოჭი სათითაოდ აქვს დათვლილი და თმიდან ჭაღარა ღერებს გამწარებით იგლეჯს. გიჟდება საკუთარ თავზე და ბზინვარე თმა და ფითქინა კანი ეამაყება. ფიქრობს, რომ ევროპელია და განსაკუთრებულ თარგზეა გამოჭრილი. მზის შიშით სახლიდან ფეხს არ ადგამს და მისი ოთახის ფარდები მუდამ დაშვებულია. ათასნაირი თხელი, ფერად-ფერადი ჩადრი აქვს და ნამაზს ყოველ ჯერზე სხვადასხვა ჩადრით ასრულებს. ვითომ წვეულებაზე მიდიოდეს. მის ნამაზსაც ბუტიაობა და კეკლუცობა ახლავს, თითქოს  ღმერთსაც რაღაცას ემართლება და მასაც, არავინ იცის, რატომ, მაგრამ ემდურის. მეც შემიკერა ყვავილებიანი სალოცავი ჩადრი და მაიძულებს, მასთან ერთად ვილოცო. მე ჩემს ნამაზებს ვაგროვებ და სამი – ოთხი დღისას ერთად ვასრულებ. ხანდახან, როცა ვჩქარობ, რაქათს2 ვამოკლებ და ვაფუჩეჩებ. მამიდა ნაზი ეშმაკზე, ჯოჯოხეთზე, ღვთის დიდ, უხილავ თვალზე მელაპარაკება, ყველგან რომ სუფევს და ყველაფერს ხედავს და გულს უცნაური მღელვარებით მივსებს. ღვთის მარადმხედველი თვალის მზერას მხოლოდ ბაღის ბნელ კუთხე-  კუნჭულსა და სახლის საკუჭნაოში კი არა – მალულ ფიქრებსა და სიზმრებშიც ვგრძნობ და მეშინია. შხაპის ქვეშ სირცხვილით ვიკუნტები და არ ვიცი, იმ დიდ თვალს ჩემი შიშველი სხეული როგორ დავუმალო. მამიდა ნაზი ცოდვაზე მელეპარაკება, ცოდვა კი ბნელი, მწარე გრძნობაა. გულისრევას და მუცლის გვრემას ჰგავს. შუაღამისას გაღვიძებას, დიდებს რომ სძინავთ; ცის და მთვარის ცქერას და წარმოუდგენელ რამეებზე – სიკვდილზე, ქვეყნის გაჩენაზე, ღვთის სიდიადეზე – ფიქრს. მერე ჯინებზე, ფერიებზე და ეშმაკზე მელაპარაკება, პატარა ავსულებზე, ოთახებში რომ დაძვრებიან, რაღაცებს მალავენ და ადამიანებს კვანტს გამოსდებენ ხოლმე. ხანდახან, საღამოობით, მე და ჰასან- აყას, კართან რომ მიმჯდარა, ქერბალას3 ამბებს გვიამბობს ვრცლად და ენაწყლიანად და ორივენი გულამოსკვნით ვღრიალებთ. თვითონ მამიდა ნაზი არასდროს ტირის. თუ ტირის კიდეც, სხვა რამეებისთვის. შემდეგ კი სასწრაფოდ ისვამს უპეებში დამაწყნარებელ საცხს, ქუთუთოებზე ბამბის სველ საფენებს იდებს და რამდენიმე საათით დასასვენებლად წვება. მთელი ეს აზიზ-ნაზობა მისი ქმრისთვისაა – ბატონი ჰოსამისთვის, იგივე _ შაზდე ჰოსამ ოდ-დოულესთვის, ხანდახან – ჰოსამ ოს-სალთანესთვის1. გააჩნია, როგორ ხასიათზეა: ცუდზე თუ კარგზე. თუ დარდიანია და ცუდ გუნებაზე, ათასობით ლანძღვა-გინებას აფშვნის თავზე ამ უბედურ ქმარს. გამოგონილ ტიტულებს ართმევს და მათხოვრად, ახუნდის ნაშიერად და უგვარსახელო კაცუნად იხსენიებს. მამიდა მგელი ამბობს:

_ კაცო, ამ ღვთის შვილს ალი-აყა მანგულებაფი2 ჰქვია, როდის აქეთ გახდა შაზდე ჰოსამ ოს-სალთანე?

ვინც არ უნდა იყოს ბატონი ჰოსამი – ფოჩის მბეჭველი თუ უფლისწული, უტყვი და მორჩილი ქმარია, რომელიც სულს ლევს თავისი ჭირვეული და ნებიერა ცოლისთვის და მისი, როგორც ცოფიანი ძაღლის, ისე ეშინია. ცალკე ოთახში ცხოვრობს და მამიდა ნაზთან უნებართვოდ შესვლის უფლება არა აქვს. უფლება არა აქვს, მის ზეწარს, ჩადრს ან კაბის კალთას შეეხოს. დერეფანში ზის, ზარს ელოდება და წამებს ითვლის გამოძახების მოლოდინში. ძირითადად, რაიმე საქმისთვის იძახებენ: რომ მამიდა ნაზის აბანოს ჩემოდანი ჩაალაგოს; ქვა გახეთქოს და მას ხურმა, შავი თუთა ან შირაზული ფალუდე3 უშოვოს; ცეცხლს და ღვარცოფს მისცეს თავი, რომ ნაამებმა მამიდა ნაზმა როგორმე თავზე გადაუსვას ხელი.

ბატონ ჰოსამის ყველაზე დიდი ღირსება სამხედრო მინისტრთან ურთიერთობაა (ცხადია, წარმოსახვით სამყაროში). ჩვენს სანახავად როცა მოდის, მუდამ ამას ამბობს:

_ ძალიან გვაკლდით. ბატონი სამხედრო მინისტრი რამდენიმე დღით ჩვენთან სტუმრობდა. ერთად ვიყავით სანადიროდ.

მამას ეცინება:

_ ალბათ, გველზე და მორიელზე სანადიროდ.

და მამიდა ნაზს სწყინს, მაშინვე იბუტება. საჭმლიან თეფშს უკან სწევს, თავის ტკივილს იმიზეზებს და თავის ოთახში ბრუნდება. სხვების დასანახად ზრდილობიანად, ყურადღებით ისმენს ქმრის მონათხრობს და მის მონაჭორს პატივისცემით ეკიდება. ბატონი ჰოსამიც ცოლისთვის ყვება მთელ ამ ტყუილებს და თვითონაც იჯერებს მათ. მამიდა ნაზის გულის მოსაგებად უდაბნოში გველ-მორიელზე სანადიროდ სიარული რა სახსენებელია, ლომსა და ვეფხვსაც კი შეებმება. მისი სხვა ზღაპრები უცხოეთში მოგზაურობას შეეხება.

ერთ რამედ ღირს მამიდა მგლის სახის ყურება, როცა ბატონი ჰოსამი ევროპის ქალაქებში მოგზაურობაზე გვიამბობს. ხმას არ იღებს, მაგრამ შავი თვალები უელავს და უსაშველო დაცინვა დასთამაშებს თხელ, ბოროტ ტუჩებზე. ნახევრად ჩამქრალი სიგარეტის ნამწვს კბილებით ათამაშებს და თანხმობის ნიშნად თავს აკანტურებს (რაც მამიდა ნაზის თვალში ათასობით გინებაზე უარესია). ბატონ ჰოსამს მეხსიერება ღალატობს და მისი ევროპული ტურნეების თარიღი ხუთი-ათი წლის ფარგლებში წინ და უკან მერყეობს. ხან მარტოა, ხან კი სამხედრო მინისტრთან ერთად მოგზაურობს. ასეა თუ ისე, ამ ზღაპრების გამო ეგუება მას  მამიდა ნაზი, ნებას რთავს, მის სიახლოვეს იფათუროს და ყურმოჭრილი მსახურივით შეუსრულოს ყველა ბრძანება. ბატონ სამხედრო მინისტრთან ურთიერთობის, მონადირული გულოვნებისა და ევროპული მოგზაურობების გარეშე ბატონი ჰოსამი უფერულ ორთქლს ემსგავსება და ქუჩის მტვერთან ერთად უჩინარდება. მე მომწონს ეს ჩასუქებული კაცი, თეთრი, მრგვალი სახე საყვარელ, კეთილ ბავშვს რომ მიუგავს. მიყვარს მისი ალალი თვალები და მშვიდი ხმა. გულით ვისურვებდი, მამიდა ნაზი არ ყვარებოდა, თავისთვის ყოფილიყო, თარზე დაეკრა, ემღერა, ესიამოვნა და იძულებული არ ყოფილიყო, სათვალთმაქცოდ სამხედრო მინისტრთან ემეგობრა და უცნაურ ცხოველებზე სანადიროდ ევლო. როცა გაიგო, რომ ჩემთვის ფორტეპიანოს ყიდულობენ, სიამოვნებისგან ზმორებას მოჰყვა. ყურში ჩამჩურჩულა, რომ მუსიკა ერთგვარი ღვთისმსახურებაა, ადამიანს ღმერთთან აახლოებს. არაფერი აქვს საერთო ცხოველებზე ნადირობასთან. ასე მითხრა:

_ სანამ მამიდა ნაზს გავიცნობდი, მეც ვუკრავდი და ვმღეროდი. ჩემს სიმღერაზე ადამიანებს გული მისდიოდათ, გონებას კარგავდნენ. ღმერთია მოწმე. მამიდა ნაზსაც ასე შევუყვარდი. ჩემი სიმღერა გაეგონა და გული წასვლოდა. მაგრამ, როგორც კი ცოლად გამომყვა, არც აცია, არც აცხელა, სიმღერა ამიკრძალა და თარიც დამიმსხვრია. პირის გაღების უფლებაც აღარ მომცა. ასე მითხრა, სამხედრო მინისტრთან უნდა იმეგობრო და სანადიროდ იაროო. მეც მისი ხათრით გავხდი მონადირე.

გაიხარა, როცა გამოვუტყდი, რომ მწერალი მინდა გავხდე. თავზე ხელი გადმისვა და შუბლზე მაკოცა. მითხრა, რომ თვითონაც ჩუმად, ცოლისგან მალულად, ლექსებს წერს და რომ ვიქტორ ჰიუგოს “განკიცხულნი” ათჯერ აქვს წაკითხული. ასე დავმეგობრდით. ბატონმა ჰოსამმა თავისი გრძელი, უთავბოლო ლექსები წამიკითხა და გამომიტყდა, რომ აპირებს (ისე, ცოლმა რომ ვერ გაიგოს), თავისი ცხოვრების ისტორია დაწეროს და ფსევდონიმით გამოაქვეყნოს. ბატონი ჰოსამი ორი კაცია, ორი ცხოვრებით და ორი სახელით და მე არ ვიცი, ამ ორიდან რომელია ნამდვილი. როცა ჩემთანაა ან ჰასან-აყასთან, მხიარული და უდარდელი ხდება – ხარხარა და ენაწყლიანი, შინაურული და ქარაფშუტა, ცოტათი მამიდა მგელს ემსგავსება (თუ გესლიან ენას და სიავეს გამოვაკლებთ). გიჟდება საზზე და სიმღერაზე. Gგადაბრუნებულ სინზე უკრავს და შემთხვევას არ უშვებს, რომ იმღეროს. კარგი ხმა აქვს და ვხვდები, რატომ შეუყვარდა მამიდა ნაზს. დედას მიერ შეკვეთილი ფორტეპიანოს ჩამოსვლას ჩემზე მოუთმენლად ელოდება და განუწყვეტლივ კითხულობს:

_ ეს პიანინო რაღა იქნა?

პირობას მართმევს, დაკვრაში რომ გავიწაფები, მასაც ვასწავლო. ეს ყველაფერი მამიდა ნაზის არყოფნაში ხდება. მისი თანდასწრებით დათრგუნული, მდუმარე და თავჩაქინდრულია.  სახე ეცვლება. თითქოს დნებაო, კისერი უმოკლდება, ცხვირი უგრძელდება, ნიკაპქვეშ დონდლო ღაბაბი ეკიდება. პატივსაცემ ადამიანებს ბაძავს და, მამიდა ნაზის ბრძანებით, სამხედრო მინისტრთან შესახვედრად მიიჩქარის – წარმოსახვით მინისტრთან. მამიდა ნაზი გამუდმებით უთვალთვალებს – კარის ღრიჭოდან ან ფარდის უკნიდან. თუ დაინახა, რომ მხიარულობს ან ვინმეს ესაუბრება, მაშინვე თავს მოიავადმყოფებს და ვაი-ვიშს დაიწყებს ხოლმე. ვერ დაუშვებს, რომ ვინმე,  მის გარდა, მის ქმარს მიუახლოვდეს. თითქოს ტანმოკლე ბატონი ჰოსამი დიდი საუნჯე იყოს. იქნებ ამიტომაც არ გააჩინა შვილი. ამბობს, ჯერ მე თვითონაც ბავშვი ვარო (ასე ქმარს ეკეკლუცება და ენაზება). Dდა, თუმცა გვარიანად მოსული ქალია,  ორი წლის ბავშვივით ტყიპინებს. ენამოჩლექით ლაპარაკობს და ბატონი ჰოსამი ერთიანად დნება.

მამიდა მგელს, პირიქით, სამი ბანჯგვლიანი, შავთვალწარბა გოგო ჰყავს, სამივეს  _  სხვადასხვა ქმრებისგან _ დასტა-დასტა წვრილშვილი. ერთი სამჯერაა გაყრილი, მეორე ორჯერ დაქვრივდა. ორივე ქმარი კატასტროფაში დაეღუპა (ერთი – ავტომანქანის, მეორე – მოტოროლერის). მესამე ქალიშვილი ახლახან გათხოვდა და ბავშვს ელოდება. მამიდა მგელი დასანახად ვერ იტანს სიძეებს და გესლის ქარცეცხლში ხვევს მათ. ზურგსუკან ჭორავს და ქალიშვილების წინაშე ლანძღავს. ქალიშვილებსაც სძულთ იგი და  ცხვირაწევით და  ლანძღვა-ფურთხებით გაურბიან. ამბობენ,  გვრცხვენია, ასეთი ბინძური და ავყია დედა რომ გვყავსო. სახლშიც არ უშვებენ. მაგრამ მამიდა მგელი, რომელზედაც ამბობენ, რომ სიყვარულთან და გრძნობებთან მწყრალადაა, სულს ლევს ამირხანისთვის – ერთადერთი ლოთი ვაჟიშვილისთვის. მასთან თაგვივით იტრუნება და ენა უვარდება. ვარდის ფურცელივით მსუბუქსაც არაფერს შეჰკადრებს და მის საქციელს არასდროს გაკიცხავს. მის არყოფნაში მასზე არ ლაპარაკობს, თუმცა გულით და ფიქრით მასთანაა. კარის ან ტელეფონის ყოველ ზარზე ადგილიდან წამოფრინდება და თვალები უმრგვალდება ხოლმე. შემოსვლისთანავე მეკითხება, ხომ არავის დაურეკავს მისთვის? ვიცი, ვაჟიშვილის ზარს ელოდება და ისიც ვიცი, რომ – ტყუილად. უარს რომ ღებულობს, არაფერს იმჩნევს, მხრებს იჩეჩს, მე ან მამიდა ნაზს გაგვკენწლავს და იცინის. მაგრამ მე კარგად ვიცნობ მის მხიარულ, ციმციმა და ჭინკებიან თვალებს და ვხედავ, რამხელა ნაღველი ჩაბუდებულა მათ სიღრმეში, რამხელა ჯაფად უჯდება, რომ უდარდელად და უზრუნველად მოგვაჩვენოს თავი. შვილის  ძველისძველი ფოტო აქვს, ღამღამობით თავქვეშ ინახავს, ან თვალწინ იდებს და საათობით შესცქერის. ამირხანი იმ უსაქმურ, დარდიმანდ კაცებს მიეკუთვნება, ფული რომ გამოელევათ, დედა მაშინ რომ ახსენდებათ და მოსაკითხად გამოჩნდებიან ხოლმე. მამაჩემი ამბობს, ამ უნამუსო უქნარამ დედამისის მთელი სარჩო-საბადებელი ქარს გაატანა და აინუნშიც არ მოსდის. მე რომ ვიყო, წიხლისკვრით გავაგდებდი და ერთ შაჰისაც1 არ მივცემდიო. მაგრამ მამიდა მგელი ამ სიტყვებს არ უსმენს. ქვას გახეთქავს, ფულს იშოვის  და მარად  ჯიბეგახვრეტილ ვაჟიშვილს ჩაუკუჭავს. ამირხანი შავტუხა და შავთმიან დებს არ ჰგავს. თაფლისფერი თვალები და ხვეული ქერა თმა აქვს. სახით მამიდა ნაზს წააგავს. შეიძლებოდა, მისი შვილი ყოფილიყო. მზესავით პირმრგვალია. თხელი, აპრეხილი ცხვირი აქვს და ერთი ბეწო პირი. გოგოს ჰგავს. მუდმივად მოგზაურობს. ირანს შიგნით. შემთხვევით, საეჭვო ხალხთან ერთად. კონკრეტული ადგილ-საცხოვრისი არა აქვს. ხანდახან თვეობით იკარგება და მამიდა მგელი დუმდება, ხდება, იცრიცება. იკუნტება და თავის თავში იკეტება. ვაჟიშვილს არ ახსენებს, თითქოს ცუდ ამბავს უფრთხის და არ უნდა, ვინმეს მისი ამბავი ჰკითხოს. დღისით უჩინარდება, ღამით კი, ძილგამფრთხალი, ბაღში სცემს ბოლთას. ხანდახან ოთახში შეიყუჟება და ორ- ორი დღე უსმელ-უჭმელი რჩება. მამიდა ნაზისგან განსხვავებით, იგი უხმოდ, მალულად ნაღვლობს და თავის დარდს არავის უმხელს. ექიმი, წამალი, ოხვრა და მოთქმა სძულს. ერთხელ მძიმედ გახდა ავად. კვდებოდა. ფილტვების ანთება დაემართა და ვერ სუნთქავდა. სიცხემ ორმოცამდე აუწია. საბანი თვზე წაეფარებინა და ხმას არავის სცემდა. ხრიალებდა და დაჭრილი ნადირის ხმებს გამოსცემდა. არც წამალს ეკარებოდა და არც – საჭმელს. მხოლოდ წყალს და სიგარეტს ითხოვდა. ყინულიანი წყლის ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და ისევ სწყუროდა. მისი ხველა ხალხს გულს უხეთქავდა, მაგრამ სიგარეტს არ იშორებდა. დედამ ერთი-ორჯერ მიაკითხა და ექიმის გამოძახება დააპირა, მაგრამ ამაოდ. ამ ჯიუტ, უჯიათ ქალს ვერავინ ჯობნიდა. სანამ უცბად კვლავ უფულოდ დარჩენილი ამირხანი არ გამოჩნდა. მამიდა მგელი წამსვე წამოხტა, საბანი გადაიძრო და მოცოცხლდა. ჯერ ისევ ცოცხალ-მკვდარი ადგა, ფეხშიშველი, ხველა-ხველით მივიდა სამზარეულომდე და პირდაპირ მაცივარს მიადგა. მამაჩემის ვახშმისთვის ჰასან-აყას მიერ ხახვში ჩაწყობილი ბატკნის ხორცი შამფურზე წამოაგო, შეწვა და ვაჟიშვილს წინ დაუდო. თვითონაც გაეხსნა მადა. თავისთვისაც აიღო ლუკმა და ნახევარ პურზე მეტი მაწონს და ხახვს შეატანა. ხუმრობისა და სიცილის ხასიათზე დადგა. თითქოს სიკვდილის პირას არც ყოფილიყო. ხველამ გაუარა და ორ დღეში გარეთ გავიდა. მთელი ეს ხანი მამიდა ნაზი ავადმყოფ დასთან არ შესულა და სნეულების გადადების შიშით ბატონი ჰოსამიც ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. არც მე მიკარებდა. როგორც კი გაიგო, რომ ამირხანი გამოჩნდა, ჩემოდნები გასაღებით ჩაკეტა, ფული და ოქროს სამაჯურები ბალიშქვეშ ამოდო და პირდაპირ და მოურიდებლად განაცხადა, რომ ეს ბიჭი ხელმრუდია და შარშან მისი ფირუზის საყურეები აწაპნა. არც დედა იყო კმაყოფილი ამირხანის ჩვენს სახლში ყოფნით, მაგრამ მამიდა მგელთან კინკლაობის და უსიამოვნების თავი არ ჰქონდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც შუბლგახსნილი და ხელებგაშლილი შეეგება ამირხანს და ნაამებ, მოყვარულ მამასავით გულში ჩაიკრა და გადაკოცნა იგი, ბატონი ჰოსამი იყო. მამიდა ნაზი ეჭვიანობისგან აცახცახდა. საპირფარეშოში შევიდა, თითები ხახაში ჩაიყო და აღებინა. მთელი ამ ხნის მანძილზე მამიდა მგელი სიხარულით თითებს ატკაცუნებდა და შვილს თვალს არ აცილებდა. ამირხანი უშნოდ შეშუპებულიყო და ლაპარაკისას ხვნეშოდა. თრიაქით გაბრუებულ ქალს დამსგავსებოდა.  ლოყებს ადრინდელი სინორჩე დაეკარგათ, კანის სითეთრე სიყვითლეში გადასულიყო. მამიდა მგელმა თავისი ლოგინი ვაჟიშვილს დაუთმო და სადილობისას და ვახშმობისას საჭმლიანი ლანგარი ოთახში შეუტანა. კარის ჭუჭრუტანაში ვხედავდი, რომ ამირხანს ფეხებს უზელდა და ზურგსა და ბეჭებზე მასაჟს უკეთებდა. ღამით საცვლები და წინდები გაურეცხა, თოკზე გაფინა და ფეხსაცმელი გაუწმინდა. ამირხანს შუადღემდე ეძინა, ლოგინშიც სიგარეტს ეწეოდა და ითხოვდა, რომ მამიდა მგელს მისთვის ზურგი მოეფხანა. როცა ხასიათზე იყო, რაც კი ბოლო ხანს ბილწი ხუმრობა გაეგონა, დედას უყვებოდა და ისიც გულიანად იცინოდა. ორივენი მასხარად იგდებდნენ ადამიანებს, დასცინოდნენ მამიდა ნაზს, დედას, ბიძიებს, დედაჩემის ევროპამოვლილ, ელეგანტურ მეგობრებს და ბჟირდებოდნენ. ბატონი ჰოსამი ხარბად ადევნებდა თვალს დედა-შვილის სიახლოვეს და სიცილ- კისკისს და ცოლის შიშით ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. საღამოხანს მამიდა მგელი ნაკადულის პირას, ხეებქვეშ, ნოხს დააგებდა, რამდენიმე ბალიშსაც გამოიტანდა და ამირხანს რბილ და თბილ ადგილს უმზადებდა. ერთი ჭიქა მაწონი, კიტრი, პური და შუადღიდან მორჩენილი საჭმელიც მოჰქონდა და ვაჟიშვილს აჭმევდა. დროდადრო ლუკმას უმზადებდა. კოვზს გალოკავდა, მაწვნით ან ფლავით გაავსებდა და ამირხანს ნახევრად სავსე პირში სტენიდა. მამიდა ნაზი და მისი ქმარი, სევდიანი ტუსაღებივით, ფანჯრის ღრიჭოდან უთვალთვალებდნენ. მამიდა ნაზი ზიზღიანი ფურთხებით აქნევდა თავს და შურით გულზე სკდებოდა. ბატონი ჰოსამი, პირიქით, მათ ალერსითა და გულისწყვეტით უმზერდა. ცოლის შიში რომ არა, ამირხანის გვერდით გაიშხლართებოდა ხალიჩაზე და მთელი ეშხით ამღერდებოდა. იქნებ ერთი ჭიქა არაყიც გადაეკრა და გულიანადაც ეხარხარა. რამდენიმე დღის მერე მამიდა ნაზმა ლაქუცით უამბო მამაჩემს ამირხანის ლოთობის ამბავი, მორცხვად და მორიდებულად, ენამოჩლექილი ტიტინით. ვიფიქრეთ, ესაა, მამა მამიდა მგელს და მის ვაჟიშვილს სახლიდან მოისროდა. მაგრამ, მოლოდინის საპირისპიროდ, მამა მოიღუშა და თქვა, რომ ყველაზე დიდი უმსგავსობა ზურგს უკან ჭორაობაა. მამიდა ნაზი აფორეჯდა. ის იყო, ცუდად უნდა გამხდარიყო, რომ მამამ უყვირა:

_ თუ აპირებ, რომ თავი მოიმკვდარუნო და აურზაური შექმნა, შენს ოთახში მიბრძანდი, ხვალ კი საკუთარ სახლში დაბრუნდები.

მამიდა მგელი გამარჯვებას ზეიმობდა. ამირხანი, რომელსაც ეგონა, რომ მამა მის მხარეს იყო, კოსტიუმში გამოეწყო, ჰალსტუხი გაიკეთა და ვახშამზე მამასთვის მადლობის სათქმელად გამოცხადდა. მამამ ძაღლადაც არ ჩააგდო, სალამზეც არ უპასუხა.

საღამოობით მამიდა მგელი და ამირხანი სადღაც იკარგებოდნენ და გვიან ბრუნდებოდნენ. უფრო ხშირად ინდური და ირანული ფილმების სანახავად დადიოდნენ, რომლებშიც ცეკვა-სიმღერა უხვადაა და მეც მიამბობდნენ ხოლმე.

ერთხელ მალულად თან წამიყვანეს. კინოთეატრ “რეის” ღია, საზაფხულო დარბაზი ჰქონდა, წინა რიგში დავსხედით. ფილმი დაწყებულიც არ იყო, ფირი გაწყდა და ამირხანმა სტვენა ატეხა. ხალხიც აჰყვა. მამიდა მგელს პაკეტით მზესუმზირა ეყიდა და ნაჭუჭებს ჰაერში აფურთხებდა. ფილმი რომ დაიწყო, ხალხმა ამოიქშინა და აყვირდა. აღმოჩნდა, რომ ფირი შეშლოდათ. მაყურებლების უმეტესობამ ფილმის ყველა ეპიზოდი ზეპირად იცოდა, მესამედ და მეოთხედ მოსულიყვნენ სანახავად. სინათლე აინთო. ხალხი აღშფოთდა. მამიდა მგელი წამოდგა და ლანძღვა დაიწყო. ამირხანმა დაუსტვინა. ამინდიც გაფუჭდა და ყელი და თვალები ქარმა და მტვერმა ამოგვივსო. ფილმი დაიწყო და მაყურებელმა ვაშა დასჭექა. წვიმის რამდენიმე წვეთი დამეცა და მამიდა მგელმა თავისი ჩადრი გადმომახურა. ამირხანის გვერდით მჯდომმა კაცმა წერა- კითხვა არ იცოდა და ამირხანს სთხოვა, ტიტრები ხმამაღლა, მის გასაგონად წაეკითხა. ნახევარ საათსაც არ გაევლო, რომ ამირხანს ჩაეძინა და ფშვინვა და ხვრინვა ამოუშვა. წინა რიგში მჯდომი ქალი მობრუნდა და ამირხანს მაგრად სდრუზა მუხლში. მამიდა მგელი საფანტივით აფეთქდა და ორივე ხელით თმაში ჩააფრინდა ქალს. Qქალი აკივლდა და შეაგინა, მამიდა მგელმა უპასუხა და ხალხი აყვირდა: “მოკეტეთ!” ამირხანს ერთბაშად გაეღვიძა. ის იყო, ჩხუბი უნდა დაწყებულიყო, რომ, საბედნიეროდ, გაწვიმდა. კოკისპირულად წვიმდა. სინათლე აინთო და ხალხმაც ფეხი იშვირა. გადაწყდა, რომ ბილეთები შეგვენახა, ხვალ საღამოს დავბრუნებულიყავით და დარჩენილი ნაწილი გვენახა. ჩემთვის ხვალ საღამო აღარ იყო. იმ ღამეს საშინლად გავცივდი და იძულებული გავხდი, გამოვტეხილიყავი, რაც, ცხადია, მიუტევებელი ცოდვა იყო.

… მამიდების ჩამოსვლით ჩემი მარტივი აზრები იბურდება და თავბრუს მახვევს. მივდევ მათ და ვერ ვიხელთებ. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ადრინდელივით ძლიერ და სანდო საყრდენს ვეღარ ვგრძნობ. შემირანის სახლის გონივრულმა და ნათელმა სამყარომ მამიდების თავდასხმისგან უკან დაიხია და პეწი დაკარგა. ჩვეული ადამიანები, მომხიბლავნი და ზრდილნი, ფერგამკრთალ ლანდებად ქცეულან და ფუტუროებად და ნახერხით დატენილებად მეჩვენებიან. დედას მამიდებთან ჩემი სიახლოვე აფრთხობს და მამიდა ნაზის ნაჩუქარ ყვავილებიან ჩადრს და სალოცავ ნოხს ეჭვით უყურებს. ზაფხულის დამთავრებას და სტუმრების თავიანთ ქალაქში დაბრუნებას ელოდება.

ყოველ პარასკევს მამიდა ნაზის მოწვევით ახალგაზრდა, თამამი ქადაგი მოდის, მის საწოლთან ჯდება, ორი საათი ღმერთზე, იმამებზე და წინასწარმეტყველებზე გვიყვება და სხვა სამყაროში გადავყავარ. ჰასან-აყა და მებაღის ცოლი როყიეც მოდიან და გვარიანად მოთქვამენ. მთელი მონათხრობი ქადაგის წასვლისთანავე ავიწყდებათ. მე კი მთელი შემდეგი დღეებისა და ღამეების მანძილზე ღმერთზე და იმ ქვეყანაზე ვფიქრობ, სიკვდილის მერე რომ უნდა იყოს და ძველებურად მსუბუქად და უდარდელად ვეღარ დავყვები დედას სტამბოლის გამზირზე. მამიდა მგელი და მისი ვაჟი ჩემს გასამასხარავებლად შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან. ამირხანი მეუბნება, რომ ინტრიგებით ღმერთს ჯერ არავინ მიახლოებია, რომ ღმერთს არ უყვარს სულმოკლე, თვალთმაქცი ადამიანები (მამიდა ნაზს გულისხმობს). მამიდა მგელი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მეუბნება, რომ მისი და მატყუარაა და, რასაც ამბობს, სისულელეა. ტყუილია თუ მართალი, მამიდა ნაზის სიტყვებმა, ღვთისა და გეენის შიშმა ჩემს არსებაში ფესვი გაიდგა და დამფრთხალ, მშიშარა გოგოდ მაქცია. არაფერი მარადიული და მყარი არ ყოფილა, რადგან ღმერთს შეძლებია,  შეცვალოს და გააქროს ყველაფერი. მზე, ვარსკვლავები, დედამიწა ბეწვზე ჰკიდია და, თუ ღმერთმა ინდომა, დღეს – ღამედ, ზღვას – უდაბნოდ, ჰაერს კი ქვად აქცევს, მთებს ყირამალა ჩამოკიდებს და ადამიანებს ერთიანად გააცამტვერებს. ლუკმის ჩაყლაპვისაც მეშინია: ვშიშობ, ვაითუ, ბუნებრივი და ჩვეული გზის ნაცვლად ჩემი სხეულის სხვა ნაწილში გადაინაცვლოს. ვინ დამპირდება, რომ ასეთი რამ არ მოხდება და რომ ღმერთი ამას არ იზამს? ან, რომ ბუნების კანონები ისეთივედ დარჩება, როგორიც იყო? მამიდა ნაზი ამბობს, ნამაზი უნდა შეასრულო და ილოცო, ღმერთი, თუ თავისი მონების კმაყოფილია, უცნაურ ამბებს არ შეამთხვევსო. რამაზანის თვეში მასთან ერთად ვმარხულობ (ათ დღეს) და სისუსტისგან დავბარბაცებ. მამიდა ნაზი მშვიდად, წყნარად, უდრტვინველად, მშიერ-მწყურვალი წევს მთელი დღე, ბატონ ჰოსამს კი მისთვის ყოველ საღამოს  სახსნილო მოაქვს _ ნაირ-ნაირი ხილი და ნარჩევი კერძები. მაოცებს მამიდა ნაზის გამძლეობა შიმშილის ატანის საკითხში და მის მტკიცე ნებისყოფას ღვთისმოსაობას, ლოცვას და ნამაზს მივაწერ. ბატონი ჰოსამიც მარხულობს და ფერი არ ადევს. ხელ-ფეხი უკანკალებს და გამშრალ ტუჩებს ილოკავს.  წარმოუდგენლად ცხელა და წყურვილი ტანჯავთ ადამიანებს. ბატონი ჰოსამი ამბობს, ადამიანს რომ დაავიწყდეს და წყალი დალიოს, ანდა უნებურად, უცოდინრობით რამე შეჭამოს, ნამაზი არ გაუცუდდებაო. ყოველთვის, როცა ყინულიანი წყლის სმისას გამოვიჭერ ხოლმე, მეუბნება:

_ ოჰ, უნებურად მომივიდა. დამავიწყდა. ღმერთი მაპატიებს. 

დედას ჩემი მარხვა აღიზიანებს და ეშინია, ავად არ გავხდე. ამბობს, რომ მამიდა ნაზის მარხვა თვალთმაქცობაა, ბალიშის ქვეშ უამრავი ხმელი ხილი ულაგია და, როგორც კი ხალხს გაიგულებს, მუჭებით მიირთმევს. არ მჯერა. ჩემს თავს ვეუბნები, რომ დედას მამიდა ნაზი არ უყვარს და ცდილობს, ერთმანეთს დაგვაშოროს.

მამიდა მგელიც იმავეს მეუბნება და ჩემს დასანახად, შიმშილისგან ლამის გონი რომ მერთმევა, წვნიან საზამთროს ახრამუნებს. მეუბნება:

_ ტუტუცო ბავშვო! თუ არ გჯერა, რომ მამიდა აზიზ-ნაზი თვალთმაქცობს, წადი, გასაღების ჭუჭრუტანიდან შეხედე.

შუადღისას მეძახის. მეუბნება, გაიქეცი, ფანჯარაში შეიხედეო.

ბატონ ჰოსამს ბაღში, ხის ჩრდილში სძინავს. ბლომად წყალი დალია და, ჩვეულებისამებრ, დაბნეულობისა და გულმავიწყობის გამო ღმერთს პატიება შესთხოვა. ფანჯარასთან მივდივარ. ვიჭყიტები. მამიდა ნაზი ტუჩთან ბეწვს იქნის. 

პირს აცმაცუნებს. ბალიშის ქვეშ ყოფს ხელს, სოუჰანის დიდ ნაჭერს იღებს და ჭამს. ორ ჭიქა ყინულიან წყალსაც აყოლებს და ახლა ერთ მუჭა ხმელ თუთას იყრის პირში. არ მჯერა. მინდა დავახრჩო. კარს ვაღებ. ადგილიდან ხტება. პირი გამოტენილი აქვს. სარკეს ელვის სისწრაფით ისვრის საწოლქვეშ და სახეს ბალიშში რგავს. გული მიჩქარდება. მრცხვენია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გამაცურეს და ჩემი ლოცვები გაბათილდა. მამიდა ნაზი სასწრაფოდ ყლაპავს ლუკმას და ცარიელი პირით ყალბად ამთქნარებს. თავი ისე უჭირავს, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა ბრაზით თვალები უელმდება და ცხვირის ნესტოები უთრთის. ბატონმა ჰოსამმაც იცის ცოლის მარხვის გატეხვის ამბავი. მთელი ამ ხნის მანძილზე იცოდა, მაგრამ მეც მატყუებს და თავსაც იტყუებს. მთხოვს, რომ ამ წამიერ შეცდომაზე არავის ვუთხრა. როცა ვეუბნები, რომ საკუთარი თვალით დავინახე, წითლდება და თავს ხრის. ხელს მკიდებს, თავზე მეფერება და სიტყვას ბანზე მიგდებს. მეკითხება:

_ ეს პიანინო რაღა იქნა?

არ ვპასუხობ და მის ხელს ვიცილებ.

მეუბნება:

_ მთავარი წმინდა ფიქრებია. ერთ ნატეხ სოუჰანს რა მნიშვნელობა აქვს?! ღმერთი ხანდახან თვითონაც ცუღლუტობს.

მამიდა ნაზი მტრად მეკიდება (თუმცა მისი თვალთმაქცობის ამბავს არავის ვეუბნები) და ქმარს უბრძანებს, დამსაჯოს და სალამი არ მითხრას. ბატონი ჰოსამი შორიდან თვალებითა და წარბებით რაღაცას მეკითხება და მანიშნებს, რომ ჩვენი მეგობრობა ისევ გრძელდება და მამიდა ნაზის განკარგულებასთან  კავშირი არა აქვს.

ზაფხულის ბოლო, ყველაზე ცხელი თვე მძიმედ, მდორედ და ზარმაცად მიედინება და ახალი არაფერი ხდება. სოფელში გამგზავრება – საზაფხულო სააგარაკო პროგრამა – წელს ჩაიშალა. მამა ისეა ჩაფლული პოლიტიკისა და ადვოკატურის საქმეებში, რომ ჩვენთვის წუთითაც ვერ იცლის.

ხანდახან, ღმერთზე, ცოდვაზე, სიკვდილზე და მეორედ მოსვლაზე ლაპარაკით დაღლილი, მამას ძლიერ, მტკიცე ხელს დავეძებ. მინდა, მის რკინის ნებას და გონებას ჩავეჭიდო და მამიდების ბნელ სამყაროს ზურგი ვაქციო. დედას ხელების საყვარელი სუნი მენატრება და ხარბად გავცქერი სახლის იქითა მხარეს ბედნიერ ცხოვრებას.

როიალის გამოჩენა (უზარმაზარ, ზღაპრულ ურჩხულს რომ ჰგავს) ჩემსა და მამიდებს შორის ზღუდეს აგებს. დედა დიდ წვეულებას აწყობს ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად. როიალს სასადილო ოთახში დგამენ, მისაღები ოთახის მხარეს, და ყვავილებით მოჩითულ შალითას აფარებენ. ჰასან-აყას აფრთხობს მამას მანქანაზე დიდი ეს უცხო სტუმარი და მდაბლად ესალმება მას. მამიდა ნაზი როიალის შემოსვლას ცუდ ნიშნად მიიჩნევს და ყველას ეუბნება, რომ ამ ეშმაკის მანქანის გამო ჩვენს ჭერქვეშ და ეზო-ყურეში ნამაზის შესრულება აკრძალულია და დროულად უნდა წავიდეს ჩვენგან. მამიდა მგელს ამგვარი რამეები არ აღელვებს, თავისი ვაჟის აწეწილ საქმეებში გაბმულა. ამირხანს დედის სახლი თავის სახელზე გადაუფორმებია და ყომარში წაუგია. მისი დები ყოველდღე მოდიან ჩვენთან და ჩხუბი და აყალმაყალი აქვთ. მამიდა მგელი ეუბნება:

_ სახლი ჩემი იყო. მინდოდა და შვილის სახელზე გადავაფორმე. წააგო – წააგო. კარგი ქნა. ღმერთმა შეარგოს! ფეხქვეშ ნაგები ხალიჩა კი არა, სული რომ მომთხოვოს, არ დავიშურებ.

ბატონი ჰოსამი ამ არეულობით სარგებლობს და როიალთან მიდის. თვალები აღტაცებით უმრგვალდება და პირს აღებს. სახურავს ხდის და კლავიშს თითს აჭერს. მერე ფრთხილად უსვამს კლავიატურას ხელს და იმეორებს:

_ ოჰ, ოჰ, მშვიდობაში. ღმერთმა დედაშენს დღეგრძელობა მისცეს. გაიხარე.

ფორტეპიანოს მასწავლებელი პოლონელი ქალია, ოფლის მძაფრი სუნით  და ღვინის ოხშივრით. მეცადინეობისას ოხრავს და სხვა რამეზე ფიქრობს. ხშირად ნასვამი მოდის და დაჯდომისთანავე ტირილს იწყებს. დედა ამბობს,  ეს ქალი ებრაელია და ომის დროს მთელი ოჯახი დაეღუპაო.

ფორტეპიანოზე დაკვრა მამიდა ნაზის მარხვას წააგავს – ყალბია. მით უფრო, რომ ეს როიალი, დიდებული და წარმოსადეგი გარეგნობის მიუხედავად, ძველისძველია, დანჯღრეული და არც ხმა უვარგა. კლავიშების უმეტესობა მოშლილია. ზოგი ქვევით არ ჩადის. ზოგი, ქვევით რომ ჩავა, აღარ ამოდის და რამდენჯერმე უნდა დაარტყა. მადამს აინუნშიც არ მოსდის, თავის მოგონებებსა და ფიქრებში ჩაძირულა. ბატონი ჰოსამი ყველაზე მეტად ღელავს. მაქეზებს და მთხოვს, მისთვის პირველი გაკვეთილი დავუკრა: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. რა ვუყოთ, თუ “სოლ”-ს ხმა არა აქვს და “ლა” ხრჭიალებს; “ფა” ფუტკარივით ბზუის, მარჯვენა კლავიშების წივილი კი ყურს ნემსებივით ესობა და თმას ყალყზე აყენებს.

მამიდა ნაზი ფორტეპიანოს უწმინდური მასწავლებლის შემოსვლას იმიზეზებს და ზაფხულის ბოლომდე მიდის ჩვენგან. ვხედავ, რომ ბატონ ჰოსამს კეთილი თვალები ცრემლით ევსება და გული მეწვის. მამიდა ნაზის წასვლით მტანჯველი ბუტიაობა, ბოღმა, ჭორიკანობა გადის ჩვენი სახლიდან და მის ადგილს პოლონელი მადამის დარდი და მონათხრობი იკავებს – მისი ოჯახის ამოხოცვის ამბავი ებრაელ ტყვეთა ბანაკში, გაზის საკანში. მძულს პორტეპიანოზე დაკვრა. ასე მგონია, ტყვეობაში ვარ და ჩემი ენა არავის ესმის. გაურკვეველი შიშის გამო, ჩემს სულში ფესვი რომ გაუდგამს, ჯერ კიდევ ვასრულებ ნამაზს (დღეგამოშვებით) და ღმერთზე და საიქიოზე ფიქრი არ მტოვებს. ფორტეპიანოს, ღვთისმოსაობასა და ცოდვას შორის ვტრიალებ და არც ერთის არ მწამს.

მამიდა მგელს წასასვლელი არსად აქვს. სახლი დაკარგა, ქალიშვილებს კი მისი დანახვაც არ უნდათ. ამირხანის არაფერი ისმის და ეს ამბავი მას შიგნიდან ხრავს, ხასიათი უფუჭდება და ყველას ეჩხუბება. სახლიდან დილაადრიან გადის და ზოგჯერ ღამითაც არ ბრუნდება. ღმერთმა იცის, სად ათევს. ვიცი, რომ კინოში და თეატრში არ დადის და ვხვდები, ვაჟიშვილს დაეძებს. დედაც ღელავს და ერთი-ორჯერ მამასაც ჰკითხა ამირხანზე. მამა ამბობს, ჭიან კაკალს მუშტარიც ჭიანი ეყოლებაო და მხრებს იჩეჩს.

პარასკევი თენდება. ტელეფონი რეკავს. მამა უნდათ. სასწრაფო საქმეა. მამა ალიონზე გადის ხოლმე სასეირნოდ და ჯერაც არ დაბრუნებულა. რაიონიდან  რეკავენ. ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრს უნდა ელაპარაკონ. დედას სძინავს. მე მეღვიძება და ჰასან-აყას ყურმილს ვართმევ. ყრუ ხმა თითქოს ორმოდან ისმის, რაღაცას ამბობს და წყდება. ერთ საათში ტელეფონი ისევ რეკავს. მამიდა მგელს გაუღვიძია, ყური მუდამ კარისკენ და ტელეფონისკენ აქვს. თმა ასწეწვია და უპეები ჩაშავებია. დილაუთენია, უზმოზე, ცარიელ კუჭზე, სიგარეტს ეწევა. მე მომშტერებია. არაფერს ამბობს. ისევ რაიონია. თავრიზი. მამა უნდათ. მამიდა მგელი ყურმილს მტაცებს და ყვირის. ტელეფონი ხრიალებს. ცუდი ამბავია. ვისთვის? ეკითხებიან:

_ თქვენ ვინ ბრძანდებით?

მამიდა მგელი მოთმინებიდან გამოდის, ბრაზობს. ხმას უწევს, ლამისაა, ყურმილი გადაყლაპოს. ეუბნება:

_ რა შენი საქმეა, ვინა ვარ. ილაპარაკე, სული ნუ ამომართვი. რა დაემართა? ვის  დაემართა?

წივილ-კივილზე და ტელეფონის ზარზე დედას ეღვიძება. ნელა ჩამოდის კიბეზე. Yყურმილს ართმევს. ვიღაცას ელაპარაკება. ჯერ კარგად არ ესმის. სთხოვს, ხმამაღლა გაუმეორონ. ამირხანის სახელი ესმის და რამდენჯერმე ამბობს:

_ დიახ, ამირხანი. დიახ. არ ისმის. თუ შეიძლება, ხმამაღლა ილაპარაკეთ. რა მოხდა? დიახ. დიახ. დიახ. როდის, გუშინ?

და ვხედავ, როგორ ფითრდება დედა თანდათან. ტელეფონის ყურმილს იშორებს და დაბნეული შესცქერის მამიდა მგელს. ჩუმადაა. არაფერს ამბობს. ცუდი რაღაც მოხდა, ძალიან ცუდი. დარწმუნებული ვარ, მამიდა მგელიც ხვდება. მისი გულის დაგადუგიც კი ისმის. ყურმილს სტაცებს, ლამისაა, თვალები ბუდიდან გადმოუცვივდეს. უსმენს. ნათქვამს მარცვალ-მარცვალ კრეფს. ამირხანის სახელს იმეორებს. ყურმილი უვარდება. ჯერ ჩუმადაა, დაბნეულ-გაოგნებული, მეხდაცემული. და მერე, უეცრად, ღმუილს იწყებს. ყრუ ღმუილს, ადამიანისას რომ არ ჰგავს. რაღაცნაირ ყმუილს, ცხოველები რომ ყმუიან სიკვდილის ჟამს. იკლაკნება, ხელებს იჭამს, ღმუის და თავს კედელს ახლის. ჰასან-აყა ხელში მეწევა. ცახცახებს. ცდილობს, იქაურობას გამაშოროს. მკერდში მუშტს ვურტყამ. გავრბივარ, რომ მამიდა მგელს წყალი მოვუტანო. ვცურდები და კიბეზე ვგორდები. ჩემთვის ვიმეორებ: “ამირხანი მოკვდა.” და გული მერევა, სხეული მეყინება და სამზარეულოს იატაკზე ვაღებინებ.

დედას მამიდა მგელი გულში ჩაუკრავს და ცდილობს, დაამშვიდოს. თავზე ეფერება, სახეს უკოცნის. ყვირის: “ეს წყალი რაღა გახდა?” და ჰასან-აყა ადგილს სწყდება. გამორბის. მე მეჯახება და მლანძღავს.

საბედნიეროდ, მამა ბრუნდება. დედას და მამიდა მგელს უყურებს. მზერა მშვიდი აქვს და ცივი. მისი მწუხარება ჩვენსას არ ჰგავს. მისი დარდი სხვა მასალისაა და ხმა, ფერი და სუნი არა აქვს. დედას ცრემლი ღვარად ჩამოსდის და სიფრიფანა ხელები უთრთის. მამიდა მგელი დაჭრილი ნადირივით ღმუის და გაუგონარ ხმებს გამოსცემს. მამამ იცის მომხდარის შესახებ. ამბობს, რომ წუხელ შეატყობინეს.

დედას არ სჯერა.  ეკითხება:

_ კი მაგრამ, რატომ არ თქვი?

მამა შეუვალია. ამბობს:

_ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

დედა სახეზე ხელებს იფარებს. მამას სიმშვიდეს უგულობად მიიჩნევს და სასწრაფოდ გადის. მე ვგიჟდები ამ კაცის დუმილზე და სიმშვიდისმომგვრელ სიცივეზე. მისი შემოსვლით დაფანტული საგნები ლაგდება და თავ-თავის ადგილს იკავებს. მამა თავზე ადებს ხელს მამიდა მგელს. თავს სინანულით აქნევს, ჰასან-აყას წყლიან ჭიქას ართმევს და მის ტუჩებთან მიაქვს. ეუბნება:

_ ამ ბიჭს კეთილი ბოლო არ უჩანდა. ღმერთმა შეუნდოს, შენ კი მოთმინება და მხნეობა მოგცეს!

ყველაფერი ნათელია. ამირხანი მოკვდა. ალბათ, არაყი მოუვიდა მეტი, ან – თრიაქი. ამის მიხვედრა მეც შემიძლია. გული გაუსკდა. წასვლაა საჭირო და მისი ცხედრის გადმოსვენება. ყველა საქმეს მამა კისრულობს. წივილ-კივილი საქმეს არ უშველის. რაც მოხდა – მოხდა. რაც იყო – იყო. უკან ვერაფერს დააბრუნებ. უნდა მიიღო. ასე მარტივად. მამიდა მგლის ქალიშვილებს და სიძეებს უნდა შეატყობინონ. დაკრძალვის დღე უნდა დანიშნონ და გაზეთებში განცხადებები დაგზავნონ. მამა თავის კაბინეტში მიდის და ამით გვეუბნება, რომ მოთმინებას და გონიერებას უნდა მოვუხმოთ და ვიცოდეთ, რომ სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა.

მამიდა მგელი ამ ქვეყნისა არ არის და არც ეს სიტყვები ესმის. დაკრძალვისა და გლოვის ცერემონიალი არ აინტერესებს. იატაკზე ზის და მისი მძიმე სხეული საათის ქანქარასავით ირწევა მარჯვნივ და მარცხნივ. მიახლოებას ვერავინ ბედავს. დამფრთხალი ექიმი ქოუსარი მოდის. დედას შეუტყობინებია. უნდა, რომ მამიდა მგელს ნემსი გაუკეთოს. ეშინია, იცნობს მას. შპრიცით ხელში დგას. ყოყმანობს. დედას ნამტირალევი სახე დაუბანია და შავები ჩაუცვამს. ექიმ ქოუსარის საშველად მოიჩქარის. სახეს და ხელებს უკოცნის მამიდა მგელს. ევედრება. ექიმი ქოუსარი იხრება და მამიდა მგელთან მიკარებამდე თავის შპრიციანად მისრიალებს ოთახის ბოლოსკენ. მამიდა მგელი ყმუის და იატაკზე ღოღავს. 

თავს ვანებებთ. იატაკზე მჯდარი, მთელი დღე აქეთ-იქით ირწევა. თვალები დაუხუჭავს. არ ტირის. ერთი ცრემლიც არ მოჟონავს მისი თვალებიდან. საკუთარ თავს ელაპარაკება. წამწამებს იგლეჯს. ტუჩებს იკვნეტს და ჩადრის კიდეებს წიწკნის კბილებით. მუხლები დასისხლიანებია. იკაწრავს და მუშტებს იცემს მკერდში. უნდა, ტკივილი მიაყენოს თავს და ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯოს. ალერსი და მოფერება ამწარებს და დედას მეორედ კბენს ხელზე.

დედა შეშფოთებით მიყურებს. მე მეკრძალება ტკივილისა და დარდის, მოთქმისა და გოდების დანახვა. ასევე, სასაფლაოზე და გლოვის ცერემონიალზე სიარული. დედასთვის სიკვდილი არაბუნებრივი მოვლენაა, რომელზედაც არ უნდა  ისაუბრო. გარდაცვლილის სახელი არ უნდა ახსენო და მისი სურათი ბუხრის თავზე არ უნდა დადო. გარდაცვლილები უნდა დაივიწყო და მათზე არ ილაპარაკო. მით უფრო, ბავშვებმა არ უნდა იცოდნენ სიკვდილის შესახებ და არ უნდა ხვდებოდნენ, რომ ცხოვრება დარდით, ტკივილით და უბედურებითაა სავსე.

მე ერთ-ერთ ბიძასთან მაგზავნიან და, როცა ვბრუნდები, მამიდა მგელი აღარსად ჩანს. დედა მეუბნება, დაუმშვიდობებლად წავიდა და მასზე არავინ არაფერი იცისო. ბატონი ჰოსამი ამირხანის ამბის გაგებისთანავე მოდის ჩვენს მოსანახულებლად, გაფითრებულ-გამტკნარებული. გვეუბნება, რომ ამირხანი საკუთარი შვილივით უყვარდა და ხმამაღლა ტირის. ბაღის სიღრმეში შედის და, ხალხის თვალს მოფარებული, გულისმომწყვლელად მღერის. მამიდა ნაზი არ ახლავს. მკერდში მიკრავს და გულმშვიდად მიკოცნის სახეს.

ერთ თვეში ისევ ჩამოდის, რათა თეირანის ბაზარში ცოლს წამლები, სამკურნალო ბალახი, ქსოვილი და ფეხსაცმელი უყიდოს. გვეუბნება, რომ მამიდა მგელი ქალაქის მივარდნილ ადგილებში უნახავთ, თავის თავს ელაპარაკებოდა და შეშლილს ჰგავდაო. 

მამიდა მგელს მეტად ვეღარ ვხედავ. დროდადრო მესმის მისი ამბები. არც ქალიშვილებთან ჩნდება. მამა ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი, თუმცა ჩვენ არ გვეუბნება. ყოველი თვის პირველ რიცხვში ვიღაცის შუამავლობით (ვის სახელსაც არ გვიმხელს) მას ფულს უგზავნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შუამავალი ბატონი ჰოსამია.

შემდეგ ზაფხულს მამიდა ნაზი გვატყობინებს, რომ უცხოეთში მიემგზავრება. ალბათ, ბელგიაში. და ვერ შეძლებს ჩვენს მონახულებას. მეათედ მაინც ხდება ასე, რომ მამიდა ნაზი ევროპაში გამგზავრებას გადაწყვეტს და მერე, ბოლო წამს, გაუგებარი მიზეზებით, გადაიფიქრებს ხოლმე. ბელგია მსოფლიოს ის წერტილია, რომელსაც გამუდმებით დასტრიალებს მისი ფიქრი და არავინ მისი სიყვარულის მიზეზი ამ ქვეყნისადმი არ იცის. რომ ჰკითხო, ბელგია სად არის, დარწმუნებული ვარ, პასუხს მიკიბ-მოკიბავს. თუმცა ამჯერად საქმე სერიოზულადაა. ბატონმა ჰოსამმა თავი გამოიდო, თავისი და მამიდა ნაზის საქმეები მოაგვარა და ბელგიაში ნამდვილად გაემგზავრნენ. თავიდან არ დავიჯერეთ, სანამ ბატონმა ჰოსამმა თვითმფრინავის ბილეთები არ გვიჩვენა და არ დაიფიცა, რომ ამჯერად ნამდვილად მიდიან. დედა აეროპორტში წავიდა და მათი თვითმფრინავში ჩასხდომა საკუთარი თვალით იხილა. ბატონი ჰოსამის გამო მიხარია და ვიცი, რომ წლიდან წლამდე მაღალფარდოვანი სიტყვებით გვიამბობს ამ მოგზაურობის ამბებს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ იქ ერთ თვეს დარჩნენ და მერე პარიზიც მოინახულონ. თუმცა რამდენიმე დღეში გვატყობინებენ, რომ დაბრუნდნენ. მამიდა ნაზი პირველსავე დღეს ესკალატორზე დაგორებულა და ფეხი მოუტეხია. ორი დღე საავადმყოფოში ყოფილა, ორი დღეც სასტუმროს ოთახში გამოკეტილს გაუტარებია. ამის მიუხედავად, ბელგიაში მოგზაურობით კმაყოფილია. იქაურ ფართო, ამწვანებულ ქუჩებზე გვიყვება, ქალაქის სისუფთავეზე და ხალხის წესიერებაზე. გვიყვება, როგორ დარჩა ქალაქის პარკში პიჯაკი და, ერთი საათის შემდეგ მიბრუნებულს, როგორ დახვდა პიჯაკი იქვე. უკვე ასჯერ მაინც გვიამბო. სასტუმროს ოთახზედაც გვიყვება – ერთადერთ ადგილზე, რომელიც ნახა – ყვავილებიან შპალერზე, საწოლის თეთრ გადასაფარებელზე და მწვანე ხავერდის ფარდებზე; მოოქრულ დასადგმელ საათზე, დროგამოშვებით რომ რეკავს; ეკლესიაზე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, შესასვლელის თავზე ღვთისმშობლის ქანდაკებით და ეკლესიის ზარებზე, გარკვეულ საათებში რომ გუგუნებენ; სასტუმროს ცისფერთვალა, ქერათმიან მოახლეზე (რომელიც თმით ცოტათი მას წააგავდა), ნესვივით ვარცხნილობა რომ ჰქონდა, თეთრ წინსაფარს ატარებდა და იცოდა, თეირანი სად არის.

ამ შემთხვევის შემდეგ მამიდა ნაზი კიდევ უფრო განაზებულ-გაბავშვებულა. სიარულის ეშინია და მაგრად ჩაფრენია ბატონ ჰოსამს. წამით არ აძლევს ნებას, მოშორდეს. ჩვენთან აღარ მოდის. ქალაქის ცენტრში იქირავეს სახლი და თეირანში დაფუძნდნენ. დღესასწაულებზე მის მოსანახულებლად მივდივართ. თავს მოიავადმყოფებს ხოლმე და ადგილიდან არ დგება. ვერ დაუშვებს, რომ დედას დასანახად იკოჭლოს და ფიზიკური ნაკლი გამოაჩინოს. თმაც შეუღებავს – ქერაზე ქერად –სულმთლად ბელგიელ მოახლესავით. სახეზე ცარცივით პუდრი წაუსვამს. ლაპარაკისას ისევ კეკლუცობს და ახალგაზრდა გოგონებს ბაძავს. ბატონი ჰოსამი კი, პირიქით, ერთბაშად დაბერებულა და მარჯვენა ხელი უკანკალებს. ცოლის ბრძანებით ულვაში და თმა შეუღებავს და ჰალსტუხს ატარებს. ძველისძველ, ადამ და ევას დროინდელ ჰალსტუხს. როცა სტუმარი არ ჰყავთ, გივეთი1 დადის, როცა ჩვენ მივდივართ, ტყავის ფეხსაცმელს იცვამს და პიჯაკის ღილებს იკრავს. მამიდა ნაზმა ქორწინების შემდეგ მას შაზდე ჰოსამ ოს-სალთანე უწოდა და მნიშვნელოვან და პატივცემულ კაცად აქცია, სამხედრო მინისტრთან მეგობრობის ღირს კაცად.

…ოთხი წლის შემდეგ, თხუთმეტი წლისა, ამერიკაში გამგზავრებამდე, დასამშვიდობებლად მამიდა ნაზთან მივდივარ. ბატონი ჰოსამი სახლში არ არის.

მამიდა ნაზი მეუბნება:

_ სამკურნალოდ გახლავთ საზღვარგარეთ.

ჩემზე ისევ ნაწყენია. ხელს იწვდის ფსტიანი თეფშის ასაღებად და უცბად სკამის საზურგიდან პატარა სარკე უვარდება. სწორედ ის, ნაცნობი სარკე. ხელში იღებს და სარკეში იხედება. ოხრავს და ამბობს: “აფსუს, ის ძველი სარკეები…” მოხუც მოახლეს ჩემთვის ჩაი შემოაქვს და თეფშით სოუჰანს მთავაზობს. სანამ არ ვიღებ, არ მეშვება. უკვე სამი ნაჭერი შევჭამე და ყელი მეწვის. ჩაყლაპვას ვერ ვასწრებ, მეორე თეფშს მიწვდის და ვბრაზდები. ვიცი, თუ არ ავიღებ, მამიდა ნაზს ეწყინება. მისი ბუტიაობის თავი არა მაქვს. სოუჰანის ნატეხს მუჭში ვმალავ და, როცა მამიდა ნაზი არ მიყურებს, ყვავილის ქოთანში ვაგდებ. ხელი მიტკბილიანდება და თითები ერთმანეთზე მეწებება. უნდა დავიბანო. ვიცი, რომ მამიდა ნაზის პირადი აბაზანა საძინებლის უკანაა. მის გაძღოლას აღარ ველოდები, ოთახის კარს ვაღებ და საძინებელი ოთახის გავლით, სასტუმრო ოთახს რომ ემიჯნება, სააბაზანოში გავდივარ.

მამიდა ნაზის უხმო პროტესტი მომდევს. მოახლეც, ვგრძნობ, ღელავს. ორ ნაბიჯზე მომყვება, მერე თავს მანებებს. ვიცი, მამიდა ნაზი ზიზღიანია და არ უყვარს, როცა ვინმე მის პირად აბაზანას იყენებს. ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს საქმეს უცბად ვაკეთებ და გამოვდივარ. საძინებელ ოთახში ბნელა. ფარდები დაშვებულია. ვერაფერს ვხედავ. შუა ოთახამდე მისულს რაღაც ხმა მესმის. რაღაც, მღელვარე სისინის მსგავსი. ვუყურებ. შორიდან ლანდი მანიშნებს.  ერთი ბეწო ლანდი, ბავშვისხელა. კედელთან მიდგმულ ტახტზე წევს. წინ მივიწევ. მელოტი კაცი მიყურებს შეშუპებული თვალებით. ტუჩზე თითს იდებს, მანიშნებს, ჩუმადო. მეუბნება:

_ მამიდა ნაზი გაბრაზდება, რომ გაიგოს.

ბატონი ჰოსამია. ბატონი ჰოსამი ერთიანად დამდნარა და თმაც გასცვენია. ჩემს ხელს იღებს. კანკალებს. ხელს მიჭერს და უნდა, ლოყაზე მაკოცოს. წყლულის და წამლების სუნი აქვს, სიცხის და ავადმყოფობის სუნი. ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს. ღელავს. თავზე და სახეზე მეფერება. მეუბნება:

_ ოჰ, ოჰ, ღმერთმა გიშველოს. რამხელა გაზრდილხარ. პიანინოზე ისევ უკრავ?

მინდა, ფარდა გადავწიო. მინდა, მისი სახე დავინახო.

ვეკითხები:

_ რატომ წევხართ სიბნელეში?

მეუბნება:

_ მამიდა ნაზს არაფერი უთხრა. არ უნდა, რომ ვინმემ ამ დღეში მნახოს. იქნებ მართალიცაა.

მინდა, ვიყვირო. მინდა, სინათლე ავანთო და ვთქვა, რომ ეს კაცი, სწორედ ასეთი, თქვენზე ყველაზე უკეთესი და ლამაზია. მაგრამ ერთთავად მანიშნებს, რომ ჩუმად ვიყო. მეკითხება:

_ დედიკოც გახლავს?

თავს ვუქნევ.

მამაზე და ძმაზე მეკითხება და გული უჩუყს. ზეწარს სახეზე იფარებს და მამიდა ნაზის შიშით ხველას იკავებს. ხელით მანიშნებს, წადი, ჩქარა წადიო და უკანასკნელად მიჭერს ხელს თითებზე.

  მამიდა ნაზი უნდობელ მზერას მავლებს და არაფერს ამბობს. იქნებ მიხვდა, რომ მეორედ გამოვიჭირე. თავს ღუნავს და წამიერად საკუთარ თავად იქცევა: უნიღბოდ, მობერებულად, შესაბრალისად, მანჭვა-გრეხისა და კეკლუცობის გარეშე.

   სახლში რომ ვბრუნდები, ვხედავ, ფორტეპიანოს ახალი მასწავლებელი მელოდება და გული მიმძიმდება. პოლონელი მადამი პირველსავე წელს ორმოცი წლით უფროს მუსლიმ კაცზე დაქორწინდა და ირანიდან წავიდა. მეორე მასწავლებელმა დედაჩემს პირდაპირ და დაუფარავად განუცხადა, რომ მე ნიჭის ნატამალი არ გამაჩნია, ეს როიალი კი კაცმა უნდა გაყიდოს და ერთი მუჭა ფშატი იყიდოს.

საღამოს, ვახშმობისას, დედა მეკითხება:

_ ბატონი ჰოსამიც იყო? 

ვეუბნები:

_ არა, სამოგზაუროდ წასულა.

მამა გაზეთს ფურცლავს. ამბობს:

_ უეჭველად სამხედრო მინისტრთან ერთად იქნება ბელგიაში.

და იცინის.

მამას სიცილი არ მსიამოვნებს. საჭმლიან თეფშს მამიდა ნაზივით ვკრავ ხელს და ნაწყენი და გაბუტული ვდგები სუფრიდან.

მამა კითხულობს:

_ რა მოხდა?

დედას ხმა მესმის:

_ ნეტავ, სულ არ წასულიყო მამიდა ნაზის სანახავად.

 რამდენიმე წლის მერე მამიდა ნაზი ყველას ამცნობს, რომ ბატონი ჰოსამი გულით გარდაიცვალა საზღვარგარეთ (სად?). უფლისწულ ჰოსამ მონადირის სახე მიდგას თვალწინ, მამიდა ნაზის საძინებლის წყვდიადში, და გული მეწვის. დიდი ხნის შემდეგ დედა მეტყვის, რომ ბატონ ჰოსამს რამდენიმე წელი ხანდაზმულთა თავშესაფარში გაუტარებია და არავის სცოდნია მისი ამბავი. სიკვდილის დროსაც მარტოდმარტო ყოფილა და ღმერთმა იცის, იმ ბოლო წუთებში რაზე ფიქრობდა.

არ ვიცი, რატომ მეუბნება გული, რომ ბატონი ჰოსამი, მარტოობის მიუხედავად, ხანდაზმულთა თავშესაფარში, მოხუც, გაცრეცილ ადამიანებს შორის სიმშვიდეს და ფარულ სიამეს გრძნობდა. აღარ იყო მოვალე, გველზე და მორიელზე სანადიროდ ევლო და სამხედრო მინისტრთან ემეგობრა. აღარ იყო მოვალე, სახელი შეეცვალა და მარადი გუშაგივით ეფხიზლა ცოლის კარებთან. აღარ იყო მოვალე, თმა შეეღება და ღირსეული და პატივცემული ყოფილიყო. ვხედავ მას დანჯღრეულ საწოლზე, დაძონძილ, ჭუჭყიან ზეწრებში, ფანჯარასთან მწოლიარეს. მამიდა ნაზის რისხვა არ აშინებს და სიმღერას იწყებს. მთელი გრძნობით მღერის. იმ უკანასკნელ წამს, დაკარგული წლების საზღაურად, იქნებ სწორედ ასე, ცეკვა-სიმღერით და თითების ტკაცუნით შეეგება სიკვდილს…


1 Sazde, Sahzade – ufliswuli; hosam – maxvili; hosam od-doule, hosam os-salTane – saxelmwifos maxvili, samefos maxvili.

2 mangulebafi _ foCis mgrexavi, mqsoveli

თარგმანი მზია ბურჯანაძისა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button