პოეზია

სილოვან ნარიმანიძე – სანთელი

ბევრი რაღაცა ითქმება მაშინ
და იჭვი დაღლის, ვინ იცის, რამდენს…
ერთი სანთელი ენთო ტაძარში,
მე ვლოცულობდი მხოლოდ იმ სანთელს.
იქ მივილტვოდი ნათელ ღამეშიც,
გავექცეოდი მზეს და მზეობას,
იქ, იმ სანთელთან, ლოცვა–ალერსში,
ვიძენდი ძალას და გამძლეობას.
იერს აძლევდა ტაძართა გუმბათს
და ტაძარი კი – სამყარო მთელი –
ამბორს ისმენდა წმინდას და სდუმდა
და ყოველივე იყო ნათელი.
შენ ენთე იქ, შორს,
და ჩემს ტკივილებს
უფრო სდიოდა ცრემლი ღვარებად,
შენ გეკუთვნოდა ჩემი ღიმილიც,
ჩემი სიამეც და მწუხარებაც.
არა სხვა რამე: ძიება ბედის,
მძიმე ღალატი, პირმოთნეობა,
შური თუ მტრობა საკუთარ ხვედრის,
მზის მცხუნვარება თუ უმზეობა…
დარდი,
შორეულ დღეებზე დარდი,
როგორც ხანჯალი, მკერდში მივლიდა,
ყველგან იმედად მხოლოდ შენ სჩანდი,
ჩემს სიხარულად და ჩემს ტკივილად…
შენ დაგეძებდი, შენ მოგიხმობდი,
მაშინ ბევრი რამ გულმა იტვირთა,
ზოგჯერ ღმერთებთან დავპაექრობდი,
ზოგჯერ სიჩუმე ჩემი მიკვირდა…
შენზე ოცნებით დღე დამიღამდა,
შენზე ლოცვაში გაგრძელდა ღამე,
სანთელო ჩემო, ყველაზე ნაღდად,
შენ იცი, ჩემს ფიქრს
შენ უთვალთვალე!…
ბევრი რაღაცა ითქმება მაშინ,
შენ კი, ვინ იცის, არც გაგიხსენონ,
შენ, ვინც ბობოქარ სულის ღელვაში
გზას მინათებდი, სანთელო ჩემო!…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button