განხილვაესე

შუშანიკის წამება და მეხუთე საუკუნის საქართველო

– „იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამებით იწყება თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ისტორია. ამ საუკუნეების მანძილზე კიდევ ბევრი დიდებული ნაწარმოები შეიქმნა, მაგრამ პირველი ქართული ორიგინალური ტექსტი მათ შორისაც გამორჩეულია და არა მხოლოდ იმით, რომ პირველია. არა, ესაა მაღალმხატვრული ძეგლი ძველი ქართული ლიტერატურისა, რომელშიც დიდოსტატურადაა გამოკვეთილი პერსონაჟთა მხატვრული სახეები, არაჩვეულებრივი ძალითაა გაცოცხლებული მეხუთე საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ვითარება, მოცემულია ცნობები ხალხის ყოფა-ცხოვრების, საზოგადოებრივი ფენების, სასულიერო პირებისა და სხვათა შესახებ. „შუშანიკის წამება“ შეიქმნა 476-482 წლებს შუა. ამას ვგებულობთ თავად ნაწარმოებიდან. შუშანიკი გარდაიცვალა 476 წელს, ხოლო ვარსქენ პიტიახში ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა 482 წელს. თხზულებაში არ ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალება. შუშანიკი ამბობს: „მიაგოს მას უფალმანო“. ტექსტიდანვე ხდება გასაგები, თუ ვინ არის „შუშანიკის წამების“ ავტორი. საქმე ისაა, რომ ავტორი თავად მთხრობელია: პირველ პირში გვიყვება იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა და განიცადა ქართლის პიტიახშის სასახლეში: „და მე ვარქუ მას“; „ხოლო მან მრქუა მე.“ ალბათ, ამის შედეგია, რომ აგიოგრაფი ასე ცოცხლად, ხელშესახებად ხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, უშუალოდ გვაგრძნობინებს იმ დიდ ვნებათღელვას, დაძაბულობას, ტრაგედიას, რომლის თვითმხილველი და აქტიური მონაწილე თვითონ იყო. მართლაც, განსაკუთრებულია იაკობ ცურტაველის მიერ ქართული სიტყვის ფლობის უნარი, მისი მწერლური ხელოვნება. ის მკითხველსაც ხდის მონაწილედ იმ ფარული თუ აშკარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ვახტანგ გორგასალსა და მოღალატე სეპარატისტ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა. სწორედ ამ დიდებული მეფის მომხრეთა ბანაკის წარმომადგენელია იაკობ ხუცესი – შუშანიკ დედოფლის სულიერი მოძღვარი. ფაქტობრივად, ის არის იდეური სულისჩამდგმელი ქვეყნისა და რჯულის გამყიდველის – ვარსქენ პიტიახშის, შესაბამისად, სპარსეთის დამპყრობლური პოლიტიკის, წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისა. იაკობი არ იძლევა თვითდახასიათებას, თუმცა წამებული დედოფლისა თუ სხვა პერსონაჟებისადმი დამოკიდებულებით აშკარად ჩანს მისი პოზიცია, იხატება მებრძოლი მამულიშვილის სახე, ვისთვისაც რწმენა და სამშობლო უპირველესი მცნებებია. ასეთია სახე ავტორისა, რომელსაც ვხედავთ ნაწარმოებში. სხვა რაიმე ცნობა ქართული სიტყვის ამ დიდოსტატის შესახებ არ მოგვეპოვება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენებული ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი იყოს „შუშანიკის წამების“ ავტორი. 1 ცნობილია, რომ 337 წელს ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ უდიდესი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე. მეცნიერები მეხუთე საუკუნეს ვახტანგ გორგასლის საუკუნეს უწოდებენ. ის იყო დაუშრეტელი ენერგიის პოლიტიკური მოღვაწე, გამჭრიახი დიპლომატი, მომხიბვლელი პიროვნება, ახოვანი, გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე, რაც ფოლკლორმა ასე შემოგვინახა: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა!“ რაც მთავარია, ვახტანგ გორგასალი იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არაჩვეულებრივი მხედართმთავარი, აღმშენებელი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი. მისი სახელის უკვდავსაყოფად ხომ ჩვენი დედაქალაქის – თბილისის დაარსებაც საკმარისია, თუმცა მან, ასევე, ააშენებინა არტანუჯისა და უჯარმის ციხეები, ეკლესია-მონასტრები, მათ შორის, ბოლნისის სიონის ტაძარი, სადაც შემორჩენილია უძველესი ქართული წარწერები. მართალია, იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში ეს უდიდესი პატრიოტი მეფე არაა ნახსენები, მაგრამ ქვეტექსტში იგრძნობა მისი არსებობა და აქტიური მონაწილეობა ქართლის საერისთაოში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში . სწორედ ისაა, ვინც ვარსქენ პიტიახშს ძილს უფრთხობს და ვისი ბრძანებითაც მას მიეზღვება საკადრისი უდანაშაულო დედოფლის წამებისთვის. სწორედ ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის მკვლელობა იყო სპარსეთისათვის ომის არაოფიციალურად გამოცხადების ტოლფასი მოვლენა. სპარსეთში ამ დროს მეფობდა პეროზი, რომელიც ფარულად თუ აშკარად ებრძოდა ვახტანგ გორგასალს. სამწუხაროდ, მას მხარს უმაგრებდნენ ვარსქენ პიტიახშის მსგავსი სეპარატისტი ერისთავები, რომელთათვისაც არაფერი წმინდა არ არსებობდა, ისინი საკუთარ ამბიციებს უყოყმანოდ ანაცვალებდნენ მამაპაპეულ რჯულს, ოჯახს, სამშობლოს დამოუკიდებლობას. ვარსქენისმაგვარი გულხარბი ფეოდალისთვის უმთავრესი მიზანი იყო საკუთარი სამთავროს გაძლიერება, ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვა, მოკლედ, ქართლში „პატარა მეფედ“ ქცევა. ცხადია, ამ მიზნის განხორციელებაში, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში მას არც საქართველოს დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის მებრძოლი ვახტანგ გორგასალი გამოადგებოდა და არც – სხვა დიდფეოდალები, რომლებიც არ მოისურვებდნენ მეზობელი სამთავროს გაძლიერებას. ამიტომ ვარსქენმა მოკავშირე სხვაგან მოძებნა, მართალია, ის მისი ქვეყნისა და სარწმუნოების მტერი იყო, მაგრამ ასეთი „წვრილმანები“ ვერ შეაჩერებდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოყვარულ პიტიახშს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი სპარსეთის შაჰის კარზე. ნაწარმოებში არსად არ ჩანს ვარსქენის სინანული რჯულის შეცვლის გამო და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სარწმუნოება მისთვის მიზნის მიღწევის საშუალება იყო და მეტი არაფერი. ვფიქრობ, თუ დასჭირდებოდა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდებოდა. რწმენა, სამშობლო, ოჯახი პიტიახშისთვის მიზნის მიღწევის საშუალებები იყო და მეტი არაფერი. მისი მოქმედების დევიზი ყველა დროის პოლიტიკური ავანტიურისტისთვის საერთო ფორმულა იყო: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ „შუშანიკის წამება“, ასევე, საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის სოციალურ-კულტურული ვითარების შესახებ, კერძოდ, 2 ვგებულობთ, რომ იმ დროისათვის საზოგადოება იყოფოდა ფენებად, იყვნენ „აზნაურნი და უაზნონი“, „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი“. ნაწარმოებიდანვე ვეცნობით ქართული ეკლესიის მდგომარეობას, ვიგებთ, რომ არიან ხუცები, დიაკვნები, ეპისკოპოსები; ქართულ ენაზე თარგმნილია ბიბლია და წმინდა მოწამეთა წიგნები: ეკლესიიდან სასახლეში დაბრუნებისას შუშანიკმა „თანა წარიტანნა ევანგელეი თვისი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „შუშანიკის წამებაში“ უკვე ვხვდებით ყველა იმ თემას, მოტივსა თუ პრობლემას, რომლებიც შემდეგ გაიშალა და განვითარდა ჩვენს მწერლობაში: რწმენისა და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ხალხთა შორის მეგობრობის თემებს, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების კონფლიქტს და ა.შ. ის ღრმა პატრიოტული და ინტერნაციონალური იდეებითაა გამსჭვალული. შუშანიკის მამა, სომეხთა ცნობილი მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი ხომ ვახტანგ გორგასლის ერთგული თანამებრძოლი იყო და დაიღუპა კიდეც სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ გასაკვირი არაა ავტორის გამოკვეთილი ანტისპარსული პოზიცია, რომელიც ნაწარმოებში იგრძნობა. იაკობ ხუცესი, მართლაც, დიდოსტატურად ხატავს ანტაგონისტური წყვილის – შუშანიკისა და ვარსქენის მხატვრულ სახეებს. ერთ მხარეს დგას ქრისტიანობისათვის წამებული დედოფალი, მეორე მხარეს კი – სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელი, რწმენისა და ქვეყნის მოღალატე პიტიახში. მათი დაპირისპირებით აგიოგრაფმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ, ჯერ ერთი, იმ პერიოდში ქრისტიანობისათვის თავდადება სამშობლოსათვის თავგანწირვის ტოლფასი იყო, რადგან სარწმუნოების საფარქვეშ მიმდინარეობდა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლა და, მეორე, სულიერი სიმტკიცისა და ნებისყოფის, პრინციპულობისა და ნამდვილი რწმენის წინაშე ყველანაირი ძალმომრეობა უძლურია. ასე რომ, „შუშანიკის წამება“, გარდა იმისა, რომ მაღალმხატვრული ნაწარმოებია, უტყუარი ისტორიული დოკუმენტიცაა. მასში აღწერილია ის ბრძოლები, რასაც ეროვნული მეობის შენარჩუნებისათვის აწარმოებდა ქართველი ხალხი.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button