გენძიუცუ (幻術, ქართ. „ილუზიური ტექნიკა“) ისეთი ტექნიკებია, რომლებიც, ნინძიუცუს მსგავსად, ჩაკრასა და ხელის ნიშნების გამოყენებით სრულდება, თუმცა მათი ეფექტები ილუზიურია. ნინძიუცუსა და ტაიძიუცუსგან განსხვავებით, რომლებიც მსხვერპლის სხეულს აყენებენ ზიანს, გენძიუცუ მის ტვინში ჩაკრას დინებაზე მოქმედებს, რასაც მისი შეგრძნებები გამოჰყავს მწყობრიდან. მეორე მიზუკაგეს თქმით, გენძიუცუ ინის გამოშვებას წარმოადგენს.
მიმოხილვა
თუმცა სერიებში გენძიუცუ ნინძიუცუზე იშვიათად გამოიყენება, ზოგმა შინობმა სახელი სწორედ ძლევამოსილი გენძიუცუთი გაითქვა. ასეთია იტაჩი უჩიჰა, კურენაი იუჰი, მეორე მიზუკაგე, ტაიუია.
გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ილუზიებს ხედავს და შეიგრძნობს. იგი არარეალურ სამყაროშია დატყვევებული, სადაც მოვლენები გენძიუცუს გამომყენებლის სურვილისამებრ ვითარდება. გენძიუცუს მეშვეობით მსხვერპლის მართვაცაა შესაძლებელი. ამის მაგალითია ტობის მიერ იაგურას მართვა, ზოგიერთი მათგანით კი მსხვერპლის ნებისყოფის „გატეხვა“ ხდება, რაც დაკითხვის დროს ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება. ერთადერთი ცნობილი გენძიუცუ, რომელსაც ჩვეულებრივი გენძიუცუს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, იზანაგია, რომელიც რეალობას ილუზიად გარდაქმნის და პირიქით.
გენძიუცუ მსხვერპლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ჩაკრას მიმოქცევას და, შესაბამისად, მის ხუთივე გრძნობას მართავს. ვინაიდან მწერებს განსხვავებული ანატომია აქვთ, გენძიუცუ მათზე ვერ მოქმედებს, რის გამოც აბურამეს კლანს მისი ამოცნობა შეუძლია. გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ან სრულად გათიშული/პარალიზებულია ან რეალობას არასწორად აღიქვამს. მაგალითად, ტექნიკის გამომყენებელს შეუძლია მსხვერპლის თვალში სხვა პიროვნებად გარდაიქმნას ან მას უფსკრული ვაკედ მოაჩვენოს. გენძიუცუს შესრულების დროს დეტალებისთვის დიდი ყურადღების მიქცევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი შესაძლოა მიხვდეს, რომ ილუზიებს ხედავს.
ზოგადად, გენძიუცუს შესრულება რთული საქმეა და დიდ ოსტატობას მოითხოვს. მისი გამოყენება ჯირაიასაც კი უჭირდა. იგი ძირითადად ისეთი შინობების მიერ გამოიყენება, რომლებსაც ჩაკრას დიდი სიზუსტით მართვა შეუძლიათ და გონება უჭრით.
შიკამარუ ნარა მიიჩნევს, რომ გენძიუცუთა შორის ყველაზე ძლიერი ისაა, რომელსაც მოწინააღმდეგეზე ზემოქმედება ბგერის მეშვეობით შეუძლია. ამის კარგი მაგალითია ტაიუიას გენძიუცუ.
გენძიუცუს შეჩერება
გენძიუცუს შეჩერების რამდენიმე გზა არსებობს:
მსხვერპლმა თავისი ჩაკრას მოძრაობა უნდა შეაჩეროს, შემდეგ კი იგი დიდი ძალით უნდა განაახლოს. ამ ტექნიკას გენძიუცუს გაფანტვა (幻術解, გენჯუცუ კაი) ჰქვია. არსებობს სხვა ვარიანტიც, რაც მსხვერპლის სხეულში სხვა პირის ჩაკრას სწრაფად შეყვანაში მდგომარეობს. ეს პირი შეიძლება იყოს როგორც მისი თანამებრძოლი, ისევე მასში ჩაბეჭდილი კუდიანი ურჩხული;
შარინგანის მფლობელს გენძიუცუს დაძლევა თავისი დოძიუცუს გამოყენებით შეუძლია. ცუკუიომისგან თავის დაღწევა ჩვეულებრივი შარინგანითაცაა შესაძლებელი, რაც დიდ ოსტატობას საჭიროებს. გარდა ამისა, შარინგანის მფლობელებს თავის გათავისუფლება ერთმანეთის თვალებში ჩახედვის გზით შეუძლიათ..
გენძიუცუს დაძლევაში შინობს შეიძლება გამოცდილებაც დაეხმაროს, როგორც ეს დეიდარამ სასკესთან ბრძოლაში გააკეთა, განაცხადა რა, რომ ერთსა და იმავე ანკესს იგი ორჯერ არ წამოეგება.
გენძიუცუს განეიტრალება ძლიერ ტკივილსა და სუნს შეუძლია.
პირველ სამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგი გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გენძიუცუს შეჩერება დიდი სირთულეს წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, იტაჩი უჩიჰას ცუკუიომი. სენსორის ტიპის ნინძებს, როგორიცაა კარინი, ჩაკრას მიმოქცევაში ცვლილებების შეგრძნობის წყალობით გენძიუცუს ზეგავლენის ქვეშ მყოფის ამოცნობა შეუძლიათ. ზაბუზა მომოჩი კაკაში ჰატაკეს შარინგანის გენძიუცუსგან დამალვას ისეთი ტექნიკით ახერხებდა, რომელსაც ამ უკანასკნელის მხედველობის დაბინდვა შეეძლო