მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე არსენა

ამასწინათ, მცხეთისკენ მივდიოდით ავტობუსით. უცხოელი სტუმრები მიმყავდა სვეტიცხოვლის დასათვალიერებლად. მცხეთის ხიდთან დავინახე, მტკვრის დონე დაწეული იყო. ხიდზე გადავედით, მძღოლს ავტობუსი მარჯვნივ მივაჩერებინე და სტუმრები არსენას ძეგლთან ჩავიყვანე, საიდანაც კარგად მოჩანდა “პომპეუსის ხიდის” ჩამოშლილი თაღის წყლიდან ამოშვერილი ნანგრევები.
მოვუყევი სტუმრებს პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის და ხიდის აგების ისტორია. გაოცებულები, გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. ვგრძნობდი, ამ უძველესმა ისტორიულმა ძეგლმა, რომელიც, კომუნისტების “ბრძნული” გადაწყვეტილებით, წყალქვეშ მოექცა, ჩემი სტუმრების ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ საქართველოს შესახებ ყველაფერი დააინტერესებდათ, კითხვებს დამაყრიდნენ და შედეგად, მთელი დღე განუწყვეტლივ მომიწევდა ლაპარაკი. არ შევმცდარვარ, თხრობას მოვრჩი თუ არა, არსენას ძეგლით დაინტერესდნენ
– ვინ არის, მეფეაო?
– ჩვენი ეროვნული გმირია-მეთქი! – თავი მოვიწონე.
– რა წვლილი მოუძღვის?
– ბატონყმობას ებრძოდა! – მოკლედ ვუპასუხე.
იქვე ახალგაზრდების ჯგუფი ირეოდა. ერთ-ერთი გამოეყო, მოგვიახლოვდა, წინ გადამიდგა და ინგლისურ ენაზე დაიწყო ახსნა:

ტერორისტი იყო, ხალხს სახლში უვარდებოდა და აწიოკებდა. განსაკუთრებით, მდიდარ ოჯახებს არჩევდა, აბა, ღარიბის ოჯახიდან რა უნდა გაეტანა? ხალხს მდიდრების რბევა მოსწონდა და მათგან ჩაგვრის შესახებ ამბები არსენასთან მიჰქონდათ. ამასაც, რა ენაღვლებოდა, მითითებულ ოჯახებს არბევდა, კაცები ცემით სიკვდილის პირას მიჰყავდა, ქალებს ნამუსს ხდიდა და ბავშვებს აყურებინებდა, ქონება გაჰქონდა, ცოტას დაზარალებულ გლეხს მიუგდებდა, ბევრი თვითონ მიჰქონდა და კასპის ერთ კლდეში ინახავდა, თორემ საიდან დაუგროვდებოდა ის “საწყალი” შვიდასი თუმანი, რომელიც დღევანდელი ფულით, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი დოლარი გამოდისო?!

ახალგაზრდავ, როგორ გეკადრებათ, ეროვნულ გმირზე რაებს ყვებით-მეთქი?!

რა, მართალი არ არის? თვით არსენას სახოტბო ლექსშიც კი, ძალადობის მეტს ვერაფერს ნახავთ: ჯერ, ბატონს მსახური გოგო წაართვა და ოჯახი დაურბია, აქეთ, ვიღაც სომეხი ვაჭარი გაძარცვა – ტანსაცმელი და ცხენი წაართვა და შიშველი, საცვლების ამარა გაუშვა. იქით, სიძე-სიდედრი გადმოსვა ცხენიდან. მართალია, მერე ცხენი დაუბრუნა და ფულიც აჩუქა “რაც რომ ნალი გაუცვდესაო”, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, თქვენ რომ წაგართვან ავტომობილი და მეორე დღეს დაგიბრუნონ, კარგი იქნება, არ ინერვიულებთ? და კიდევ, რამდენი ასეთი შემთხვევა.
უცხოელები გაფართოვებული თვალებით შემოგვცქეროდნენ. ის ახალგაზრდა კამათში მჩაგრავდა, ინგლისური ჩემზე გაცილებით კარგად იცოდა, ამიტომ ხერხი ვიხმარე და შევუტიე:

თქვენ, ნამდვილად, ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ხართ, ვინ გაფინანსებთ, ვინ დაგავალათ ჩვენი ეროვნული სიწმინდეების წაბილწვა-მეთქი?
ჩემ ნათქვამს ყურადღება არც კი მიაქცია, ისე გააგრძელა:

ქართველი ვაჟკაცი, გიორგი კუჭატნელი, ეკლესიაში ფეხით მიდიოდა. ცხენი ლაგამით მიჰყავდა, რომელზეც თავისი დისშვილი ეჯდა. გზაზე არსენა, მისი რაზმის წევრები და რამდნიმე გლეხი სუფრას მისხდომოდნენ და ქეიფობდნენ. გიორგი კუჭატნელი მოქეიფეებს მიესალმა და გზა განაგრძო. არსენა წინ გადაუდგა:

გვადღეგრძელეო! – მოსთხოვა და სასმისი მიაწოდა.

ღმერთმა გაგიმარჯოთ, მაგრამ ღვინოს ვერ დავლევ, წითელი პარასკევიაო! – უთხრა გიორგიმ, სასმისი დაუბრუნა და გზა განაგრძო.

ხედავ, ეგ აზნაურია და ამიტომ შენთან დალევა არ იკადრაო! – წააქეზა არსენა ერთ-ერთმა გლეხმა. არსენა დაიბოღმა, ხასიათი წაუხდა.
კუჭატნელი სალოცავიდან რომ ბრუნდებოდა, არსენა ისევ წინ გადაუდგა:

ჩემი სადღეგრძელო დალიე, გიბრძანებო!

შენ ვინ ხარ, რომ მიბრძანებ, ბავშვით არ ვიყო, გიჩვენებდი სეირსო! – უთხრა გიორგიმ და გზა გააგრძელა. უცბად არსენამ ხმალი იშიშვლა და ბავშვს ვადით გადაარტყა თავზე. ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა. სხვათა შორის, ის ბავშვი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მერე გიორგის მიუბრუნდა და ხმალი თავზე დაუშვა. იმან თავი აარიდა, თუმცა ხმალმა ყური აათალა. აქ გიორგი კუჭატნელმა დამბაჩა დააძრო და თავში, თითქმის მიბჯენით დაახალა. არსენა ადგილზე გარდაიცვალა. კუჭატნელმა ხმალი იშიშვლა და არსენას დამქაშებს დაერია. იმათ ძლივს შეასწრეს ტყეში.

ჩვენც გვყავდა ეგეთი რობინ ჰუდიო! – თქვეს უცხოელებმა და ავტობუსისკენ დაიძრნენ.
“აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა” – ვკითხულობდი არსენას საფლავის ქვაზე ხალხის მინაწერს და ვფიქრობდი – ეს ხომ ალალად ხალხის დაწერილია, არავის დაუვალებია. რაში გვჭირდება ჩვენი ეროვნული გმირების განქიქება, იმის მაგივრად, რომ ვიამაყოთ? ალბათ, უფრო ჩვენი თავის წარმოსაჩენად. რა ვიცი, რა ვიცი!…
არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button