პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.

რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

თქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

“მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

ტირს, იტყვის: “დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო;
ინდოთა რაზმი ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზა თმანო.
თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო!
ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, მომცემდი პატიჟთა, თმანო!”

იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

“ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

ამას მოთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

მარტო მოთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე ვაგლახ, იანი!”

აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების;
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოლსვა დია ეამების.

ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?”
ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით, არ ამბავითა”.

ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა,
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!

“მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!”

კვლა ქალი ეტყვის: “მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,
მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

“შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა!
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

“ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია:
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

“მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა».
მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა.

«მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომმცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,
ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები».

“ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა.
მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედა-ზედისა,
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

“ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.

ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

“ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

“პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი!
მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.

“ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

“დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო;
წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!”

ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
“რად მიმეცო ამა ჭირსა?”, ბედსა ამას უზრახვიდა.

იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

“მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

კვლა იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე,
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკთხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button