ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ნადირაძეთა გვარი

ნადირი – გარეული მტაცებელი ცხოველი.

ნადირ – “რჩეული” სპარსთა ენაზე.

ნადირ, ნადირა – საკუთარი სახელი კაცისა, გავრცელებული კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გვარის სახელით “ნადირ”-ფუძისანი არიან: ნადირაშვილნი, ნადირიძენი და ნადირაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნადირაძეთა.

ეგრე უბნობენ: ოდესღაც აჭარიდან მოსულაო ნადირაძეთა წინაპარი ზემო იმერეთში. ამასაც უბნობენ, იმერნი ასანიძენი და მესხნი მათოშვილნი ნადირაძეთა მოძმენი არიანო.

ქართულ საისტორიო საბუთებში ნადირაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1568 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად ბეჟან ნემსაძეს განდგომილებისათვის ყმა-მამული ჩამოართვა და გელათის ღვთისმშობელს შესწირა. შეწირულობის სიგელში იხსენიებიან ოკრიბას სოფელ ცხუკურში და ჩუნეშში მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის I მეოთხედის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაატა ნადირაძე შიდა ქართლში მამულს ყიდულობს.

1631 წელს ქვემო ქართლში სამნა ნადირაძემ ერთი დღის ნაფუძარი მიჰყიდა უმეკა ბარათაშვილს.

1660-1681 წლების იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის წყალობის სიგელში ქაიხოსრო წერეთლისადმი იხსენიებიან სოფელ გორისას მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის ჩხერელ გლეხთა საჩივრის წიგნში ნადირაძე ჩხერის ციხის მეციხოვნედ იხსენიება. 1722-1733 წლების სვიმონ აბაშიძის თავდებობის წიგნში პაპუნა წერეთლისადმი მოწმეებად დასახელებულნი არიან თამაზა, ზურაბა და ღონენა ნადირაძეები.

1766 წლის განჩინებაში იხსენიება საამილახვროს სოფელ ფხვენისს მცხოვრები ნასყიდა ნადირაზე. 1777 წლის ბასილაშვილის არზიდან ირკვევა, რომ საამილახვროში მცხოვრები ნადირაძენი ქსნის საერისთავოსა და კახეთში გადასულან.

XVIII საუკუნის პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზისადმი იხსენიება მღვდელი გაბრიელ ნადირაძე.

გვიანი ფეოდალიზმის სოციალური შინაარსის საბუთებში ნადირაძენი ჩანან იმერეთის სამეფოში სახასო, სააბაშიო, საწერეთლო და საეკლესიო მამულებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნადირაძეთა გვარის სახელი: ნადირაძნები – უბანი სოფელ გომმუხაყრუაში და მტერჩვეულში; ნადირაძისწყარო – წყარო სოფელ ბუღნარაში; ნადირაძეების ეკლესია – სალოცავი ადგილი სოფელ გომმუხაყრუაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნადირაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნადირაძეთა გვარისშვილნი: პოეტი კოლაუ ნადირაძე, პოეტი და მწერალი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ნადირაძე, მხატვარი გოგი ნადირაძე, აღმოსავლეთმცოდნე ლევან ნადირაძე, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე, ისტორიკოსი გიორგი ნადირაძე…

ამჟამად ნადირაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, სამტრედიის, ხაშურის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებში. ნადირაძენი არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

საქართველოში ნადირაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნადირაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button