ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მარკეტინგი

ბატონი პეტრე, მათემატიკოსი იყო. უნივერსიტეტში კითხულობდა უმაღლეს მათემატიკას. პროფესორის ხელფასს იღებდა და ოჯახს არჩენდა, ბედს არ უჩიოდა. სოციალიზმის ეპოქაში ნაცხოვრებს, ძალიან ადარდებდა ახალგაზრდების განათლების დაბალი დონე. თავისუფალ, ბედნიერ და განათლებულ საქართველოში ცხოვრება შესაძლებლად მიაჩნდა და სულ ფიქრობდა, როგორ შეეტანა წვლილი სამშობლოს გაძლიერებაში.
სცადა, ის გაეკეთებინა, რაც კარგად იცოდა – ანაზღაურების გარეშე მოსწავლეების მომზადება გადაწყვიტა. ფეისბუქში განცხადება გამოაქვეყნა
-“ვამზადებ მათემატიკაში, უფასოდო!” – მხოლოდ 10 მშობელი გამოეხმაურა, ამათგან, ორი ბავშვი მიკინკილდა და ისინიც, მეორე გაკვეთილზე აღარ მისულან.
***
– მათემატიკაში მოსწავლეების უფასოდ მომზადება მინდა, განცხადება გამოვაქვეყნე, მაგრამ არავინ მოვიდაო! – შესჩივლა ბატონმა პეტრემ თავის შვილს – მარკეტოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს – გოგას.
– უფასოდ მომზადება, არასერიოზულად ჟღერს, ფასი უნდა დაადოო! – დაარიგა გოგამ.
***
განაახლა ბატონმა პეტრემ განცხადება
– “ვამზადებ მათემატიკაში, თვეში 50 ლარადო!” – გამოხმაურებები იყო, ბავშვებიც შეაგროვა ჯგუფში, მაგრამ ისეთი უვიცები იყვნენ, თვლა არ იცოდნენ, თორემ ორჯერ ორზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. თვის ბოლოს, ფულის გადახდის დრო რომ დადგა, მშობლები მიუვარდნენ
– ჩვენ გვგონია, ამზადებ, მაგრამ მაინც არაფერი იციან. ფული რაში უნდა გადაგიხადოთო?! – ზედმეტი გამოდგა მტკიცება
– ბავშვებს ჯერ თვლას ვასწავლიო! – აღარავინ მოინდომა მეცადინეობის გაგრძელება.
***
– მოსწავლეებს თვეში 50 ლარად ვამზადებ, მაგრამ ისეთები მოვიდნენ, თავში ვერაფერი ჩავუდეო! – შესჩივლა ბატონმა პეტრემ შვილს.
– შენ, სეგმენტი ვერ შეგირჩევია სწორად. მაგ ფასად, ისეთი მშობლები მოგიყვანენ შვილებს მოსამზადებლად, რომელთაც შვილის სწავლაზე ხელი ჩაქნეული აქვთ. ფასი უნდა გაზარდოო! – დაარიგა გოგამ.
***
განაახლა ბატონმა პეტრემ განცხადება
– “ვამზადებ მათემატიკაში, თვეში 100 ლარადო!” – გამოხმაურებები იყო, არ ცხრებოდა ფეისბუქი. სამი ათ ბავშვიანი ჯგუფი შეიკრიბა, მაგრამ ზოგი ნათესავმა, ზოგი მეგობარმა, ზოგი მეზობელმა და ზოგიც ნაცნობმა, მთელი 10 წუთი რომ დასჭირდა გასახსენებლად, ხვეწნა-მუდარით, თავისი ახლობლების ბავშვები დაამატებინეს და საბოლოოდ, თითო ჯგუფში 30 ბავშვი ირიცხებოდა.
***
– მოსწავლეებს თვეში 100 ლარად ვამზადებ, მაგრამ იმდენი მოვიდნენ, ყველას ვერ ვაქცევ ყურადღებას და ხარისხმა დაიწიაო! – შესჩივლა ბატონმა პეტრემ შვილს.
– ამ შემთხვევაში, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ფასი გაზარდე და რაოდენობა თავისით დარეგულირდებაო! – დაარიგა გოგამ.
***
განაახლა ბატონმა პეტრემ განცხადება
– “ვამზადებ მათემატიკაში, თვეში 200 ლარადო!” – გამოხმაურებები იყო, სამი ათ ბავშვიანი ჯგუფი შეიკრიბა, სწავლის პროცესიც წარმატებით წარიმართა, ბავშვებმა სიძნელეები დაძლიეს და მოსწრება გაიუმჯობესეს, მაგრამ ფორუმებზე გაჩნდა სტატუსები
– ვიღაც პეტრეა, 200 ლარად ამზადებს მათმატიკაში, რა ამბავიაო?!
– ეგ გაუმაძღარი, კაპიკს არ აკლებსო!
– გაღორებულა, ვიღაცააო!
– ჩვენი შვილების ხარჯზე მდიდრდებაო!…
***
– მოსწავლეებს თვეში 200 ლარად ვამზადებ, შედეგიც კარგი მაქვს, მაგრამ გაუმაძღარს და ღორს მეძახიან, უნდა გავაგებინო, რომ რეპეტიტორობიდან აღებულ ფულს მთლიანად “განათლების გაუმჯობესების ფონდში” ვრიცხავო! – შესჩილა ბატონმა პეტრემ შვილს.
– ეგ პიარია, კარგს ილაპარაკებენ თუ ცუდს, სულერთია. მთავარია, რომ შენზე ალაპარაკდნენ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, თორემ იცოდე, გულს გაგიხეთქავენო! – ურჩია გოგამ.
***
არ დაუჯერა ბატონმა პეტრემ შვილს, თავმოყვარეობა არავის შეალახვინა. “განათლების გაუმჯობესების ფონდში” გადარიცხული თანხის ქვითრები ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
– სულელი ყოფილაო!
– ხედავ, თურმე პიარისთვის სჭირდებოდა ეს ყვლაფერი, ამიტომ ამზადებდა ბავშვებს უფასოდო!
– თუ სიკეთის გაკეთება უნდოდა, ჩუმად უნდა გაეკეთებინა, ქვითრებს რომ აფრიალებსო!
– ეტყობა, თავისივე ფონდში რიცხავსო – ადუღდა ფეისბუქი.
***
მიხვდა ბატონი პეტრე, რომ მათემატიკისა და ფიზიკის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ზუსტი მეცნიერება – მარკეტოლოგია – რომლის კანონების დარღვევას შეუძლია თავმოყვარეობის შელახვა და “გულის გახეთქვა” გამოიწვიოს. ამიტომ, შემდეგ თვეებში აღებული თანხა “განათლების გაუმჯობესების ფონდში” აღარ გადარიცხა, დააგროვა და ავტომობილი შეიძინა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button