ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – დედაენა

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
***
ირაკლი და ნინო ჩემი თანაკურსელები იყვნენ, ერთად ვწავლობდით პოლიტექნიკურში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. პირველი ნახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. მართლაც, ისეთი შესაფერისები იყვნენ, თითქოს ერთმანეთისთვის დაბადებულანო. კურსელებიც ვგულშემატკივრობდით და ყველანაირად ხელს ვუწყობდით მათ დაახლოებას. ცოტა ხანში, სხვებისგან მალულად დაიწყეს ერთად სიარული, სასწავლო წლის ბოლოსთვის კი, უკვე ოფიციალური შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ.
მეორე კურსზე, ფაკულტეტის კომკავშირის კრება ჩატარდა, სადაც კომიტეტის ახალი შემადგენლობა უნდა აერჩიათ. კრებაზე ვიღაცამ მდივნის მოადგილის კანდიდატურაზე, მოულოდნელად, ნინო დაასახელა. დაბნეული გოგონასთვის არც უკითხავთ, ისე აირჩიეს. მერე გავიგეთ, ფაკულტეტის კომკავშირის მდივანს – ზაქარიას დაუვალებია თავისი “ლეკვებისთვის”
– ეგ გოგო მომწონს და ჩემს მოადგილედ უნდა გავიყვანოთო!
რაც კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ აირჩიეს, ყოველდღე იძახებდა თავისთან ზაქარია. ხან რას ავალებდა და ხან რას. ერთ მშვენიერ დღეს, სიყვარულიც აუხსნა, მაგრამ პასუხად რომ მიიღო
– მე სხვა მიყვარსო! – და რომ გაიგო, ეს “სხვა” ირაკლი იყო, დაუთვალა გაცდენები, საკითხი ფაკულტეტის კომკავშირის კრებაზე გაიტანა და ირაკლის კომკავშირიდან გარიცხვა მოითხოვა, რაც ავტომატურად ინსტიტუტიდან გარიცხვას ნიშნავდა. მართალია გარიცხვა არ გამოუვიდა, ფაკულტეტზე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ სამაგიეროდ ნინოს დაემუქრა
– თუ ეგ ბიჭი არ შეგეშვება, იცოდე, ცხოვრებას გავუმწარებო! ნინოსაც, რა ექნა, სამჯერ დაწერა განცხადება კომკავშირის მდივნის მოადგილეობიდან გადადგომაზე, მაგრამ ზაქარიამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ირაკლის ვერ ეტყოდა, რადგან ეშინოდა, შეყვარებულ ბიჭს რამე სისულელე არ ჩაედინა. ერთადერთი რაც მოიფიქრა,
– აღარ მიყვარხარო! – გამოუცხადა და საწყალი ბიჭი გაოგნებული დატოვა. თვითონ კი, ჭამა აკრძალა, გახდა, თვალები ჩაუცვივდა. საღამოობით შეიკეტებოდა თავის ოთახში, დაემხობოდა საწოლზე და მთელ ღამეს ტირილში ატარებდა. ირაკლი ხვდებოდა, რომ მათ შორის ზაქარია ჩადგა. რამდენჯერმე სცადა, გაერკვია, მაგრამ ნინო არ ელაპარაკებოდა და თავიდან იშორებდა.
***
გაზაფხულის თბილი დღეები დაიჭირა. თბილისში იასამანი ჯერ არ აყვავებულიყო, მაგრამ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეზოში გამოფენილ გოგოებს მაინც ეჭირათ ხელში ბიჭებისგან მირთმეული, სასწაულით ნაშოვნი თაიგულები. ჩვენ ელტექნიკის ლექცია გაგვიცდა და მთელი ჯგუფი ინსტიტუტის ეზოში ვიდექით, დეკანატიდან რომ შემოგვითვალეს
– 205-ე აუდიტორიაში შეიკრიბეთო! შევიკრიბეთ. ჩვენი ერთი ლექტორი, რომელიც დისიდენტებთან იყო დაახლოებული, სიტყვით გამოვიდა:
– კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმევათ. ახალი კონსტიტუციით, ქართული სახელმწიფო ენა აღარ იქნება. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტის ბაღში იკრიბებიან, რომ მიტინგი მოაწყონ. ჩვენ აქ შევიკრიბებით და მომიტინგეებს შევუერთდებითო! – მის შემდეგ, ბევრი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი გამოვიდა სიტყვით. საერთო აზრი ნათელი იყო – სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდით და ქართულ ენას არ დავთმობდით. სახელდახელოდ ავირჩიეთ საბჭო, რომელსაც კავშირგამულობის ფაკულტეტის სტუდენტების მობილიზება და მიტინგზე გაყვანა ევალებოდა. ასევე, უნდა მოეხდინათ სხვა ფაკულტეტებთან კოორდინაცია. საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ავირჩიეთ.
მეორე დღეს, ზაქარიამ მოიწვია კომკავშირის კრება. იმავე 205-ე აუდიტორიაში შეგვყარა და თვითონ სიტყვით გამოვიდა:
– ამხანაგებო, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმლობის ფაკულტეტის კომკავშირლებო! ჩვენი ვალია, მხარში ამოვუდგეთ კომუნისტურ პარტიას, რომელიც ჩვენი მესაჭეა! – ამას მოაყოლა სოციალიზმის ნახევარსაათიანი ქება და კაპიტალიზმის ძაგება – კონსტიტუციის 78-ე მუხლი შესაცვლელია, რადგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონება, ნაციონალიზმს აღვივებს! – შემდეგ შეგვახსენა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ჩვენ კი, ქართული ენით, წარსულში ჩავრჩებით და მხოლოდ რუსული ენა უნდა იყოს სახელმწიფო ენა, რომ მოძმე რესპუბლიკებთან შეგვეძლოს ურთიერთობაო… ბოლოს დაგვემუქრა – ვინც მიტინგზე წახვალთ, სტიპენდიის მოხსნაზე აღარ იქნება ლაპარაკი, ინსტიტუტიდან გაირიცხებითო!
***
14 აპრილის დილას, ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ეზოში შევიკრიბეთ. ყოველ წუთს იზრდებოდა ხალხის რაოდენობა. ეზო რომ გაივსო, ქუჩაზე გადავედით. 11 საათისთვის ლენინის ქუჩაზე დავიძარით გმირთა მოედნისკენ. მანქანების მოძრაობა გადაიკეტა. სასტუმრო “აჭარასთან”, პეკინის ქუჩიდან მომავალი სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო გმირთა მოედანზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი შემოგვიერთდა. ლენინის ქუჩას ავუყევით ფილარმონიამდე და მელიქიშვილის ქუჩიდან მომავალ უნივერსიტეტის, უცხო ენების, ფიზკულტურულის, პუშკინის ინსტიტუტების მომიტინგეებს შევუერთდით და ერთად გავაგრძელეთ მსვლელობა მთავრობის სასახლისკენ. გზადაგზა, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები გვემატებოდნენ.
ამ დროს, მთავრობის სასახლეში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც უნდა გადაეწყვიტათ, დარჩებოდა თუ არა ქართული ენა სახელმწიფო ენად…
მთავრობის სასახლის წინ, ერთადერთი მოთხოვნით მდგარ ზღვა ხალხს – არ დაეთმოთ მშობლიური ენა, მშვენივრად ესმოდა, რომ ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა, შეიძლება ესროლათ და 1956 წლის 9 მარტი განმეორებულიყო.
სიტყვით გამომსვლელები ერთმანეთს ცვლიდნენ: -კითხულობდნენ ლექსებს, მოთხრობებს, ნაწყვეტებს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან.
შუადღით, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სიტყვით გამოვიდა და შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზა – ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი არ ექნებოდა, მაგრამ ქართულად დოკუმენტაციის წარმოება არ იკრძალებოდა – რაზეც ხალხმა უარი განაცხადა. დღე იწურებოდა, ხალხის ზღვა ღელავდა, ზიმზიმებდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
– საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ მიიღო დადგენილება – უცვლელად დატოვოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიო! – საღამოს გამოაცხადა ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა – ედუარდ შევერდნაძემ.
***
წელს, 14 აპრილს, დედაენის ბაღში გავასეირნე შვილიშვილები. მოშორებით, სკამზე, ირაკლი და ნინო დავინახე. სამი შვილის დედ-მამა და ხუთი შვილიშვილის პაპა-ბებია ერთმანეთს თვალებში ისევე შესციცინებდნენ, როგორც მაშინ, 39 წლის წინ.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button