ისტორიამუსიკა

რიჰარდ ვაგნერი – ლოენგრინი (მოკლე შინაარსი)

რიჰარდ ვაგნერი – ლოენგრინი (Lohengrin)

“ლოენგრინი”-ს სიუჟეტს საფუძვლად უდევს ხალხური თქმულებები. ზღვისპირა ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული პოეტური ლეგენდები, ზღაპრები რაინდზე, რომელიც თეთრი გედის ნავით მოცურავს ჯადოქრობაში უსამართლოდ დადანაშაულებული, სასიკვდილოდ განწირული მშვენიერი ქალის გასანთავისუფლებლად. რაინდი იხსნის ქალს და შემდეგ ცოლად მოჰყავს. ერთად გატარებული ბედნიერი წლების შემდეგ, მოულოდნელად დაბრუნდება თეთრი გედი და რაინდი იმავე იდუმალებით გაუჩინარდება.

ხშირად გედის ლეგენდები წმინდა გრაალის თქმულებებს გადაჰკვეთდა. უცნობი რაინდი გრაალის მეფის, პარსიფალის შვილი აღმოჩნდება. პარსიფალი თავის გარშემო იკრებს გმირებს, რომლებიც იცავენ საიდუმლო განძს. გრაალი ბოროტებასთან და უსამართლობასთან ბრძოლის ზებუნებრივ ძალას აძლევდა რაინდს. ზოგჯერ ლეგენდები გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში გადაჰქონდათ – მაგ., ჰენრიხ I-ის მეფობის ხანაში.

ლეგენდები მრავალი პოეტის თუ ხელოვანის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა – გერმანელი პოეტის ვოლფრამ ფონ ეშენბახის (1170-1220) რაინდული პოემა “პარციფალი” (ლოენგრინი პარსიფალის ვაჟია), ძმები გრიმების “გერმანული თქმულებები”, შუა საუკუნეების რომანი რაინდ-გედზე და ა.შ. ვოლფრამ ფონ ეშენბახმა ორი სიუჟეტი გააერთიანა: ლეგენდა წმინდა გრაალის თასზე და ლეგენდა რაინდ გედზე.

სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ლეგენდების საფუძველზე ვაგნერმა სრულიად ორიგინალური ნაწარმოები შექმნა.

“ლოენგრინი” ვაგნერის რიგით მეექვსე ოპერაა. კომპოზიტორი სიუჟეტით 1842 წელს, პარიზში ყოფნისას დაინტერესდა. ლიბრეტო დაიწერა 1845 წელს. მუსიკა 1846-1848 წლებში იქმნებოდა. პარტიტურა 1848 წლის 28 აპრილს დასრულდა.

ოპერის პრემიერა შედგა 1850 წლის 28 აგვისტოს, ვეიმარის სამეფო თეატრში. ოპერას დირიჟორობდა ფერენც ლისტი. პრემიერის დღე სრულიად შეგნებულად დაამთხვიეს გოეთეს დაბადების 101 წლისთავს. გოეთე ყველა გერმანელისათვის სათაყვანო პიროვნებად ითვლება, განსაკუთრებით ბავარიელთათვის, სადაც გაატარა დიდმა ხელოვანმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. აფიშაზე ასეც ეწერა – გოეთეს საზეიმო დღეები.

ოპერას საკმაოდ ხმაურიანი წარმატება მოჰყვა, თუმცა თავად ავტორი არ ესწრებოდა პრემიერას. თითქმის ორ წელიწადზე მეტი ხანი გავიდა ოპერის დასრულების შემდეგ. ვაგნერმა პარტიტურა 1848 წლის 28 აპრილს დაამთავრა საორკესტრო შესავლით, ფაქტიურად იმით, რითაც იწყება თავად ოპერა. ამ ორი წლის განმავლობაში იმდენად ბევრი რამ შეიცვალა ვაგნერის ცხოვრებაში, რომ მისი წარმოდგენა ავტორსაც გაუჭირდებოდა. ოპერის დასრულებისას ვაგნერი ჯერ კიდევ სამეფო კაპელმაისტერად მსახურობდა, პრემიერის პერიოდში კი იგი უბინაო, პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა, რომელზეც ძებნაც კი იყო გამოცხადებული. მას ისეთი სასჯელი წაუყენეს, რომ დაეკავებინათ, პატიმრობის წლები საკმაოდ დიდხანს გაიწელებოდა. თუმცა მას არც ვინმე მოუკლავს, არც რაიმე სახიფათო განცხადება გაუკეთებია. ამ წლებში გერმანია ლიბერალურმა რეფორმებმა მოიცვა. 1848 წლის მარტში კი გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. ვაგნერი აჯანყებას მიესალმა. იგი მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებისათვის მებრძოლ პატრიოტულ ასოციაციაციაში, სადაც ეთანხმებოდა თვითმპყრობელობის, ბიუროკრატიული აპარატის დამხობას, მაგრამ აუცილებლობად მიაჩნდა მეფის, როგორც რესპუბლიკის პირველი მოქალაქის შენარჩუნება.

ვაგნერი ოფიციალურად წაუყენეს სახელმწიფო დამნაშავის ბრალდება. დრეზდენის თეატრში დაგეგმილი პრემიერა რეპეტიციებიდან მოხსნეს. 1850 წელს ვეიმარში გამართული პრემიერის დროს ვაგნერი შვეიცარიაში იმალებოდა. პრემიერაში მონაწილეობდნენ ლარლ ბეკი (ლოენგრინი), როზა აგატა ფონ მილდე (ელზა), თეოდორ ფონ მილდე (ფრიდრიხი). თავად ავტორმა ოპერის მოსმენა პირველად 1861 წლის 15 მაისს ვენაში შეძლო. ბაიროითის ფესტივალის ფარგლებში ოპერის პირველი დადგმა შედგა 1894 წელს.

“ლოენგრინი” მესამე რეიხის იდეოლოგიური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. ზღაპარ-მეფეს, ბავარიის სამეფოს უკანასკნელ მეფეს ლუდვიგ მეორეს კი იმდენად უყვარდა ეს ნაწარმოები, რომ თვით სიყვარულის ტვირთის ტარებაც შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვისაც და ბავარიის სახელმწიფოსთვისაც.

ოპერა სამ მოქმედებად

მუსიკა და ლიბრეტო რიჰარდ ვაგნერის.

ოპერის ხანგრძლივობა – 4 საათი.

მოქმედი პირები:

ჰენრიჰ I (Heinrich der Vogler) …………………………. ბასი;
ლოენგრინი (Lohengrin), გრაალის რაინდი ……………………………………………. ტენორი;
ელზა ბრაბანტელი (Elsa von Brabant) ……………………………………………….. სოპრანო;
გოტფრიდი (Gottfried), ელზას უმცროსი ძმა ………………………… როლი სიმღერის გარეშე;
ფრიდრიხ ფონ ტელრამუნდი (Friedrich von Telramund), ბრაბანტის გრაფი … ბარიტონი;
ორტრუდა (Ortrud), ფრიდრიხის მეუღლე, ფრიზის დიდებულის ქალიშვილი……….. სოპრანო;
სამეფო ჰეროლდი, მაცნე …………………………………………………………………….. ბასი;
ოთხი ბრაბანტელი დიდებული ………………………………………………. ტენორები და ბასი;
ოთხი პაჟი ……………………………………………………………………… სოპრანო და ალტა;
საქსონელი და ბრაბანტელი გრაფები და დიდებულები, წარჩინებული ქალბატონები, ბავშვები, მოსამსახურეები

მოქმედება მიმდინარეობს ანტვერპენში, ბრაბანტში, X საუკუნის პირველ ნახევარში

მოკლე შინაარსი

პირველი მოქმედება

შელდის ხეობა… ბრაბანტის უძველესი მიწა გერმანიის სამეფოს ვასალი მხარეა. გერმანიის მეფე ჰენრიჰი I ფოგელვაიდე უნგრელთა წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარს აგროვებს მთელ გერმანიაში.

მაცნე ხალხს მეფის მობრძანებას ამცნობს. მეფე ჰენრიჰი ბრაბანტის რჩეულ რაინდებს უნგრელთა წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

Lohengrin

ბრაბანტელ დიდებულებს შორის არეულობაა. ახლახანს გარდაცვლილ ბრაბანტელ ჰერცოგს დარჩა ორი შვილი: ელზა და პატარა გოტფრიდი. სიკვდილის წინ, მოხუცმა ჰერცოგმა შვილებზე მეურვეობა გრაფ ფრიდრიხ ტელრამუნდს დაავალა, ხოლო ქალიშვილი მეუღლედ განუმწესა.

ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ, ერთ დღეს, გოტფრიდი უკვალოდ გაქრება. გრაფი ელზას ძმის მკვლელობაში დაადანაშაულებს, ჰერცოგთან დადებულ პირობას დაარღვევს და ცოლად ირთავს ფრიზიელი ჰერცოგის ქალიშვილს, ორტრუდას.

სტუმრად ჩამოსულ მეფეს ტელრამუნდმა ახლადშერთული მეუღლე, ორტრუდა წარუდგინა და ბრაბანტის მმართველად დანიშვნა მოითხოვა, როგორც გარდაცვლილი ჰერცოგის ახლო ნათესავი და ტახტის ერთადერთი მემვიდრე. მეტიც, ორტრუდას წინაპრები ერთ დროს ამ მხარესაც განაგებდნენ

შემოდის ელზა. ყველა განცვიფრებულია მისი მეოცნებე გამოხედვით და უცნაური, აღფრთოვანებული საუბრით. იგი ყვება მშვენიერ რაინდზე, რომელიც მას სიზმრად გამოეცხადა და დახმარება აღუთქვა.

ელზას მიერ გულუბრყვილოდ მოყოლილი ამბავის მოსმენისას, მეფეს არ შეუძლია დაიჯეროს მისი დანაშაული. მეფე ჰენრიჰი გადაწყვეტს, რომ ღვთისმსაჯულებამ დაადგინოს ელზას ბრალეულობა. ტრადიციის თანახმად, როცა გადაწყვეტილების მიღება სირთულეს წარმოადგენდა, სასჯელი ღვთის სამართალს უნდა გამოეტანა. ამისათვის ტარდებოდა ორთაბრძოლა. ბრალმდებელი უნდა შებრძოლებოდა ბრალდებულს, სადაც რაინდული ხმალი გადაწყვეტდა, თუ ვის მხარესაა სიმართლე. ხალხს სჯეროდა, რომ ზებუნებრივი ძალების ჩარევით სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებდა. როდესაც ბრალდებული ქალი იყო, მას არ შეეძლო იარაღით დაეცვა საკუთარი უდანაშაულობა. მაშინ მის დაცვას რომელიმე რაინდი იკისრებდა

ბრალდებისგან შეძრწუნებული ელზა სამეფო სასამართლოს წინაშე წარსდგება. ელზას იმ  სხივმოსილ აბჯარში გამოწყობილი რაინდის იმედი აქვს, რომელიც სიზმარში გამოეცხადა. იგი დარწმუნებულია, რომ ღვთისგან გამოგზავნილი რაინდი გამოჩნდება და მას დაიცავს.

მეფის ბრძანებით, მაცნე მოუწოდებს ბრაბანტელ რაინდებს, დაიცვან ელზას სიმართლე, თუმცა იქვე დასძენს: თუკი ელზას დასაცავად გამართულ ბრძოლაში ტელრამუნდი გაიმარჯვებს, ელზას დასჯა ღმერთის ნება იქნება. ვერცერთი რაინდი ვერ ბედავს ტოლრამუნდის წინააღმდეგ გამოსვლას, რადგან ეს უკანასკნელი მათ შორის ყველაზე ძლიერია. ტელრამუნდის და მისი მეუღლე გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან რაინდებმა ელზას ნდობა არ გამოუცხადეს.

სასოწარკვეთილ და ყველასგან მიტოვებულ ელზას გადარჩენის იმედი ეწურება, მუხლებზე დაეცემა და ლოცვას იწყებს.

მოულოდნელად შელდის ტალღებს გამოეყოფა გედიანი ნავი, რომელსაც ვერცხლის აბჯარში გამოწყობილი უცნობი რაინდი (ლოენგრინი) მოჰყავს.

Lohengrin

ნაპირზე გადმოსვლისას, რაინდი დაემშვიდობება გედს. გედი გაუჩინარდება. რაინდი მიესალმება მეფეს და განაცხადებს, რომ იგი უდანაშაულო ელზას ღირსების დასაცავად იბრძოლებს და გამარჯვების შემდეგ ელზას ხელს თხოვს, იმ პირობით, რომ ელზამ არასდროს უნდა ჰკითხოს, თუ ვინ არის და საიდან არის. ფიცის დარღვევის შემთხვევაში ისინი სამუდამოდ დაშორდებიან. მადლიერების ნიშნად ელზაა თანახმაა და სამუდამო ერთგულებაში ეფიცება

ლოენგრინი ამარცხებს ტელრამუნდს, ერთი დარტყმით მიწაზე დასცემს მეტოქეს, მაგრამ სულგრძელობას იჩენს და არ კლავს, სიცოცხლეს ჩუქნის.  მაგრამ ცილისწამებისათვის მას გაძევება ელოდება. შეკრებილი ხალხი ლოენგრინს და ელზას ულოცავენ გამარჯვებას.

Lohengrin

მეორე მოქმედება

ღამე. ანტვერპენის ციხესიმაგრე შელდის ნაპირზე…

ფრიდრიხი გადაწყვეტს იმავე ღამეს დატოვოს ქალაქი.
ფრიდრიხი საკუთარი ღირსების დაკარგვას გლოვობს. განრისხებით მიანიშნებს ორტრუდას, რომ მან გაუღვივა ძალაუფლებისადმი პატივმოყვარული სწრაფვა, აიძულა დაედანაშაულებინა ელზა. ღვთისმსაჯულებამ კი ელზა გაამართლა. ორტრუდა ფრიდრიხის სიტყვებს ლაჩრობად მიიჩნევს და არწმუნებს, რომ ლოენგრინს დაეხმარა არა ღმერთი, არამედ ჯადოქარი. საკმარისია რაინდის სახელი და წარმომავლობა გაიგონ, რომ მისი ძლიერება მაშინათვე გაქრება, ხოლო ფრიდრიხს ღირსება დაუბრუნდება. რაშიც მას დაეხმარება არა ქრისტიანული ღმერთი, არამედ ძველი, შურისმაძიებელი წარმართული ღმერთები. ორტრუდა მეუღლეს შურისძიებისკენ მოუწოდებს. უპირველესად, უნდა შეეცადონ რაინდისადმი ნდობის დაკარგვას, აიძულონ მიცემული ფიცის დარღვევა და უცნობი რაინდისადმი საბედისწერო შეკითხვის დასმა.

ტელრამუნდი და მისი მეუღლე საიდუმლოდ ბრუნდებიან სასახლეში და ბნელ ეზოში იმალებიან. აივანზე ელზა გამოჩნდება. მას სურს, საკუთარი ბედნიერება ვარსკვლავებს და ღამეს გაუზიაროს.

აივანზე მდგარ ელზას ქვემოდან ორტრუდას ხმა მოესმება. ღარიბ სამოსში გადაცმული ორტრუდა ელზას თავის უბედობას შესჩივლებს. ელზა ეზოში ჩადის. ორტრუდა მუხლს იყრის მის წინაშე. ელზა ყველაფერს პატიობს და მოუწოდებს მასთან ერთად გაიზიაროს სიხარული. ორტრუდა მადლობას უხდის ელზას კეთილად მოპყრობისათვის და მოჩვენებითი მზრუნველობით აფრთხილებს მოახლოებულ უბედურებას. იგი ცდილობს ელზას გძნობებში ბზარი შეიტანოს და საქმროს მიმართ ეჭვები გაუძლიეროს. ორტრუდა მიანიშნებს, რომ რაინდმა არ უთხრა მას არც სახელი, არც წარმომავლობა. მას შეუძლია მოულოდნელად მიატოვოს იგი. მაგრამ ელზას გული ეჭვებისგან თავისუფალია

Lohengrin

დილა. მეფე და რაინდები ლოენგრინის გამარჯვებას ზეიმობენ. მოსამსახურეებს სადღესასწაულო სუფრაზე თევზი შემოაქვთ, მოედანთან რაინდები იკრიბებიან. სამეფო ჰეროლდი აცნობებს ყველას, რომ მეფემ ტელრამუნდი გააძევა სამეფო კარიდან, ხოლო უცნობი რაინდი და ელზა დაქორწინდებიან. მაცნე მოუწოდებს ყველას, რათა მეფესთან ერთად აღნიშნონ ელზას და უცნობი რაინდის ქორწილი. მეორე დღეს კი ბრაბანტის ახალი მმართველი გაუძღვება მათ ბრძოლის ველზე. ოთხი დიდებული უკმაყოფილოა, რადგან ხვალ საბრძოლველად მოუწევთ წასვლა. ფრიდრიხი შეეცდება მათ მის მხარეს გადმობირებას

ელზა და მისი მხლებლები ტაძრისაკენ მიემართებიან. ორტრუდა მოულოდნელად გზაზე გადაეღობება, მორჩილების ნიღაბს მოიხსნის და ყველას წინაშე დასცინის ელზას. მისი თქმით, ტაძარში პირველად შესვლის უფლება მას ეკუთვნის, რადგან ღირსეული წინაპრების შთამომავალია, ხოლო ელზამ არც კი იცის საქმროს სახელი. ამ დროს გამოჩნდება ლოენგრინი მეფესთან ერთად და ორტრუდა იძულებულია გაეცალოს. რაინდს ტელრამუნდი მიუახლოვდება. იგი ცდილობს ხალხის ყურადღება მიიპყროს. ფრიდრიხი ლოენგრინს ჯადოქრობაში დაადანაშაულებს, რადგან ნამდვილი რაინდი არ მალავს საკუთარ წარმოშობას. იგი მოითხოვს, რაინდმა გაამხილოს სახელი. რაინდი დუმს, მას არ აშინებს მტრების ბოროტება. ელზა შეცბუნებულია, ეჭვები უფრო ეძალება. ორტრუდას შხამით უკვე მოწამლულია

რაინდი და ელზა ტაძარში შედიან.

Lohengrin

მესამე მოქმედება

1 სურათი
ქორწილი დასრულდა. მეფე და მისი გარემოცვა ახალგაზრდა წყვილს დარბაზში ტოვებენ. ახალდაქორწინებულები მარტო რჩებიან. არაფერი არღვევს მათ ბედნიერებას. მხოლოდ ერთი რამ უშლის ელზას სიხარულს: არ შეუძლია სახელით მიმართოს მეუღლეს. ეჭვები სტანჯავს, ვერ ისვენებს, სურს გაიგოს საყვარელი მეუღლის ვინაობა. ელზა ფიქრობს, რომ მეუღლე მაღალი წარმომავლობისაა და შიშობს, რომ ერთხელ მიატოვებს და თავის ქვეყანას დაუბრუნდება. ლოენგრინი ცდილობს დაარწმუნოს, რომ მისდამი სიყვარული ყველაზე ძვირფასია მისთვის. მაგრამ ამაოდ! ელზას არ შეუძლია გადალახოს ეჭვები და საბედისწერო კითხვას სვამს: ვინ არის იგი და საიდან მოვიდა?

Lohengrin

ამ დროს, საძინებელ ოთახში ლოენგრინის მოსაკლავად ტელრამუნდი შემოვარდება ოთხი თანამზრახველებთან ერთად. მაგრამ რაინდი ხმლის ერთი მოსმით განგმირავს ტელრამუნდს. თანამზრახველნი მუხლზე დამხობით პატიებას თხოვენ.

სურათი 2
თენდება. შელდზე მზე ამოდის. მდინარის ნაპირას რაინდები იკრიბებიან ბრძოლის ველზე გასამგზავრებლად. უეცრად მხიარული შეძახილები ნელდება: ოთხი დიდებული ფრიდრიხის ცხედარს მოასვენებს: უკან მოჰყვება ელზა. შემოდის ლოენგრინი. იგი უხსნის შეკრებილთ, რომ ტელრამუნდი მზაკვრულად დაესხა თავს და თავდაცვის მიზნით მოკლა მოწინააღმდეგე.

ლოენგრინი მეფეს განუცხადებს, რომ ვერ შეძლებს ჯარის გაძღოლას. ელზამ დაარღვია მიცემული ფიცი, არ ენდო მას და იგი იძულებულია დატოვოს იგი. ელზას წლის ბოლომდე რომ დაეცვა ფიცი, უმცროს ძმასაც დაიბრუნებდა და ბედნიერებასაც შეინარჩუნებდა. ლოენგრინი მთელი ბრაბანტის გასაგონად ამბობს, რომ ის გრაალის სამეფოდანაა მოსული, რომ მისი მამა გრაალის მეფე პარციფალია და თავად მას კი ლოენგრინი ჰქვია. მისი მიზანია დაიცვას ყველა ჩაგრული და უდანაშაულო. გრაალისგან მან ზებუნებრივი ძალა მიიღო, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მანამ, სანამ ხალხი ვერ გაიგებენ მის სახელს და წარმომავლობას. ამის გაცხადების შემდეგ ლოენგრინი კარგავს უფლებას დარჩეს ადამიანებთან, რადგან ადამიანებს არ უნდა სცოდნოდათ, რომ მათ შორის ანგელოზია. ადამიანებს უნდა სწამდეთ ღვთისგან წარგზავნილის; თუ მათ ეჭვები შეიპყრობს, გრაალის მცველი რაინდის ძალა ქრება.

ნაპირს გედი უახლოვდება. ლოენგრინი ემშვიდობება ელზას და მიწიერ ბედნიერებას.

Lohengrin. The Swan Boat. Parker Brothers, 1912

შემოდის ორტრუდა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული, გაბოროტებით ამბობს, რომ ნავით მომავალი გედი პატარა გოტფრიდია. ორტრუდამ ჯადოქრობით გადააქცია იგი გედად, რომ შემდეგ ელზასთვის დაებრალებინა ძმის მკვლელობა, რათა ტელრამუნდი დაუფლებოდა ბრაბანტის გვირგვინს.

ლოენგრინი მუხლს მოიდრეკს და ლოცულობს, რომ გედს მოეხსნას ჯადო. ნიშნად იმისა, რომ ლოცვა შესმენილ იქნა, ციდან დაეშვება მტრედი. ლოენგრინი გედს ათავისუფლებს. გედი გაუჩინარდება და მდინარიდან პატარა გოტფრიდად ამოდის. ამიერიდან იგია ბრაბანტის ტახტის მემკვიდრე.

დამარცხებული ორტრუდა კვდება.

გრაალის მცველი და ნავი შორდებიან ნაპირს. მტრედს მიჰყავს ნავი იდუმალებით მოცული ქვეყნისაკენ. ელზა ვერ ეგუება ლოენგრინთან განშორებას და ძმის ხელებში კვდება

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button