პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩვენი არმია გზას მიჰყავს მზიანს
ჩვენი არმია გზას მიჰყავს მზიანს,
მომავალს მზიანს, უსივრცოდ მზიანს!
სიმღერის ხმა სტეხს შუადღეს ტყიანს,
როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!
იმ ბრძოლის წლების ამბავს რომ ისმენ,
არ დაფიქრდები, მზადა ხარ მყისვე
მშენებლობაშიც შეიჭრა ისე,
როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას.
ვის ესმის დროის ახალი ზრახვა,
ვინც იცის ქვეყნის მოვლა-შენახვა,
უცდენლად მტერზე მიიტანს ლახვარს,
როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!
ჩვენი არმიის ფოლადის რიგებს
მტერი ვერასდროს რომ ვერ ირიგებს,
მშრომელი კლასი იმგვარად იგებს,
როგორც ტყვიაში მოხვედრილ ტყვიას!
საგუშაგოა თუ ყაზარმაა,
ჩემი ლექსების იქ დგას არმია
და იმნაირი დღის მოწამეა,
როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!
სოციალისტურ მიზნებით მსვლელი
გამარჯვებათა ამბავი ვრცელი –
თხუთმეტი წელი, თხუთმეტი წელი,
როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!