ზღაპარისაბავშვო

ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

იყო ერთი ღორი, ჰყავდა ხუთი გოჭი: მშიანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა. დედა-ღორი ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ არც თუ გოჭები ჰყავდა უგუნურები. თვითონაც მინდორში დაიარებოდა, თხრიდა მიწას, პოულობდა და სჭამდა ძირხვენას, მაჩიტას, თეროს ძირს და კიდევ სხვა ბალახის ძირებს, რაც თვითონ უყვარდა. თუ ბალახი იყო ამოსული, თხრით თავს არ იწუხებდა, საქონელივით სძოვდა, თუ სადმე ნაკარტოფილარს შეიგულებდა, სიამოვნებით სჩიჩქნიდა დინგით, ჰპოულობდა კარტოფილს და მადიანად ახრამუნებდა. – რა კეთილია კაცი! – იძახდა ტრუხუნა, – იცის, რომ ასე მიყვარს კარტოფილი და მიწავაშლა და ამიტომ დაუტოვებია მიწაში ამდენიო.

არც დამპალ და ჭიან ხილს იწუნებდა, თუკი შეხვდებოდა სადმე. რაღა გავაგრძელო, სიმინდი და ყანა ხომ სამოთხედ ეჩვენებოდა!

რაკი მადა კარგი ჰქონდა, ჯიქანსაც ძალზე იტენიდა რძითა და გოჭებიც კიტრებივითა ჰყავდა დასუქებული და ჩამრგვალებული. თანაც ხუთივე გოჭი ძალიან ჭკვიანი და გამგონე იყო.

ერთხელ ღორი მინდორში მიწასა სჩიჩქნიდა. ნაწვერალში თაგვის სორო იპოვა, სულ თავთავებით გაჭედილი. თითო-თითოდ იღებდა გემრიელ ხორბლის თავთავს და მადიანად აკნატუნებდა. ამ დროს თავს წაადგა ერთი მშიერი მგელი ბრიალა თვალებით და კაწკაწა კბილებით. – გამარჯობა, ღორო! – დაიყმუვლა მგელმა, თან უნდოდა თავის ხმისთვის სირბილე და სინაზე მიეცა, მაგრამ მაინც საზარლად და საძაგლად გამოუვიდა.

ამ ხმაზე ღორი შეკრთა, ჯაგარი ყალყზე დაუდგა, მოიხედა, – მგელია, თვალებს აბრიალებს, კბილებს აკაწკაწებს. – რას აკეთებ, ღორო? რათა სჩიჩქნი მაგ მიწას, რას ეძებ? – დაეკითხა მგელი. – გადღეგრძელოს ღმერთმა, ბატონო! – მიუგო მოწიწებით შიშისაგან მოკუნტულმა ღორმა. – რას ვაკეთებ და აი, აქ თაგვის სორო ვიპოვე, სულ თავთავებით არის გამოტენილი, იმ წყეულ თაგუნას ჩაუზიდავს ზამთრის საზრდოდ, ახლა მე მივაგენ და იმას გეახლები; თუ მიირთმევთ, ბატონო, კაი მსუქან თავთავს აგირჩევთ, იქნება გესიამოვნოთ?!

– რაო? – დაიღრიალა მგელმა, – გინდა ფხები გამეჩაროს ყელში და დამახრჩოს? მე გაყურებინებ შენ სეირსა! შენ ვინ მოგცა ნება, რომ ერთ საწყალ უღონო ცხოველს რის ვაი-ვაგლახით ერთი სორო თავთავი ძლივს მოუგროვებია ზამთრის საზრდოდ, შეუნახავს, შენ კი დასდგომიხარ და მაგრე უსინდისოდ სტვლეპავ? ისინი შიმშილით უნდა დაიხოცონ, შენ კი შენი შვილები დაასუქო და შენი შავი მუცელი ამოჰყორო?1 ამისათვის უნდა შეგჭამო, შე ავაზაკო, შენა! მოინანიე ცოდვები! – ღრიალებდა მგელი.

ღორი მიხვდა, რომ მისი საქმე ძალიან ცუდად იყო, თუ რასმე არ მოახერხებდა. ტყუილად ხომ არ უთქვამთ: �ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო�. რა მოვიგონო, როგორ გადავურჩე ამ სულთამხუთავს? – ბუტბუტებდა ტრუხუნა. – დიდებულო ბატონო! – მოახსენა ტრუხუნამ, – თქვენი ნებაა, რასაც მიზამთ თქვენს ფეხთა მტვერსა. ვინ დაგიდგებათ წინ! მაგრამ სანამ შემჭამდეთ, გთხოვთ ერთი სიტყვა მათქმევინოთ, თუ თქვენი ნებაც იქნება.

– სთქვი ჩქარა, არ დამაგვიანო! – დაიყმუვლა მგელმა. – მე ძალიან დიდი ხნისა გახლავართ, – სთქვა ტრუხუნამ, – თქვენს მამას პაწაწას მოვესწარი… რა ვაჟკაცი იყო ის სულკურთხეული!.. ასე რომ, აღარც კი მახსოვს, რამდენი წლისა ვარ, ძვლები გამიქვავდა და ტყავი საშინლად გამიმაგრდა; სიმსუქნე რაცა მქონდა, სულ ჩემმა ხუთმა გოჭმა გამომწოვა რძესთან ერთად. ახლა მე რაღა გემო უნდა ჩამატანო? წამობრძანდი ჩვენსა, ხუთი გოჭი მყავს, ერთსა ჰქვიან მშიანა, მეორეს მცივანა, მესამეს თბილანა, მეოთხეს გვიანა და მეხუთეს მაგარა; ხუთივე ისეთი მსუქნებია, რომ სულ ქონი გასდით. მობრძანდი, რომელიც მოგეწონოს, ის წაიყვანე, მერე თუნდაც მეც შემჭამე, მაგრამ იმისთანა გემრიელი და ქორფა გოჭის შემდეგ მე რაღა გემოს ჩამატანთ!

მგელი ძალიან დააფიქრა ხუთი გოჭის ხსენებამ: სად ქორფა გოჭების ხორცი და სად ბებერი ღორისაო! – მაშ, კარგი, – შეჰყმუვლა მგელმა, – ახლა შენ შინ წადი და მეც საღამოზე მოვალ, იცოდე, თუ მომატყუე, ცუდად იქნება შენი საქმე. – დიდი დღე მოგცეს გამჩენმა, დიდებულო ბატონო, – შესტრუხუნა მოწიწებით ღორმა, – მობრძანდი საღამოზე, ყველანი საღორეში ვიქნებით.

მგელი გზას გაუდგა. საღამოს გემრიელ ვახშამზე ფიქრობდა, თან ტუჩებს ილოკავდა და მსუქანი გოჭების მოგონებაზე ნერწყვსა ჰყლაპავდა.

ღორსაც რაღა დააყენებდა იქა! �ღმერთი არ გაუწყრეს, – ფიქრობდა ღორი, – არ იფიქროს, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამსაო, არ მობრუნდეს და არ გამომფაშვოს, წავიდე მივეპატრონო ჩემს შვილებს. ვნახოთ, რას წაიღებს ჩემგანო!�

ღორი დაბრუნდა შვილებთან, უამბო მათ რაც გადახდა, და დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, ან რა უნდა ეთქვათ მგელი რომ მოვიდოდა და მოითხოვდა კარების გაღებას. მაგრა დაკეტა ღორმა საღორის კარი, დააწვინა შვილები და თვითონაც საღორის კართან დაწვა. ძილით კი რა დააძინებს, მგელს ელის!

კარგა რომ ჩამობნელდა, მოვიდა მგელი და საღორის კარზე დააკაკუნა – ვინ ხარ? – იკითხა ღორმა, თითქო აქ არაფერიაო. – რაღა დროს სტუმრობაა, ამ დროს ყველა თავის ბინაზე არის! – მე ვარ, გააღე, ღორო, კარი, – შეჰყმუვლა მგელმა. – ღორიც ხარ და არც არა იცი რა, – გასძახა ღორმა. – დაიკარგე მანდედან! რაკი ღორმა ასეთი პასუხი მისცა, მგელმა ახლა მშიანას დაუძახა: – მშიანა, კარი გამიღე! – მაგრამ მშიანა დედისგან როგორც იყო დარიგებული, ისე მოიქცა. – ჯერ მშია, ძუძუსა ვწოვ, შენთვის არა მცალიაო, – გასძახა მშიანამ. – მცივანა, კარი გამიღე! – შესძახა მგელმა მცივანას, რაკი მშივანასაგან ისეთი პასუხი მიიღო. – მცივა, – გასძახა მცივანამ, – რა კარის გასაღებად მცხელა! – თბილანა, კარი გამიღე! – შეჰყმუვლა მგელმა თბილანას. – შენ საქმე გამოგლევია, ძლივს თბილად ჩავწექ, შენი გულისთვის ახლა გვერდებს გავიცივებ? – გასძახა თბილანამ. – გვიანა კარი გამიღე! – შესძახა ახლა მგელმა გვიანას. – გვიან გეღირსება კარის გაღება, შე სისხლის მსმელო, შენა! დაიკარგე მანდედან! – გამოსჭყვიტინა გვიანამ.

რაკი კარი არავინ გაუღო, მგელი საშინლად გაბრაზდა. მაინც კიდევ სცადა და მაგარას დაუძახა: – მაგარავ, კარი გამიღე! – მაგრაა დაკეტილი, არ გაიღება! – გამოსძახა მაგარამ. – სჯობია, საიდანაც მოთრეულხარ, იქვე მიბრძანდე; ვინ იქნება სულელი, რომ შენ კარი გაგიღოს! გასწი, დაიკარგე მანდედან!

საშინლად გაბრაზდა მგელი, სულ ცოფსა ჰყრიდა. – დაიცათ, თუ სულ არ დაგყლაპოთ, თქვე უმსგავსოებო, თქვენა! კარი გამიღეთ, – ყმუოდა მგელი, მაგრამ უკარს მაინც არავინ უღებდა.

იდგა დიდხანს მგელი, ან ახლა გამიღებენ კარს, ან ახლაო. მერე თვითონაც სცადა კარის გაღება, მაგრამ მართლაც ძალიან მაგრად აღმოჩნდა დაკეტილი. მეტი ღონე არ იყო, ცარიელი მუცლით უნდა წათრეულიყო თავის სოროსაკენ მოსისხლე მგელი.

ასე გადაურჩა ღორი მგლის კბილებს.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

მთას ურემი ავაგორე,

წამოვიდა გორებითა, –

აივსენით ქონებითა,

ჭკუითა და გონებითა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button