
პოეზია
ილია ჭავჭავაძე – მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით ..
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე…