შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან რებულნი, –
სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს დებულნი, –
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდა ვეფხმან გული, – დედათამცა გამოჰრიდნეს! –
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»
ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.
“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!
“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.
ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.
“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.