ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მცირე მოხსენება დიდ საკითხზე

იმ საგანთა შორის, რომელნიც საზოგადო კრებამ სათავად-აზნაურო ბანკისამ უნდა განიხილოს, არის ერთი ფრიად საყურადღებო საგანი. ეს გახლავთ დანიშვნა სამუდამო შემწეობისა ჩვენი ერთად-ერთი სამეურნეო სკოლისათვის, რომელიც დაარსებულია წინამძღვრიანთ-კარში და რომელიც ნაყოფია განათლების სიყვარულისა, მხნეობისა და თავ გამოდებისა ბატონ ილია ივანე ძის წინამძღვრიშვილისა. მე მსურს რამდენიმე სიტყვა მოვახსენო საზოგადო კრების წევრთა ამ მეატდ მიმზიდველს, ფრიად სიმპატიურს საგანზედ.

ბანკის წესდების მოთხოვნილებით, წმინდა მოგება უნდა იხარჯებოდეს სასარგებლოდ მემამულეთა და მხნელ-მთესველთა. ვიკითხოთ: რა უფრო უჭირს ამ ორსავე წოდებას და რა უფრო სასარგებლოა მათთვის? რასაკვირველია, იმისთანა ცოდნა, რომელიც ასწავლის მათ შვილთა გონივრულს, მეცნიერულს შემუშავებას მამულისას, წინ წასწევს მხვნელ-მთესველობას, მამულის შემოსავალს გააძლიერებს და მეტს დოვლათს მისცემს როგორც მიწა-წყლის მეპატრონეთა, ისე მხვნე-მთესველთა. ამისთანა ცოდნის მოფენას ემსახურება წინამძღვრიანთ-კარის სკოლა და როგორ ემსახურება? სწორედ სამაგალითოდ. ამას ერთი ხმით ღაღადებენ შინაურნი და გარეულნი, მტერნი და მოყვარენი, კერძო და სამსახურის პირნი, ჩვენნი და უცხონი. ეს სკოლა უმზადებს ორივე წოდებას შეგნებულს, განვითარებულს მეურნეთა, რომელთა ჭაჭანება აქამდის ჩვენში არ იყო და რის გამოისობით ჩვენი ქვეყანა ასე უკან არის ჩამორჩენილი მხვნელ-მთესველობის საქმეში. მე ვამბობ “ორივე წოდებასა-მეთქი”, და რომ ეს სიტყვები ნამდვილი ჭეშმარიტების გამომხატველი არის, აშკარადა სჩანს სკოლის მოწაფეთა სიიდგან. ორმოც-და-ხუთ მოწაფეთა შორის 15 თავადი და აზნაურიშვილია და დანარჩენი გლეხები. მაშასადამე, წინამძღვრიანთ-კარის სკოლა არის სკოლა მემამულეთა და მხვნელ-მთესველთა შვილებისათვის. თუ იმას იფიქრებთ ამ რიხვის მიხედვით, რომ სკოლა უფრო გლეხებისაა, ვიდრე თავადაზნაურობისაო, მოტყუებული იქნებით. თუმცა გლეხთა შვილები უფრო ბლომად შედიან სკოლაში, გარნა ექვსი წლის განმავლობაში სწავლას და კურსის დამთავრებას ახერხებენ თითქმის მარტო კეთილშობილის წოდების ყმაწვილები. ამას ემოწმება ის ფაქტი, რომ შარშან კურსი შეასრულეს მხოლოდ თავადებმა და აზნაურებმა, მხოლოდ ისინი წავიდნენ ყირიმში სამეურნეო სწავლის დასამთავრებლად, მშვენივრად დაიჭირეს ეგზამენი, წარმატებით სწავლობენ და ორის წლის შემდეგ დაბრუნდებიან სამშობლოში, რათა მის მეურნეობის წინ წაწევას დაეხმარნენ.

პირდაპირი სარგებლობის გარდა, წინამძღვრიანთ-კარის სკოლას მოაქვს კიდევ ერთი ფრიად უდიდესი სიკეთე, რომელიც ბევრით აღემატება პირდაპირ მისს სარგებლობას. საქმე ის გახლავთ, რომ ეს სკოლა როდია მარტო სასიხარულო მოვლენა, ფაქტი, ღირსი სრულის თანაგრძნობისა და უხვის შემწეობისა. იგი ამავე დროს არის განხორციელებული პრინციპი ჭეშმარიტის განათლებისა, იმისთანა პრინციპი, რომლის გარეშე ერის ფეხზე წამოყენება და მისი წარმატება ყოვლად-შეუძლებელია. სადაც-კი ჭეშმარიტი განათლების ლამპარი დანთბულა, დედა-ბოძად მას ჰქონია და აქვს დედა-ენა, სწავლება დედა-ენაზედ, როგორც საუკეთესო ღონე გონების განვითარებისა და ცოდნის შეძენისა. ღონე ბუნებისაგან და ღვთისაგან მინიჭებული და დალოცვილი. რომელს ქვეყანაშიაც კი გადუხვევიათ ამ გზისათვის, იქ გონების გახსნის მაგიერ მისი დახშობა მიუღიათ, განათლების მაგიერ – დაბნელება და ზნეობის განწმენდის ამაღლების მაგიერ – მისი დაცემა.

ჩვენში მხოლოდ წინამძღვრიანთ-კარის სკოლა ადგია მტკიცედ და შეურყევლად ამ დალოცვილსა და ჭეშმარიტს გზას განათლებისას; მარტო იგი ასრულებს ძირითად მცნებას პედაგოგიისას, მხოლოდ მას უპყრია ხელში დროშა გონებრივის წმინდა სინათლისა, მარტო იგია მოშორებული კომლსა და ხრჩოლვას, რომელიც მეტ-ნაკლებობით ტრიალებს ყველა სხვა სასწავლებელში და სულს უხუთავს მოზარდ თაობას, ფრთას უკვეცავს გონებასა და მისწრაფებას. საკუთარის წესდების ძალით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობისაგან, წინამძღვრიანთ-კარის სკოლაში სწავლება ყველა საგნებისა მთელის ექვსის წლის განმავლობაში მიდის და სწარმოობს დედა-ენაზედ, და სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი სკოლის იმ აყვავებისა, რომელსაც ყველანი აღტაცებაში მოჰყავს… ყველა, ვინც-კი წინააღმდეგია ამ განმაცხოველებელი პრინციპისა, დღეის შემდეგ ჩვენ შეგვიძლიან ჩავაჩუმოთ, პირში ჩალა გამოვავლოთ წინამძღვრიანთ-კარის სკოლაზედ მითითებითა. “მოდით, ნახეთ, დარწმუნდით და ღობე-ყორეს, ღენას თავი დაანებეთ”, შეგიძლიანთ უთხრათ უკუღმართ პირთა.

ეს იმისთანა დიდ ღვაწლს შეადგენს, რომლის მნიშვნელობის გაზვიადება ყოვლად შეუძლებელია, მეტადრე ეხლანდელს ჩვენს მდგომარეობაში. ეს უდიდესი სამსახურია ერის აწმდგომისა და მომავლისა. ამ ღვაწლის მნიშვნელობა ყველას ესმის; ზოგს ინსტინქტით, ალღოთი, ზოგს გამორკვეულის აზრით. კიდეც ამით აიხსნება ის მხრუვალე თანაგრნობა, რომელსაც უცხადებენ წინამძღვრიანთ-კარის სკოლას და არა მარტო ქართველნი, არამედ სომეხნიც, რუსნიც, თათრებიც და ყველა კავკასიის მცხოვრებნი, და რომელიც ავიდა იმ ხარისხამდე, რომ ხელმოკლე მწერალნი და ლაქიებიც-კი თავისთავს ლუკმა პურს აკლებენ და შემწეობას აწოდებენ ამ სკოლას თავისი ღარიბი ჯიბიდგან.

სხვებთან ერთად ჩვენ ვგონებთ, რომ წინამძღვრიანთ-კარის სკოლა სახელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს თვით ქართველ თავად-აზნაურობისათვის… ერთი ქართველი ღარიბი აზნაურიშვილი, დატვირტული რთულის სამსახურით, ხსნის და სამაგალითოდ აწარმოვებს სამეურნეო სკოლას და რის მეოხებით. ნუ თუ ეს მაგალითი ბრწყინვალე საბუთი არ არის იმისი, რომ ჩვენს კეთილშობილს წოდებას არ დაუკარგავს მამა-პაპური ძალა და გამჭრიახობა და შეუძლიან იმავე სიმარჯვით და სიქველით მოიხმაროს გონებრივი იარაღი სამშობლო სიბნელის გასაფანტად, რა სიმარჯვითაც ხმარობდნენ მისნი წინაპარნი თოფ-იარაღს სამშობლოს ქვეყნის მტრის შესამუსრად.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბანკის საზოგადო კრება ერთხმივ გადასდებს წინამძღვრიანთ-კარის სკოლის შესაწევად იმ ოთხას-ხუთასს თუმანს, რომელიც წელიწადში საჭიროა ამ სკოლის არსებობისა და წარმატებისათვის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button