ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – შარი

ზაფხულობით, ბორჯომის რაიონის სოფელ რველში როცა ვისვენებ, მე და ძმები – ლერი და გოგიტა, ხშირად ჩავდივართ მტკვარზე სათევზაოდ. ერთხელაც, ჩავსხედით ჩემს მანქანაში და ახალციხემდე ავედით იმ იმედით, რომ ბევრ თევზს დავიჭერდით, რადგან იქ მტკვარი უფრო სუფთაა და ანკესზეც თევზი მეტი მოდის. ახალციხის ხიდზე რომ გადავედით და ასპინძისკენ გავაგრძელეთ გზა, მანქანა სოფელ მინაძეებთან გავაჩერეთ. იქვე, მტკვარზე ჩავედით, გავმართეთ ანკესები და დავიწყეთ თევზაობა. შუა თევზაობაში ვიყავით, ლერიმ რომ დაიძახა
– ბიჯო, შეხედე, წყალში “სნარიადი” გდიაო! – მივირბინეთ, მეტრამდე სიგრძის ჭურვს წყლიდან ჰქონდა თავი ამოყოფილი.
– დროზე წავიდეთ, შარიაო! – თქვა ლერიმ.
– შარო, საიდან მოდიხარო?! ჩაიბურტყუნა გოგიტამ.
– უნდა წავიდეთ და პოლიციას შევატყობინოთ, ზედ ბავშვი რომ აფეთქდეს, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ-მეთქი! – დავიჩემე. სანიშნედ, იმ ადგილას ჯოხი დავარჭეთ, ზედ კოკა-კოლას ბოთლი ჩამოვაცვით, ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით. გზაში, გვერდზე გადაყენებული სამხედრო პოლიციის მანქანა შეგვხვდა. მივედი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ახლავე წამობრძანდით და ის ადგილი გვაჩვენეთო! – მოგვთხოვა კაპიტნის სამხრეებიანმა ახალგაზრდა კაცმა. ავედით, ის ადგილი ვაჩვენეთ. დაათვალიერეს, სურათები გადაიღეს, მოგვკიდეს ხელი და ახალციხის პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს. იქ კი, დაიწყო ჩვენი ცალ-ცალკე დაკითხვა:
– ვინ ხართ, ერთად რა გინდოდათ, აქ როგორ მოხვდით, ეგ ჭურვი საიდან მოიტანეთო?!… მონაცემები ჩაიწერეს და ღამის თორმეტ საათზე გამოგვიშვეს. ღამის პირველ საათზე ჩამოვედით, ძლივს მეყო სახლამდე ბენზინი.
მეორე დღეს, დილით ისევ დარეკეს
– სასწრაფოდ ახალციხის პოლიციის განყოფილებაში ამოდითო!
– არც ბენზინი მაქვს და არც ფული, როგორ ამოვიდე-მეთქი?
– ისესხე და ამოდით, თორემ კანონის წინაშე აგებთ პასუხსო! ღმერთი გაახარებს ჩვენს სოფლელ ზაურას, 20 ლარი მასესხა, ჩავასხით ბენზინი და ავედით ახალციხის პოლიციის განყოფილებაში. დაიწყო ისევ დაკითხვა – ერთსა და იმავე კითხვას ათასჯერ გვისვამდნენ. ლამის ტერორისტებად გამოგვაცხადეს. ბოლოს, მშივრები და დაქანცულები, შუაღამით გამოგვიშვეს, თან გაგვაფრთხილეს
– როცა დაგვჭირდებით, აქ უნდა გაჩნდეთო! – კიდევ კარგი, აღარ დავჭირვებივართ.
– ხომ გეუბნებოდი, შარია, არ უნდა გვეთქვაო! – მანქანაში რომ ჩავსხედით, ნიშნის მოგებით მითხრა ლერიმ.
– “ვიცის” დედა ტიროდა და “არ ვიცის” დედაი კიდე, იცინოდაო! – ჩაიბურტყუნა გოგიტამ.
***
თევზაობის დროს, მტკვრის პირზე, ერთ საეჭვო გარემოში მოვხვდი, სადაც, თუ მიმობნეული დამცავი საშუალებების მიხევით ვიმსჯელებთ, ამური და ვენერა ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს. დავიხედე და მობილური დავინახე ვარდისფერი კონწიალა სამკაულით, რომელიც, სავარაუდოდ, ქალს ეკუთვნოდა. სასწრაფოდ შევედი შემოსულ ზარებში, ავირჩიე პირველივე კონტაქტი და დავრეკე
– ნანა, შენ ხარ? – მიპასუხა კაცის ხმამ.
– მტკვრის პირას, ამა და ამ ადგილზე მობილური ვიპოვე და დაგირეკეთ, პატრონს ხომ არ იცნობთ-მეთქი!
– მანდ დამელოდე, მოვდივარო! – დაველოდე, თან, – “არაფერს”, “არ ღირს”, “რის მადლობა”, “პატივისცემა? როგორ გეკადრებათ”! – გუნებაში ვალაგებდი მის სამადლობელზე სათქმელ პასუხს. კაცი ბჭობდა, და ღმერთი იცინოდაო, თვალებდაქაჩული მუტრუკი მოვარდა
– აბა ტელეფონი მაჩვენეო! – გავუწოდე.
– შენი დედა, ჩემს ცოლს აქ რა უნდოდაო?! – საჩხუბრად გამოიწია. მოკლედ, თვალჩალურჯებული დავბრუნდი სახლში. კიდევ კარგად გადავრჩი!
– არ უნდა დაგერეკა, შარიაო! – ნიშნისმოგებით მითხრა ლერიმ.
– არამკითხე მიამბეო, მიტყიპე და მიაგდეო! – ჩაიბურტყუნა გოგიტამ.
***
ერთხელ, ბეტონის ჯებირზე შემოდებული პირადობის მოწმობა ვიპოვე. ვიღაც გოგოს დაკარგვოდა. წამოვიღე სახლში, ჩავუჯექი ფეისბუკს და მივაგენი. ტელეფონის ნომერიც ადვილად გავიგე. დავურეკე. გაიხარა, სულ მადლობებად დაიღვარა
– ხვალ, ორ საათზე, ბორჯომში, პარკის შესასვლელთან ვიქნებიო! – შეხვედრა დამინიშნა. მეორე დღეს, პარკში სასეირნოდ გამოვპრანჭე ჩემი შვილი და წავიყვანე. თან, გზაში ვარიგებდი
– შვილო, თუ იმ დეიდამ საჩუქარი მოგართვა, უარი არ უთხრა, გამოართვი და მადლობა გადაუხადე! თუ პარკის წინ დახლზე სათამაშო აგარჩევინა, იცოდე, ძვირიანს ხელი არ დაადო-მეთქი! რის საჩუქარი, ორი ბიჭი დამახვედრა
– მაგ პირადობასთან ერთად, ფული რომ ამომაცალე, სად არისო?! მტკიცება ზედმეტი აღმოჩნდა, კიდევ კარგი, ბავშვით ვიყავი, თორემ ცემა არ ამცდებოდა.
– არ უნდა შეხვედროდი, შარიაო! – ნიშნისმოგებით მითხრა ლერიმ.
– რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო! – ჩაიბურტყუნა გოგიტამ.
***
ბორჯომისკენ მივდიოდი ფეხით. საჯვარეს რომ გავცდი, დავინახე – ოთხი ბიჭი გოგოს ტენიდა მანქანაში. გოგო კიოდა, შველას ითხოვდა. ერთი წამით გადავწყვიტე მივშველებოდი, მაგრამ მერე ბიჭების რჩევა გავითვალისწინე
– რა ვიცი, შარია-მეთქი! – და შევეშვი. საღამოს მათთან რომ გადავედი, სახლში არ დამხვდნენ. მეორე დღეს შემხვდნენ ყურებჩამოყრილები
– ვიღაც ბიჭმა ჩვენი ყვიბისელი ბიძაშვილი მოიტაცაო! დაწვრილებით მოვუყევი წინა დღის ამბავი.
– შენ რა კაცი ხარ, გოგო შველას გთხოვდა და არ მიეშველეო?! – მისაყვედურა ლერიმ.
– სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო! – ჩაიბურტყუნა გოგიტამ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button