იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მეფე და მისი შვილი

იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: 

– შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც! 

უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენვბა. 

იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: ვითარ მეფობსო? 

მათ ყოველივე მოახსენეს, მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიყოლა. 

მოიყვანა მამამან და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სლვა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია, უკან ტარებასაო! 

შვილმან მოახსენა: დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. 

იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას სჯობსო და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button