შინობთა მეოთხე მსოფლიო ომი (第四次忍界大戦, დაიიონჯი ნინკაი ტაისენ) აკაცუკისა და შინობთა გაერთიანებულ ძალებს შორის მიმდინარე მსოფლიო ომს წარმოადგენს.
ძალები
შინობთა გაერთიანებული ძალები ხუთი დიდებული ქვეყნის შინობებისა და რკინის ქვეყნის სამურაიებისგან შედგება. ომის დაწყების დროისთვის მათი საერთო რაოდენობა 80,000 კაცს შეადგენდა.
სახელი | წოდება |
კუმოგაკურე | უზენაესი მთავარსარდალი |
სუნაგაკურე გაარა | მთავარი კომანდირი, მეოთხე დივიზიის მეთაური |
კუმოგაკურე დარუი | პირველი დივიზიის მეთაური |
იუაგაკურე კიცუჩი | მეორე დივიზიის მეთაური |
კონოჰაგაკურე კაკაში ჰატაკე | მესამე დივიზიის მეთაური |
კონოჰაგაკურე შიკამარუ ნარა | მეოთხე დივიზიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი |
რკინის ქვეყანა მიფუნე | მეხუთე დივიზიის მეთაური |
კონოჰაგაკურე შიზუნე | მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტანი |
სუნაგაკურე კანკურო | მოულოდნელი თავდასხმის დივიზიის კაპიტანი |
კირიგაკურე აო | სენსორული დივიზიის კაპიტანი |
კონოჰაგაკურე ინოიჩი იამანაკა | ინტელექტუალური დივიზიის კაპიტანი |
კირიგაკურე მეი ტერუმი | დაიმიოთა დამცველი რაზმის კაპიტანი |
კონოჰაგაკურე შიკაკუ ნარა | მთავარი სტრატეგი |
აკაცუკი
აკაცუკის რიგებში თეთრი ზეცუს 100,000 კლონი და უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით გაცოცხლებული შინობები ირიცხებოდნენ. მისი ლიდერია ტობი.
წინმსწრები მოვლენები
მას შემდეგ, რაც ტობი ომს გამოაცხადებს, შინობთა ხუთი დიდებული ქვეყანა, რკინის ქვეყანასთან ერთად, მის წინააღმდეგ ალიანსის შექმნას გადაწყვეტს.
კისამეს ბრძოლები
რვაკუდიანი ურჩხულის ხელში ჩაგდების მიზნით, კისამე ჰოშიგაკი კილერ ბის დაჭერას შეეცდება. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მას ბი და ე გაანადგურებენ, თუმცა მათ მიერ მოკლული კისამე ზეცუს კლონი აღმოჩნდება, თავად კისამე კი, მათგან მალულად, სამეჰადაში დაიმალება, რაც ბის განუყრელ იარაღად იქცევა. ამგვარად, შინობთა გაერთიანებულ ძალებსა და ჯინჩურიკებზე იგი სასურველი ინფორმაციის მოპოვებას მოახერხებს. მოგვიანებით, ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმის წყალობით კისამეს ნარუტო შენიშნავს, დღის ვეფხვის ტექნიკის გამოყენებით კი მას გაი შეიპყრობს, თუმცა აკაცუკიზე ინფორმაციის გამხელას კისამე სიკვდილს ამჯობინებს და თავს თავის ზვიგენებს შეაჭმევინებს. შედეგად, შინობთა გაერთიანებული ძალები მის მიერ შეგროვებული ინფორმაციის შემცველ გრაგნილს მოიპოვებს, რომლის გახსნის შემდეგ ისინი წყლის საპყრობილის ტექნიკაში აღმოჩნდებიან, კისამეს ზვიგენი კი მათ გრაგნილს წაართმევს და მას ტობის მიუტანს.
ბრძოლა რინნეგანისთვის
ნაგატოს რინნეგანის ხელში ჩაგდების მიზნით, ტობი ამეგაკურეში გადაინაცვლებს, რასაც კონანი უმალვე შენიშნავს. მის კითხვაზე, თუ რატომ უღალატეს მან და ნაგატომ აკაცუკის, კონანი უპასუხებს, რომ ნარუტო სინათლეა, რომელიც იმედის ყვავილს ფლობს. კონანის ჩაცმულობას ტობი ირონიით შენიშნავს და იტყვის, რომ რადგან აკაცუკის სამოსს იგი ჯერ კიდევ ატარებს, მას უნდა ენატრებოდეს კიდეც ორგანიზაცია. კონანი განაცხადებს, რომ აკაცუკი იაჰიკომ შექმნა, ხოლო მის ტანსაცმელზე გამოსახული წითელი ღრუბლები იმ ომის სიმბოლოა, რომელმაც ამეგაკურეს სისხლი აწვიმა. იგი განაცხადებს, რომ ეს სამოსი მათთვის სამართლიანობას ნიშნავს და რომ იგი ტობის საკუთრება არაა, მსგავსად ნაგატოს რინნეგანისა, რომელიც მათი ქვეყნის საგანძურს წარმოადგენს. მტერს იგი ქაღალდის შურიკენებით შეუტევს, რასაც ტობი სხეულში გაატარებს. იგი განაცხადებს, რომ იაჰიკოს აკაცუკი თავად შეაქმნევინა და თავადვე მისცა ნაგატოს რინნეგანი, ასე, რომ იმის დაბრუნება სურს, რაც უწინ ეკუთვნოდა. კონანს იგი “პატარა სულელ გოგოს” უწოდებს და გააფრთხილებს, რომ უჩიჰას ძალასთან თამაში სახიფათოა. შიკიგამის ცეკვის გამოყენებით კონანი მტერს გარს უამრავ ქაღალდს შემოარტყამს, რათა განსხეულების შემდეგ ტობის მისგან თავი ვერ დაეღწია. გარდა ამისა, ქაღალდებზე იგი ფეთქებად იარლიყებს მიამაგრებს და მოწინააღმდეგის განადგურებას საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაწყვეტს. მას იაჰიკო გაახსენდება, რომელიც მთელი ძალებით ცდილობდა თავისი “მტირალა სოფლისა” და მეგობრების დაცვას, განსაკუთრებით კი ნაგატოსი, რომელსაც იგი მშვიდობისკენ მიმავალ ხიდად თვლიდა, თავს კი ამ ხიდის საყრდენს უწოდებდა. მოაგონდება ნაგატოც, რომელსაც მშვიდობის ხიდად იაჰიკოს ძლიერი ნებისყოფა მიაჩნდა. ამასობაში გაირკვევა, რომ ფეთქებადი ქაღალდების დიდი ნაწილის შესრუტვით ტობი ცოცხალი გადარჩენილა, რაც მას მარჯვენა ხელის ფასად დაუჯდა. ცოცხალია კონანიც, თუმცა, მოწინააღმდეგის მსგავსად, ისიც დასუსტებულია. ტობის იგი წყვდიადს უწოდებს, სადაც ყვავილები ჭკნებიან და კვდებიან, რის შემდეგაც, ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკის გამოყენებით, მას უზარმაზარ უფსკრულში ჩააგდებს, რომლის კედლები 600 მილიარდი ფეთქებადი ქაღალდისგანაა შექმნილი. კონანი მტერს განუცხადებს, რომ მისი ქაღალდები ათი წუთის განმავლობაში შეუჩერებლად აფეთქდებიან მაშინ, როცა ხელშეუხებლად ყოფნა მას მხოლოდ ხუთი წუთის მანძილზე შეუძლია და რომ იაჰიკო და ნაგატო არასდროს ყოფილან მისი პაიკები, არამედ ისინი საკუთარი იდეალებისთვის იბრძოდნენ და იმას აკეთებდნენ, რაც თავად სურდათ, სწორედ ამიტომ მათი ნება კვლავინდებურად განაგრძობს არსებობას, რომლის განადგურების უფლებას მას არ მისცემს. ტექნიკა კონანის თითქმის მთელ ჩაკრას შეიწირავს. შედეგად იგი ქაღალდის ანგელოზის რეჟიმიდან გამოვა და, დასუსტებული, ხელებს დაეყრდნობა. მოულოდნელად, ტობი, რომელიც კონანს დაღუპულად მიაჩნდა, მას ზურგში ლითონის მილს გაუყრის. იგი გაამხელს, რომ ცოცხალი იზანაგის წყალობით გადარჩა. ეს ტექნიკა ტობის მარცხენა თვალს იმსხვერპლებს. მას შედეგ, რაც კონანი თავს გაითავისუფლებს, დიდი გაჭირვებით მტერს რამდენიმე ნაბიჯით დაშორდება. ტობი მას ეტყვის, რომ არც მშვიდობა არსებობს და არც იმედი, რომ ნაგატომ ის დაიჯერა, რაც უნდოდა, რათა თავისი უაზრო არსებობა გაემართლებინა. კვლავინდებურად გაახსენდება რა იაჰიკოსა და ნაგატოს სიტყვები, ასევე ნარუტო, რომელზედაც ნაგატომ თავისი იმედები დაამყარა, კონანი განაცხადებს, რომ ნაგატოსა და იაჰიკოს ნება ჯერ კიდევ არსებობს და რომ მასაც სჯერა ნარუტოსი. უეცრად, “მტირალა” ამეგაკურეში მუდმივი წვიმა გადაიღებს და ცაზე ცისარტყელა გამოსახება, რაც ტობის გააკვირვებს. უკანასკნელი ძალებით, კონანი ქაღალდის ჩაკრას შექმნას შეუდგება და განაცხადებს, რომ ნარუტოს სურვილი მშვიდობისკენ მიმავალ ხიდად იქცა, თავად კი ამ ხიდის საყრდენი იქნება. ქაღალდის ჩაკრას იგი მტერს ესვრის, რასაც ტობი აიცდენს, თუმცა ტექნიკას კონანი კვლავინდებურად მისკენ მომართავს, პარალელურად კი მეორე ჩაკრას შექმნას წამოიწყებს. შედეგად, ტობის იგი ორ ჩაკრას შორის მოაქცევს. მათ შეჯახებას ტობი გადაურჩება, რის შემდეგაც კონანი მას ქაღალდის შურიკენებით შეუტევს, რასაც მტერი ასევე მოიგერიებს და კონანს ყელში სწვდება. იგი კონანს განუცხადებს, რომ მის ცისარტყელის ხიდსაც და ამ უკანასკნელის შვიდ ფერსაც წყვდიადით შთანთქავს, მანამდე კი შარინგანის გენძიუცუს მეშვეობით, მას ნაგატოს ადგილმდებარეობას გაამხელინებს, ხოლო გენძიუცუს დასრულებასთან ერთად მისი სიცოცხლეც დასრულდება.
რინნეგანის ხელში ჩაგდების შემდეგ ერთ მათგანს ტობი ბრძოლაში დაკარგული მარცხენა თვალის ადგილას ჩაისვამს.
ბრძოლა კუს კუნძულზე
კისამეს დამარცხების შემდეგ, აკაცუკი იერიშს კუს კუნძულზე მიიტანს. იამატო ნარუტოსთან ერთად სიმართლის ჩანჩქერში მდებარე ტაძარში იმყოფება და მას თვალყურს ადევნებს. ირგვლივ გაჩაღებული ბრძოლის მიუხედავად, იგი ნარუტოს ეჭვების გაქარწყლებას შეძლებს და დაარწმუნებს მას, რომ მისი მისია კუნძულის ეკოსისტემის გადარჩენაში მდგომარეობს. მას შემდეგ, რაც იამატო, აობა და მოტოი გარეთ გავლენ, ისინი კაბუტოს შენიშნავენ, რომელიც კუროცუჩის ჰყავს შეპყრობილი. აკაცუკიზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით აობა კაბუტოს გონების წაკითხვას შეეცდება, თუმცა ეს უკანასკნელი ტყავს გამოიცვლის, მტერს ხელიდან დაუსხლტება და იამატოს გაიტაცებს.
ნარუტოს მისიები
მოსალოდნელი ომის შესახებ ნარუტომ არაფერი იცის. კაგეების გადაწყვეტილებით, ცხრაკუდიანი ურჩხულის მტრისაგან დაცვის მიზნით, მას ვითომ ეს-რანგის მისიის შესასრულებლად დამალული ღრუბლის კუს კუნძულზე მიავლენენ, სადაც იგი იამატოს, კილერ ბის, ირუკასა და სხვა შინობების ზედამხედველობის ქვეშ, გარესამყაროსგანაა მოწყვეტილი. კისამესთან გამკლავების შემდეგ, იამატო და სხვები მას კუნძულის ცხოველთა სამყაროს აღწერას დაავალებენ, მოგვიანებით კი, კილერ ბის დახმარებით, ნარუტო ცხრაკუდიანი ურჩხულის ჩაკრას მართვაში შეუდგება ვარჯიშს.
პირველი დღე
შინობთა გაერთიანებული ძალები 5 დივიზიად დაიყოფა. მის უზენაეს მთავარსარდლად ეს აირჩევენ, გაარა კი მთელი არმიის მთავარი კომანდირი და მე-4 დივიზიის მეთაურია. მკურნალ ნინძებს სათავეში შიზუნე უდგას, მთავარი სტრატეგი კი შიკაკუ ნარაა.
მაშინ, როცა ყველა შინობი და სამურაი თავის ლიდერს ესალმება, კაბუტო იაკუში, ედო თენსეის მეშვეობით ყველა დროის უძლიერეს შინობებს გააცოცხლებს. მათ შორის არიან აკაცუკის ყოფილი წევრები, ჯინჩურიკები და ყოფილი კაგეები. გარდა ამისა, აკაცუკის არმია თეთრი ზეცუს 100,000 კლონისგან შედგება.
რეინკარნირებულ შინობებს კაბუტო გუნდებად დაყოფს. სასორი, დეიდარა, ჩუუკიჩი და შინი საჰაერო თავდასხმისთვის შეირჩევიან. ისინი შინობთა მოულოდნელი თავდასხმის დივიზიას დაუპირისპირდებიან, რომელსაც კანკურო მეთაურობს. მის შემადგენლობაში შედის საიც. ამასობაში, ანკო მიტარაში კაბუტოს ადგილსამყოფელს მიაგნებს და მას შეებრძოლება. აკაცუკი მუტა აბურამეს შეიპყრობს. სასორის მიერ მარიონეტის მსგავსად მართული მუტა კანკუროს გუნდს მიუახლოვდება. მის ზურგზე მიმაგრებულ მწერების ქოთანში დეიდარას ფეთქებადი წებოა მოთავსებული, რასაც ჰოჰეტა ჰიუგა თავისი ბიაკუგანის მეშვეობით შენიშნავს. თუმცა მუტა გუნდის დროულად გაფრთხილებას მოასწრებს და აფეთქების შედეგად მის გარდა სხვა არავინ დაიღუპება. დეიდარასა და სასორის კანკურო და საი გაერთიანებული ძალებით დაჯაბნიან და შედეგად ორივე მათგანს კანკურო თავის თოჯინებში გამოამწყვდევს. შინი საისთან შეხვედრითა და მისი ნახატის ხილვით განცდილი სიხარულის ძალით ედო თენსეის მოქმედებას თავს დააღწევს და დაიფერფლება. იგივე დაემართება სასორის მას შემდეგ, რაც კანკურო მას ეტყვის, რომ ერთ დროს სახელგანთქმული და მარიონეტების დიდოსტატი შინობი ახლა მისი ყოფილი ხელქვეითის, კაბუტოს მარიონეტადაა ქცეული და რომ მისი თოჯინები და ტექნოლოგიები, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა უკვდავია და მათში მათი შემქმნელის სული მუდამ იარსებებს.
მას შემდეგ, რაც კაბუტო ანკოს შეიპყრობს, მას ტობი მიუახლოვდება და ედო თენსეის საიდუმლოებების გამხელას აიძულებს. ამასობაში, მოულოდნელი თავდასხმის დივიზიის ნაწილს ჰაკუ შეუტევს. ზაბუზა მომოჩი, ნისლის შვიდი ხმლიანი ნინძას დანარჩენი წევრები, ჰაკუ, პაკურა და გარი კაკაში ჰატაკეს მე-3 დივიზიას დაუპირისპირდებიან. ანკოს სხეულში არსებული ოროჩიმარუს ჩაკრას წყალობით კაბუტო ყველა მათგანის ცნობიერებას დაბლოკავს. ჰაკუს და ზაბუზას კაკაში დაამარცხებს. პარალელურად, მე-2 დივიზია და მე-5 დივიზიის ნაწილი ზეცუს 20,000-მდე კლონს ებრძვის. ერთ-ერთი მათგანი ნეჯი ჰიუგას ჩაკრას ნაწილის შთანთქმას მოახერხებს. ამასობაში, მე-2 ცუჩიკაგე მუ მე-4 დივიზიის ადგილსამყოფელს მიუახლოვდება. გამოძახების ტექნიკის მეშვეობით იგი მეოთხე კაზეკაგეს, მესამე რაიკაგესა და მეორე მიზუკაგეს მოიხმობს.
ელვის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს კი ზეცუს ათასობით კლონი მიუახლოვდება. მათ მხარეს იბრძვიან: ასუმა სარუტობი, დან კატო, ჰიზაში ჰიუგა, კაკუზუ და ოქროსა და ვერცხლის ძმები. მათ 1-ლი დივიზია, მე-2 დივიზიის ნაწილი და ინო-შიკა-ჩოს ტრიო დაუპირისპირდებიან. შიკაკუ ნარა ბრძოლის სტრატეგიას შეიმუშავებს, რასაც მას კაგეები მოუწონებენ. შავი ზეცუ დაიმიოებზე იერიშს მიიტანს და მათ ადგილსამყოფელში შეიჭრება, რაც შინობთა მიერ დაგებული მახე აღმოჩნდება, საიდანაც იგი თავის დაღწევას მოახერხებს. მეი ტერუმი, რამდენიმე შინობთან ერთად, ყინვის ქვეყნის დაიმიოს დაიმიოთა სამალავისკენ მიუძღვება. მისი განმარტებით, არსებობს წრიულად განლაგებული 5 სამალავი და დაიმიოებს პერიოდულად ერთიდან მეორეში გადაყვანას უპირებენ. ამასობაში, ცხელი წყლის ქვეყანაში ჰანზო, ჩიო, კიმიმარო და ჩუკიჩი მოულოდნელი თავდასხმის დივიზიის ნაწილს გადაეყრებიან. პარალელურად, დარუი ოქროსა და ვერცხლის ძმებზე იერიშის მისატანად ემზადება. მის მხარეს იბრძვიან სამუი და აცუი. ბენოჰოსაგოს მეშვეობით გინკაკუ ორივე მათგანს შეისრუტავს. მარტო დარჩენილი დარუი ძმებს ჭკუით აჯობებს და ბენოჰოსაგოს ხელში ჩაიგდებს, რის შემდეგაც მისით გინკაკუს შეისტუტავს. გაბრაზებუკი კინკაკუ კიუბის ძალას გამოიყენებს და ექვსკუდიანის რეჟიმში გადავა. მას შემდეგ, რაც ღვთაებრივი გადატანის ტექნიკის მეშვეობით რაიკაგე დარუის კოჰაკუ ნო ჯოჰეის გაუგზავნის, თანაგუნდელებისა და ინო-შიკა-ჩოს განლაგების წყალობით დარუი მასში კინკაკუს გამოამწყვდევს. ამასობაში, იბუსეს შხამიანი ნისლის წყალობით, ჰანზო მოწინააღმდეგეთა პარალიზებას შეძლებს, თუმცა მათი მოკვლა არ დასცალდება, რადგან მოწამლულ შინობებს მიფუნე და მისი სამურაიები მიეშველებიან. მიფუნე ჰანზოს ორთაბრძოლაში დაამარცხებს. ელვის ქვეყნის სანაპირო ზოლში კი ინო, შიკამარუ და ჩოჯი თავიანთ სენსეის, ასუმას ებრძვიან. მეტისმეტად კეთილი ჩოჯი სენსეისთან ბრძოლას ვერ შეძლებს, რაც გუნდს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს. პარალელურად, ჩოზა აკიმიჩი, 1-ლი დივიზიის სხვა შინობებთან ერთად დან კატოს ებრძვის. ტენ ტენი ბაშოსენს ჩაიგდებს ხელში და მისი დახმარებით კაკუზუს დემონებს გაანადგურებს. ჰიზაში ჰიუგა კი ჰიაში ჰიუგასთან ორთაბრძოლითაა დაკავებული. მეგობრის გადარჩენის მიზნით ინო ჩოჯის გონებაში გადაინაცვლებს. ასუმას შეჩერების მიზნით ბრძოლაში ჩოზაც ჩაებმება. მას შემდეგ, რაც ჩოჯი გააცნობიერებს, რომ სენსეისთან ბრძოლა თავისი მეგობრების, მათი კლანებისა და, ზოგადად, კონოჰას გადასარჩენად გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, იგი ჩაკრას ფრთებს გამოისხამს ნიშნად იმისა, რომ მასში პიროვნული გარდასახვა მოხდა. გაერთიანებული ძალებით ინო-შიკა-ჩოს გუნდი ასუმას დამარცხებას შეძლებს, რომელსაც სასიკვდილო დარტყმას სწორედ ჩოჯი მიაყენებს.
ამასობაში, ნარუტო სიმართლის ჩარჩქერის კლდეში მდებარე ტაძრიდან გამოღწევას მოახერხებს და სენნინის რეჯიმის წყალობით ირგვლივ გაჩაღებულ ომს იგრძნობს. ირუკა მას სიმართლეს ეტყვის, რის შემდეგაც ნარუტო განაცხადებს, რომ ომს თავადვე მოუღებს ბოლოს. მას ნაგატო მოაგონდება, რომელმაც სიკვდილის წინ მსოფლიოს ომისა და სიძულვილისგან ხსნა სწორედ მას მიანდო და ბრძოლის ველისკენ გაემართება. ირუკა და სხვა შინობები მის შეჩერებას ვერ შეძლებენ.
შავი ზეცუ დაიმიოების სამალავს მიაგნებს და მათ გატაცებას შეეცდება, რათა მათი სატყუარად გამოყენებით ტობიმ ნარუტოსა და ბის დაჭერა შეძლოს. ზეცუს მეი ტერუმი, ჩოჯურო და რამდენიმე შინობი დაუპირისპირდებიან. ნარუტო კი, კილერ ბის კუდიანი ურჩხულის ბომბის დახმარებით, საიდუმლო კუნძულის ირგვლივ მდებარე უხილავი ბარიერების განადგურებასა და იქიდან თავის დაღწევას შეძლებს. ამასობაში, ელვის ქვეყნის სანაპიროში მებრძოლი შინობთა გაერთიანებული ძალები ზეცუს ყველა კლონისა და კაკუზუს დამარცხებას შეძლებენ. დან კატო ოთხი იისფერი ალის ბრძოლის ბანაკის შიგნითაა დატყვევებული. დღის ბოლოს მათ ტობის მიერ მართული გარეთა გზის დემონური ქანდაკება შეუტევთ. თავად ტობი კი კოჰაკუ ნო ჯოჰეის მოიპარავს, რის შემდეგაც იგი, დემონის ქანდაკებასთან ერთად, გაქრება. კაბუტო ედო თენსეის მოქმედებას შეწყვეტს. ომის პირველი დღის ბოლოს გაირკვევა, რომ შინობთა გაერთიანებული ძალების ოთხმოცი ათასიანი არმიის, ისევე, როგორც აკაცუკის ასი ათასიანი არმიის ნახევარი დაღუპულია.
პირველი ღამე
იტაჩი უჩიჰა და ნაგატო აკაცუკიზე საუბრობენ და იხსენებენ, თუ როგორ იყენებდა ტობი მათ ძლევამოსილ დოძიუცუებს საკუთარი მიზნებისთვის. ამასობაში, თეთრი ზეცუს კლონები, გარდასახვის ტექნიკის წყალობით, შინობთა ბანაკებში შეაღწევენ და მათ ამოხოცვას წამოიწყებენ. როგორც გაირკვევა, გარდასახვას ისინი ბრძოლის დროს შთანთქმული შინობთა ჩაკრას მეშვეობით ახერხებენ. ერთ-ერთი ასე კლონი, რომელიც ნეჯი ჰიუგათაა გადაქცეული, მკურნალი ნინძების ბანაკში შეიპარება და რამდენიმე მათგანს მოკლავს. საკურა ჰარუნო პირველი ამოიცნობს შენიღბულ მტერს და შტაბში განგაშის სიგნალს გააგზავის. შედეგად მთელი შინობთა გაერთიანებული ძალების მობილიზაცია მოხდება.
ამასობაში ე და ცუნადე ნარუტოსა და კილერ ბის შეჩერებას შეეცდებიან. ბისა და ნარუტოს ე შეუტევს და მათ შორის ხანგრძლივი ბრძოლა გაჩაღდება. ცუნადეს თხოვნის მიუხედავად, რაიკაგე ჯინჩურიკების გაშვებაზე უარს ამბობს, თუმცა ნარუტო მას ხელიდან მაინც დაუსხლტება და ამგვარად მსოფლიოში უსწრაფეს ნინძად მიჩნეულ ეს დაჯაბნის.
პარალელურად, ტობი კუდიანი ურჩხულების ყოფილი ჯინჩურიკების სხეულებისგან პეინის ექვს გზას შექმნის და საბრძოლველად გაემართება. ამასობაში, მკურნალი ნინძები დაადგენენ, რომ თეთრი ზეცუს კლონის დეენემი ჰაშირამა სენჯუს დეენემის იდენტურია. საკურას განმარტებით, პირველ ჰოკაგესთან შედარებით, ზეცუს კლონები გაცილებით სუსტები არიან, თუმცა მათაც შეუძლიათ მოკუტონის გამოყენება. საკურა ასევე მიხვდება, რომ ენერგიის წყაროდ მტერი იამატოს იყენებს.
მეორე დღე
ნარუტო და კილერ ბი შინობთა გუნდს გადაეყრებიან. ნარუტო იგრძნობს, რომ ისინი სინამდვილეში ზეცუს კლონები არიან და შეუტევს მათ. ჩრდილის კლონის ტექნიკით იგი უამრავ კლონს შექმნის და მათ ბრძოლის ველებზე გაგზავნის, რათა შინობთა გაერთიანებულ ძალებს შენიღბული ზეცუების გამოვლენაში დაეხმარონ.
ონოკი და გაარა კაგეებს დაუპირისპირდებიან. ონოკი მუს შეებრძოლება, გაარა კი თავის მამას, მეოთხე კაზეკაგეს. დანარჩენ კაგეებს მე-4 დივიზია ებრძვის. მას შემდეგ, რაც კაზეკაგე დამარცხდება და გაარა დედის შესახებ სიმართლეს შეიტყობს, იგი თავისი დივიზიის დაცვას შეუდგება.
ამასობაში იტაჩი და ნაგატო ნარუტოსა და ბის გადაეყრებიან. შეხვედრის წინ ნაგატო მათ ჩაკრას იგრძნობს და, მისივე თქმით, ნოსტალგიური გრძნობა დაეუფლება. ნარუტოს იგი კიუბის დამორჩილებასა და საკუთარ სიძულვილზე გამარჯვებას მიულოცავს. ბრძოლის დაწყებამდე ნარუტო და იტაჩი სასკესა და უჩიჰას კლანის ამოხოცვაზე წამოიწყებენ საუბარს, რაც მათ არ დასცალდებათ, რადგან ედო თენსეით მართული ნაგატო, ბანშო თენინის გამოყენებით, ნარუტოს მოკვლას შეეცდება. ბის იტაჩი დაუპირისპირდება, რომელიც მას გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოაქცევს, თუმცა, გიუკი მას გონს მოიყვანს. ყოველი ტექნიკის შესრულების წინ ნაგატო და იტაჩი მოწინააღმდეგეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და ტექნიკის დაძლევის გზებს ასწავლიან. ამასობაში, შისუის გენძიუცუს მეშვეობით იტაჩი ედო თენსეის დააღწევს თავს და ნაგატოს ამატერასუს ცეცხლში გახვევს. შინრა თენსეის წყალობით, ნაგატო ამატერასუს განეიტრალებას შეძლებს, რის შემდეგაც ფართომასშტაბიან შინრა თენსეის გამოიყენებს. მის ცნობიერებას კაბუტო სრულად დაბლოკავს. მას შემდეგ, რაც კილერ ბი შეტევაზე გადავა, ნაგატო მის ჩაკრას შთანთქავს და წლების წინ დასუსტებულ სხეულს გაიჯანსაღებს. იგი პეინის ექვსი გზის ტექნიკებს გამოიყენებს და ნარუტოსგან სულის ამოცლას შეეცდება, ასევე გამოიბამს მექანიკურ ხელს, რითაც ბის შეიპყრობს, პარალელურად კი ჩაკრას ბლასტის გასატყორცნად მოემზადება. სუსანოს გამოყენებით, იტაჩი კილერ ბისა და ნარუტოს იხსნის, რის შემდეგაც ნაგატო ჩიბაკუ თენსეის გამოიყენებს. იგი გრავიტაციის შავ სფეროს შექმნის და დედამიწის ზედაპირის მიზიდვას წამოიწყებს. იტაჩი ბისა და ნარუტოს აუხსნის, რომ ტექნიკის შეჩერების ერთადერთი გზა შავი სფეროს განადგურებაში მდგომარეობს, რისთვისაც მათი უძლიერესი ძიუცუების კომბინაციაა საჭირო. ერთობლივი ძალებით ისინი სფეროს გაანადგურებენ და ნაგატოს იტაჩი ტოცუკას მახვილით განგმირავს.
შისუის თვალს იტაჩი ამატერასუთი გაანადგურებს. მისი აზრით, იგი საჭირო აღარაა, რადგან ნარუტოში შისუის გრძნობებია, რაც მას სასკეს შეჩერებაში დაეხმარება. წასვლის წინ, სასკეს გადარჩენას იტაჩი ნარუტოს მიანდობს. პარალელურად, მე-4 დივიზია მეორე მიზუკაგეს და მის გიგანტურ მოლუსკს ებრძვის. ტემარისა და ამავე დივიზიის ნაწილს მესამე რაიკაგე დაუპირისპირდება. ონოკი და გაარა მუს შეჩერებას ცდილობენ. მათ ნარუტოს კლონიც შეუერთდება, რომელიც პლანეტის რასენგანის მეშვეობით გაანადგურებს მუს. ამასობაში სუსანოსა და ამატერასუს გამოყენებით სასკე თეთრ ზეცუს მოკლავს. ნარუტოს კიდევ ერთი კლონი მესამე რაიკაგეს შეებრძოლება. მას შემდეგ, რაც რასენშურიკენი მის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდება, ნარუტო კუდიანი ურჩხულის ბურთის წარმოქმნას შეეცდება, რაც მას არ გამოუვა. გიუკის დახმარებით ნარუტო მიხვდება, რომ რაიკაგეს ჯიგოკუზუკი მის ელვის ჯავშანზე ძლიერია. რასენგანის მეშვეობით ამ ტექნიკას რაიკაგეს იგი საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოაყენებინებს და ამგვარად დაამარცხებს მას. ამასობაში, ონოკი გიგანტურ მოლუსკს გაანადგურებს, გაარა კი მიზუკაგეს შეპყრობას შეძლებს, რის შემდეგაც მე-4 დივიზიის შინობები ჩაბეჭდავენ მას, თუმცა ჯოკი ბოის უეცარი გამოჩენა მიახვედრებს მათ, რომ მოწინააღმდეგე ჯერ ისევ ცოცხალია. მიზუკაგეს კლონის მიერ წარმოქმნილი სეტყვისგან მეოთხე დივიზიას გაარას ქვიშის ფარი დაიცავს. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გაარა მიზუკაგეს ქვიშის პირამიდაში ჩაბეჭდავს.
ამასობაში გაირკვევა, რომ გაორების ტექნიკის წყალობით მუ ჯერ ისევ ცოცხალია. ნარუტოს ერთ-ერთი კლონი კი პირველი დივიზიის ბრძოლის ველზე გამოჩნდება. დანი შენიშნავს, რომ იგი ძალიან ჰგავს ჰაუაკის, ცუნადეს უმცროს ძმას. გარდა ამისა, ნარუტოში იგი საკუთარ თავსაც დაინახავს. ამასობაში, მკურნალი ნინძების ბანაკებში შეღწევას ზეცუს ორი შენიღბული კლონი შეეცდება, თუმცა მათ ნარუტოს კლონი შეაჩერებს. ერთ-ერთი ასეთი კლონი მეორე დივიზიასაც მიეშველება და ჰინატას გადაარჩენს.
მუ კიდევ ერთ გარდაცვლილ შინობს გამოიძახებს. ამჯერად იგი მადარა უჩიჰა აღმოჩნდება, რომელიც მიიჩნევს, რომ ღვთაებრივი სიცოცხლის სამსარას მეშვეობით იგი ნაგატომ გააცოცხლა.
ნარუტოს კლონი მესამე დივიზიას მიეშველება, რომელიც ნისლის შვიდ ხმლიან ნინძას ებრძვის. მისი ერთი კლონი მოულოდნელი თავდასხმის დივიზიისა და სამურაიების ბრძოლის ველზეც გამოჩნდება და ჩიოსა და კიმიმაროს დაუპირისპირდება. ნარუტოს კლონი მეი ტერუმსა და მის შინობებსაც მიეშველება, რომლებიც შავ ზეცუს ებრძვიან.
ამასობაში, მეოთხე დივიზიის წინაშე რეინკარნირებული მადარა უჩიჰა მუსთან ერთად წარდგება, რის შემდეგაც შინობთა გაერთიანებული ძალები გააცნობიერებს, რომ ნიღბიანი კაცი მადარა არ ყოფილა. მოწინააღმდეგეებს მადარა ცეცხლის დიდებული ამოწყვეტის ტექნიკით შეუტევს, ხოლო მას შემდეგ, რაც ნარუტო მას მასიურ რასენგანს დასცემს თავზე, მადარა სუსანოს გამოიყენებს და მისი მეშვეობით აისხლეტს მტრის ტექნიკას. ონოკი მსუბუქი ქვის ტექნიკის გამოყენებით ქვიშის წონას შეამცირებს, რაც გაარას მის მართვას გაუადვილებს და ქვიშის მეშვეობით იგი სუსანოს მადარას გამოაცლის, ნარუტო კი ამ უკანასკნელს რასენშურიკენს ესვრის, თუმცა რინნეგანის გააქტიურებით მადარა მტრის ყველა ტექნიკას გაანეიტრალებს. იგი ციდან უზარმაზარ მეტეორს ჩამოაგდებს, თუმცა ონოკი მას უკიდურესად მსუბუქი ქვის ტექნიკის წყალობით შეაჩერებს. ქვიშის მეშვეობით ცუჩიკაგეს გაარაც მიეშველება. ამასობაში, მადარა ციდან მეორე მეტეორს ჩამოადგებს, რომელსაც პირველს დასცემს. შედეგად, მეოთხე დივიზიის ნაწილი განადგურდება, ცუჩიკაგე კი მნიშვნელოვნად დაზიანდება. ეს ძიუცუ მადრას და მუსაც გაანადგურებს, თუმცა ედო თენსეის წყალობით, ისინი უმალვე აღიდგენენ დაზიანებულ სხეულებს. ამასობაში, ნარუტოში მყოფი კურამა მადარას ჩაკრას იგრძნობს. თავად მადარა კი ხის ტექნიკით შეუტევს მოწინააღმდეგეებს. ჩაკრას დიდი ოდენობით გამოყენების შედეგად დასუსტებულ ნარუტოს კურამა საკუთარ ჩაკრას მისცემს. იგი განაცხადებს, რომ მას სძულს მადარა და ამ უკანასკნელს ნარუტო ურჩევნია. ცხრაკუდიანის ჩაკრას წყალობით ნარუტო ჩრდილის უამრავ კლონსა და დიდ რასენგანს შექმნის, რომელთა მეშვეობით იგი მადარას ტექნიკას შეაჩერებს.
ე და ცუნადე მადარასთან საბრძოლველად გაემართებიან, რისთვისაც ისინი მაბუის ღვთაებრივი გადატანის ტექნიკას გამოიყენებენ. ამასობაში, ჩოჯურო, ჰირამეკარეის მეშვეობით, შავ ზეცუს შუაზე გაჭრის. მფრინავი ჭექა-ქუხილის ღმერთის ტექნიკის მეშვეობით ბრძოლის ველზე მეი ტერუმიც გადაინაცვლებს და მადარას წინაშე ხუთივე კაგე წარდგება. სანამ ცუნადე გაარასა და ონოკის განკურნებითაა დაკავებული, მადარას რაიკაგე და მიზუკაგე შეუტევენ. მეი ტერუმი დნობადი მოჩვენების ტექნიკას გამოიყენებს. მას ეც მიეშველება, რომელიც ხელის ძლიერი დარტყმით მადარას მიწაზე დაანარცხებს, რის შემდეგაც მიზუკაგე მას ლავაში გახვევს, თუმცა მადარას სუსანო დაიცავს და ლავას ცოცხალი გადაურჩება. მეოთხე დივიზიის შინობები კი მუს შეუტევენ, რომელიც ბრძოლას გაქცევას ამჯობინებს. მას შემდეგ, რაც მადარა იასაკა ნო მაგატამას გამოიყენებს, კაგეებს ონოკის გოლემი და გაარას ქვიშის ფარი გადაარჩენთ. ონოკი თანამებრძოლებს ეტყვის, რომ მას გეგმა აქვს. მეი ტერუმი ნისლში დამალვის ტექნიკას გამოიყენებს, რაიკაგე კი ზურგზე ცუჩიკაგეს მოიკიდებს, რომელიც მისი სხეულის წონას შეამცირებს, რაც მის სიჩქარეს გაზრდის. შედეგად, ხელის ძლიერი დატრტყმით ე სუსანოს განადგურებს. კაგეები ნარუტოს კლონს ეტყვიან, რომ ომის დამთავრება მხოლოდ “ორივე მადარას” დამარცხების გზითაა შესაძლებელი. მეორე მადარას შეჩერებას ისინი ნარუტოს მიანდობენ. ამასობაში, ნარუტოსა და კილერ ბის ტობი გადაეყრება, რომელიც მათ პეინის ექვსი გზით შეუტევს. როში ლავის გამოშვებას გამოიყენებს, უტაკატა კი თავის საპნის ბუშტის ნინძიუცუს. ტობის მსგავსად, ყველა გზის ცალი თვალი რინნეგანია, მეორე კი მანგეკიო შარინგანი. მას შემდეგ, რაც ტობი სამყაროში არსებულ სიძულვილსა და საკუთარ გეგმაზე ისაუბრებს, კილერ ბი შეტევაზე გადავა. მას ფუ დაუპირისპირდება. პეინთან ბრძოლით მიღებული ცოდნის წყალობით ნარუტო მიხვდება, რომ ყოველი ჯინჩურიკის სხეულში ჩაკრას მიმღები უნდა არსებობდეს. ასეთ მიმღებს ბი იუგიტო ნიის მკერდზე შენიშნავს, რის შემდეგაც როშის მიმღების განადგურებას ნარუტო რასენგანის მეშვეობით შეეცდება, ბი კი რვაკუდიანად გარდაიქმნება.
გიუკი ძლევამოსილ ტორნადოს წარმოქმნის. შიკაკუ ნარა კი მტერზე გამარჯვებულ პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე დივიზიებს ნარუტოსა და ბის დასახმარებლად გაგზავნის. მოწინააღმდეგეების ჩაბეჭდვის მიზნით, კილერ ბი მელნის კლონებს შექმნის და მათი მეშვეობით ყველა ჯინჩურიკს გარს შემოეხვევა, რის შემდეგაც კლონები მელნად გარდაიქმნებიან. მოულოდნელად ყველა მათგანი კუდიანი ურჩხულის რეჟიმში გადავა და გიუკისა და ნარუტოს შეუტევს. მათი მოგერიების შემდეგ რვაკუდიანს თავს კოკუო დაესხმება, ნარუტოს კი ტობი, რომელიც მას ლამის მოკლავს კიდეც, თუმცა ბოლო წუთებში ნარუტოს კაკაში და გაი გადაარჩენენ. ამასობაში, კოკუო ტობის მოკვლას შეეცდება, თუმცა ეს უკანასკნელი მას ჩაკრას ჯაჭვების მეშვეობით დაიმორჩილებს. კაკაში მიხვდება, რომ კუდიანი ურჩხულების აბსოლუტური მართვა ტობის არ შეუძლია. ამასობაში, რვაკუდიანსა და ნარუტოში მყოფ ცხრაკუდიანს შორის ტელეპათიური დიალოგი გაიმართება. აღშფოთებულ გიუკის კურამა უპასუხებს, რომ ტობის საქციელში გასაკვირი არაფერია, რადგან შინობები მათ მუდამ საკუთარი შინაური ცხოველების მსგავსად ეპყრობოდნენ. გიუკის იგი ასევე შეახსენებს, რომ მას უფრო ნაკლები კუდი აქვს, შესაბამისად სიძლიერით იგი მეორე ადგილზეა. რვაკუდიანი კურამას უპასუხებს, რომ კუდების რაოდენობით სიძლიერის განსაზღვრა არასწორია და რომ სწორედ ასეთი ხასიათის გამო არ უყვარდა იგი ექვსი გზის განდეგილს. გიუკის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ცხრაკუდიანის ჩაკრას გამოყენებაა. იგი ასევე მიხვდება, რომ კურამასა და ნარუტოს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, რადგან ცხრაკუდიანს მისი ჩაკრა აღარ მიაქვს და, პირიქით, მას ეხმარება კიდეც. ამასობაში, ტობის ექვსი გზა შეტევაზე გადავა. კაკაში შენიშნავს, რომ არც ერთი მათგანი არ იყენებს პეინის ტექნიკებს, რაც მას დააეჭვებს. ამასობაში, შინობებს საიკენი და სონ გოკუ შეუტევენ. ეს უკანასკნელი ნარუტოს კბილებს შორის გასრესვას შეეცდება.
ნარუტოს დასახმარებლად გაი და კაკაში გაემართებიან, თუმცა მათ ჯინჩურიკები დაუპირისპირდებიან. ამასობაში, გიუკი სონ გოკუს საცეცებს შემოახვევს. ცხრაკუდიანს იგი ნარუტოს დახმარებას სთხოვს, როგორც ეს მან მადარასათან ბრძოლაში გააკეთა. კურამას მადარას სიტყვები გაახსენდება, რომ კუდიანი ურჩხულები უგნური არსებები და ენერგიის არამდგრადი ნაგლეჯები არიან და რომ ისინი ძლევამოსილი თვალების მფლობელთა მონებად არიან შექმნილნი. მას ჰაშირამა სენჯუ და თავისი ყოფილი ჯინჩურიკებიც მოაგონდება, რომლებიც მასში მხოლოდ მსოფლიოსთვის უდიდეს საფრთხეს ხედავდნენ და მის თავისუფლად არსებობას დაუშვებლად მიიჩნევდნენ, საბოლოოდ კი კურამას ნარუტო გაახსენდება, რომელმაც უთხრა მას, რომ ერთ დღეს მასში არსებულ სიძულვილსაც მოუღებდა ბოლოს. ამასობაში, ნარუტოს სონ გოკუ გადაყლაპავს, რის შემდეგაც იგი ჯაჭვებით დაბმული ოთხკუდიანის წინაშე აღმოჩნდება. მასთან საუბრისას ნარუტო შეიტყობს, რომ კუდიან ურჩხულებსაც ჰქონიათ სახელები და რომ მასში არსებულ ცხრაკუდიანს კურამა რქმევია. სონ გოკუ საკუთარ თავს მაიმუნთა ბრძენ, წმინდა მეფეს უწოდებს, ნარუტოს უგნურებით შეწუხებული კი განაცხადებს, რომ ადამიანები მაიმუნებზე სულელები არიან. თუმცა, ყველაზე მეტად მას ნარუტოს გულწრფელი ბოდიში გააოცებს. მისი თქმით, მანამდე არც ერთ ადამიანს არ მოუბოდიშებია კუდიანი ურჩხულისთვის. სონ გოკუ განაცხადებს, რომ ადამიანებს მისნაირები მხოლოდ ძალაუფლების წყაროდ სჭირდებათ, რომ ადამიანებმა მათი სახელებიც კი არ იციან და თავიანთ სხეულებში მათი ჩაბეჭდვით მათ არსებობასაც კი უარყოფენ. სონ გოკუს ნარუტო ეტყვის, რომ მას კუდიან ურჩხულებთან მეგობრობა და ისეთი ურთიერთობის დამყარება სურს, როგორიც ბისა და გიუკის შორისაა. მას ტობი გაახსენდება, რომელმაც ბრძოლის წინ თქვა, რომ იგი არავინაა და არც უნდა იყოს ვინმე. ნარუტო ოთხკუდიანს განუცხადებს, რომ იგი არ დაუშვებს კუდიანი ურჩხულები მართოს ისეთმა კაცმა, რომელსაც სახელიც კი არ აქვს. ოთხკუდიანი ნარუტოს დახმარებას დაჰპირდება, თუმცა, კურამას მსგავსად, მის სიტყვებს ბოლომდე არც იგი დაიჯერებს.
ნარუტო გონს სონ გოკუს ხახაში მოვა. იქედან გაღწევის მიზნით იგი ჩრდილის უამრავ კლონს შექმნის, რითაც ოთხკუდიანის პირი და მუცელი გაივსება და იგი ყველას ერთად გადმოაფურთხებს. სონ გოკუ ნარუტოს ეტყვის, რომ მის კისერში გარეთა გზის ლითონის ღეროა მოთავსებული, რისი მეშვეობითაც ტობი მას მართავს. ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ნარუტო ოთხკუდიანის სხეულიდან ღეროს ამოცლას შეძლებს. შედეგად, სონ გოკუზე ტობის გავლენა გაქრება, თუმცა იგი კვლავინდებურად დემონური ქანდაკების ჯაჭვითაა დაბმული. ამასობაში, კურამას თვალწინ ნარუტოს წარსული წარმოუდგება – მისი შეუდრეკლობა, თავდადება, გამარჯვებები და, რაც მთავარია, ნარუტოს პირობა მასში არსებული სიძულვილის განეიტრალებაზე. ტობი გარეთა გზის დემონის ქანდაკებას გამოიძახებს, რომელიც ოთხკუდიანის შთანთქავს. გარდა ამისა, ყველა ჯინჩურიკი კუდიან ურჩხულად გარდაიქმნება. მათი ხილვით შეშფოთებული კურამა ნარუტოს საკუთარ ჩაკრას შესთავაზებს. მათ შორის წმინდა მეგობრული საუბარი შედგება, რაც მუშტების შეკვრით დაგვირგვინდება. პირველად ნარუტოს სიცოცხლეში, ცხრაკუდიანი მას მეგობრულად გაუღიმებს. გაიხსენებს რა ირუკა სენსეის, რომელმაც პირველმა აღიარა იგი თანასოფლელად, ნარუტო კურამას ეტყვის, რომ ამიერიდან მისთვის იგი არა “დემონი მელია”, არამედ თანაგუნდელია დამალული ფოთლიდან, რის შემდეგაც იგი ცხრაკუდიანის დილეგის საკეტს გახსნის.
ამასობაში, ურჩხულები კუდიანი ურჩხულის ბურთებს წარმოქმნიან და მათ გაისა და კაკაშის მიმართულებით ისვრიან. კაკაში კამუის გამოყენებას გადაწყვეტს, გაი კი მერვე კარის გახსნას, თუმცა კურამას ძალით გაძლიერებული ნარუტო მათ გადაეფარება და ყველა ბურთს აისხლეტს. მას შემდეგ, რაც კუდიანი ურჩხულები შეტევაზე გადავლენ, ბრძოლაში კურამაც ჩაერთვება. გარდა მისი ბუნებრივი, მელიის ფორმისა, კურამა ნარუტოს გარეგნობასაც მიიღებს, რომელიც მელიის თავზე, ნარუტოს გვერდით მოთავსდება. ამასობაში, ხუთივე ურჩხული საერთო, გიგანტური ბურთის წარმოქმნას წამოიწყებს. კურამაც იმავე სიძლიერის ბურთს შექმნის. მათი შეჯახება უძლიერეს აფეთქებას გამოიწვევს. კურამადან გამომავალი უამრავი ხელის მეშვეობით ნარუტო ურჩხულებს გარეთა გზის ლითონის ღეროებს ამოაცლის, რის შემდეგაც იგი კუდიანი ურჩხულებისა და მათი ჯინჩურიკების წინაშე აღმოჩნდება. უტაკატას თქმით, ნარუტოსთან დალაპარაკება ურჩხულებს სონ გოკუმ სთხოვა. ნარუტო ყველა მათგანს გაიცნობს და მათ სახელებს დაიმახსოვრებს, რის შემდეგაც ისინი ხელებს შეკრავენ. ამის შემხედვარე კურამას ექვსი გზის განდეგილი მოაგონდება, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ურჩხულებს იმ დროზე ესაუბრა, როცა მათ “სწორ გზაზე დააყენებენ”. ნარუტოს შემხედვარე ყველა კუდიანი ურჩხული გააცნობიერებს, რომ ექვსი გზის განდეგილი მაშინ სწორედ მასზე ლაპარაკობდა. ამასობაში, დემონის ქანდაკების პირიდან გამომავალი ჯაჭვების მეშვეობით, ტობი ყველა ურჩხულს დაატყვევებს. ინოიჩი იამანაკას დახმარებით კი, შიკაკუ ნარა ყველა შინობს ნარუტოს, ბის, გაისა და კაკაშის დასახმარებლად გაგზავნის.
სუიგეცუ და ჯუგო ოროჩიმარუს სამალავს მიუახლოვდებიან. ისინი შემთხვევით მის ლაბორატორიას აღმოაჩენენ, სადაც სუიგეცუ მათთვის სასარგებლო რაღაც ინფორმაციას იპოვის. სასკე კი თეთრი ზეცუს კლონების გუნდს გადაეყრება. მისი შემხედვარე კლონები მიხვდებიან, რომ სასკემ ორიგინალი თეთრი ზეცუს მოკლა და შეუტევენ მას. სუსანოს გამოყენებით სასკე ყველა მათგანს გაანადგურებს. იგი ერთ-ერთ ასეთ კლონს შეიპყრობს და შარინგანის დახმარებით მისგან ტობის გეგმებსა და ომის მიმდინარეობაზე მოიპოვებს ინფორმაციას. ამასობაში, კარინი კონოჰას ციხეში ზის, სადაც დღე და ღამე სასკეს პორტრეტს ელაპარაკება, რომელსაც ხან განადგურებას უპირებს, ხან კი კოცნის და ეხვევა. ამ პორტრეტში მას კლიტის გასახსნელ იარაღებს აქვს დამალული.
კაგეებთან მებრძოლი მადარა უჩიჰა აყვავებულ შხამიან ტყეს წარმოქმნის. იგი კაგეებს ზურგიდან მიეპარება და მათ ტყის შუაგულში გადაისვრის, რის შემდეგაც ცეცხლის დიდებული განადგურებით მთელ ტყეს ცეცხლს მოსდებს. აყვავებული ტყის მომწამლავი სურნელი ყველა კაგეს გონებას დააკარგვინებს. ერთადერთი ონოკი შეძლებს ფეხზე წამოდგომასა და მტვრის გამოშვების კონუსისებრი ვარიანტის გამოყენებით მადარას ტყეს გაანადგურებს. ფეხზე წამოდგომის შემდეგ, მადარას სხეულზე კაგეები ჰაშირამას სახის გამოსახულებას შეამჩნევენ და მიხვდებიან, რომ სწორედ მისი დეენემის წყალობით იყენებს იგი ხის გამოშვების ტექნიკებს.
ამასობაში, სასკე იტაჩის გადაეყრება, რომელიც, მისივე თქმით, რაღაც მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად მიიჩქარის. სასკე დაედევნება მას და ეტყვის, რომ მასთან დალაპარაკება სურს. საუბარში იტაჩი თავის დანაშაულს აღიარებს და იტყვის, რომ სასკე ბოროტმოქმედად სწორედ მან აქცია, თუმცა მის კითხვებზე პასუხის გაცემას “მოგვიანებით” გადაწყვეტს.
პარალელურად, ჰაშირამას სახის ხილვით შეშფოთებული ცუნადეს შემხედვარე მადარა მიხვდება, რომ იგი პირველ ჰოკაგესთანა რაღაცითაა დაკავშირებული, რის გამოც პირველად სწორედ ცუნადეს მოკვლას გადაწყვეტს. მადარას თქმით, კაგეები უძლურები არიან ჰაშირამას წინაშე, რომელსაც ხალხი უძლიერეს შინობად თვლიდა და რომელსაც ჭრილობების განკურნება ხელის ნიშნების დაუხმარებლად შეეძლო, რასთან შედარებითაც ცუნადეს ტექნიკები არარაობაა. გარდა ამისა, მეხუთე ჰოკაგეს იგი სუსტ ქალს უწოდებს. ცუნადე დაეთანხმება მადარას სიტყვებს და აღიარებს, რომ იგი ისეთი ძლიერი არაა, როგორიც თავისი წინაპარი იყო, თუმცა მას შეახსენებს, რომ პირველი ჰოკაგესგან მემკვიდრეობით მან ცეცხლის ნებისყოფა მიიღო, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ძალა. ცუნადე ქმნილების ხელახალი დაბადების ტექნიკას გამოიყენებს და მადარას შეუტევს. იგი ბოლომდე გაააქტიურებს საკუთარ ინის ბეჭედსა და ასი ტექნიკის ძალის გამოყენებით, ხელის ერთი დარტყმით გაანადგურებს მის სუსანოს. მადარა ცეცხლის დიდებულ განადგურებას გამოიყენებს, რასაც მეი ტერუმი წყლის ბანაკის სვეტის ტექნიკას დაუპირისპირებს, შემდეგ კი მადარას წყლის დრაკონის ტყვიით შორს გადაისვრის, რის შემდეგაც ე, ონოკი და ცუნადე მას მიწაზე დაანარცხებენ. მადარა გაუმეორებს კაგეებს, რომ ჰაშირამას ძლიერებასთან შედარებით ისინი არაფერს წარმოადგენენ. იგი განაცხადებს, რომ სიკვდილის წინ ძმამ მას მხოლოდ თავისი თვალები და მათი ძალა დაუტოვა. განრისხებული ცუნადე მადარას ეტყვის, რომ მას ვერაფერი გაუგია. ცუნადეს დანი და ჰაუაკი მოაგონდება და მტერს განუცხადებს, რომ ერთადერთი, რაც მან მემკვიდრეობით მიიღო – სიძულვილია, რის შემდეგაც მას კიდევ ერთხელ შეუტევს და ხელის ერთი დარტყმით მისი სხეულის მთელ მარჯვენა ნაწილს გაანადგურებს, გაარა კი მას ქვიშის პირამიდაში ჩაბეჭდავს. მტრის დამარცხებით გახარებული ცუნადე უეცრად მიწიდან ამომავალი სუსანოს მახვილზე წამოეგება, რის შემდეგაც კაგეების წინაშე სახსალამათი მადარა წარდგება. იგი განაცხადებს, რომ ის, რაც კაგეებმა განადგურეს, მიხი ხის კლონი იყო.
პარალელურად, დანი და ჩოზო ცუნადესა და მადარაზე საუბრობენ. დანის თქმით, მადარას შეჩერების ერთადერთი გზა ედო თენსეის გამომყენებლის შეჩერებაშია, რადგან, პირველი ჰოკაგეს გარდა, მისი დამარცხება სხვას არავის შეუძლია.
ცუნადე სუსანოს მახვილს გადაჭრის და მას მოწინააღმდეგეს ესვრის. მადარა დაინახავს, რომ ჰაშირამას მსგავსად, არც ცუნადეს სჭირდება თვითგანკურნების მიზნით ხელის ნიშნების გამოყენება. ონოკი მადარას მტვრის გამოშვებით შეუტევს, თუმცა პრეტას გზის გამოყენებით, მადარა მის ტექნიკას შეისრუტავს, რის შემდეგაც იგი 25 ჩრდილის კლონს შექმნის და ყოველ კაგეს ხუთ მათგანს დაუპირისპირებს.
ამასობაში, იტაჩი კაბუტოს სამალავის კედელს შეამტვრევს. სასკე კაბუტოს მოკვლას შეეცდება, თუმცა იტაჩი შეაჩერებს მას. მისი თქმით, ედო თენსეის გამომყენებლის მოკვლა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძიუცუ მუდმივად იარსებებს. კაბუტო ძმებს თავისი გველებით შეუტევს. იტაჩი და სასკე სუსანოებს წარმოქმნიან და გველების განადგურებას შეუდგებიან. ბრძოლის დროს გაირკვევა, რომ კაბუტო ჰოზუკის კლანის ჰიდრატაციის ტექნიკას, კარინის განკურნების უნარსა და ჯუგოს ბუნების ენერგიის შთანთქმის უნარს ფლობს. მისი განცხადებით, ეს უკანასკნელი ტექნიკა მას რიუჩის გამოქვაბულში ბრძენმა თეთრმა გველმა ასწავლა, რის გამოც ახლა იგი ოროჩიმარუზე ძლიერია. სასკე მას სუსანოოს მშვილდის ისარს ესვრის, რასაც კაბუტო აიცილებს. იგი ერთ-ერთი გველის პირიდან გამოძვრება და ძმებს გაუმხელს, რომ იგი სენნინის რეჟიმს ფლობს. იგი სასკეს თეთრი მძვინვარების ტექნიკით შეუტევს, რომლის ეფექტი სასკეს სუსანოს გააქრობს, კაბუტო კი მის შთანთქმას შეეცდება, თუმცა იტაჩი ძმას თავის სუსანოს გადააფარებს და გადაარჩენს. ამის შემხედვარე კაბუტო სასკეს შეახსენებს, რომ იტაჩი მას მთელი ცხოვრება ატყუებდა და რომ იგი სანდო თანაგუნდელი არაა. მიუხედავად ამისა, ძმები კაბუტოს გაერთიანებული ძალებით შეუტევენ. სასკეს გადმობირების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ კაბუტო არაორგანული რეინკარნაციის ტექნიკას გამოიყენებს. თავისი სუსანოს იტაჩი სასკეს გადააფარებს, თავად მას კი სხეულში გამოქვაბულის უამრავი წარმონაქმნი შეერჭობა, რის შემდეგაც კაბუტო მისი გონების წაშლას შეეცდება, თუმცა სასკე ძმას ამატერასუთი დაიცავს. კაბუტო თავს ექვსი გზის განდეგილს გაუტოლებს და განაცხადებს, რომ თავისთან შედარებით უჩიჰები არარაობას წარმოადგენენ. იტაჩი კაბუტოს ეტყვის, რომ იგი მას თავის წარსულს ახსენებს. იგი განაცხადებს, რომ საკუთარ თავს ადამიანი მაშინ იცნობს, როცა იცის, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა. მან უნდა შეძლოს თავის პატიება მაშინ, როცა მარტოს რაიმე არ გამოუვა. იტაჩის აზრით, სწორედ ასეთ დროსაა საჭირო მეგობრების დახმარება, რომლებიც არ მოგცემენ დანებების უფლებას იქ, სადაც გამარჯვება შეგიძლია, ხოლო სადაც მარტო ვერაფერს გახდები – ისინი დაგეხმარებიან. კაბუტოს საკუთარი წარსული მოაგონდება, თუ როგორ მიატოვა ობოლთა თავშესაფარი და მუშაობა ჯაშუშად დაიწყო. გაახსენდება ოროჩიმარუ, რომელმაც მას უთხრა, რომ თავის პოვნას იგი ირგვლივ არსებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვების გზით შეძლებდა. იტაჩი კაბუტოს ეტყვის, რომ მათ წარსულებს შორის მართლაცაა რაღაც მსგავსება. კაბუტოს მსგავსად, მთელი ცხოვრება მანაც ტყუილებსა და ჯაშუშობაში გაატარა და საბოლოოდ ისიც დაავიწყდა, თუ ვინაა სინამდვილეში. კაბუტო განაცხადებს, რომ მას უჩიჰას შესაძლებლობების ხელში ჩაგდება სურს, რადგან თავს მაშინ იპოვის, როცა ყველანაირ მასალას შეაგროვებს. მისი გულმკერდიდან ოროჩიმარუს ლაბორატორიის ყოფილი ტყვეები სათითაოდ დაიწყებენ გამოჩენას. მათ ტექნიკებს ძმები ამატერასუსა და სუსანოს მეშვეობით დაძლევენ. მას შემდეგ, რაც ტაიუია დემონურ ფლეიტას გამოიყენებს და ძმებს გენძიუცუში მოაქცევს, კაბუტოს სხეულიდან ოროჩიმარუს გველის ფორმა ამოვა, რომელიც იტაჩისა და სასკეს შეუტევს. ძმები ერთმანეთს თვალებში ჩახედავენ. იტაჩი ცუკუიომის გამოიყენებს, სასკე კი შარინგანის გენძიუცუს. ისინი ტაიუიას ტექნიკას დაამარცხებენ და, სუსანოების გამოყენებით, ოროჩიმარუსაც გაანადგურებენ, თუმცა მოულოდნელად მისი პირიდან კაბუტო გამოძვრება და იტაჩის შუაზე გადაჭრის. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ იტაჩი კაბუტოს იზანამის ზემოქმედების ქვეშ მოაქცევს. იგი სასკეს ეტყვის, რომ ეს ტექნიკა მან ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა, როცა კაბუტომ იგი პირველად განგმირა მახვილით. შედეგად კაბუტო დაუსრულებელ გენძიუცუში აღმოჩნდება. იტაჩის განმარტებით, იქიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა საკუთარი შეცდომების აღიარებაში მდგომარეობს. იგი კაბუტოს ედო თენსეის შეჩერების ტექნიკას გაამხელინებს.
პარალელურად, კაგეები მადარას კლონების სუსანოებს ებრძვიან. რაიკაგე შენიშნავს, რომ ცუნადე მეტისმეტად თავგამოდებით იბრძვის და მას ეტყვის, რომ ასეთმა დატვირთვამ შეიძლება მისი სიცოცხლეც იმსხვერპლოს. ჰოკაგე მას უპასუხებს, რომ სიცოცხლის გაღებისთვის მზადაა, რადგან ამ ბრძოლის მოგებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამასობაში, რაიკაგეს სუსანო შეიპყრობს. იგი მადარას თვალებში შეხედავს და მისი გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. ონოკი, რომელიც მადარას სუსანოს მძიმეწონიანი ქვის ტექნიკით გაანადგურებს, რაიკაგეს გენძიუცუსგან გაათავისუფლებს. იგი კაგეებს წამოდგომისა და თავდადებული ბრძოლისკენ მოუწოდებს, რადაგან, მისი თქმით, სიკვდილი და სიცოცხლე უკვე უმნიშვნელოა. მადარას ონოკის ნებისყოფა და თავდადება შეაშფოთებს. ცუნადეს ჩაკრას დახმარებით ონოკი ფართომასშტაბიან მტვრის გამოშვებას გამოიყენებს და ოცდახუთივე სუსანოს ერთი ტექნიკით გაანადგურებს. მეი ტერუმი მტერს წყლის დრაკონის ტყვიის ტექნიკით შეუტევს, რომელშიც გაარას ქვიშა და რაიკაგეს ელვის-ბუნების ჩაკრაცაა გაერთიანებული, თუმცა მადარას ჩაბეჭდვას კაგეები ვერ შეძლებენ, რადგან იგი თავის უკანასკნელ სუსანოს გამოიყენებს. უზარმაზარი სუსანოს შემხედვარე ცუნადეს გაუკვირდება, თუ როგორ დაძლია მისმა დიდმა ბაბუამ მადარას ეს ტექნიკა. ხმლის ერთი მოქნევით მადარა მთებს შუაზე გაჭრის. მისი თქმით, სრულყოფილი სუსანოს ძლიერებას მხოლოდ კუდიანი ურჩხულის ძალა თუ შეედრება.
ამასობაში, გენძიუცუს მეშვეობით, იტაჩი კაბუტოს ედო თენსეის შეაჩერებინებს. სასკე მას ეტყვის, რომ ყველაფრის მიუხედავად იგი აუცილებლად გაანადგურებს კონოჰას, რის შემდეგაც გაქრობის ზღვარს მყოფი იტაჩი უმცროსი ძმისკენ ხელგაშვერილი გაემართება. შარინგანის გამოყენებით სასკეს იგი საკუთარ მოგონებებს გაუზიარებს და უჩიჰას კლანის განადგურების დეტალებს გაუმხელს. ამასობაში, იგი სასკეს მიუახლოვდება, თუმცა, ძველებურად, ორი თითის შუბლზე წაკვრის ნაცვლად თავის შუბლს სასკესას მიაბჯენს და მას ეტყვის, რომ მისი არჩევანის მიუხედავად, მას მუდამ ეყვარება იგი, რის შემდეგაც, ედო თენსეით გაცოცხლებული სხვა შინობების მსგავსად, იტაჩიც გაქრება.
მას შემდეგ, რაც დან კატო ტექნიკის შეჩერებას იგრძნობს, იგი ჩოზას ბარიერის მოხსნა სთხოვს, რის შემდეგაც, სულის გარდასახვის ტექნიკის გამოყენებით, ცუნადესკენ გაემართება. გაუჩინარების პირას მყოფი მადარა კი კაგეებს ცეცხლის დრაკონებით შეუტევს. ცუნადეს მტრის მიმართულებით გაექანება, თუმცა მადარას ძიუცუ მას ორივე ხელს დაუწვავს. გარდა ამისა, მისი ქმნილების ხელახალი დაბადების ტექნიკა მოქმედებას შეწყვეტს და დასუსტებული ცუნადე ვარდნას დაიწყებს. ამასობაში, მადარას სხეულიდან მისი სული ამოვა, რისი შემხედვარე ცუნადე ჩათლის, რომ მტერი დამარცხებულია. უეცრად მადარას სული კვლავინდებურად სხეულს დაუბრუნდება და ცუნადეს იგი სუსანოს მახვილით შეუტევს, თუმცა მას დანი გადაარჩენს. იგი ცუნადეს გონებაში გადაინაცვლებს, სადაც მათ შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართება. დანი მას ეტყვის, თუ როგორ ძლიერ ამაყობს მისით და რომ იგი მისი ოცნებაა. გამომშვიდობების წინ იგი ცუნადეს შუბლზე აკოცებს, რის შემდეგაც ჰოკაგეს გონება კვლავ ბრძოლის ველს დაუბრუნდება. ცუნადე მადარას ეტყვის, რომ ძველი ნაცნობის ნახვამ იგი გამოამჯობინა.
მადარა განაცხადებს, რომ მან ედო თენსეის მოხმობის ხელშეკრულება გააუქმა და ამგვარად, ტექნიკის გამომყენებელთან არსებული კავშირი გაწყვიტა. მადარა ნარუტოსა და ტობის ბრძოლის ველზე გადანაცვლებას გადაწყვეტს, თუმცა გზად მას ონოკი გადაეფარება. მეი ტერუმი ცუჩიკაგეს ეტყვის, რომ მტრის დაძლევას ისინი ვერ შეძლებენ, თუმცა ონოკის ნარუტოსთვის მიცემული პირობა გაახსენდება და განაცხადებს, რომ მადარას დამარცხება მათი მოვალეობაა.
კაბუტოს სამალავში კი სუიგეცუ და ჯუგო შეიჭრებიან. ეს უკანასკნელი ანკოს მიუახლოვდება და იტყვის, რომ იგი ცოცხალია. სუიგეცუ სასკეს ოროჩიმარუს საიდუმლო ლაბორატორიაში ნაპოვნ გრაგნილს გადასცემს და იტყვის, რომ მისი მეშვეობით ისინი მსოფლიოს მართვას შეძლებენ. სასკე მათ განუცხადებს, რომ იგი ოროჩიმარუს გაცოცხლებას აპირებს, რადგან მისი დახმარებაა საჭირო. სუიგეცუს სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკოს დაწყევლილ ბეჭედს სასკე კაბუტოს სხეულის ქსოვილს დაადებს, რის შემდეგაც იქიდან ოროჩიმარუ ამოძვრება. იგი სასკეს ეტყვის, რომ ანკოს დაწყევლილი ბეჭდის მეშვეობით მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერი იცის, რაც მის გარშემო ხდება, თუმცა განაცხადებს, რომ მას ომი არ ადარდებს და მხოლოდ სასკეს სხეულის ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული. სასკე მას გრაგნილს გადასცემს და კონოჰაზე, თავის კლანსა და იტაჩიზე სიმართლის მოყოლას სთხოვს. იზანამით გათიშული კაბუტოს ჩაკრას შთანთქმით ოროჩიმარუ ძალებს აღიდგენს, რის შემდეგაც, სასკესთან ერთად, რაღაც ადგილისკენ გაემართება.
ამასობაში ნარუტო, კილერ ბი, გიუკი, კაკაში და გაი ტობისა და მის დემონის ქანდაკებას ებრძვიან. კაკაში გააცნობიერებს, რომ დემონის ქანდაკება ათკუდიანი ურჩხულის ნაჭუჭს წარმოადგენს, გიუკი კი მიხვდება, რომ მისი ჩაკრას ნაწილი ტობიმ მისი საცეციდან მოიპოვა. მასთან ერთად, კურამაც გააცნობიერებს, რომ მის ჩაკრას მტერი ოქროსა და ვერცხლის ძმების ხარჯზე ფლობს. მას შემდეგ, რაც ტობი საკუთარ “ოცნების მსოფლიოზე” ისაუბრებს, ნარუტო, გაი, კაკაში და ბი მას უპასუხებენ, რომ ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს, რომელიც უნდა ახდეს და რომ სწორედ ამისთვის არსებობენ ოცნებები. ნარუტო მოწინააღმდეგეს კუდიანი ურჩხულის რასენგანით შეუტევს, გაი კი მას სოშუგას გამოყენებით დაუპირისპირდება, თუმცა ტობი მათ ყველა შეტევას აიცდენს. ამასობაში, კამუის მეშვეობით კაკაში დემონის ქანდაკების განადგურებას შეეცდება, თუმცა მის შეტევას ტობი როგორღაც გაანეიტრალებს. მოწინააღმდეგეების მიმართულებით იგი კლდის უამრავ ნატეხს ისვრის, თავად კი ნარუტოს მოკვლას შეეცდება. კამუის გამოყენებით, კაკაში მას ელვის ჩაკრათი დამუხტულ კუნაის ესვრის, რაც მის ნიღაბზე ნაკაწრს დატოვებს.
მას შემდეგ, რაც გიუკი დემონის ქანდაკებას შეუტევს, მისი დაცვის მიზნით ტობი ცეცხლის ბარიერს წარმოქმნის, რაც რვაკუდიანს ხელს დაუწვავს. ამასობაში, კაკაში გააცნობიერებს, რომ ტობის ნიღაბზე კვალი არა ნარუტოს ტექნიკამ, არამედ მისმა კუნაიმ დატოვა. გაი მიხვდება, რომ საგნების შთანთქმის დროს ტობი მატერიალიზებულია და მოწინააღმდეგეს იგი კვლავინდებურად სოშუგათი შეუტევს. მას შემდეგ, რაც ტობი მის იარაღს შთანთქავს, გაის უკან ნარუტო გამოჩნდება, რომელიც რასენგანს გამოიყენებს და ტობის ერთ ხელს დაუზიანებს, რაც კაკაშის დაარწმუნებს, რომ მტერი მხოლოდ ერთ ტექნიკას – დროისა და სივრცის ნინძიუცუს იყენებს. იგი თანამებრძოლებს განუცხადებს, რომ კუნაიცა და ნარუტოს რასენგანიც სხვა განზომილეში კამუის გამოყენებით გაგზავნა, რის გამოც მათი კვალი ტობის სხეულზე აისახა. სხვა სიტყვებით, ტობი ხელშეუხებელი იმიტომაა, რომ თავდასხმის დროს მას საკუთარი სხეული, ან მისი რომელიმე ნაწილი, სხვა განზომილებაში გადააქვს. კაკაშის შეკითხვაზე, თუ სად იშოვა თავისი შარინგანი, ტობი უპასუხებს, რომ ეს კანაბის ხიდთან ბრძოლისას, მესამე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რის მერეც კაკაშის “შარინგანიანი გმირი” ეწოდა. იგი კაკაშის სიტყვას გაუწყვეტს და განუცხადებს, რომ იგი მეტისმეტად ადვილად ლაპარაკობს, საქმეს კი არ აკეთებს. ტობი კვლავინდებურად იდეალურ მსოფლიოზე ალაპარაკდება და განაცხადებს, რომ მის მსოფლიოში საფლავების წინ გმირებს საცოდავური ბოდიშების მოხდა აღარ დასჭირდებათ. ამ საუბრით აღშფოთებულ ნარუტოს იგი ჯირაიასა და მინატოს გაახსენებს, რომლებმაც თავიანთი იმედები მასზე დაამყარეს და ჰკითხავს მას, თუ რას იფიქრებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ იგი დამარცხდება, ან თავად რას იფიქრებს საკუთარ თავზე. ამის გამგონე კურამა ტობის უპასუხებს, რომ მეოთხე ჰოკაგემ ნარუტოში იგი მის დასამარცხებლად ჩაბეჭდა და რომ ნარუტო არ დამარცხდება, რის შემდეგაც ცხრაკუდიანის ძალით გაძლიერებული ნარუტო ტობის მიმართულებით გაექანება. ნარუტოს იგი დიდი ზომის სამ შურიკენს ესვრის, თუმცა მათ კურამა და გიუკი შეაჩერებენ, რაც ამ უკანასკნელს ერთი საცეცის ფასად დაუჯდება. ამასობაში, ტობი გიუკის რამდენიმე უზარმზარ ჩაკრას მიმღებს ესვრის, რაც მის საცეცებში ჩაერჭობა. რვაკუდიანის თქმით, მათი მეშვეობით კუდიანი ურჩხულის ძალის დაბლოკვა ხდება. ამასობაში, ნარუტო კუდიანი ურჩხულის რასენგანს წარმოქმნის. ერთი შეხედვით, კაკაში ნარუტოს ამ ტექნიკაზე გამოიყენებს კამუის, რის გამოც ტობი მას დასცინებს კიდეც. კურამა კუდიანი ურჩხულის უზარმაზარ ბურთს წარმოქმნის, რაც ტობის მთელი თავისი სხეულის სხვა განზომილებაში გადატანას აიძულებს. იქ იგი გაარკვევს, რომ სხვა განზომილებაში კაკაშის არა რასენგანი, არამედ თავად ნარუტო გადაუყვანია, რომელიც რასენგანს ტობის სახეში დაუმიზნებს და მის ნიღაბს დაამსხვრევს. შედეგად გაირკვევა, რომ “ნიღბიანი მადარა” სინამდვილეში კაკაშის ბავშვობის მეგობარი და თანაგუნდელი ობიტო უჩიჰა ყოფილა, რომელმაც კაკაშის საკუთარი შარინგანი აჩუქა და მის გადასარჩენად გასწირა თავი. მას შემდეგ, რაც ობიტო განაცხადებს, რომ კაკაშიმ რინი მოკლა, მოწინააღმდეგეებს იგი აფეთქების ტალღის ველური ცეკვის ტექნიკით შეუტევს. უეცრად, მის გვერდში მადარა გაჩნდება, რომელიც შენიშნავს, რომ ობიტო მხიარულ დროს ატარებს. ნარუტოს კითხვაზე, თუ რა დაემართათ კაგეებს, იგი ირონიით უპასუხებს, რომ ისინი “არც ისე კარგად არიან”.
ამასობაში, ცუნადე გონს მოვა. იგი შუაზეა გადაჭრილი. სხვა კაგეებიც მძიმედ არიან დაშავებულები. ცუნადე კაცუის გამოიძახებს. მისი ხილვით შეშფოთებული კაცუი იტყვის, რომ მის გამთელებას შეძლებს, თუმცა ცუნადე მას კაგეების მის სიახლოვეს მიყვანას სთხოვს. ცუნადეს თქმით, მათი გადარჩენა მას ჯერ კიდევ შეუძლია.
ნარუტო გიუკის ჩაკრას მიმღებებს ამოაცლის და მათ მტრის მიმართულებით ისვრის. ობიტო მადარას გუნბაის დაუბრუნებს, რისი მეშვეობითაც ეს უკანასკნელი შეტევას მოიგერიებს. მადარას კითხვაზე, თუ რატომ არ გაცოცხლდა იგი ნაგატოს ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით, ობიტო უპასუხებს, რომ ნაგატომ მათ უღალატა. ამასობაში, ნარუტო მადარას კუდიანი ურჩხულის რასენგანით შეუტევს, რასაც იგი გუნბაით მოიგერიებს, რის შემდეგაც ობიტოს კაკაშისა და გაის დაუპირისპირებს, თავად კი კუდიან ურჩხულებთან ბრძოლას შეუდგება.
მადარა ჰაშირამას ხის დრაკონის ტექნიკას გამოიყენებს, რითაც ცხრაკუდიანს შეებრძოლება. კამუის გამოყენებით ობიტო კაკაშის უამრავ შურიკენს ესვრის. ეს უკანასკნელი მიწის კედელს წარმოქმნის და ყველა მათგანს მოიგერიებს. მოულოდნელად, ობიტო კედელში გაივლის და მოწინააღმდეგეს ფეხში შურიკენს ჩაარჭობს. კაკაშის იგი ნაგავს უწოდებს, რომელსაც მხოლოდ ლაპარაკი შეუძლია, რის შემდეგაც კამუის გამოყენებით მას სხვა განზომილებაში გადაიყვანს. კაკაში ობიტოს სიტყვებს დაეთანხმება და იტყვის, რომ მას ობიტო ყოველთვის გმირად მიაჩნდა, რის შემდეგაც იგი შარინგანს ამოიცლის და მის ადგილას საკუთარ თვალს ჩაისვამს.
ამასობაში ხის დრაკონი კურამას გარს შემოეხვევა და მისი ჩაკრას შთანთქმას წამოიწყებს. ხის გამოშვების წყალობით მადარა ასევე გიუკისა და გაის დაიმორჩილებს.
კამუის გამოყენებით კაკაში ბრძოლის ველს დაუბრუნდება. მის კითხაზე, თუ რატომ შეეკრა იგი მადარას და არის თუ არა ეს დაკავშირებული რინთან, ობიტო მას მძიმედ დაჭრის და გაჩუმებას უბრძანებს. კაკაში აღიარებს, რომ ობიტოსთვის მიცემული პირობის შესრულება ვერ შეძლო და რომ ნამდვილად ნაგავს წარმოადგენს. ობიტო მას უპასუხებს, რომ ყველა შინობი, რომელმაც მათ რეალობაში გადარჩენა შეძლო, ნაგვად იქცა და რომ თავად და კაკაში ამის კარგ მაგალითებს წარმოადგენენ. შურიკენის გამოყენებით იგი კაკაშის მოკვლას შეეცდება, თუმცა ნარუტო მას ცხრაკუდიანის ჩაკრას ხელით შეაჩერებს. მეორე ხელით იგი მადარას სუსანოს მახვილს შეაკავებს, რომელიც რვაკუდიანისთვის იყო გამიზნული. ნარუტო განაცხადებს, რომ იგი ნაგავი არაა და რომ მას თავისი მეგობრების დახოცვის უფლებას არ მისცემს. კაკაში ფეხზე წამოდგება და ობიტოს შეუტევს. იგი იტყვის, რომ ამიერიდან მისი ერთადერთი ამოცანა ნარუტოს დაცვაა. ამასობაში გაი დღის ვეფხვის ტექნიკას გამოიყენებს და მადარას სუსანოს გაანადგურებს.
ობიტო ნარუტოს ხის გამოშვებით შეუტევს, რასაც ნარუტო მოიგერიებს. ამასობაში მას კურამა ჩაენაცვლება, იგი კაკაშის ხელს მოკიდებს და მას ობიტოს მიმართულებით მოიქცევს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი კაკაშის შთანთქავს. სხვა განზომილებაში გადასული კაკაში ობიტოს სხეულის იმ ნაწილებს შეუტევს, რომლებსაც იგი ნარუტოსთან ბრძოლის დროს კამუის გამოყენებით იმავე განზომილებაში გადაიტანს. გარდა ამისა, კურამა განაცხადებს, რომ ფიზიკური კონტაქტის დროს კაკაშის მან თავისი ჩაკრა მისცა.
ამასობაში კურამა და გიუკი კუდიანი ურჩხულის უზარმაზარ ბურთს წარმოქმნიან და მას გედო მაზოს ესვრიან. თუმცა დემონური ქანდაკება აფეთქებას გადაურჩება და ობიტო ათკუდიანის გაცოცხლებას მოასწრებს[39]. მადარა და ობიტო მის თავზე მოთავსდებიან. კურამა განაცხადებს, რომ ათკუდიანს არც გრძნობები გააჩნია და არც იდეალები, რომ იგი მხოლოდ ბუნებრივ ენერგიას წარმოადგენს. მადარა ობიტოს ეტყვის, რომ ათკუდიანის გაცოცხლებამდე მას ჯინჩურიკების დაჭერა უნდოდა, ობიტო კი უპასუხებს, რომ სამარადისო ცუკუიომის რიტუალის დაწყება მას ახლავე სურს. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ნარუტო და კაკაში ჰაერში, ათკუდიანის თავზე აღმოჩნდებიან. კამუის მეშვეობით კაკაში გიუკის ათკუდიანის თავთან გააჩენს, რის შემდეგაც რკავუდიანი მას კუდიანი ურჩხულის ბურთს ზუსტად თვალში დაუმიზნებს.
კუდიანი ურჩხულის ბურთს ათკუდიანი წკიპურტით მოიგერიებს და მას გიუკის დაუბრუნებს, რაც რვაკუდიანს შორს გადაისვრის. შემდეგ იგი ნარუტოსა და კაკაშის შეუტევს. ნარუტოს კლონი კაკაშის ხელს კრავს, შედეგად ათკუდიანის კუდი მას მოხვდება და გაქრება. ობიტოს წარსული გაახსენდება და გაიფიქრებს, რომ ნარუტო მას ძალიან ჰგავს. ამასობაში, კურამა და გიუკი განაცხადებენ, რომ მათ ჩაკრას მარაგი გამოელიათ. ჩაკრას აღდგენის მიზნით ისინი დროებით გაქრებიან. ნარუტო ჩრდილის კლონების შექმნას გადაწყვეტს. მადარა მას “არაკომპეტენტურს” უწოდებს და მოწინააღმდეგეებს ეტყვის, რომ ისინი “უწესრიგო ბრბოს” წარმოადგენენ. ობიტო განაცხადებს, რომ გამრავლება სუბსტანციას არ შეცვლის და რომ ნარუტოც მისნაირად უძლური შინობია, რის გამოც, ადრე თუ გვიან ისიც მას დაემსგავსება. ნარუტო ობიტოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მას ჰოკაგედ გახდომა სურს. ამასობაში ათკუდიანი ჩაკრას უზარმაზარი ბლასტის წარმოქმნას შეუდგება და მას მოწინააღმდეგეთა მიმართულებით ისვრის, თუმცა გონება-სხეულის გაცვლის ტექნიკის მეშვეობით ინო ობიტოს გონებაში გადაინაცვლებს და ათკუდიანი მიზანს ააცდენს. ინოსთან ერთად ნარუტოს, კილერ ბის, კაკაშისა და გაის გვერდით გაერთიანებული ძალების სრულის შემადგენლობა გაჩნდება. ნარუტო განაცხადებს, რომ ისინი “უწესრიგო ბრბოს” აღარ წარმოადგენენ, რომ ესაა “შინობთა ალიანსი”, ყველაზე ძლიერი ძიუცუ მსოფლიოში, რომელსაც დაუსრულებელი ცუკუიომის დაძლევა შეუძლია[40].
ობიტო ნარუტოს უპასუხებს, რომ მათი “ძიუცუ” ომის დასრულებასთან ერთად დაიშლება, შემდეგ კი კვლავინდებურად გამოჩნდება ვიღაც, ვინც იმის გაკეთებას შეეცდება, რასაც თავად აკეთებს. იგი განაცხადებს, რომ “ამ მსოფლიოში გამარჯვება შეუძლებელია”, რომ იმედი არ არსებობს და რომ “მსოფლიოს ბოლო უნდა მოეღოს”. შიკაკუსთვის დროს მოგების მიზნით ნარუტო მის მოსაზრებებს კიდევ ერთხელ უარყოფს და განაცხადებს, რომ მსოფლიოს ბოლო არ მოეღება. ამასობაში, შიკაკუ სტრატეგიას შეიმუშავებს და, ინოიჩის მეშვეობით, მას გაერთიანებულ ძალებს გააცნობს. პირველ რიგში, მტრის დროებით დაბრმავების მიზნით, კუმოგაკურეს შინობები მათ ელვის ილუზიის ტექნიკით შეუტევენ, ამის შემდეგ დარუი და შტორმის გამოშვების მფლობელი სხვა შინობები ლაზერის ცირკის ტექნიკას გამოიყენებენ. მათ შემდეგ სუნაგაკურეს ნინძები მოწინააღმდეგეებს ქარის ნაკადის ველურ ცეკვას დაუპირისპირებენ და წინა ძიუცუების მიერ წარმოქმნილი მტვრის მეშვეობით მათი ხედვის არეალს დაახშობენ. მტრის სენსორული შესაძლებლობების ბლოკირების მიზნით გაერთიანებული ძალები აბურამეს კლანის ავსული მწერი ხალხური ხელსაწყოების ტექნიკასა და ნისლში დამალვის ტექნიკას გამოიყენებს. დედამიწის ბირთვის მოძრაობის ტექნიკით კიცუჩი და იუაგაკურეს სხვა ნინძები ათკუდიანს უზარმაზარ ორმოში ჩააგდებენ, რის შემდეგაც კუროცუჩი და ლავის გამოშვების მფლობელი სხვა შინობები მას კალციუმის ოქსიდის გაყინვის ტექნიკითა და კირიგაკურეს ნინძების წყლის გამოშვების კომბინაციით დაფარავენ. საბოლოოდ, კონოჰას სარუტობის კლანის შინობები ამ მასას ცეცხლის გამოშვებით გაამყარებენ. მადარას ხუთი ქვეყნის წარმომადგენელთა ტექნიკების ჩინებული კომბინაცია გააკვირვებს. შიკაკუ ნარუტოს ეტყვის, რომ მადარაზე მხოლოდ ტაიძიუცუ მოქმედებს, ობიტოს კი განსხეულება ყოველ 5 წუთში უხდება, რის გამოც შეტევა ამ დროზე მეტ ხანს უნდა გაგრძელდეს. ნარუტო რასენშურიკენს წარმოქმნის და სხვა შინობების ტექნიკებთან და იარაღებთან ერთად მას მტრის მიმართულებით ისვრის.
მოულოდნელად, დამიწებული ათკუდიანი წამოიმართება და მოწინააღმდეგეთა თავდასხმას მოიგერიებს. გაერთიანებული ძალები შენიშნავს, რომ მისი გარეგნობა შეცვლილია და რომ იგი თანდათანობით პირვანდელ სახეს იღებს. შიკაკუ ახალი სტრატეგიის შემუშავებას წამოიწყებს. უეცრად მას რაღაც მოაგონდება და ინოიჩის კაკაშისთან დაკავშირებას სთხოვს. მადარა კი ობიტოს ეტყვის, რომ მალე მათ ათკუდიანის მართვა გაუჭირდებათ, ამიტომ ჰაშირამას უჯრედების გამოყენებაა საჭირო. ხის გამოშვების მეშვეობით ისინი ათკუდიანს ფიზიკურად მიუერთდებიან, რის შემდეგაც ათკუდიანი კუდიანი ურჩხულის ბურთის მოწინააღმდეგეთა მიმართულებით სროლას შეეცდება, თუმცა მიწის გამოშვების გამოყენებით კიცუჩი მის ფეხ ქვეშ მიწას აამაღლებს, რაც ათკუდიანს წააქცევს. შედეგად, ბურთი გაერთიანებულ ძალებს აცდება და მათგან მოშორებით აფეთქდება. ათკუდიანი კიდევ ერთ ბურთს წარმოქმნის და მას შორეული სოფლის მიმართულებით ისვრის. ბიაკუგანის წყალობით ჰიაში დაინახავს, თუ როგორ აღიგვება მთელი სოფელი მიწის პირისგან. მომდევნო ბურთს ათკუდიანი გაერთიანებული ძალების შტაბის მიმართულებით ისვრის, რასაც აო უმალვე შენიშნავს. ინოიჩი თანამებრძოლებს შიკაკუს უკანასკნელ სტრატეგიას გააცნობს. გახარებული მადარა შენიშნავს, რომ მათ ალიანსის “ტვინი” გაანადგურეს[41].
შიკამარუ ჩოჯისა და ინოს შეახსენებს, რომ ისინი ომში იმყოფებიან და რომ შიკაკუს სტრატეგიის მიხედვით უნდა იმოქმედონ. ერთადერთი ნარუტო ვერ მიხვდება, თუ რა შეემთხვა მათ მამებს. ამასობაში ათკუდიანი შინობებს შეუტევს, რასაც ნეჯი და ჰიაში რვა ტრიგრამის ხელისგულების მბრუნავი ზეცის ტექნიკით მოიგერიებენ, რაც თანამებრძოლთა ქებას დაიმსახურებს. ჰიაში ნარუტოს შეახსენებს, რომ ბრძოლის წაგება საყოველთაო ამოწყვეტის ტოლფასია და შიკაკუმ და ინოიჩიმ იცოდნენ, რომ შვილებისთვის სიცოცხლის გაღება შინობის მოვალეობას წარმოადგენს. ნეჯი შენიშნავს, რომ მამამისიც ასე მოიქცა. ჰიაში განაცხადებს, რომ სტრატეგიის განსახორციელებლად ნარუტოს ძალაა საჭირო, რასაც ნეჯიც დაეთანხმება, ჰინატა კი დაამატებს, რომ ისინი დაიცავენ ნარუტოს.
მადარა ობიტოს ეტყვის, რომ ათკუდიანის მომდევნო გარდასახვის მართვა მათ გაუჭირდებათ. ობიტო განაცხადებს, რომ ათკუდიანის ჯინჩურიკად გახდომის გარეშე მისი მართვა შეუძლებელია, რაზეც მადარა უპასუხებს, რომ ამისთვის ცოცხალი სხეულია საჭირო და ედო თენსეის გვამი საკმარისი არაა. ობიტო განაცხადებს, რომ ედო თენსეის ძალით მადარას თავის აფეთქება და მოწინააღმდეგეთა ერთიანად განადგურება შეუძლია და რომ ამას იგი მხოლოდ იმის გამო არ აკეთებს, რომ ამგვარი ქმედება მის პარტნიორსაც იმსხვერპლებს, რომელმაც რინე თენსეით მისი გაცოცხლების მიზნით მოგვიანებით თავი უნდა გასწიროს. ობიტო მადარას ეტყვის, რომ მოკავშირედ მას არასდროს თვლიდა. მიუხედავად ამისა, იგი მის მხარეს განაგრძობს ბრძოლას, რადგან მოწინააღმდეგეთა “სასოწარკვეთით ნელ-ნელა დასახიჩრება” სურს. ათკუდიანი კიდევ ერთხელ შეუტევს ალიანსს. ჰიუგები მისი შეტევის მოგერიებას შეუდგებიან, კიცუჩი კი სენდვიჩის ტექნიკის შესასრულებლად მომზადებას წამოიწყებს. ნარუტო სენნინის რეჟიმში გადავა და რასენშურიკენებს შექმნის, რასაც მტრის შეტევის მოსაგერიებლად გამოიყენებს, თუმცა ჩაკრას გადამეტებით გამოყენება მას დაასუსტებს და შედეგად ჩაიკეცება. ჰიაში რვა ტრიგრამის ვაკუუმის კედლის ხელისგულის ტექნიკას გამოიყენებს, თუმცა მტრის ხის სარები მასში გააღწევენ. ნარუტოს ჰინატა გადაეფარება, ჰინატას კი ნეჯი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრება. ამასობაში კიცუჩი სენდვიჩის ტექნიკას გამოიყენებს და ათკუდიანს მასში მოაქცევს, რაც ურჩხულს დროებით შეაჩერებს. ნარუტო მკურნალ ნინძას გამოიძახებს, თუმცა ნეჯი მას ეტყვის, რომ უკვე ყველაფერი გვიანაა. იგი ნარუტოს შეახსენებს, რომ ჰინატა მის გამო სიკვდილისთვისაც მზადაა და რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ მას უკვე აღარ ეკუთვნის, არამედ ამიერიდან იგი ნეჯის სიცოცხლესაც მოიცავს. სიკვდილის წინ ნეჯი მამას მიმართავს და იტყვის, რომ მან როგორც იქნა გაიგო, თუ რას ნიშნავს ბედისწერის თავისუფლად არჩევა[42], მის შუბლზე გამოსახული ჯუინძიუცუ კი მის ბიაკუგანს სამარადისოდ ჩაბეჭდავს.
ობიტო ნარუტოს მის სიტყვებს გაახსენებს – რომ მეგობრების დახოცვის უფლებას მას არ მისცემს – და ირგვლივ მიმოხედვას ურჩევს. იგი ნარუტოს ეტყვის, რომ მისი იდეალები და პრინციპები, იმედი, რაც მათ რეალობაში არ არსებობს, ყველაფერი მცდარია, რომ მისი მშობლებისა და ჯირაიას მსგავსად მისი ყველა მეგობარი დაიღუპება და იგი კვლავ მარტო დარჩება. მადარა შენიშნავს, რომ ობიტო მას ძლიერ დაემგვანა. ობიტო კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ მათ რეალობაში არსებობას აზრი არ აქვს. იგი ნარუტოს თავის მხარეს გადმოსვლას შესთავაზებს და ეს უკანასკნელიც დანებებას გადაწყვეტს, თუმცა მას გონს ჰინატა მოიყვანს. იგი ნარუტოს ეტყვის, რომ მისი სიტყვები, რომელმაც ალიანსის ყოველი წევრის გულში შეაღწია და მათი სიცოცხლეები ერთმანეთთან მეგობრობით დააკავშირა, ნეჯის თავგანწირვის მიზეზად იქცა, ხოლო ამ სიტყვების უარყოფა ნეჯის მიერ გაღებული მსხვერპლის უარყოფის ტოლფასი იქნება. ჰინატას აზრით, სწორედ ეს დახოცავს მათ მეგობრებს, რადგან ისინი მეგობრები უკვე აღარ იქნებიან. ბოლოს იგი იტყვის, რომ უკან არასდროს დაიხევს და თავის სიტყვებს არ გადაუხვევს, რადგან ეს მისი “ნინძას გზაცაა”.
საკუთარ თავზე მითითებით ნარუტოს კურამაც შეახსენებს, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ნარუტოს იგი მშობლებს გაახსენებს და ეტყვის, რომ თავის დროზე ისინიც ნეჯის მსგავსად მოიქცნენ და მომავალი ნარუტოს მიანდეს, ამიტომ ამ ორ სიცოცხლესთან იგი დაბადებიდანვეა დაკავშირებული.
ამასობაში ობიტო ახალ შეტევას წამოიწყებს. მადარას გაფრთხილების მიუხედავად, კუდიანი ურჩხულის ბურთს იგი ათკუდიანის სიახლოვეს განლაგებულ ალიანსს დაუმიზნებს, თუმცა, საის დახმარებით, გიუკი მას თავის ბურთს შეაჯახებს და ორივეს ათკუდიანის ხახაში შეაგდებს, რაც დიდი აფეთქებას გამოიწვევს.
ნარუტო გონს მოეგება. მას თვალწინ ჯირაია, მინატო, კუშინა, ჰირუზენი, ჩიიო, ინოიჩი, შიკაკუ, იტაჩი და ნაგატო წარმოუდგებიან. გააცნობიერებს რა, რომ ყოველმა მათგანმა თავისი იმედები სწორედ მასზე დაამყარა, ნარუტო ჰინატას ხელს ჩაკიდებს და მადლობას გადაუხდის. იგი იტყვის, რომ სწორედ ჰინატას წყალობითაა ცოცხალი და რომ მას ხელს არ გაუშვებს, რის შემდეგაც იგი კუდიანი ურჩხულის რეჟიმში გადავა და ცხრაკუდიანის ჩაკრას ჰინატასაც გაუზიარებს.
ოროჩიმარუ, სასკე, ჯუგო და სუიგეცუ რაღაც ადგილს მიუახლოვდებიან. ყოველი მათგანი რაღაც უცნაურ ჩაკრას იგრძნობს, რაც ოროჩიმარუს ჩააფიქრებს, რადგან მათგან არც ერთი არ წარმოადგენს სენსორს.
ნარუტო ჩრდილის კლონებს შექმნის და ცხრაკუდიანის ჩაკრას თანამებრძოლებს გაუნაწილებს. გაძლიერებული ჰინატა ათკუდიანის შეტევას რვა ტრიგრამის ვაკუუმის ხელისგულით მოიგერიებს, რაც მადარას გააკვირვებს. ინო-შიკა-ჩო ფორმირების შესასრულებლად მოემზადება. შიკამარუსა და ინოს ცნობიერებაში მათი მამები გაჩნდებიან, რომლებიც მათ გაამხნევებენ და ეტყვიან, თუ როგორ ძლიერ ამაყობენ მათით. ინო ობიტოს გონებაში გადაინაცვლებს, ჩოჯი ურჩხულის კუდების მოგერიებას შეუდგება, შიკამარუ კი ათკუდიანს ჩრდილის ტექნიკით შეუტევს. მას ნარას კლანის სხვა წარმომადგენლებიც მიეშველებიან, რაც ურჩხულს დროებით შეაჩერებს.
ლი ნეჯის დაიტირებს, კაკაშის კი შიკაკუსთან კამუის მოქმედების მექანიზმის შესახებ უკანასკნელი საუბარი გაახსენდება. კურამა გააცნობიერებს, რომ ნარუტომ არა მხოლოდ გაანაწილა მისი ჩაკრა, არამედ იგი თითოეული მებრძოლისათვის შეთავსებადი გახადა. იგი მიიჩნევს, რომ ნარუტომ მეოთხე ჰოკაგესა და კუშინას აჯობა.
მას შემდეგ, რაც შიკამარუ ათკუდიანის შეჩერებას ვეღარ შეძლებს, მას გიუკი და გაერთიანებული ძალები მიეშველებიან, რომლებიც მოწინააღმდეგის კუდების განადგურებას შეუდგებიან. ობიტოს სიტყვებზე, რომ ნეჯის თავგანწირვა უაზრობა იყო, ნარუტო განაცხადებს, რომ ნეჯის ნება ჯერ ისევ ცოცხალია. იგი ალიანსს სათავეში ჩაუდგება, რომელიც მტრის მიმართულებით გაექანება. ნარუტო ობიტოს რასენშურიკენს ესვრის, რაც ურჩხულთან ობიტოს კავშირს გაწყვეტს. მადარასა და ათკუდიანის კავშირს ფეხის ერთი მოქნევით ლი გაანადგურებს, რომელიც მასთან ერთად მადარასაც შუაზე გადაჭრის, რის შემდეგაც ორივე უჩიჰა მიწაზე გადაინაცვლებს.
ჰოკაგეები გაცოცხლდნენ
ამასობაში, ოროჩიმარუ და ტაკა უზუმაკის კლანის ნიღბების საცავ ტაძარს მიუახლოვდებიან. ოროჩიმარუ იქიდან ერთ-ერთ ნიღაბს წამოიღებს და მისი მეშვეობით კონოჰას ნაკა სალოცავში შინიგამიდან მის მიერ შთანთქმული ჰოკაგეების სულებს გამოუშვებს. ამავე ტექნიკით იგი ხელებსაც აღიდგენს, რაც მას ჰოკაგეების გაცოცხლების შესაძლებლობას მისცემს. რიტუალის შესასრულებლად ოროჩიმარუ ობიტოს მიერ სასკეში ჩანერგილ ზეცუს ექვს სპორას გამოიყენებს, რასაც ჯუგო თავისი ბუნებრივი ენერგიით გაააქტიურებს.
მას შემდეგ, რაც სასკე პირველ ორ ჰოკაგეს თავისი კლანის შესახებ დაუსვამს შეკითხვებს, იგი ჰაშირამა სენჯუს ჰკითხავს, თუ რას ნიშნავს შინობი და სოფელი, რისთვისაც მისმა ძმამ თავი გაწირა. ტობირამა სენჯუს წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰაშირამა მიიჩნევს, რომ კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში სასკე მეორე მადარად გადაიქცევა და ამბის თხრობას დაიწყებს. იგი მადარასთან ორთაბრძოლასა და მასთან პირველ შეხვედრას გაიხსენებს.
ჰაშირამა თავისი ამბის თხრობას დაასრულებს და განაცხადებს, რომ მას არ ესმის, თუ რის გაკეთებას ცდილობს მადარა. სასკე მას სამარადისო ცუკუიომის მნიშვნელობას განუმარტავს და ეტყვის, რომ თავის ძმას მისი ნება გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ მას არც კი იცნობდა, რომ მან ჰაშირამაზე მეტი იტვირთა და სიამაყით მოკვდა კონოჰას შინობად.[43] სასკეს აზრით, ბედის ირონიაა ის, რომ შინობი, რომელსაც ჰაშირამასი ყველაზე უკეთ ესმოდა, უჩიჰა იყო. მათი საუბრის გამგონე ტობირამა განაცხადებს, რომ მის დროსაც იყო ერთი უჩიჰა – კაგამი, რომელმაც, იტაჩის მსგავსად, კლანის საზღვრებს გადააბიჯა და სოფლისთვის ბევრი გააკეთა. ტობირამა დაამატებს, რომ თავისი ძმის სურვილი სოფლის შექმნით კლანებს შორის საზღვრების წაშლა იყო, რისი გაკეთებაც არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა და რომ თავად, როგორც ჰოკაგემ, სოფლის დაცვისა და გაძლიერების მიზნით კლანებს შორის შუამავლის როლი იკისრა. ჰირუზენი კაგამის ვაჟს, შისუი უჩიჰას გაიხსენებს. იგი განაცხადებს, რომ მან მე-2 ჰოკაგეს საქმის ღირსეულად გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ძალაუფლება დანზოს მიანიჭა. სასკე იტყვის, რომ სიკვდილის წინ დანზომაც კი განაცხადა, რომ სოფლისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ჰირუზენის თქმით ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, მისი ბრალია, რადგან როგორც ჰოკაგეს შეცდომების დაშვების გარდა სხვა არაფერი გაუკეთებია. მინატო მას ეტყვის, რომ მან სოფლისთვის ყველაფერი გააკეთა, თავად კი მისი იმედები ვერ გაამართლა, რადგან ნაადრევად დაიღუპა. ოროჩიმარუ დასძენს, რომ ეს მართლაც საწყენია, რადგან მესამემ მასაც კი გადააბიჯა, რათა ჰოკაგედ მინატო აერჩია.[44] იგი სასკეს ჰკითხავს, თუ რის გაკეთებას აპირებს. სასკე წამიერად დაფიქრდება, გაიხსენებს იტაჩის უკანასკნელ სიტყვებს და განაცხადებს, რომ იგი საბრძოლველად წავა, რადგან სოფელსა და საკუთარ ძმას ტყუილუბრალოდ ვერ დაკარგავს.[45] მას ჯუგო და ოროჩიმარუც შეუერთდებიან. ამის გამგონე სუიგეცუ გაქცევას დააპირებს, თუმცა მას კარინი შეაჩერებს, რომელიც სასკეს გამოჩენისთანავე დაუყვირებს, რომ მას არასდროს აპატიებს, თუმცა მეორე წუთში იგი ყოველგვარ წყენას დაივიწყებს და მას ჩაეხუტება. ოროჩიმარუს გადაწყვეტილებით გაოცებული ჰირუზენი მას ჰკითხავს, თუ რატომ აკეთებს ამას. ოროჩიმარუ მას მიუგებს, რომ კაბუტოსგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის მის მიბაძვას ცდილობდა, სასკეს ეს არასდროს გაუკეთებია, ამიტომ იგი მისი “განსხვავებული არჩევანითაა” დაინტერესებული. საბრძოლველად წასვლის წინ ჰოკაგეები კონოჰას გადახედავენ და თავიანთ გამოქანდაკებულ სახეებზე განლაგდებიან.
ამასობაში შინობთა გაერთიანებული ძალები მადარას, ობიტოსა და ათკუდიანს ებრძვის, რომელსაც აღარავინ მართავს. პირველი მათგანი ცეცხლის გამოშვება: დიდებული ამოწყვეტა ცეცხლით-ს, მეორე კი ცეცხლის გამოშვება: აფეთქების ტალღის ველურ ცეკვას გამოიყენებს, თუმცა გაერთიანებულ ძალებს ცხრაკუდიანის ჩაკრა დაიცავს, რაც მანამდე ნარუტომ მის ყოველ წევრს გაუზიარა. კამუის გამოყენებით ობიტო ნარუტოს სიახლოვეს გადაინაცვლებს და მას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ არაფერი გამოუვა და მისი მეგობრები დაიხოცებიან. ამასობაში მადარა ჰაშირამას ჩაკრას იგრძნობს, გამხეცებული ათკუდიანი კი თენფენჩიის გამოსაყენებლად დაიწყებს მზადებას. ათკუდიანის შესაჩერებლად ობიტო მის ჯინჩურიკად გახდომას გადაწყვეტს, რაც მას არ დასცალდება, რადგან კაკაში ურჩხულზე კამუის გამოყენებას შეეცდება. ობიტო მას თავისთან ერთად სხვა განზომილებაში გადაიყვანს, ათკუდიანი კი ძალღონეს მოიკრებს და ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს, რაც იქაურობას მთლიანად დაფარავს.