ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – პირველი თოვლი

ერთი, ორი, სამი, ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრაჭუნებს ფეხქვეშ პირველი თოვლი. ექვსი, შვიდი, რვა… დედას ახალ წელს მიულოცავს, ჩაეხუტება, ხელებს შემოხვევს, მკერდზე თავს მიადებს. ის კი, თავს გადაუწევს და თვალებში ჩახედავს, როგორც იცოდა ხოლმე… ჭრაჭ-ჭრუჭ, თხუთმეტი, თექვსმეტი, ჩვიდმეტი…
***
კატო რაიონის სამშობიაროში დღენაკლული დაიბადა და 48 წლის დედამისი კინაღამ გადაიყოლა. მთელი თვე ინკუბატორში გაატარა. რომ მოშუშდა და გამოწერეს, დედამისმა პიელონეფრიტი დაუდგინა, მერე, ბრონქიალური ასთმა, მერე, შუილი, რევმატიზმი, ანემია, ქოლეცისტიტი… არადა, ჯანმრთელი იყო, ყველა ხვდებოდა, დედამისის გარდა. დედა კი, შვილის ავადმყოფობას მოიგონებდა, განიცდიდა, მასზე ზრუნავდა და ამით იყო ბედნიერი. შვილსაც, დედის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა, ისე იყო მიტმასნილი. სკოლაში რომ შეიყვანეს, გაკვეთილების დროს, თვითონ კლასში რომ იჯდა, დედა კორიდორში ელოდებოდა. შესვენებაზე საჭმელს თავის ხელით აჭმევდა, სახლიდან სათადარიგო პალტო მიჰქონდა, გაოფლიანების შემთხვევაში მოსასხმელად. ბანაობის დღეს გარეთ არ უშვებდა, რომ არ გაციებულიყო. მაღალ კლასებში ბავშვებმა აითვალწუნეს – დასცინოდნენ, მასთან არ მეგობრობდნენ. დაბადების დღეებზე არ პატიჟებდნენ, იცოდნენ, რომ დედამისიც გამოჰყვებოდა და თავისი დიდაქტიკური გამოსვლებით წვეულებას ჩაუშხამებდათ. პირველ მერხთან იჯდა მარტო, უკარება, ქვეყანაზე არავინ უნდოდა დედის გარდა. კლასში მეორე ბავშვიც იყო განმარტოვებული – მათი მეზობელი, დედ-მამით ობოლი მიტო. მეცხრე კლასში გამზრდელი ბებიაც მოუკვდა და დარჩა ღვთისა და ერთი ძროხის ანაბარა. სკოლაში გამოკერებული შარვლით დადიოდა და მუდამ ბოსლის სუნი ასდიოდა. ამიტომ, კლასში მარტო იჯდა, უკანა მერხთან. ერთხელ, მიტო კატოს გვერდით გადმოჯდა. გააქტიურდა, გაკვეთილზე ხელიც აიწია, თითქოს დამეგობრდნენ კიდეც, მაგრამ კატოს დედამ გააპროტესტა
– მაგ მაწანწალას ჩემი შვილის გვერდით რა უნდაო?! – ეტყობა, მასწავლებელიც სუნმა შეაწუხა, რადგან მიტო ისევ უკანა მერხთან გადასვა.
მეათე კლასში იყო კატო, მამა რომ გარდაეცვალა. ამის მერე, დედა-შვილი კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ქალმა რაიონის გამგეობაში დაიწყო კურიერად მუშაობა. საღამოს, ზუსტად იცოდა, დედა როდის უნდა დაბრუნებულიყო. სახლიდან გამოდიოდა, თვალებს დახუჭავდა და შესახვედრად, ნაბიჯების თვლით, ჭიშკრისკენ მიდიოდა. მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს – მესამოცე ნაბიჯზე, ნეკერჩხლის ხესთან.
***
ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრაჭ-ჭრუჭ, ორმოცდაოთხი, ორმოცდახუთი, ორმოცდაექვსი. აქედან ოდნავ მარჯვნივ. ჭრაჭ-ჭრუჭ, ორმოცდაშვიდი, ორმოცდარვა, ორმოცდაცხრა, აგერ, დედაც უახლოვდება, ჭიშკარს მოადგა, სახელური ჩამოსწია, ზღურბლს გადმოაბიჯა, თოვლის ჭრაჭუნის ხმა ისმის მის ფეხებქვეშ…
***
ის დღე ახსოვს, რაიონის საავადმყოფოს ექიმმა დედა ონკოლოგიურში რომ გაგზავნა.
– შვილო, შენ არ შეგეშინდეს, მე მუდამ შენს გვერდით ვიქნებიო – ამშვიდებდა დედა – ძილში სიზმრად მოვალ, გვალვაში წვიმად, ყინვაში ცეცხლად, გაჭირვებაში კეთილ ადამიანადო! – არ შეშინებია, სჯეროდა, რომ დედა არ მიატოვებდა. მისი სიკვდილის შემდეგაც, სულ გრძნობდა დედის გვერდში დგომას. სამსახურში დედის ადგილზე მიიღეს კურიერად. საღამოს, სახლში დაბრუნებულს, ეზოში შეშა ხვდებოდა დაჩეხილი, ეზო დაგვილი და მოწესრიგებული, სახლში ღუმელი დანთებული. თავიდან გაუკვირდა, მაგრამ მერე შეეჩვია, მიხვდა, რომ დედას არ მიუტოვებია და გვერდში ედგა.
პირვლი ახალი წელი მოდის უიმისოდ, რამდენიმე წუთიღა დარჩა! ფანჯარაში გაიხედა. პირველი თოვლი მოსულიყო. ციდან წამოსულ უამრავ ფიფქს ქარი ატრიალებდა და უხმაუროდ აფენდა დედამიწას. თითქოს შემქმნელმა პალიტრა დაკარგაო, არემარე შავ და თეთრ ფერებად იყო შეღებილი. მხოლოდ ხის ტოტზე მიყრილი თოვლიდან, იმედის ნაპერწკალივით, ეულად შერჩენილი ნეკერჩხლის ფოთოლი ღვიოდა წითლად. გაახსენდა, დედას რომ ხვდებოდა ნეკერჩხლის ხესთან. ახლაც მოვა, მარტოს არ დატოვებს! შარაზე ვიღაც გამოჩნდა. დედა?! ახლავე გაეგებება, ახალ წელს მიულოცავს, ჩაეხუტება, ხელებს შემოხვევს, მკერდზე თავს მიადებს. ის კი, თავს გადაუწევს და თვალებში ჩახედავს, როგორც იცოდა ხოლმე…
***
ჭრაჭ-ჭრუჭ, ჭრაჭ-ჭრუჭ, ორმოცდაჩვიდმეტი, ორმოცდათვრამეტი, ორმოცდაცხრამეტი, დედას ჩაეხვია, ხელები შემოაჭდო, მკერდზე თავი მიადო. რა თბილია, რა მშობლიური! დედამ თავი გადაუწია. თვალებში ჩახედა…
– მიტო?! აქ რას აკეთებ? – უკან გადახტა გოგო. ბიჭი, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დარცხვენილი შემოტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას. ნეკერჩხლის ხესთან კი, მხოლოდ ძირს დაგდებული თოვლის სახვეტი ნიჩაბი დარჩა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button