ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენი მნათობი ცეცხლის ფერია

ციკლიდან „ეპოქა“

ცეცხლივით ჩვენი ტრიალებს ხანა,
ჩვენი მნათობიც ცეცხლისფერია;
მან ბევრი რული და მშვიდი ნანა
ქარიშხლის ხმებით მოიგერია.

მებრძოლ დროშასთან ელავს კალამი,
ეს ათი წელი, ათი აგური
დამკვიდრდეს, როგორც ძმური სალამი –
მხურვალე, მხნე და ამხანაგური!

მრავალმა წელმა გაასწრო ჩარჩოს,
დრო ისევ ცდილობს ძალთა მოკრებას;
ინდუსტრიალურ ალს გაუმარჯოს
და პროლეტარულ აბობოქრებას!

გაუმარჯოს ფიქრს, რომ ალებრ მნათი
ხავსმოკიდებულს, ნელს და ბორიოს
ააყირავებს ეს წელი ათი
ათიათასი წლის ისტორიას!

მჭიდრო კავშირი ერთმანეთს შორის
დღეს საჭიროა, როგორც არასდროს!
რევოლუციურ დღის დირიჟორის
ამღელვარებამ რომ არ გაგვასწროს!

თუ მსოფლიოში კვლავ შორით შორად
გიგანტიური იგრგვინებს ქნარი,
ჩვენ იმ ვულკანთან ვიქნებით სწორად:
გული, სიმღერა, შრომა აქ არი!

ხელოვნებათა არმია! ჩქარი
ეპოქის გვერდით იარე, წადი,
თუ დღეს რამ არის გაუგებარი,
ხვალ ნათელივით იქნება ცხადი.

ხომ განვლილია ნაწილი გზისგან
სხვა ამოცანა – აღმოსავლეთით.
როგორ შორსა ვართ იმ ნაპირისგან,
გემზე პირველი გზით რომ ავედით.

ოკეანესი ჰქუხს შუაგული
და ახალ ნაპირს იმედად ათოვს
მზე, რკინასავით შემოდაგული…
ჩვენი მხურვალე სალამი მნათობს!

სალამი ხანას, რომ გასცდა ჩარჩოს
დროშას, გაწევას, ძალთა მოკრებას,
ინტერნაციონალის ხმას გაუმარჯოს,
ინტერნაციონალის აბობოქრებას!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button