საკითხავიფილოსოფია

თომას ჰობსი – ლევიათანი

თავი XIII

კაცთა მოდგმის ბუნებით მდგომარეობაზე მის ბედნიერებასა და უბედურებასთან კავშირში

ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ, რომ, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ვინმემ თქვას, მე რაღაც ისეთი სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო. სხეულის ძალა რომ ავიღოთ, ის ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ყველაზე ღონიერი მოკლას, თუკი რაიმე ფარულ ხრიკს მიმართავს ან იმას შეეკვრება, ვისაც ეს ღონიერი ადამიანი აგრეთვე საფრთხეს უქმნის.

რაც შეეხება გონებრივ შესაძლებლობებს, თუ გამოვრიცხავთ სიტყვის ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ზოგადი და უეჭველი წესებით ხელმძღვანელობის უნარს, მეცნიერებას რომ უწოდებენ – ეს
უკანასკნელი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ისიც მხოლოდ ვიწრო სფეროში, თანაც ის ადამიანს თანდაყოლილად არ ეძლევა და არც სხვადასხვა საგნებზე დაკვირვებით უვითარდება, როგორც, მაგალითად, კეთილგონიერება, – მე ადამიანთა შორის კიდევ უფრო მეტად ვხედავ თანასწორობას, ვიდრე ფიზიკური ღონის მხრივ. კეთილგონიერება ხომ სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილება, რასაც ადამიანები თანაბარ დროში თანაბრად მოიპოვებენ, თუ ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევიან. ასეთი თანასწორობის დანახვას ხელს უშლის მხოლოდ გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ სიბრძნეზე, რაც თითქმის ყველა ადამიანს აფიქრებინებს, ვიღაც მდაბიოებზე უფრო ბრძენი ვარო – ამ მდაბიოებში კი ყველა შეგვყავს, გარდა საკუთარი თავისა და იმ რამდენიმე ადამიანისა, ვისაც სახელისა თუ ხშირი ურთიერთობის გამო უფრო მეტად ვაფასებთ. კაცის ბუნება ისეთია, რომ შეუძლია მრავალი სხვა მასზე გონებამახვილად, მჭევრმეტყველად ან ნასწავლად აღიაროს, მაგრამ უჭირს დაჯერება, რომ ბევრი სხვა მასავით გონიერია. ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ ჭკუას უშუალოდ აღვიქვამთ, სხვებისას კი – შორიდან. ეს ადასტურებს, რომ ადამიანები ამ ნიშნით უფრო თანასწორნი არიან, ვიდრე არათანასწორნი. რა უნდა იყოს უკეთესი მოწმობა რაიმე სიკეთის თანაბრად განაწილებისა, თუ არა ის, რომ თავისი წილი ყველას აკმაყოფილებს!

უნარების თანასწორობიდან მიზნების მიღწევის თანაბარი იმედიც გამომდინარეობს. ხოლო ამის გამო, თუ ორი კაცი მოინდომებს ერთსა და იმავე საგანს, რომელსაც ორივე ერთად ვერ ფლობს, ისინი ერთმანეთს სამტროდ ეკიდებიან. ამგვარად, როცა ადამიანები მიზნების მიღწევას ესწრაფვიან, რაც უპირატესად თვითგადარჩენა, ხანდახან კი – მხოლოდ სიამოვნებაა, ისინი ამავე დროს ერთმანეთის განადგურებას ან დამორჩილებას ცდილობენ. ამასთან, თავდამსხმელს შეუძლია ივარაუდოს, რომ მხოლოდ ადამიანის წინააღმდეგობა ექნება დასაძლევი; ხოლო ის, ვინც რაიმეს დათესავს, მოიმკის, ააშენებს ან სასურველ ნაკვეთს დაეპატრონება, უნდა ელოდოს, რომ სხვები მოემზადებიან და ერთად თავს დაესხმებიან, რათა გაძარცვონ და არა მხოლოდ მისი შრომის ნაყოფი, არამედ სიცოცხლეც ან თავისუფლება წაართვან. მაგრამ თავდამსხმელსაც, თავის მხრივ, ასეთივე საფრთხე მოელის.

ასეთი ურთიერთშიშის პირობებში საღად მოაზროვნე კაცს დაცულობის განცდა ვერ ექნება, თუ არ შეეცდება ძალით ან ხერხით რაც შეიძლება მეტი სხვა ადამიანი დაიმორჩილოს, სანამ დამმუქრებელი აღარავინ დარჩება. ასეთი ქცევა საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობას არ სცდება და საზოგადოდ დასაშვებია. მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის იქნებიან ისეთნიც, ვისაც სხვებზე გაბატონება საკუთარი ძალის დემონსტრირების გამო სიამოვნებს, ამიტომ ისინი უფრო შორს მიდიან ამ მხრივ, ვიდრე მათი უსაფრთხოება მოითხოვს. ამის გამო, ის ხალხიც, ვინც თავად მზადაა მშვიდად იცხოვროს გარკვეული საზღვრების შიგნით და არ სურს, სხვისი დამორჩილებით გაიფართოოს ძალაუფლება, დიდხანს ვერ გაიტანს თავს, თუ მხოლოდ თავდაცვას დასჯერდება. ამიტომ, რაკი სხვებზე ბატონობის სფეროს გაფართოება აუცილებელია ადამიანის თავდაცვისათვის, მას ამის უფლებაც უნდა ჰქონდეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვით: კაცთათვის სულაც არ არის სასიამოვნო, პირიქით, უამრავი ვაების მომტანია, ერთად იცხოვრონ ისეთი ძალის გარეშე, რომლის რიდიც ყველას ექნება. ყველა მოელის თანამოქალაქეთაგან ისეთ დაფასებას, როგორიც თავისი აზრით, ეკუთვნით; ხოლო ვინც სხვათაგან აბუჩად აგდებას და უპატივცემულობას დაინახავს, ბუნებრივად შეეცდება, თუ ამას გაბედავს (ხოლო იქ, სადაც არ არსებობს კაცთა დამაოკებელი საერთო ძალაუფლება, ერთმანეთის განადგურებას არაფერი უშლით), აიძულოს სხვები, მეტი პატივისცემით მოეპყრან: ზოგს დასჯის, სხვებს კი ამით მაგალითს აჩვენებს.

ასე რომ, ადამიანის ბუნებაში კონფლიქტის სამ ძირითად წყაროს ვპოულობთ: პირველია შეჯიბრი, მეორე – შიში, მესამე კი – პატივმოყვარეობა. პირველი უბიძგებს ადამიანს მოხვეჭისთვის, მეორე – უსაფრთხოებისთვის, მესამე კი – სახელისთვის დაესხას თავს სხვას. პირველ შემთხვევაში კაცი ძალადობას იყენებს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს, მათ ცოლ-შვილსა და ნახირს დაეპატრონოს; მეორე შემთხვევაში – თავის დასაცავად; მესამეში, ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიცაა სიტყვა, ღიმილი, განსხვავებული აზრი ან უპატივცემულობის ნებისმიერი გამოხატულება, რომელიც ან უშუალოდ მისი პიროვნებისადმია მიმართული ან გაშუალებულად ეხება მის ახლობლებს, მეგობრებს, ერს, ამქარს ან გვარს.

აქედან ცხადია, რომ, სანამ ადამიანებს არა აქვთ საერთო ძალაუფლება, რომელიც ყველას მოწიწების მდგომარეობაში ამყოფებს, ისინი ომად წოდებულ ვითარებაში არიან და ეს არის ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ. რამეთუ ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ან შერკინების მომენტი, ომი ჰქვია დროის იმ მონაკვეთს, როდესაც საკმარისად ცხადია ბრძოლის გზით დაპირისპირების ნება. მაშასადამე, დროის ცნება ისევე უნდა მივიჩნიოთ ომის ბუნების ნაწილად, როგორც ამას ამინდის შემთხვევაში ვაკეთებთ. როგორც ავდარს არ ვეძახით მხოლოდ ცალკეულ ჟინჟღლს თუ თქორს, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს, ასევე ომის არსია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ გამოხატული მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისგან დაცული არა ვართ. ყველა სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია.

მაშასადამე, ყოველივე ის, რაც ითქმის დროზე, როცა ყველა ადამიანი ყველა სხვის მტერია, ითქმის იმ დროზეც, როდესაც ადამიანს არა აქვს უსაფრთხოების სხვა გარანტია, გარდა იმისა, რასაც საკუთარი ძალითა და გამჭრიახობით მოიპოვებს. ასეთ პირობებში არავინ შრომობს, რადგან მისი ნაყოფი გაურკვეველია, შესაბამისად, არ ხდება მიწის დამუშავება, არ მისდევენ ზღვაოსნობას ან საზღვაო ვაჭრობას, ფართოდ არ იშლება მშენებლობა, არ ქმნიან იარაღებს, რომელთა მეშვეობითაც დიდ საგნებს ადგილიდან დავძრავთ და გადავიტანთ; არ იძენენ ცოდნას მიწის ზედაპირის შესახებ, არ ზომავენ დროს, არ მისდევენ ხელოვნებას, არ ავითარებენ მწერლობას, არა აქვთ საზოგადოება, რაც ყველაზე უარესია, ადამიანებს მუდმივად ეშინიათ ძალადობრივი სიკვდილისა. კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე.

ვისაც კარგად არ გაუაზრებია ყოველივე ეს, შეიძლება გაუკვირდეს, რომ ბუნება ასე აცალკევებს ადამიანებს და აგულიანებს მათ, ერთმანეთს თავს დაესხან და გაანადგურონ. ასეთებმა შეიძლება არ დაუჯერონ ჩემს დასკვნებს, რაკი ისინი ადამიანთა ვნებებიდან გამომაქვს, და გამოცდილების მეშვეობით მათი დასაბუთება მომთხოვონ ასეთი პიროვნება თავის თავს დააკვირდეს: სამოგზაუროდ რომ მიდის, იარაღს ისხამს და ცდილობს, კარგი გამყოლი ახლდეს, დაძინების წინ კარს კეტავს, სკივრს მაშინაც კი ადებს ბოქლომს, როცა თავად შინაა, და ყოველივე ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ იცის: არსებობს კანონები და შეიარაღებული საჯარო ოფიცრები, რომლებიც პასუხს აგებინებენ ყველას, ვინც მას ზიანს მიაყენებს.

რა წარმოდგენა აქვს ასეთ ადამიანს თანამემამულეებზე, როცა სამოგზაუროდ იარაღდება; თანამოქალაქეებზე, როცა სახლის კარებს რაზავს; შვილებსა და მოსამსახურეებზე, როცა სკივრს ბოქლომს ადებს? განა ის საქმით ისეთსავე ბრალდებებს არ უყენებს კაცთა მოდგმას, როგორსაც მე სიტყვით ვუყენებ? მაგრამ არც ერთი ჩვენგანი ამ დროს ადამიანის ბუნებას არ ამტყუნებს. ადამიანის სურვილები და ნაირნაირი ვნებები თავისთავად ცოდვა არ არის. ამ ვნებებიდან მომდინარე, ქმედებაც ცოდვად ვერ ჩაითვლება, თუ ჩამდენმა არ იცის, რომ მათი ამკრძალავი კანონი არსებობს: მაგრამ ეს მას ვერ ეცოდინება, სანამ კანონები არ შექმნილა, ხოლო კანონები ვერ დაიწერება, სანამ ადამიანები არ შეთანხმდებიან, ვის ეკუთვნის მათი დაწერა.

კაცმა შეიძლება სხვათა შორის გაიფიქროს, რომ არასოდეს ყოფილა დრო თუ ვითარება, როდესაც ადამიანები ასე, ომის მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. მეც მწამს, რომ მთელი მსოფლიო ასეთ დღეში არასოდეს ყოფილა. მაგრამ ბევრგან ადამიანებს დღესაც ამგვარად უწევთ ცხოვრება. ამერიკის ბევრ ნაწილში ველურ ხალხს სულ არ ჰყავს მთავრობა, თუ არ ჩავთვლით პატარა გვარების წინამძღოლებს, რომელთა თანხმობა ბუნებით ლტოლვებზეა დამყარებული. მათი ცხოვრება დღესაც ისეთივე ცხოველურია, როგორც ზემოთ აღვწერე. ესეც რომ არ იყოს, ისეთ არსებობაზე, როდესაც ხალხს ერთი მთავრობის შიში არა აქვს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, როგორ გადაგვარდება მშვიდობიანი ხელისუფლების პირობებს შეჩვეულ ადამიანთა ცხოვრება მას შემდეგ, რაც ისინი სამოქალაქო ომის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაგრამ, თუმცა არასოდეს ყოფილა დრო, როდესაც ცალკეული ადამიანები ერთმანეთის მიმართ ომის მდგომარეობაში ყოფილან, ყველა ეპოქაში მეფეები და სუვერენული ძალაუფლების მქონე პირები, მათი დამოუკიდებლობის გამო, მუდამ ერთმანეთის ქიშპში არიან და გლადიატორებივით ერთმანეთს იარაღითა და მზერით ემუქრებიან: სწორედ ამის მაჩვენებელია მათ სამეფოთა საზღვრებზე აღმართული ციხესიმაგრეები, მათი გარნიზონები, თოფები და მეზობლის ზურგში გაგზავნილი მსტოვრები. ეს საომარი დგომია. მაგრამ რაკი ისინი, ამავე დროს, თავიანთი ქვეშევრდომების გარჯას იცავენ, მათი დაპირისპირება ცალკეულ ადამიანებს არ აუბედურებს.

ყოველი ადამიანის ყველა სხვის წინააღმდეგ ომის მდგომარეობიდან გამომდინარეობს ისიც, რომ უსამართლო მასში ვერაფერი იქნება. ბოროტებისა და სიკეთის, სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებები აქ უადგილოა. სადაც არ არის საერთო ხელისუფლება, არ არის კანონიც; სადაც არ არის კანონი, ვერც უსამართლობა იქნება. ომში ორი ყველაზე დიდი სიქველე ძალა და ეშმაკობაა. სამართლიანობა და უსამართლობა არც სხეულებრივი უნარია და არც გონებრივი: სხვა შემთხვევაში ისინი ამქვეყნად მარტო მცხოვრებ ადამიანსაც ისევე უნდა ჰქონოდა, როგორც შეგრძნებები და ვნებები. ეს ის თვისებებია, რაც მხოლოდ საზოგადოებაში მცხოვრებ და არა მარტოხელა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამავე პირობებიდან გამომდინარე, იგულისხმება ისიც, რომ ამ მდგომარეობაში ვერ იარსებებს საკუთრება, ვერც რაიმეს უფლება, ვერც ჩემისა და შენის გარჩევა. ყოველი ადამიანისა იქნება მხოლოდ ის, რაც მან მოიპოვა და მხოლოდ მანამ, სანამ მისი შენარჩუნება შეეძლება. ამით საკმარისი ვთქვით იმ ცუდ მდგომარეობაზე, რომელშიც ადამიანს ბუნება აყენებს, – თუმცა, ამავე დროს, მისგან გამოსვლის შანსსაც უტოვებს, რაც ნაწილობრივ მის ვნებებს, ნაწილობრივ კი გონებას ემყარება.

ვნებები, რომლებიც ადამიანს მშვიდობისკენ უბიძგებს, არის სიკვდილის შიში, კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ნივთების ქონის სურვილი და იმედი, რომ საკუთარი გარჯით შეიძლება მათი მოპოვება. გონება კი სთავაზობს მშვიდობის გამოსადეგ პირობებს, რომელთა შესახებაც ადამიანებს შეთანხმება შეეძლებათ. ამ პირობებს მე ბუნებით კანონებს ვუწოდებ და მათზე უფრო დაწვრილებით მომდევნო ორ თავში ვილაპარაკებ.

თავი XIV
პირველი და მეორე ბუნებითი კანონებისა და ხელშეკრულების შესახებ

ბუნებითი უფლება, რომელსაც ავტორები, ჩვეულებრივ, jus naturales-ს უწოდებენ, არის ადამიანის თავისუფლება, გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე, როგორც სურს, საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და, შესაბამისად, მოიმოქმედოს ნებისმიერი რამ, რაც, მისი მოსაზრებითა და განსჯით, ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა. თავისუფლება, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, გულისხმობს გარე შეზღუდვების არარსებობას. ასეთი შეზღუდვები ნაწილობრივ ართმევს ადამიანს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ ხელს ვერ შეუშლის, გამოიყენოს დარჩენილი შესაძლებლობები ისე, როგორც მისი განსჯა და გონება უკარნახებს.

ბუნებითი კანონი – lex naturalis, არის მოთხოვნა ან გონებით მიკვლეული ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც ადამიანს ეკრძალება გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის სიცოცხლეს ხელყოფს ან ვერ შეაძლებინებს მას ამ უკანასკნელის დაცვას და ხელი აიღოს იმ საშუალებებზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესოა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თუმცა ისინი, ვინც ამ საგანზე მსჯელობს, ხშირად ერთმანეთში ურევს jus-ს და lex-ს უფლებასა და კანონს. მათი გარჩევა აუცილებელია, რადგან უფლება რამის გაკეთების ან რაიმესგან თავის შეკავების თავისუფლებაა, ხოლო კანონი გვიდგენს და გვავალდებულებს ქცევის ამა თუ იმ წესს. ასე რომ, კანონი და უფლება ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მოვალეობა და თავისუფლება, რომელნიც არ შეიძლება ერთსა და იმავე საგანთან მიმართებაში გავაიგივოთ.

როგორც ეს წინა თავში გაცხადდა, კაცის მდგომარეობა არის ომი ყველასი ყველა სხვის წინააღმდეგ, ხოლო ამ დროს ყველა თავისი გონების კარნახს მისდევს და არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც კაცს მტერთან ბრძოლაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეკრძალებოდეს. მაშასადამე, ასეთ მდგომარეობაში ყველა ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის მეორის სხეულის ხელყოფისა. აქედან გამომდინარე, სანამ ძალაშია ბუნებითი კანონი, რომლის თანახმადაც ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ იმდენ ხანს იცოცხლებს, რამდენიც მისთვის ბუნებას დაუდგენია. აქედან გამომდინარეობს მოთხოვნა ან გონების ზოგადი წესი, რომ ყოველი კაცი უნდა ესწრაფვოდეს მშვიდობას, რამდენადაც მისი მოპოვების იმედი აქვს; ხოლო თუ მშვიდობის მოპოვება არ ძალუძს, მას შეუძლია ომის ყველა ხერხი და გზა ეძებოს და გამოიყენოს. ამ წესის პირველი ნაწილი შეიცავს პირველ და ძირეულ ბუნებით კანონს, რაც გულისხმობს მშვიდობის ძიებას და მის შესაფერის ქცევას; მეორე კი ბუნებითი უფლების შეჯამებაა და ამბობს, რომ ნებისმიერი საშუალებით შეგვიძლია თავის დაცვა.

ბუნების ამ ძირეული კანონიდან, რომელიც ყველა ადამიანისგან მშვიდობის ძიებას მოითხოვს, გამომდინარეობს მეორე კანონი: თუ სხვებსაც აღმოაჩნდათ იგივე სურვილი, ადამიანი მზად უნდა იყოს, რამდენადაც მშვიდობისა და თავდაცვისთვის საჭიროდ მიიჩნევს, ხელი აიღოს თავის საყოველთაო უფლებაზე და დაკმაყოფილდეს იმდენი თავისუფლებით სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რამდენსაც ის სხვა ადამიანებში დაუშვებს საკუთარი თავის მიმართ. რადგან, სანამ ადამიანები ინარჩუნებენ თავისუფლებას, აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, ყველანი ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არიან. მაგრამ თუ სხვები მასავით არ იტყვიან უარს თავის უფლებაზე, მაშინ ვერც ერთ ადამიანს ვერ მოვთხოვთ, თავისი დათმოს, რადგან ამ შემთხვევაში ის მშვიდობისთვის კი არ ემზადება, არამედ მძარცველთა წინაშე დაუცველი რჩება, ამას კი ვერავის მოვთხოვთ. ეს სახარების კანონია: მოექეცით სხვა ადამიანებს ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ ისინი მოგექცნენ.1 და ეს არის ყველა კაცის კანონი: quod tibi fieri non vis, alteri ne feceris.2 კაცის მიერ რაიმე უფლების დათმობა ნიშნავს იმას, რომ იგი უარს ამბობს თავისუფლებაზე, ხელი შეუშალოს სხვას, იგივე უფლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ის, ვინც უარს ამბობს ან ხელს იღებს რაიმე უფლებაზე, ამით რომელიმე სხვა ადამიანს კი არ ანიჭებს უფლებას, რომელიც მას მანამდე არ ჰქონია – რადგან არაფერია ისეთი, რისი უფლებაც ადამიანს ბუნებით არა აქვს – არამედ უბრალოდ წინ აღარ აღუდგება მას, საშუალებას აძლევს ამ მეორე ადამიანს, მისივე ძირეული უფლება მისგან (მაგრამ არა საზოგადოდ სხვა ადამიანებისაგან), დაუბრკოლებლად გამოიყენოს.

ასე რომ, ადამიანისთვის მომგებიანია, თუ სხვები თავის უფლებაზე ხელს აიღებენ, რადგან ის ამდენადვე შეამცირებს დაბრკოლებას საკუთარი პირველადი უფლების განსახორციელებლად. უფლების დათმობა ხდება ან უბრალოდ, მასზე ხელის აღებით, ან მისი სხვისთვის გადაცემით. უბრალოდ ხელის აღება ნიშნავს, რომ ადამიანს არ აინტერესებს, ვინ იხეირებს მისი გადაწყვეტილებით. გადაცემასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც მას საკუთარი გადაწყვეტილებიდან მომდინარე სარგებელი რომელიმე პიროვნების თუ პიროვნებებისთვის აქვს განსაზღვრული. როდესაც ადამიანმა ამა თუ იმ სახით უარი თქვა თავის უფლებაზე ან ის სხვას უბოძა, მაშინ ის ვალდებულია, მისი გამოყენება არ დაუშალოს იმ ხალხს, ვისაც ეს უფლება გადასცა ან ვის სასარგებლოდაც მასზე უარი თქვა. მას მართებს, მისი მოვალეობაა, საკუთარი ნებით მიღებული ეს გადაწყვეტილება აღარ გააუქმოს, ხოლო მისი მხრიდან ასეთი დაბრკოლების შექმნა მას შემდეგ, რაც უფლებაზე ხელი აქვს აღებული ან იგი სხვას გადასცა, იქნებოდა უსამართლობა ან ზიანის მიყენება, ანუ sine jure3 ქმედება. ზიანის მიყენება ან უსამართლობა საერო დავებში დაახლოებით იმას ჰგავს, რასაც მეცნიერთა კამათებში უაზრობას უწოდებენ. ისევე, როგორც მსჯელობის პროცესში უაზრობაა თქვა იმის საპირისპირო, რასაც თავიდან ამტკიცებდი, ასევე საზოგადოებრივ საქმეებში უსამართლობად და ზიანის მიყენებად მიიჩნევა ისეთი ქცევა, როდესაც ნებაყოფლობით აუქმებ იმას, რასაც საკუთარი ნებით აკეთებ. გზა, რითაც ადამიანი, უბრალოდ, ხელს იღებს თავის უფლებაზე ან სხვას გადასცემს მას, არის განცხადება ან რაიმე ნებაყოფლობითი და საკმარისი ნიშნით თუ ნიშნებით მითითება, რომ იგი უფლებას თმობს ან სხვას გადასცემს. ეს ნიშნები ან მხოლოდ სიტყვებია, ან მხოლოდ ქმედებები, ხშირად კი, ერთდროულად სიტყვებიცა და ქმედებებიც. ეს უკანასკნელნი შეადგენენ დანაკისრებს, რითაც ადამიანი შეზღუდული და მოვალე რჩება. ამ დანაკისრების ძალა მომდინარეობს არა ბუნებიდან – რადგან არაფერია უფრო ადვილი გასატეხი, ვიდრე კაცის სიტყვა – არამედ შიშიდან, რომ მოვალეობის შეუსრულებლობას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს.

როდესაც ადამიანი რაიმე უფლებას სხვას გადასცემს ან მასზე ხელს იღებს, ის ამას აკეთებს იმის გამო, რომ თავად იღებს ტოლფას უფლებებს ან რაიმე სხვა ხეირს ელის. რამეთუ ეს ნაბაყოფლობითი ქმედებაა, ხოლო ადამიანის ყველა ნებაყოფლობითი ქმედების მიზანია საკუთარი თავისთვის რაიმე სიკეთის მოპოვება. მაშასადამე, არსებობს გარკვეული უფლებები, რომელთა შესახებაც ადამიანი ვერანაირი სიტყვით ან ნიშნით ვერ გაგვაგებინებს, რატომ უნდა უნდოდეს მათი დათმობა ან გადაცემა. პირველ ყოვლისა, კაცი ვერ დათმობს უფლებას, წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, ვინც მას ძალადობით თავს ესხმის მოსაკლავად, რადგან გაუგებარია, რა სარგებელს შეიძლება ელოდეს ის ასეთი დათმობით. იგივე ითქმის [იმაზე, რომ ადამიანი არ გაუძალიანდეს თავდასხმას, რომლის შედეგადაც] მას დაჭრიან, ბორკილებს დაადებენ და საპყრობილეში ჩააგდებენ: ასეთი რამის ატანით კაცი ვერ მიიღებს სარგებელს, განსხვავებით იმ ვითარებისგან, როცა ის სხვის დაჭრას თუ დატყვევებას ეგუება.

გარდა ამისა, როცა სხვები მასზე ძალადობით მიიწევენ, ის წინასწარ ვერ იტყვის, უნდათ თუ არა მისი მოკვლა. საბოლოოდ, უფლების დათმობის ან გადაცემის მოტივი და მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პიროვნული უსაფრთხოება იმ თვალსაზრისით, რომ მას ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი სიცოცხლე და ისე შეინახოს თავი, რომ სიცოცხლე არ მობეზრდეს. მაშასადამე, თუ ადამიანი სიტყვით ან რაიმე ნიშნით უარს იტყვის იმ მიზანზე, რისთვისაც ეს ნიშანი იყო განკუთვნილი, ვერ ჩავთვლით, რომ ის ამას ნამდვილად გულისხმობდა ან ასეთი იყო მისი ნება: უნდა მივიჩნიოთ, რომ მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა გაეგოთ მისი სიტყვები ან ნიშნები. უფლების ურთიერთგადაცემა არის ის, რასაც ხელშეკრულებას ეძახიან.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ რაიმე საგნის მიმართ უფლების გადაცემა და თავად ამ საგნის გადაცემა ანუ მიწოდება. საგნის მიწოდება შეიძლება უფლების გადაცემასთან ერთად, როგორც ხდება ნაღდი ფულით რაიმეს ყიდვა-გაყიდვის, საქონლის თუ მიწის გაცვლისას. ნივთის მიწოდება შეიძლება მოგვიანებითაც მოხდეს. შესაძლოა, ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ გარკვეული ვადით გადადოს საგნის მიწოდება, რაც მისი ვალდებულებაა, და ასევე გადაავადოს მეორე მხარის მიერ მისი დანაკისრის შესრულებაც. ამ პერიოდში ის მეორე მხარის ნდობით სარგებლობს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებას პაქტი ან გარიგება შეიძლება ვუწოდოთ. ორივე მხარე შეიძლება შეთანხმდეს, რომ მოგვიანებით შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ამ შემთხვევაში ის, ვინც გარკვეულ ვადამდე რაღაც მოქმედება უნდა შეასრულოს, ნდობით სარგებლობს, მის მიერ ამ მოქმედების აღსრულება პირობის შესრულება ანუ ნდობის გამართლებაა, – ამ მოქმედების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას კი პირის გატეხა ჰქვია.

თავი XVI
პიროვნებებზე, ავტორებსა და წარმოდგენილ საგნებზე

[…] ადამიანთა სიმრავლე ერთ პიროვნებად იქცევა, როცა იგი წარმოდგენილია ერთი ადამიანით ან ერთი პიროვნებით, თანაც ისე, რომ ეს ამ სიმრავლეში შემავალი თითოეული წევრის თანხმობით ხდება, რამეთუ წარმომადგენლის და არა წარმომადგენელთა ერთობაა, რაც პიროვნებას ერთად აქცევს. მხოლოდ წარმომადგენელია პიროვნების, ამასთან მხოლოდ ერთი პიროვნების, მატარებელი; სხვაგვარად, ერთობა სიმრავლეში წარმოუდგენელია. რადგან სიმრავლე თავისი ბუნებით ბევრია და არა ერთი, მისი წარმომადგენლები ჩაითვლებიან მრავალ და არა ერთ ავტორად ყოველივე იმისა, რასაც მათი წარმომადგენელი მათი სახელით ამბობს ან აკეთებს. ყოველი ადამიანი საერთო წარმომადგენელს აძლევს რწმუნებას (ავტორიზაციას) საკუთარი თავის მხრიდან და ფლობს ყველა მოქმედებას, რომელსაც მისი წარმომადგენელი სჩადის, თუ მათი რწმუნება შეზღუდული არ არის. სხვა შემთხვევაში, როცა ისინი ზღუდავენ მას იმაში, რაში და სადამდე შეუძლია მათი წარმოდგენა, არც ერთი [წარმომადგენელი] არ ფლობს იმაზე მეტს, ვიდრე ის, რისი გაკეთების მანდატიც მისცეს. ხოლო თუ წარმომადგენელი მრავალი ადამიანისგან შედგება, მეტი ხმა ყველა მათგანის ხმად უნდა ჩაითვალოს. მაგალითად, თუ მცირე ნაწილი გამოთქვამს თანხმობას, ხოლო უმრავლესობა – უთანხმოებას, უარი საჭიროზე მეტი იქნება იმისთვის, რომ ჰო გააქარწყლოს. მაშასადამე, არა-ს უპირატესობას აღარაფერი უპირისპირდება და ის წარმომადგენლის ერთადერთ ხმად იქცევა.

თავი XVII
სახელმწიფოს მიზეზებზე, წარმოშობასა და განსაზღვრებაზე

საბოლოო მიზეზი, მიზანი თუ ჩანაფიქრი, რის გამოც თავისუფლებისა და ბუნებით სხვებზე ბატონობის მოყვარული ადამიანები იმგვარად იზღუდავენ თავს, როგორც ამას თანამედროვე სახელმწიფოებში ვხედავთ, თვითშენახვის და მშვიდი ცხოვრების მოლოდინია. სხვა სიტყვებით, მათ უნდათ, ამ გზით თავი დააღწიონ ომის იმ უბადრუკ მდგომარეობას, რაც, როგორც ვაჩვენეთ (თ. 13), აუცილებლად გამომდინარეობს ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებებიდან ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს თვალსაჩინო ძალა, რაც მათ მოწიწებაში ამყოფებს და სასჯელის შიშით აიძულებს, დაემორჩილონ მათსავე ხელშეკრულებას და მე-14 და მე-15 თავებში ჩამოყალიბებულ ბუნებით კანონებს.

ისეთი ბუნებითი კანონები, როგორიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, თავმდაბლობა, გულმოწყალება, მოკლედ, სხვის მიმართ ისე მოქცევა, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ, ცხადია, მათი შესრულების მაიძულებელი ძალის მიმართ ძრწოლის გარეშე, ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებით ვნებებს, რომლებიც მიკერძოებისკენ, გულზვიადობისკენ, შურისძიებისა და მსგავსი ქცევისკენ გვიბიძგებენ. ხმლის გარეშე შეთანხმებები ოდენ სიტყვებია და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი არა აქვს. მაშასადამე, რასაც არ უნდა ითხოვდეს ბუნების კანონები (რომელთაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცავთ, თუნდაც ამის სურვილი გვქონდეს, თუ ეს საფრთხეს არ მოგვიტანს), თუ არ იარსებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალაუფლება, მაშინ ყველა ადამიანი სრული უფლებით დაეყრდნობა საკუთარ ძალას და მოხერხებას სხვა ადამიანებისაგან თავის დასაცავად. […]

ერთადერთი გზა ასეთი საერთო ძალაუფლების შექმნისა, რომელიც შეძლებს, დაიცვას ადამიანები უცხოელთა შემოსევებისა თუ ერთმანეთის მიმართ ვნების მიყენებისაგან და საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი შრომითა და მიწის ნაყოფთა გამოყენებით გამოიკვებონ და დამაკმაყოფილებელი ცხოვრება ჰქონდეთ, არის ადამიანთა მთელი ძალისა და შეძლების გადაცემა ერთი კაცისთვის ან საკრებულოსთვის, რომელიც თავისი წევრების ნებებს ხმის უმრავლესობით ერთ ნებას დაუქვემდებარებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა მათი სახელით სამოქმედოდ უნდა დანიშნონ ერთი კაცი ან საკრებულო, და თითოეულმა ყველა იმ მოქმედების მფლობელად და ავტორად უნდა გამოაცხადოს თავი, რასაც იგი ჩაიდენს ან სხვას ჩაადენინებს საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამით მათ თითოეულის ნება მის ნებას უნდა დაუქვემდებარონ, თითოეულის განსჯა – მის განსჯას. ეს მეტია, ვიდრე თანხმობა ან ერთსულოვნება: ეს მათი ნამდვილი გაერთიანებაა ერთსა და იმავე პიროვნებაში, რაც ყველა ადამიანის ყველა სხვასთან შეთანხმებით ხდება. ეს ისე ხდება, თითქოს თითოეულ ადამიანს თითოეული სხვისთვის ეთქვას: მე ამ კაცს, ან ადამიანთა ამ საკრებულოს, რწმუნებას ვაძლევ და ვუთმობ ჩემი თავის მართვის უფლებას იმ პირობით, თუ შენც გადასცემ მას ასეთსავე უფლებას და ასეთსავე რწმუნებას. ამის შემდეგ, ერთ პიროვნებად გაერთიანებულ სიმრავლეს ერქმევა სახელმწიფო (commonwealth), ლათინურად – civitas. ამრიგად, იქმნება ის დიადი ლევიათანი (ან, უფრო მოწიწებით თუ ვიტყვით, მოკვდავი ღმერთი), რომელსაც უკვდავი ღმერთის ხელში, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ვუმადლით. რაკი ამ რწმუნების ძალით, რაც მას სახელმწიფოში თითოეული ადამიანისაგან აქვს მინიჭებული, მას იმდენი უფლება და ძალა აქვს, რომ, ამ ძალისადმი შიშზე დაყრდნობით, შეუძლია ყველა მათგანის ნება მიმართოს საშინაო მშვიდობის მისაღწევად და გარე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის დასახმარებლად.

სწორედ ამაშია სახელმწიფოს არსი, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ერთი პიროვნება, რომლის მოქმედების ავტორადაც თავი გამოაცხადა მრავალმა, ვინც ერთმანეთს შეუთანხმდა იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია ყველა მათგანის ძალა და უნარები გამოიყენოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოებისათვის. ამგვარ პიროვნებას ჰქვია სუვერენი და მას სუვერენული ძალაუფლება მიეწერება; ყველა სხვა კი მისი ქვეშევრდომია.

სუვერენული ძალაუფლების მოპოვება ორგვარი გზით არის შესაძლებელი. ერთ შემთხვევაში ეს ხდება ბუნებრივი ძალით, იმის მსგავსად, როგორც კაცი აიძულებს თავის შვილებს თვითონაც და თავიანთი შვილებიც მის მმართველობას დაუქვემდებაროს, რადგან უარის შემთხვევაში მათი განადგურება შეუძლია. ასევე, კაცს შეუძლია, ომით დაიმორჩილოს სხვები მათი სიცოცხლის შენარჩუნების პირობით. მეორე გზა ისაა, როდესაც ადამიანები თავისი ნებით თანხმდებიან, დაემორჩილონ ერთ ადამიანს ან ადამიანთა საკრებულოს იმის რწმენით, რომ ისინი მათ ყველა სხვისგან დაიცავენ. ამ უკანასკნელს შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური სახელმწიფო, ან დაწესების გზით შექმნილი სახელმწიფო, პირველს კი – მოხვეჭის გზით შექმნილი სახელმწიფო. თავდაპირველად დაწესების გზით შექმნილ სახელმწიფოზე ვისაუბრებ.

თავი XVIII
დაწესებით შექმნილი სუვერენის უფლებები

სახელმწიფო დაწესებულად ითვლება, თუკი მრავალი ადამიანი თანმხდება და თითოეული მათგანი ხელშეკრულებას დებს თითოეულ სხვასთან იმაზე, რომ ვისაც არ უნდა მიანიჭოს მათმა უმრავლესობამ ყველა მათგანის პიროვნების წარმოდგენის უფლება (ადამიანს თუ საკრებულოს) – ანუ ვინც არ უნდა გახადონ თავის წარმომადგენლად – ყველამ, იმისდა მიუხედავად, ამ წარმომადგენელს მისცა ხმა თუ მისი წინააღმდეგი იყო, უნდა მოახდინოს ამ კაცის თუ საკრებულოს ყველა ქმედებისა თუ გადაწყვეტილების ავტორიზაცია ისე, თითქოს ის თავად მათი ყოფილიყოს, [ანუ თავად მათ ემოქმედოთ] ერთმანეთში მშვიდობის შენარჩუნებისა და სხვა ადამიანთაგან თავდაცვის მიზნით.

სახელმწიფოს ამ დაწესებიდან წარმოდგება ყველა უფლება და უნარი იმ ადამიანისა თუ საკრებულოსი, ვისაც გაერთიანებული ადამიანების თანხმობით სუვერენული ძალაუფლება მიენიჭა. პირველ რიგში, რაკი ისინი ხელშეკრულებას დებენ, წინასწარ იგულისხმება, რომ არ არიან შეზღუდულნი რაიმე წინა ხელშეკრულებით, რომელიც ახლის საწინააღმდეგოს გააკეთებინებდა. შესაბამისად, თუ მათ უკვე დააწესეს სახელმწიფო და ხელშეკრულებით ევალებათ მისი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მფლობელები იყვნენ, ისინი სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ერთმანეთთან კანონიერად ვეღარ დადებენ ახალ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც სხვას დაემორჩილებიან ნებისმიერ სფეროში. მაშასადამე, ისინი, ვინც უკვე მონარქის ქვეშევრდომია, მისი წასვლის გარეშე ვერ უარყოფენ მონარქიას და ვერ დაუბრუნდებიან კავშირის არმქონე სიმრავლის თავაშვებულობას და ვერც საკუთარ პიროვნებას წაართმევენ იმას, ვინც მისი მატარებელია და სხვა ადამიანს ან საკრებულოს ვერ გადასცემენ. რადგან მათ – ყოველ ადამიანს ყოველი სხვის წინაშე – აღებული აქვთ ვალდებულება, იყვნენ მფლობელნი და აღიარებული ავტორნი ყოველივე იმისა, რასაც მათი უკვე არსებული სუვერენი გააკეთებს ან საჭიროდ ჩათვლის, რომ გააკეთოს. [სხვანაირად გამოდის, რომ] თუ ერთი ადამიანი გამოთქვამს უთანხმოებას, ყველა სხვამ უნდა დაარღვიოს მასთან დადებული ხელშეკრულება, რაც უსამართლობაა. გარდა ამისა, ყოველმა მათგანმა გადასცა სუვერენიტეტი იმას, ვინც მათი პიროვნების მატარებელია, ასე რომ, თუ მათ იგი დაამხეს, წაართმევენ იმას, რაც მას ეკუთვნის, ეს კი ისევ უსამართლობაა. გარდა ამისა, თუკი სუვერენი მოკლავს ან დასჯის იმას, ვინც მის დამხობას შეეცდება, ასეთი მცდელობის გამო, ის თავისივე სასჯელის მფლობელია, რადგან ის, დაწესების პირობების თანახმად, ავტორია ყოველივე იმისა, რასაც სუვერენი ჩაიდენს. ხოლო რაკი ადამიანის მხრიდან უსამართლობაა, მოიმოქმედოს რაღაც ისეთი, რისთვისაც მისივე [რწმუნების მქონე] ხელისუფლებამ შეიძლება დასაჯოს, ის ამ თვალსაზრისითაც უსამართლობას სჩადის. თუკი ზოგიერთები სუვერენის მიმართ ურჩობის გასამართლებლად სხვა ხელშეკრულებას იმიზეზებენ, რომელიც ადამიანებთან კი არა, ღმერთთან აქვთ დადებული, ეს ისევ უსამართლობაა, რამეთუ ღმერთთან ხელშეკრულება შესაძლებელია მხოლოდ მისი გაშუალებით, ვინც ღმერთის პიროვნების წარმომადგენელია. ამის გაკეთება კი შეუძლია მხოლოდ ღმერთის ხელქვეითს, ვისაც ღმერთის ძალით აქვს მინიჭებული სუვერენიტეტი. მაგრამ ეს თვალთმაქცობა ღმერთთან ხელშეკრულების თაობაზე იმდენად აშკარა სიცრუეა თვით მისი გამომთქმელის სინდისის წინაშეც, რომ ის არა მხოლოდ უსამართლო, არამედ ბოროტი და არაკაცური დამოკიდებულების გამომხატველიცაა.

მეორეს მხრივ, რაკი იმას, ვისაც სუვერენად აქცევენ, ყველას პიროვნების მატარებლად ყოფნის უფლება მიცემული აქვს მხოლოდ ხალხის ერთმანეთთან, და არა მასთან, ხელშეკრულებით, სუვერენს ხელშეკრულების დარღვევა არ შეუძლია. შესაბამისად, ვერც ერთი მისი ქვეშევრდომი, სუვერენის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობის მომიზეზებით, მისი ქვეშევრდომობისგან ვერ განთავისუფლდება. სრულიად ცხადია, რომ ის, ვინც სუვერენად იქცევა, წინასწარ არ დებს ხელშეკრულებას თავის ქვეშევრდომებთან რადგან ამ შემთხვევაში ის, როგორც ხელშეკრულების ერთი მხარე, ან მთელ სიმრავლესთან, ან თითოეულ ადამიანთან ცალ-ცალკე უნდა შესულიყო ხელშეკრულებაში. მთელთან, როგორც ერთ მხარესთან, ხელშეკრულებას ის ვერ დადებდა, რადგან ისინი ჯერ ერთ პიროვნებას ვერ შეადგენენ; ხოლო თუ ის იმდენ ხელშეკრულებას დადებს, რამდენიც ადამიანია, ეს ხელშეკრულებები ძალას დაკარგავს მას შემდეგ, რაც ის სუვერენიტეტს დაეუფლება, რადგან ნებისმიერი მოქმედება, რასაც რომელიმე [ქვეშევრდომი] ხელშეკრულების დარღვევად ჩათვლის, მისივე და ყველა დანარჩენის მოქმედებაცაა, რაკი თითოეული მათგანის სახელითა და უფლებით იქნება ჩადენილი. გარდა ამისა, თუ ერთი ან რამდენიმე ქვეშევრდომი განაცხადებს, რომ სუვერენმა მისი დაწესების დროს დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო სხვები – მისი რომელიმე ქვეშევრდომი ან თავად ის, – უარყოფენ ასეთ დარღვევას, ამ შემთხვევაში არ არსებობს მსაჯული, რომელიც ამ საქმეს განსჯიდა. მაშასადამე, საკითხი ისევ ხმალმა უნდა გადაწყვიტოს და ყოველი ადამიანი იბრუნებს უფლებას, საკუთარი ძალით დაიცვას თავი, საპირისპიროდ იმ განზრახვისა, რაც მათ [სახელმწიფოს] დაწესების დროს ჰქონდათ. მაშასადამე, უაზრობაა, სუვერენიტეტი წინასწარი ხელშეკრულებით იყოს ნაბოძები. მოსაზრება – ყოველი მონარქი ხელშეკრულებით, მაშასადამე, პირობით იღებს ძალაუფლებას, მარტივი ჭეშმარიტების გაუგებრობიდან მომდინარეობს: ხელშეკრულება მხოლოდ სიტყვა და ამონასუნთქია, მას არ გააჩნია ადამიანის იძულების, შეკავების, დაოკების ან დაცვის სხვა ძალა გარდა იმისა, რაც საზოგადოების ხმალსა აქვს – ანუ სუვერენიტეტის მქონე ადამიანს თუ საკრებულოს შეუბორკავ ხელს, რომლის ქმედებასაც ყველა თავდებად უდგება და ყველა მათგანის გაერთიანებული ძალა უდგას უკან […]

მესამეც, რაკი სუვერენი უმრავლესობის ხმებით გამოცხადდა, ის, ვისაც სხვა აზრი ჰქონდა, ახლა დანარჩენს უნდა დაეთანხმოს ანუ [საკუთრად] აღიაროს სუვერენის ყველა ქმედება. სხვა შემთხვევაში სამართლიანი იქნება, თუ სხვებმა ის გაანადგურეს. რამეთუ, თუ ის ნებაყოფლობით შევიდა შეკრებილთა ერთიანობაში, მან ამით საკმარისად განაცხადა თავისი ნება და ფარულად დაეთანხმა, რომ გაიზიარებს უმრავლესობის გადაწყვეტილებებს. მაშასადამე, თუ ის ხელს აიღებს [ასეთ გაზიარებაზე] ან პროტესტს გამოთქვამს [სუვერენის] რომელიმე გადაწყვეტილების გამო, ის საკუთარ ხელშეკრულებას დაუპირისპირდება და, აქედან გამომდინარე, უსამართლო იქნება. [მეორეს მხრივ], მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გაერთიანების წევრი, ან ვინმემ ჰკითხა თუ არა მას თანხმობა, იგი ან უნდა დაეთანხმოს მათ გადაწყვეტილებას, ან დარჩეს ომის იმ მდგომარეობაში, რაშიც მანამდე იყო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს ისე, რომ ეს უსამართლობად არ ჩაეთვლება, შეუძლია მისი განადგურება.

1. იხ. მათე 7.12; ლუკა 6.31.
2. იმავე პრინციპის შებრუნებული ლათინური ფორმულირება: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button